ქართველი მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი: „მე ვარ უკანასკნელი თავისუფალი ადამიანი ამ ქვეყანაში“

ქართველი მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი: „მე ვარ უკანასკნელი თავისუფალი ადამიანი ამ ქვეყანაში“

ქართველი მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი ოპოზიციური მოძრაობის შექმნით გამოწვევას უგზავნის პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს. ახლახანს ბევრი მისი მხარდამჭერი დაკითხეს, რასაც Amnesty International-მა დაშინების მცდელობად შეაფასა. SPIEGEL ONLINE-თან ინტერვიუში, ივანიშვილი დასავლეთს სთხოვს უარი თქვას სააკაშვილის მხარდაჭერაზე, რომელსაც მისი მტკიცებით საქართველო დიქტატურისკენ მიჰყავს.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის საქართველოში ვიზიტის მეორე დღეს (გიდო ვესტერველემ ამ ქვეყანას პრესის თავისუფლებისა და „ოპოზიციის უფლებების დაცვისკენ მოუწოდა“), პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მისი პოლიტიკური კონკურენტების წინააღმდეგ მასშტაბური კამპანია წამოიწყო. ამ თვის დასაწყისში ოპოზიციური ლიდერის და ოლიგარქის ბიძინა ივანიშვილის 100 ზე მეტი მხარდამჭერი დაკითხვაზე გამოიძახეს. დაკითხვები, რომელიც საათების განმავლობაში გრძელდებოდა, უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International-სთვის იმის მიზეზი გახდა, რომ სააკაშვილი წინასწარ განზრახული დაშინების კამპანიის წარმოებაში დაედანაშაულებინა.

ივანიშვილი, რომელმაც 2003 წელს სააკაშვილის „ვარდების რევოლუცია“ დააფინანსა, იმედოვნებს, რომ შემოდგომაზე დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში პრეზიდენტის პარტიას დაამარცხებს. გამოკითხვებმა აჩვენა, რომ მის მოძრაობას „ქართულ ოცნებას“, რომელიც 2011 წლის დეკემბერში შეიქმნა, გამოკითხულთა 28% უჭერს მხარს. სააკაშვილის მთავრობამ უკვე გაამკაცრა კანონები პარტიების დაფინანსებაზე და ივანიშვილს, რომლის პირადი კაპიტალიც ჟურნალმა Forbes-მა 5 მილიარდ დოლარად (3.8 მილიარდი ევრო) შეაფასა, მოქალაქეობა ჩამოართვა. 56 წლის ბიზნესმენი საქართველოს დედაქალაქის, თბილისის ფერდობზე წამოჭიმულ მინისა და ლითონის ფუტურისტულ შენობაში ცხოვრობს.

SPIEGEL ONLINE-თან ინტერვიუში, ივანიშვილი საკუთარ პოლიტიკურ ხედვაზე საუბრობს და სააკაშვილის მმართველობის პირობებში საქართველოსთვის ბნელ სურათს ხატავს.

თქვენ, დღემდე არ იძლეოდით ინტერვიუებს. ამბობთ, რომ ჟურნალისტები არ გიყვართ და ვერ იტანთ ყირადღების ცენტრში ყოფნას. საიდან გაგიჩნდათ უცებ პოლიტიკური ამბიციები?

ჩემი ფილოსოფია ასეთია: მირჩევნია საზოგადოების ყურადღების მიღმა ვიყო. თავისუფლება მიყვარს. მაგრამ ბოლო წლების განმავლობაში სულ უფრო და უფრო სერიოზული ზეწოლის ქვეშ ვექცეოდი. არჩევანი უნდა გამეკეთებინა: ან უნდა დამეტოვებინა ქვეყანა, სადაც ჩემი ყოფნა სულ უფრო სახიფათო ხდებოდა, ან შეტევაზე გადავსულიყავი.

თუკი საზოგადოების ყურადღების ცენტრში ყოფნა არ გიყვართ, რატომ არ დაუჭირეთ მხარი უკვე არსებულ ოპოზიციურ პარტიას?

სააკაშვილმა პარტიები ერთი მეორეს მიყოლებით იყიდა. ეს ფსევდო ოპოზიციური პარტიებია. მაგრამ რამდენიმე წესიერმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმაც დაკარგა მოქალაქეების ნდობა. მე ვარ უკანასკნელი თავისუფალი ადამიანი ამ ქვეყანაში. მაქვს ფული, მაგრამ ჩემი ყველაზე მნიშვნელოვანი კაპიტალი ხალხის ნდობაა.

