ხელისუფლების მორიგი შტურმი, ამჯერად - Forbes Georgia-ზე

ხელისუფლების მორიგი შტურმი, ამჯერად - Forbes Georgia-ზე

ბიძინა ივანიშვილისგან ინტერვიუს ჩამორთმევამ Forbes Georgia-ს დამფუძნებლის გაგიკ ეღიაზარიანის გაღიზიანება გამოიწვია. სწორედ ამის გამო Forbes Georgia-ს მთავარმა რედაქტორმა რევაზ საყევარიშვილმა სპონტანურად თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება გუშინ მიიღო. მართალია, Forbes-ის ასწლიანი ისტორიის მანძილზე ეს პირველი გახმაურებული სკანდალია, რაც სერიოზული დარტყმაა Forbes Georgia-ბრენდზე, მაგრამ მომხდარის მიუხედავად, მისი აწ, ყოფილი მთავარი რედაქტორი მიიჩნევს, რომ საქართველო მზადაა Forbes-ისთვის, თუკი ამ ურთიერთობას ხელს არ შეუშლიან დამფუძნებლები.

რევაზ საყევარიშვილის თქმით, Forbes Georgia-ის დამფუძნებელი კომპანიის, Media Partners-ის პრეზიდენტი გაგიკ ეღიაზარიანის მხრიდან სარედაქციო დამოუკიდებლობაში ზეწოლის მცდელობა არაერთხელ ყოფილა. თუმცა, დღემდე საყევარიშვილი ყოველგვარ ზეწოლასა და ცენზურას დიპლომატიურად აგვარებდა. კონფლიქტმა განსაკუთრებით მწვავე ხასიათი მას შემდეგ მიიღო, რაც ამერიკულმა Forbes-მა მარტის ნომერში მილიარდერთა რეიტინგებთან ერთად, ბიძინა ივანიშვილის შესახებ სტატია გამოაქვეყნა და ჟურნალის ყდაზეც მისი ფოტო განათავსა. შესაბამისად, რევაზ საყევარიშვილმა, როგორც მთავარმა რედაქტორმა, მიიჩნია, რომ Forbes-ის მილიარდერთა სიის ერთადერთი ქართველი ფიგურანტი ნებისმიერ შემთხვევაში Forbes Georgia-ს ყურადღების ფოკუსშიც უნდა მოქცეულიყო.

„სწორედ ამ ვითარებაში შევეჯახე ეღიაზარიანის კატეგორიულ წინააღმდეგობას, რაც თავდაპირველად რედაქციის მიერ ივანიშვილის შესახებ დაგეგმილი პუბლიკაციის საერთოდ ამოღების, მოგვიანებით კი ივანიშვილთან ინტერვიუში დასასმელი კითხვარის შედგენაში ჩარევის მცდელობაში გამოიხატა“, - განმარტავს რევაზ საყევარიშვილი.

ჟურნალისტი ეჭვობს, რომ ეღიაზარიანის, როგორც დამფუძნებლის, მხრიდან ცენზურის განხორციელების მცდელობა დიდწილად განპირობებულია მისი პირადი ნაცნობობითა და მეგობრობით საქართველოს საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელ გელა ბეჟუაშვილთან. სწორედ ამიტომაც ეღიაზარიანი ცდილობდა, Forbes Georgia-ში არ გამოექვეყნებინა ის მასალები, რაც ხელისუფლების გულს არ მოეფინებოდა.

„ასეთ პირობებში შეუძლებლად მიმაჩნია Forbes Georgia-ს მთავარი რედაქტორის თანამდებობაზე მუშაობის გაგრძელება. დამფუძნებლის მხრიდან სარედაქციო მუშაობაში უხეში ჩარევის გამო პროტესტის ნიშნად ვტოვებ თანამდებობას“, -აცხადებს საყევარიშვილი.

