სოციოლოგიური ომი ძალაუფლებისათვის

სოციოლოგიური ომი ძალაუფლებისათვის

ორკვირიანი აურზაური, რომელიც აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) სოციოლოგიურ კვლევას მოჰყვა, სავარაუდოდ მალე არ ჩაცხრება, რადგან აპრილში IRI-სა და საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევების პრეზენტაციები კიდევ უფრო მეტ სიმძაფრეს შესძენს ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებას.

რამდენად კვალიფიციურად არის ჩატარებული NDI-ს კვლევა პოლიტიკური პარტიების რეიტინგების შესახებ და რამდენად მაღალია საზოგადოების ნდობის ხარისხი ამ ორგანიზაციის მუშაობის მიმართ, ჯერაც მსჯელობის საგანია.

პრინციპში ახალი და განსაკუთრებული არაფერია, „ნაციონალური“ საზოგადოება ამ კვლევას ენდობა და იფერებს. ოპოზიცია და სოციოლოგთა ნაწილი ცდილობენ, საზოგადოების დანარჩენ ნაწილს აუხსნან, რა იწვევს ეჭვებს NDI-ს ფრაგმენტულად განსაჯაროებულ კვლევაში.

თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ საველე სამუშაოები ცესკოს-ყოფილი თავმჯდომარის, ლევან თარხნიშვილის მეთვალყურეობის ქვეშ მიმდინარეობდა (თარხნიშვილის კვლევითი ორგანიზაციას „ბი-სი-ჯი“-ს არაერთხელ ჩაუტარებია ნაციონალების კვლევები, სადაც სწორედ ისეთი შედეგები იდებოდა, როგორიც ცესკოში მისი თავმჯდომარეობის დროს), კიდევ უფრო მეტი ეჭვები გააჩინა NDI-ს მისამართით. თუმცა, თავად ამბობს, რომ NDI-ს კვლევა მასში ეჭვებს არ იწვევს, რადგან იცნობს მის მეთოდოლოგიას, რომელსაც სავსებით ენდობა.

სავარაუდოდ იგივე შეფასება ექნებათ სხვა „ნაციონალ“ სოციოლოგებსაც, რომლებსაც რეიტინგებისა და არჩევნების შედეგების საქმეებში დიდი ღვაწლი აქვთ გაწეული მმართველი პარტიისათვის.

არ ეთანხმება და არ იზიარებს NDI-ს კვლევის პოლიტიკურ ნაწილს საზოგადოების „არანაციონალური“ ნაწილი, მათ შორის არასაპარლამენტო ოპოზიცია.

კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ კი NDI -ს მიერ ჩატარებულ კვლევას სპეციალური განცხადებაც მიუძღვნა. მასში ნათქვამია, რომ აღნიშნული ორგანიზაციის მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევა, რომელიც პოლიტიკურ პარტიებს ეხება, „არა თუ ვერ ასრულებს თავის დანიშნულებას, არამედ კონტრპროდუქტიული გახდა კონკურენტული პოლიტიკური გარემოს ჩამოყალიბებისა და მოქალაქეების მიერ ინფორმირებული პოლიტიკური არჩევანის გაკეთებისთვის“.

„ქართულ ოცნებაში“ მიაჩნიათ, რომ ამგვარი კვლევების ჩატარებისა და შედეგების გამოქვეყნების მეთოდოლოგიამ და ამ შედეგებით მმართველი პარტიის მიერ „ნაციონალური ტელევიზიების“ მეშვეობით მანიპულირებამ, საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს კვლევებისადმი ნდობა დააკარგვინა.
„ქართული ოცნების“ წევრები აპირებენ, კვლევებთან დაკავშირებულ საკითხებზე წერილობით მიმართონ აშშ-ს მთავრობას და შესაბამის ორგანიზაციებს, სადაც ასახავენ თავიანთ წინადადებებს საპარლამენტო არჩევნებამდე ამ პრობლემების მოგვარების თაობაზე.

განცხადებაში განმარტებულია, რომ პრობლემა NDI-ის თბილისის ოფისის პოლიტიკაა, რომ მისი დაკვეთით განხორციელებული კვლევის მხოლოდ ის ნაწილი გახადოს საჯარო, რომელიც საზოგადოების ზოგად განწყობებს ასახავს, თუმცა ის ნაწილი, რომელიც პოლიტიკური პარტიების რეიტინგებს ეხება, NDI-ის მიერ არასდროს ხდება საჯარო და მას მხოლოდ უშუალოდ პოლიტიკურ პარტიებს აწვდის. როგორც წესი, შემდეგ ამ მონაცემებს ზოგიერთი პარტია მედიასაშუალებებს აწვდის.