ეს მაღალი სიტყვებია. რას გეგმავთ გამარჯვების შემთხვევაში?

ევროპა ჩვენთვის მისაბაძი მაგალითი, მიზანი და ბედისწერაა. გვინდა მისი ნაწილი გავხდეთ. ჩვენ სწრაფად მოვარგებთ ჩვენს ინსტიტუტებს ევროპულ მოდელს, გავათავისუფლებთ სასამართლოს და შევქმნით თავისუფალ მედიას. წელიწადნახევარ ან ორ წელიწადში მე წავალ პოლიტიკიდან.

და ყველაფერს ხელახლა მიატოვებთ?

არა. მე ვიმუშავებ სამოქალაქო საზოგადოებასთან. რა თქმა უნდა, ისეთი პასიური აღარ ვიქნები, როგორც ადრე. მე დავეხმარები საზოგადოებას იმ მთავრობის შეკავებაში, რომელსაც დავტოვებ.

რატომ შეიძინეთ სარეკლამო გვერდები ისეთ ამერიკულ გამოცემებში, როგორიც მაგალითად Washington Post, სადაც თქვენ მოუწოდეთ დასავლეთს შეწყვიტოს სააკაშვილის მხარდაჭერა?

ამერიკამ საქართველო უმცროსი პარტნიორის რანგშია აირჩია. შეერთებული შტატები ფიქრობს, რომ სააკაშვილი დემოკრატიულ საქართველოს აშენებს, მაგრამ ეს მხოლოდ ფასადია. მე მინდა ამერიკელებს მისი ნამდვილი სახე დავანახო. სააკაშვილი მათ თვალში ნაცარს აყრის.

რას გულისხმობთ?

2004 წელს ხელისუფლებაში მოსვლიდან ორი წლის განმავლობაში, ის მართლაც აშენებდა დემოკრატიულ სისტემას. მაგრამ მან ამ გზას გადაუხვია. ის ტოტალიტარულ სახელმწიფოს ქმნის.

რას მოითხოვთ დასავლეთისგან?

მე არაფრის მოთხოვნის უფლება არ მაქვს. მაგრამ მინდა უბრალოდ ვთხოვო დასავლეთს დაინახოს რეალური სიტუაცია, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია შექმნილი და სააკაშვილს თავი არ მოატყუებინოს. ევროპამ და ამერიკამ საქართველოს ხელისუფლება მისი ქმედებების მიხედვით უნდა შეაფასოს და არა სიტყვების და დაპირებების. წინააღმდეგ შემთხვევაში სააკაშვილი საქართველოს დიქტატურად გადააქცევს.

თქვენი წინადადება რაში მდგომარეობს?

ბოლო დროს ხშირად ვსაუბრობ ევროპული ქვეყნების ელჩებთან. იმედი მაქვს, რომ ევროპა დაგვეხმარება ნამდვილად თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებაში. საქართველოს სურს შექმნას პრეცედენტი, რომ ხელისუფლების გადაცემა აქ მოხდეს არჩევნების და არა რევოლუციის გზით, როგორც ეს ჩვეულებრივ ხდებოდა ხოლმე. მე მინდა, რომ საერთაშორისო დამკვირვებლები, მაგალითად, ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციიდან (ეუთო), ექვსი თვის განმავლობაში დააკვირდნენ საარჩევნო კამპანიას.

სააკაშვილის ზედმეტად ნეგატიურ სურათს ხომ არ ხატავთ? მან პოლიციის რეფორმა ჩაატარა, რომელმაც უცხოეთში დიდი ყურადღება მიიპყრო

პოლიციის რეფორმა წარმატებული იყო. ათასობით პოლიციელმა შეწყვიტა ქრთამის აღება, მაშინ როდესაც მთელ პოსტ-საბჭოთა სივრცეში პოლიცია კორუმპირებულია. მაგრამ კორუფცია აღმოიფხვრა დაბალ რგოლებში, მაშინ როდესაც მაღალ რგოლში ადამიანთა მცირე ჯგუფი ჯიბეს ისქელებს.

თქვენ ადანაშაულებთ სააკაშვილს იმაში, რომ იგი პირადადაც გამდიდრდა?