მომხდარის შესახებ ჟურნალისტმა აცნობა Forbes-სათავო ოფისს ნიუ-იორკში, საიდანაც მოკლე პასუხი შემოუთვალეს, ხომ არ აჯობებდა, მომხდარის შესახებ კომპანიის შიგნით განეხილათ. თუმცა იმის გამო, რომ რევაზ საყევარიშვილი დარწმუნებული არ არის, მის მიერ მომზადებული ინტერვიუ კვირის ბოლოსთვის რა სახით დაიბეჭდება (და დაიბეჭდება თუ არა დამახინჯებული სახით), მან ამჯობინა საზოგადოებას დედნისეული ვერსია გააცნოს, რითაც პუბლიკაციის არასათანადოდ გამოყენების შესაძლებლობა გამოირიცხება.

გარდა ამისა, რევაზ საყევარიშვილი აცხადებს, რომ დამფუძნებლის მხრიდან სარედაქციო დამოუკიდებლობაში სისტემატური ჩარევისა და ცენზურის განხორციელების არაერთი ფაქტი მოიპოვება ეღიაზარიანისა და მის საქმიან მიმოწერაში (ელექტრონული ფოსტით მისთვის მიწერილ წერილებში, სადაც ეღიაზარიანი სარედაქციო პოლიტიკის წარმოებას მისი პირადი შეხედულებისამებრ დაბეჯითებით მოითხოვს). შიდა კორპორაციული ეთიკის პრინციპებიდან გამომდინარე, რევაზ საყევარიშვილი ამ მიმოწერას დღემდე არ ასაჯაროებდა. თუმცა, იტოვებს უფლებას, საჭიროების შემთხვევაში, ეს დოკუმენტური მასალა საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახადოს.

ცნობისთვის, რევაზ საყევარიშვილი გასული წლის ოქტომბრიდან Forbes Georgia-იას მთავარი რედაქტორია. მას დღემდე მიაჩნია, რომ ასეთი გავლენის მქონე მედია-ინსტიტუტების საქართველოში დამკვიდრება ჩვენს ქვეყანაში მედიის განვითარებისთვის ხელშემწყობი ფაქტორია. სწორედ ამ მოტივით მიიღო მონაწილეობა Forbes Georgia-ს მთავარი რედაქტორის შერჩევის პროცესში, რის შემდეგაც თავის დროზე გაემგზავრა ნიუ-იორკში და Forbes-ს სათაო ოფისში დეტალურად გაეცნო მსოფლიოს ერთ-ერთი ცნობილი ბრენდის საქმიანობის პრინციპებსა და წესებს.

Presage. Tv ესაუბრა რევაზ საყევარიშვილს.

იმ შემთხვევაში, თუ ამ სკანდალის შემდეგ Forbes Georgia-ს დამფუძნებელი ყოველგვარი ცენზურის გარეშე, შეუმოკლებლად დაბეჭდავს ბიძინა ივანიშვილთან ჩაწერილ თქვენს ინტერვიუს, რა რეაქცია გექნებათ?

- ეს მე ვერ დამავიწყებს იმ ცენზურისა და სარედაქციო დამოუკიდებლობის არაერთგზის შეზღუდვის მცდელობას, რაც არსებობდა. შესაძლოა, ჩემი გადაწყვეტილება დააგვირგვინა ამ უკანასკნელმა ფაქტმა - ბიძინა ივანიშვილისგან ინტერვიუს ჩაწერამ, მაგრამ არ გამოუწვევია მხოლოდ ამ ერთ ფაქტს. ეს გროვდებოდა საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის განვავლობაში. გასაგებია, რომ ივანიშვილის ფაქტორის გამო ყველაფერი უფრო გამწვავებული ხდება.

ბიძინა ივანიშვილთან ჩაწერილ თქვენს ინტერვიუში კონკრეტულად რა არ მოეწონა დამფუძნებელს?

- არ დამიწყია იმის გარჩევა, თუ რა არ აკმაყოფილებდათ ამ მასალაში. ჩემთვის მიუღებელი იყო ინტერვიუს შემცირების მცდელობა და გარკვეული ადგილების ამოღების სურვილი. არადა, ჟურნალი გამზადებული იყო და ტიპოგრაფიაში დასაბეჭდად უნდა წასულიყო და ამ კვირის ბოლოს უნდა გამოსულიყო.