იმ ინფორმაციის თანახმად, რაც სხვადასხვა მედიასასუალებებით გავრცელდა, რესპონდენტთა 47% აცხადებს, რომ ისინი მმართველ პარტიას მისცემდნენ ხმას ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს. შემდეგ მოდის ივანიშვილის კოალიცია 10%–იანი მხარდაჭერით. ქრისტიან–დემოკრატიულ მოძრაობას მხოლოდ 3%–იანი მხარდაჭერა აქვს.

რესპონდენტთა 23% ამბობს, რომ არ იცის ვის მისცემდა ხმას, 10%–მა უარი თქვა პასუხის გაცემაზე, ხოლო 5%–მა განაცხადა, რომ ისინი არცერთ პარტიას არ მისცემენ ხმას.

შეკითხვაზე „ამ ადამიანებიდან, რომელს ისურვებდით საქართველოს პრეზიდენტად“ რესპონდენტთა 29%–მა მმართველი პარტიის კანდიდატი აირჩია (რომელიც არ არის დაკონკრეტებული სიაში). შემდეგ მოდის ივანიშვილი 12 %–ით და ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობის კანდიდატი, რომელიც ასევე არაა დაკონკრეტებული – 5%–ით.

შეგახსენებთ, რომ კვლევა ქვეყნის მასშტაბით წარმომადგენლობითად შერჩეული 3 161 რესპოდენტის გამოკითხვის საფუძველზე ჩატარდა.

სოციოლოგი ვალერიან გორგილაძე ამბობს, რომ არ ვიცით, როგორ აიგო ეს შერჩევითი მოდელი, რამდენი ინტერვიუერი იყო ჩართული, ვინ ჩაუტარა ტრენინგი და როგორ ჩაუტარა...

„რა კითხვარი ჰქონდათ, ესეც კი არ ვიცით, ანუ ერთი პრობლემა არის პროცედურასთან დაკავშირებული საკითხები. მეორე პრობლემა არის ის, თვითონ სოციოლოგიური ველი რამდენად არის მზად ასეთი ტიპის გამოკითხვებისათვის. ესეც ერთ-ერთი პრობლემაა და მე მგონი, - ძირითადი პრობლემა. საკითხავია, რამდენად თავისუფლად გრძნობს ადამიანი თავს, როდესაც პასუხობს კითხვებზე, რომლის მიზანიც არის პოლიტიკური რეიტინგების დადგენა. პოლიტიკური სიმპათია-ანტიპათიების გამოაშკარავება. ეს არის პრობლემა სხვა კი არაფერი“, - მიიჩნევს გორგილაძე.

NDI-ს გარდა გარკვეული პრეტენზიები გამოითქვა უშუალოდ იმ ორგანიზაციის მიმართაც, ვინც უშუალო გამოკითხვა ჩაატარა, ანუ, საველე სამუშაოები შეასრულა. საერთოდ კი ამ კვლევის მიმართ იმდენად ნეგატიური განწყობა შეიქმნა, ორიოდე დღის წინ საკმაოდ უხერხული მომენტის მოწმენიც გავხდით. ტელეკომპანია კავკასიას NDI-ს დირექტორი ლუის ნავარო ეწვია, რომელმაც განაცხადა, რომ მათი კვლევის მეთოდები, რომელიც თითქოს საზოგადოებაში უნდობლობას იწვევს, დადებითად შეაფასეს ქართველმა სოციოლოგებმა. ნავარომ დაასახელა იაგო კაჭკაჭიშვილი და მარინა ჩიტიშვილი. ფსიქოლოგი მარინა ჩიტაშვილი მაშინვე გამოეხმაურა ნავაროს განცხადებას და განმარტა, რომ მან შეაფასა რეპრეზენტატული იყო თუ არა გამოკითხვა და არაფერი უთქვამს კვლევის მეთოდოლოგიაზე.

Presage.tv-მ გაარკვია, რომ მარინა ჩიტაშვილი არის იმ ორგანიზაციის მრჩეველთა საბჭოს წევრი, რომელმაც NDI-ს დაკვეთით საველე სამუშაოები ჩაატარა. თუმცა როგორც ჩიტაშვილმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, „-არ გვაქვს იმისი საშუალება, რომ ჩავერიოთ „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის“ ყოველდღიურ საქმიანობაში. ჩვენი ძირითადი ფუნქციაა, მათ მიერ განხორციელებულ სამუშაოებზე გავაცნოთ ჩვენი მოსაზრებები. წლის განმავლობაში ვიკრიბებით მხოლოდ ერთხელ“, - განაცხადა ჩიტაშვილმა.