რა თქმა უნდა. მან შექმნა ეს სისტემა. ეკონომიკაში დაახლოებით 15, 20 ადამიანი დიმინირებს. ქართული ეკონომიკის დიდ ნაწილს გენერალური პროკურორი აკონტროლებს; თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი აკონტროლებს გაზის და ნავთობის ბიზნესს.

მთავრობა, თავის მხრივ, კრემლის აგენტს გიწოდებთ. ქონება რუსეთში დააგროვეთ. რამდენად ვალდებული ხართ რუსეთის წინაშე?

არანაირად. მე ვარ ვალდებული ჩემი ქვეყნის წინაშე. ჩემი რესურსების 99% პროცენტს საქართველოში ვხარჯავ. მე განვაახლე აქ ყველა თეატრი და მუზეუმი; ავაშენე გზები, და 50 ახალი სკოლა. რუსი ჯაშუშები ასე რომ იქცეოდნენ, ჩემი ქვეყნის წარმატება ასეთი აგენტების სიმრავლეზე იქნებოდა დამოკიდებული. 10 წელია რუსეთში არ ვყოფილვარ.

კავკასია დენთის კასრია. ირანი, რომელიც ისრაელის საჰაერო დარტყმების სამიზნე შეიძლება გახდეს, თქვენი მეზობელია. აზერბაიჯანი თავის სამხედრო პოტენციალს აძლიერებს. საქართველოს კონფლიქტები სამხრეთ ოსეთში და აფხაზეთში კვლავ გადაუჭრელია. ხომ არ სჭირდება საქართველოს სტაბილური პირობები, და არა ლიდერი, რომელიც თქვენი თქმით, ორი წლის შემდეგ გადადგომას გეგმავს?

ისეთ პატარა ქვეყნას როგორიც საქართველოა, ძალიან მცირე გავლენა აქვს გლობალური დონის კონფლიქტების გადაწყვეტაზე. დიახ, ჩვენ შეიძლება მოვლენათა ასეთი განვითარების მსხვერპლნი გავხდეთ, მაგრამ რთული რეგიონალური სიტუაცია არ ამართლებს ერთი ადამიანის მიერ ხელისუფლების შენარჩუნების გადაწყვეტილებას. ჩემთვის ცხადია, რომ დემოკრატიზაცია ძალიან რთული პროცესია.

როგორ გეგმავთ სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის კონფლიქტების მოგვარებას?

ჩვენ აღვადგენთ პირდაპირ მოლაპარაკებებს ჩვენ დებთან და ძმებთან. ჩვენ დავიწყებთ მოლაპარაკებას რუსეთთან. ჩვენ უნდა გვახსოვდეს ჩვენი ისტორია. ხანგრძლივი დროის განმავლობაში ჩვენი თანაცხოვრება მშვიდობიანი იყო.

რა პირობებში იქნებოდა თქვენთვის მისაღები ამ რეგიონების დამოუკიდებლობა?

ქართველი ხალხი არასდროს დათანხმდება მათ დამოუკიდებლობაზე.

თბილისში ვიზიტის დროს მარტის შუა რიცხვებში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ გიდო ვესტერველეს სურდა თქვენთან შეხვედრა. რატომ არ მიიღეთ მიწვევა?

გულწრფელად, რომ გითხრათ, ცოტა არ იყოს შეურაცხყოფილი დავრჩი. მან იმავე შეხვედრაზე მიმიწვია, სადაც იმ ფრესვდო-ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდებოდა, რომლებიც სააკაშვილს ჯიბეში ჰყავს. შესაძლოა, ის სწორად არ იყო ინფორმირებული. ვესტერველე ის იყო გაემგზავრა (ქვეყნიდან), როდესაც ასობით ჩემს მხარდამჭერს დაკითხვებს უწყობდნენ.

რუსმა ოლიგარქმა მიხეილ ხოდორკოვსკიმ ერთხელ გამოიწვია რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი. ის თქვენზე მდიდარი იყო, მაგრამ დღეს ციხეშია. არ გეშინიათ, რომ იგივე ბედს გაიზიარებთ?

მე ჩემს გადწყვეტილებას არ შევცვლი. ციხის არ მეშინია, არსებობს უარესი საფრთხეები. ისინი ყველაფერზე წამსველელები არიან.
foreignpress.ge