თუკი თქვენზე ზეწოლა აქამდეც ხორციელდებოდა, რატომ არ დატოვეთ თანამდებობა?

- მანამდე ამის ნეიტრალიზება და ლოკალიზება ხდებოდა და ზეწოლა არ ატარებდა ისეთ მწვავე ხასიათს. შესაძლოა, თემაც არ იყო ისე მწვავე, რომ საჭიროდ ჩამეთვალა ამის საჯაროდ გამოცხადება.

აცხადებთ, რომ თქვენზე ზეწოლა უშუალოდ ხელისუფლებისგან არ მოდიოდა, თუმცა იქვე აღნიშნავთ თქვენი დამფუძნებლის - ეღიაზარიანის კავშირების შესახებ გელა ბეჟუაშვილთან. რატომ ფიქრობთ, რომ სარედაქციო დამოუკიდებლობაზე ზეწოლა ხელისუფლებისგან არ მოდიოდა, თუ ეს, უბრალოდ, თქვენი მხრიდან ფორმალური ნათქვამია?

- რომ გამაჩნდეს ამის პირდაპირი დამადასტურებელი, ამას გეტყოდით. უბრალოდ, მე ვიცი, ეღიაზარიანისა და ბეჟუაშვილის ურთიერთობის თაობაზე, რაც ჩემთვის მოგვიანებით გახდა ცნობილი და, რომელთან ერთადაც სწავლობდა უნივერსიტეტში. მასთან დღემდე გააჩნია კონტაქტი. აქედან გამომდინარე, არ გამოვრიცხავ, მისი ცენზურა დიდწილად ამით იყოს განპირობებული. მით უმეტეს, როდესაც საქმე ეხებოდა ივანიშვილის ფაქტორის გამო შექმნილ პუბლიკაციას. თუმცა, ხაზი მინდა გავუსვა, ეს არ იყო ცენზურის დაწესების პირველი მცდელობა. უბრალოდ, რაღაც ეტაპზე ხდებოდა ამის ნიველირება. ამ ეტაპზე, ეს არ მოხდა.

კონკრეტულად, რაში ერეოდა დამფუძნებელი?

- მაგალითად, დამფუძნებელი ერეოდა, როგორ გაფორმდებოდა ჟურნალი, სად უნდა ჩასმულიყო ფოტო, რა სიდიდის უნდა ყოფილიყო ფოტო და ტექსტი, სტატია ვარგოდა თუ არა. სტატიების მთელი რიგი დაუწუნებია, რომელსაც ვირჩევდით „ფორბსიდან“ და უნდა გადმოგვებეჭდა. ის ცდილობდა, ეთქვა, რომ ეს არ ვარგა და საინეტერესო არ იყო, რაც, თავისთავად, დამფუძნებლის საქმე არაა და რედაქციის გადასაწყვეტია.

ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის დეტალები როგორი იყო? თქვენ ბრძანეთ, რომ ინტერვიუმ ორ საათნახევარს გასტანა.

- ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა მას შემდეგ შედგა, რაც დიდი ბრძოლის მერე ამ ინტერვიუს ჩაწერის გადაწყვეტილება იქნა მიღებული. დავუკავშირდით მის სამსახურს და ვთხოვეთ, ჩვენთვის შედარებით მეტი დრო გამოეყო, რადგან მოსამზადებელი იყო როგორც ინტერვიუ, ისე - ფოტოსესია, რომელიც საკმაოდ მსხვილი უნდა ყოფილიყო. ინტერვიუს მსვლელობისას დაახლოებით 40-მდე შეკითხვა დავუსვი. ამან სადღაც ორ საათნახევარი წაიღო და მერე ორი საათის განმავლობაში ხდებოდა მისი ფოტოსესია, სხვადასხვა ადგილას, სხვადასხვა ფორმით, ოფიციალური, ყოველდღიური ჩაცმულობით.

ძირითადად რის შესახებ ისაუბრეთ? ალბათ, ეკონომიკის სფეროს შეეხეთ.