როგორც მარინა ჩიტიშვილმა აგვიხსნა, „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი“ არის კონკრეტული პროექტი, რომელიც არის ევრაზიის პარტნიორობის პროექტის ნაწილი და დაფინანსებულია კარნეგის ცენტრის მიერ. „კავკასიის რესურსების კვლევითი ცენტრი“ არ წარმოადგენს იურიდიულად დამოუკიდებელ ორგანიზაციას და არანაირი შინაგანაწესით ამ მრჩეველთა საბჭოს უფლებაც არ ქვს, ჩაერიოს ევრაზიის პარტნიორობის ფონდის მიერ განხორციელებულ საქმიანობაში.

რაც შეეხება იაგო კაჭკაჭიშვილს, მასთან დაკავშირება ვერ მოვახერხეთ, რომ გაგვერკვია, როდის მოუწონა NDI-ს კვლევის მეთოდები, თუმცა იაგო კაჭკაჭიშვილი „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის“ მრჩეველთა საბჭოშიც ვერ აღმოვაჩინეთ. მაგრამ, როგორც ჩანს, ამას არსებითი მნიშვნელობა არც აქვს, რადგან როგორც ირკვევა, მრჩევლები მხოლოდ ფორმალურად არის საჭირო, ალბათ, სოლიდური ანტურაჟისტვის. რაც შეეხება რჩევებს, როგორც მარინა ჩიტიშვილი აცხადებს, ის ნავაროს არც კი შეხვედრია.

რაც შეეხება კვლევის მეთოდებს, რამაც ამხელა აჟიოტაჟი გამოიწვია, მის შესახებ უკვე სხვადასხვა ხმები გავრცელდა, ითქვა თითქოს ანკეტები ფანქრით შეავსეს, შემდეგ კი ადვილად წაშალეს და სასურველი მონაცემები ჩაწერეს.

ვალერიან გორგილაძე ამბობს, რომ მას სხვა ინფორმაცია მიაწოდეს, თითქოს ინტერვიუების დროს აუდიოჩანაწერები კეთდებოდა.

„არ ვიცი როგორ ავსებდნენ ამ კითხვარს, დადის ინფორმაცია, რომ თითქოს აუდიოჩანაწერიც კეთდებოდა ანკეტირების დროს. თუ ეს ასეა, ძალიან ცუდია, რადგან ნებისმიერი ინტერვიუს ერთ-ერთი მთავარი პირობა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პოლიტიკური პარტიების რეიტინგებს ეხება, არის ის, რომ დაცული უნდა იყოს რესპოდენტის ანონომურიობა და კონფიდენციალურობა. ასე, რომ ძალიან რთულია რაიმეს კომენტირება. მალე მეორე ბანაკიც, მეორე პოლიტიკური ცენტრიც დადებს კვლევას, ჩემთვის რამდენადაც ცნობილია, უკვე დამთავრებული აქვს საველე სამუშაოები და ალბათ, მალე მოხდება მათი კვლევის პრეზენტაციაც. ვნახავთ, როგორი სხვაობა იქნება მონაცემთა შორის. ალბათ, იმ მეთოდოლოგიასაც აგვიხსნიან, როგორ ჩაატარეს, შერჩევის რა ფორმა, რა მეთოდიკები იყო გამოყენებული და ალბათ, ამის შემდეგ უკვე შესაძლებელი იქნება უკვე კონკრეტული საუბარი“- ამბობს ვალერიან გორგილძე.

მარინა ჩიტაშვილი: „-როდესაც ამბობენ, რომ მე ვიღაცის მეთოდოლოგია მომწონს, სულ ცოტა, ის მაინც უნდა ვიცოდე, ანკეტა როგორ გამოიყურება. რამდენიმე დღის წინ გადაცემა „ცხელ ხაზში“ სტუმრობისას ვთქვი, რომ ეს ნამდვილად არის რეპრეზენტატული გამოკვლევა რაოდენობის თვალსაზრისით. ვფიქრობ, ბატონ ნავაროს ჩემი ეს შეფასება უთარგმნეს, მაგრამ ამის გარდა ისიც ვთქვი, რომ ვერაფერს ვიტყვი კვლევაზე, ვიდრე არ ვნახავ კითხვარს და იმ ნედლ მასალას, რომელიც ამ კითხვებიდან მიიღეს. ამის მიზეზი გახლავთ ის, რომ მოყვანილი შედეგების ნაწილი ერთმანეთს არ ემთხვევა. რაც ნიშნავს იმას, რომ მარტო სიხშირეების დათვლის კვალობაზე დასკვნების გაკეთება არ არის სწორი. ეს არ გვეუბნება არაფერს, იმის შესახებ, თუ რა სიტუაციაა რეალურად“.

ვალერიან გორგილაძის შეფასებითაც ბევრი გაუგებრობაა ამ კვლევაში.

„არ მგონია, ამდენი სხვაობა იყოს „ქართულ ოცნებასა“ და „ნაცმოძრაობას“ შორის. ვერ ვხსნი იმ გარემოებას, როგორ შეიძლება ქვეყანაში 70% უმუშევარი იყოს და დაახლოებით 40% თვლიდეს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება. ჩემთვის გაუგებარია, როგორ შეიძლება რომ 30 პროცენტამდე უპირატესობას ანიჭებდეს ნატოში გაწევრიანებას და არა ტერიტორიულ მთლიანობას. ძალიან ბევრი კითხვა მაქვს ამ კვლევასთან დაკავშირებით და მხოლოდ ახლა არა“, - ამბობს გორგილაძე.

უფრო მეტი გაუგებრობაა კვლევის იმ ნაწილში, რომელიც ფრაგმენტულად გამოქვეყნდა, კარგახანს ინფორმაცია არ არსებობდა იმ 40%-ის შესახებ, რომელიც არც „ნაცმოძრაობას“ არც „ქართულ ოცნებას“ და არც ქდმ-ს არ უჭერდა მხარს, მაგრამ კვლევაში აუცილებლად უნდა ასახულიყო. მოგვიანებით დაკარგული ეს 40%-ც გამოჩნდა ელექტრონული მედიის მეშვეობით, რომელიც ზემოთ შემოგთავაზეთ.

როგორც მარინა ჩიტაშვილი განმარტავს, როდესაც დამკვეთი, კერძო პირი ან ბიზნესორგანიზაცია უკვეთავს რაიმე სამუშოს, მაგალითად კვლევას, შესრულებული სამუშაო მთლიანად ეკუთვნის დამკვეთს.

„თუ დამკვეთი არის არასამთავრობო, არამომგებიანი და არაპარტიული ორგანიზაცია, ანუ, რასაც ჰქვია „ენჯეო“, მაშინ ეს ინფორმაცია საჯარო უნდა იყოს. NDI არის „ენჯეო“, რომლის მისიაშიც წერია, რომ მისი ძირითადი მისია დემოკრატიის განვითარებაა, „ენჯეოს“ არანაირი უფლება არ აქვს, საჯარო არ გახადოს თავისი მონაცემები ან ნაწილი გაასაჯაროოს ნაწილი - არა. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ როდესაც არ არსებობს არც ანკეტის და არც მასზე გაცემული პასუხების ნახვის საშუალება, ძნელია, არგუმენტირებულად თქვა, რატომ არის სანდო ან არ არის სანდო ეს კვლევა. შეიძლება სულაც იდეალურად აქვთ კითხვები შედგენილი და საპრეტენზიოც არაფერია. როდესაც ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ არის, შეიძლება ვთქვა მჯერა ან არ მჯერა. „მჯერა“ და „არ მჯერა“ კი არის რელიგიის და აღმსარებლობის საკითხი და არა მეცნიერების... შესაბამისად, უნდა ვენდოთ იმ სოციოლოგიურ კვლევებს, რომლის შესახებაც გვაქვს სრული ინფორმაცია და არ უნდა ვენდოთ იმ კვლევებს, რომელიც არის კონტრაქტის საფუძველზე შესრულებული“, -აცხადებს ჩიტაშვილი.

ვალერიან გორგილაძე თვლის, რომ ქაოსი და გაუგებრობა მხოლოდ ერთმა მიზეზმა გამოიწვია, მისი განმარტებით, ეს არის პოლიტიკური ბრძოლა და ამ ბრძოლაში სოციოლოგიას დიდი ხანია, იყენებენ როგორც პოლიტიკურ და პიარ-ინსტრუმენტს, რათა მოახდინონ გარკვეული ზეგავლენა სოციალურ ელექტორარულ მოქმედებაზე. გორგილაძის აზრით, ეს უნდა გაითვალისწინოს ალტერნატიულმა მხარემ და ამას ისტერიკები კი არ უნდა მოაყოლოს, არამედ, ორგანიზებული, დაგეგმილი მენეჯმენტით შესაბამისი სამუშაოების დაგეგმვა და განხორციელება. როგორც გორგილაძე ამბობს, მთავარი პრობლემა ნდობის ხარისხია.