- ძირითადად ვისაუბრეთ, თუ როგორ ააწყო ამხელა ბიზნესი. 6,4 მილიარდი, რამდენადაც „ფორბსმა“ მისი ქონება შეაფასა, როგორ იშოვა, როგორ ეძებდა პარტნიორებს, საიდან დაიწყო ეს ბიზნესი, რა აქტივები გააჩნდა, რატომ ჰქონდა ასეთი ტიპის ბიზნესი საქართველოში და არა - სხვა ტიპის, როგორ უყურებს ეკონომიკურ პოლიტიკას, რა დარგებში მოახდენდა ინვესტირებას, ანუ ბიზნეს-ეკონომიკური პროფილის ინტერვიუ გახლდათ.

და მაინც, ორსაათნახევრიანი ინტერვიუს გადმოცემას არ გთხოვთ, მაგრამ მოკლედ რომ გვითხრათ, როგორ ააწყო ბიძინა ივანიშვილმა ბიზნესი?

- ერთი შემიძლია გითხრათ, რომ ეს საკმაოდ ორიგინალური მოდელია. მისი ბიზნესის აწყობა, როგორც მივხვდი, სხვადასხვა ეტაპისგან შედგებოდა. სხვადასხვა ეტაპზე განსხვავებულ მოდელს იყენებდა, თუ როგორ ეშოვა და გაემრავლებინა თავისი ქონება. თავისთავად, მკითხველის პოზიციიდან ეს ინტერვიუ საინტერესო იქნება, რადგან ბევრ მნიშვნელოვან ინფორმაციას ნახავთ.

როდესაც მიდიოდით ივანიშვილთან ინტერვიუს ასაღებად, ალბათ, უნდა გცოდნოდათ, რომ ცენზურის პირობებში იყავით და, დაბეჭდვის თვალსაზრისით, პრობლემები შეექმნებოდა თქვენს მასალას.

- თავისთავად, პრობლემის შექმნა არ არის საფუძველი იმისთვის, რომ რაღაცაზე უარი თქვა. ანალოგიურ სიტუაციებში პრობლემა ხშირად იქმნება. თუმცა, ამ შემთხვევაში, იმიტომ მივიღე ეს გადაწყვეტილება, რომ არ დავთმე ის პრინციპი, რაც სწორად მიმაჩნდა. თავიდანვე პრობლემა გახდა ამ მასალის დაგეგმარება. ანუ, დამფუძნებლის პოზიცია იყო, იქნებ, საერთოდ არ გვინდა ინტერვიუ. მერე დავუსაბუთეთ, რომ გვინდა ინტერვიუს ჩაწერა. შემდეგ მოინდომა, კითხვარში მონაწილეობის მიღება - მაშინ ეს შეეკითხეთო.

გაითვალისწინეთ მისი შეკითხვები?

- შეძლებისდაგვარად, არ გავითვალისწინე. ახლა გარკვეული მოსაზრება, შესაძლოა, ყველამ შემოგთავაზოს. მე ვთვლი, რომ ინტერვიუ წავიყვანე იმ ფორმით, როგორც მე ჩავთვალე საჭიროდ, როგორც რედაქტორმა და ჟურნალისტმა.

საიდან გაჩნდა ეღიაზარიანი დამფუძნებელთა შორის? ალბათ, დამფუძნებლები ამ ხელისუფლების ინტერესების მქონე კომპანიებში უბრალოდ არ იბადებიან?

- ეს არის საერთაშორისო კომპანია, რომელმაც საქართველოშიც დაიწყო საკუთარი საქმიანობა. ეს გახლავთ იმ კომპანიის წარმომადგენელი, რომელსაც აქვს ლიცენზია „ფორბსის“ გამოცემაზე. იმ კომპანიის მფლობელებმა როგორ მიიღეს ეს გადაწყვეტილება, არ ვიცი და ეს ჩემს პროფესიულ საქმიანობას არ უნდა შეხებოდა.

ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ ბევრი ადამიანი პოლიტიკაში წასვლის გადაწყვეტილებას იღებს. თქვენ აღნიშნეთ, რომ დღეს საკუთარი გადაწყვეტილების შესაბამისად, უმუშევარი ხართ. როგორ გაგრძელდება თქვენი მოღვაწეობა?