ვალერიან გორგილაძე: „სოციოლიოგიური ომი დღეს კი არ დაიწყო, რამდენიმე წელია მიმდინარეობს და სულ უფრო მწვავდება საარჩევნო პერიოდების დროს. პრობლემა არის ის, რომ ნდობის ხარისხია დაბალი იმ ავტორების მიმართ, ვინც ამ კვლევებს ატარებს. ამიტომ უნდა შეკრიბონ სხვადასხვა სოციოლოგები, მკვლევარები, მედიასაშუალებები, უნდა გაერთიანდნენ და სხვადასხვა ფონდების დაფინანსებით დაუკვეთონ კვლევა. უნდა შეთანხმდეს ყველა, რომ ეს არის კვლევა, რომელზეც პასუხისმგებლობას იღებს დაახლოებით 5-6 ორგანიზაცია. უნდა იყოს შეთანხმება იმის შესახებ, რომ ეს კვლევა იქნება საიმედო და ამით ბევრი პრობლემა მოიხსნება. ამით მორჩება ეს დაუმთავრებელი საუბრები სოციოლოგიაზე. მე თვითონ სოციოლოგი ვარ და არ არის სასიამოვნო, როდესაც სოციოლოგიას აიგივებენ რაღაც შარლატანურ ტექნოლოგიასთან.

მეორე მომენტი - შეეძლოთ ჩამოეყვანათ უცხოელი ავტორიტეტული მკვლევარები, რომლებიც ჯერ ამ ველის დიაგნოსტიკას მოახდენდნენ და იტყოდნენ, შესაძლებელია თუ არა, ამ ვითარებაში, ამ ქვეყანაში კვლევის ჩატარება პოლიტიკური რეიტინგების დადგენის თვალსაზრისით და რამდენად სანდო იქნება ეს შედეგები. პირველ რიგში ეს უნდა გაკეთდეს“.

როგორც მარინა ჩიტიშვილი განმარტავს, NDI სერიოზული ორგანიზაციაა, და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აქვს საკმაოდ კვალიფიციური და სერიოზული კვლევები ჩატარებული. მაგრამ თბილისის ოფისი რას აკეთებს, ცოტა გაუგებარია. როგორც ჩიტიშვილი განმარტავს, თუკი ისინი კვლევას თავისთვის აკეთებენ, ეს კვლევა უნდა დაიტოვონ თავიანთთვის, მაშინ ნაწილ-ნაწილ აღარ გახადონ საჯარო.

„ასეთ შემთხვევაში ის უბრალოდ ხდება ვიღაცის მხარეს მოთამაშე, ყველაფერი რომ გამოაქვეყნოს, მაშინ ხმას ვერავინ ამოიღებდა“, - აცხადებს ჩიტაშვილი.

მისივე შეფასებით, NDI მიერ გაკეთებული კვლევებიდან შეიძლებოდა ბევრად უფრო საინტერესო მასალების ამოღება და გაანალიზება, ვიდრე ის, რაზედაც ორკვირიანი პანიკაა ატეხილი.

რაც შეეხება პანიკას და ისტერიას ეს ნამდვილად არ არის შემთხვევითი, ვალერიან გორგილაძის განმარტებით, ასეთ კვლევებს საზოგადოებრივ აზრზე რა თქმა უნდა, შეუძლია გავლენის მოხდენა.

„ასეთი კვლევების მიზანია გარკვეული განწყობების შექმნა. რაღაცეებს ეგუები, მაგალითად ასეთ დაბალ რეიტინგს, ეგუები იმას, რომ შენი სუბიექტური განცდა არის აცდენილი ველის ტენდენციასთან, რომელიც სუფევს საზოგადოებაში. ანუ შეიძლება სუბიექტურად გქონდეს განცდა, რომ მართალია, შენ ვერ ყიდულობ საჭმელს, ჩასაცმელს, წიგნებს ბავშვებისთვის, მაგრამ რწმუნდები, რომ არც თუ ისე ცუდად ყოფილა საქმე, რადგან დიდი რაოდენობით ადამიანებს მიაჩნიათ, რომ სწორად ვითარდება ეს ქვეყანა. შენ კი გიჭირს, მაგრამ ხომ შენდება და რაღაც ხომ კეთდება... რა თქმა უნდა ეს არა მარტო გავლენას, არამედ გარკვეულ მანიპულაციასაც ახდენს ადამიანებზე“, - განმარტავს გორგილაძე.