- არ ვიცი, 20 წელია, ვარ ჟურნალისტი. ბევრი ცდუნებისა და შემოთავაზების მიუხედავად, არსად არ წავსულვარ. მე ვთვლი, რომ ეს ჩემი საქმეა.

ნაციონალების მხრიდანაც იყო შემოთავაზება?

- არ მინდა ამის შესახებ საუბარი. მე ვთვლი, რომ ჟურნალისტიკაში ჩემი თავი ჯერ არ ამომიწურავს და ვთვლი, ეს საქმე უკეთესად გამომდის, ვიდრე სხვა შეიძლება, გამომსვლოდა. შესაბამისაად, არ მაქვს სურვილი, ჟურნალისტიკას თავი დავანებო.

ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ იმ ჟურნალისტებს, რომლებსაც პრობლემები შეექმნებათ მუშაობის ასპარეზზე, იგი უკეთეს პირობებს შესთავაზებს. თუ ივანიშვილი შემოგთავაზებთ მრჩეველთა საბჭოს წევრად გახდომას ან სხვა თანამდებობას?

- მართალი გითხრათ, ახლა ამაზე მართლა არ ვფიქრობ, რადგან ცოტა სხვაგან არის ჩემი აზროვნება. ამ ეტაპზე გაცილებით მეტად მაწუხებს, რაც მოხდა ჩემს ყოფილ სამუშაო ადგილას და როგორც განვითარდა ეს პროექტი, რომელიც პოტენციურად ძალიან წარმატებული შეიძლება ყოფილიყო.

ყოფილ სამსახურში რომ შემოგთავაზონ დაბრუნება?

- ეს გამორიცხულია, რადგან რეალურად არსად არ წასულა ცენზურის დაწესებისა და სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის მცდელობა.

Presage. Tv-სთან საუბარში კოალიცია „არჩევნების თავისუფლებისათვის“ თავმჯდომარე ირაკლი მელაშვილი აცხადებს, რომ არაერთხელ ვყოფილვართ მომსწრენი, როცა არაერთი ავტორიტეტული ორგანიზაცია შემოსულა საქართველოში. თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენში იგივე სტანდარტი არ მოქმედებს, რაც იმავე გამოცემებში და მათ სათაო ოფისში მოქმედებს.

„ჩემი აზრით, რეზო საყევარიშვილის ნაბიჯი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მან, ფაქტობრივად, უარი თქვა იმაზე, რომ „ფორბსის“ სახელი მედიათავისუფლების შეზღუდვისთვის არ გამოყენებულიყო. ქართული მედიასაშუალებებისთვისაც ეს მაგალითი მნიშვნელოვანია. მათაც უნდა გაიგონ, რომ არსებობს გარკვეული პრინციპები, რაც დაცული უნდა იყოს“.

საქართველოს მედიაკლუბის თავმჯდომარის, მაგდა პოპიაშვილის თქმით, მისი ორგანიზაცია ამ ინფორმაციას ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას გაუგზავნის, ვისთანაც ხელი მიუწვდება.

„მათ დღესვე ექნებათ მომხდარის შესახებ ინფორმაცია. „ფორბსის“ სკანდალი არ არის საქართველოში გამომავალი რომელიმე გამოცემის სკანდალის ტოლფასი. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, როგორი მედიაგარემო არსებობს ქვეყანაში, როგორ ვიწროვდება თავისუფალი კუნძულები, რაც მედიაში დარჩა. ეს არის საარჩევნო წელი და თავისუფალი მედიაგარემო პირდაპირპროპორციულია საარჩევნო გარემოსთან,“ - გვითხრა მაგდა პოპიაშვილმა.

ჩვენ შევეცადეთ, დავკავშირებოდით Forbes Georgia-ს წარმომადგენლობას, მაგრამ აღმოჩნდა, რომ იქ რევაზ საყევარიშვილის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით კომენტარისგან თავს იკავებენ.