ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ეროვნულ ბანკს უნდა მიენიჭოს უფლება, საკუთარი ინიციატივით განსაზღვროს ის კრიტერიუმები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს კომერციული ბანკის უპირატესი წილის მფლობელი და ადმინისტრატორი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მთლიანად ეროვნული ბანკის ხელმძღვანელზე იქნება დამოკიდებული, ამ კრიტერიუმებს ვის მოარგებს და ვის არა. თუკი ხელისუფლების იმ ქმედებებს გავითვალისწინებთ, რასაც მას შემდეგ ახორციელებს, რაც ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლის სურვილი გამოთქვა, დაწყებული ბანკ „ქართუს“ წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებებით და დამთავრებული მოგელაძის ქმედებებით, ადვილი მისახვედრია, რომ გადაწყვეტილება ბანკ „ქართუსთვის“ იქნა მიღებული და სწორედ ასეთ შეფასებებს აკეთებენ ექსპერტებიც. საქმერ ეხება პარლამენტის წევრების, ანდრო ალავიძისა და მიხეილ ცქიტიშვილის სახელით ინიცირებულ კანონპროექტს, რომლითაც ცვლილება „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ კანონში შედის. კანონის მოქმედი რედაქციით, კომერციული ბანკის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი აქციონერისა და ადმინისტრატორის შესაფერისობის კრიტერიუმები, კონკრეტულად არის გაწერილი. კერძოდ, პირს ეკრძალება იყოს კომერციული ბანკის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი, თუ იგი ნასამართლევია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, ტერორიზმის დაფინანსებისათვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის ან სხვა ეკონომიკური დანაშაულისათვის. ასევე, პირი შეიძლება იყოს კომერციული ბანკის ადმინისტრატორი, თუ იგი სასამართლომ არ ცნო ქმედუუნაროდ და იგი არ არის ნასამართლევი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, ტერორიზმის დაფინანსებისათვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის ან სხვა ეკონომიკური დანაშაულისათვის. ასევე, თუ აქვს სათანადო განათლება ან/და გამოცდილება და ამავე დროს არ არის სხვა კომერციული ბანკის ადმინისტრატორი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მას უკავია ადმინისტრატორის თანამდებობა ამ ბანკის კონტროლისადმი დაქვემდებარებულ ბანკში ან ბანკში, რომლის კონტროლსაც ექვემდებარება მოცემული კომერციული ბანკი. კანონპროექტით კი, ეროვნულ ბანკს უფლებამოსილება ენიჭება ნორმატიული აქტით განსაზღვროს კომერციული ბანკის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი აქციონერისა და ადმინისტრატორის შესაფერისობის დამატებითი კრიტერიუმები. ექსპერტი ლადო პაპავა ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას გაუმართლებელს უწოდებს და შიშობს, რომ, ზოგადად, კომერციული ბანკებისთვის ცუდი შედეგების მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს. „არის გარკვეული პროცედურები, რომელიც არ შეიძლება, რომ კანონში იყოს გაწერილი და მისი გაწერის უფლება უნდა ჰქონდეს მინიჭებული სათანადო ორგანოს. მაგრამ, არის ისეთი პროცედურებიც, რომელიც არ შეიძლება, სცდებოდეს კანონის ფარგლებს. ყოველ შემთხვევაში, კომერციულ ბანკებთან დაკავშირებული ყველა საკითხი იმდენად ფაქიზია, რომ კანონით უნდა იყოს განსაზღვრული. მით უმეტეს ისეთი საკითხები, როგორიც არის წილის მფლობელების შესაბამისობის კრიტერიუმის დადგენა, ეს ისეთი რამ არის, რომელიც კანონში მკაფიოდ უნდა იყოს გაწერილი და ამ უფლების ეროვნული ბანკისთვის მინიჭებამ, შესაძლოა, ქართულ საბანკო სისტემას ძალიან ცუდი შედეგები მოუტანოს“, - ამბობს ლადო პაპავა. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებაში ცალსახად იკითხება, რომ ეს ბანკ „ქართუსთვის“ ხდება. „ეს ყველაფერი ხდება მხოლოდ და მხოლოდ ერთი ბანკის, „ქართუ ბანკის” წინააღმდეგ იმიტომ, რომ ეს ბანკი არის ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული ბანკი და მნიშვნელოვანი წილის მფლობელიც არის ივანიშვილი და საბოლოოდ, შესაძლოა, ისეთი რამ ჩაწერონ, რომ იგი იძულებული გახადონ, ან ეს წილი გაყიდოს, ან ბანკი დაუხურონ. ან ბანკის პრეზიდენტის, ნოდარ ჯავახიშვილის საწინააღმდეგოდ, შესაძლოა, ისეთი რამ ჩაწერონ, რომ მას არ ჰქონდეს საშუალება, ამ ბანკს უხელმძღვანელოს“, - ამბობს ლადო პაპავა და დასძენს, რომ ამიტომაც არის აუცილებელი, რომ კრიტერიუმები კანონით იყოს განსაზღვრული და ერთ კონკრეტულ ადამიანს არ შეეძლოს, საკუთარი სურვილით ჩაწეროს ისეთი რამ, რომელიც კონკრეტული ბანკის თუ მისი მფლობელის წინააღმდეგ იქნება მიმართული. „ბოლო ხანებში, ოქტომბრიდან მოყოლებული რაც კეთდება მთავრობის და ეროვნული ბანკის მხრიდან, ეს ყველაფერი მიმართულია „ქართუ ბანკის“ წინააღმდეგ და ეს ჩანაწერიც შეიძლება წავიკითხოთ, როგორც ჩანაწერი იმისა, რომ ეროვნულ ბანკს მისცენ კიდევ ერთი ინსტრუმენტი, რომ სადამსჯელო ღონისძიება გაატაროს „ქართუ ბანკის“ წინააღმდეგ“, - ამბობს პაპავა. კანონპროექტის ავტორები კი ამ ცვლილებას „ტექნიკურს“ უწოდებენ და მიაჩნიათ, რომ ამაში საგანგაშო არაფერია. ამისთვის კი არგუმენტად იმასაც იშველიებენ, რომ, თურმე, ამ კრიტერიუმებს ეროვნული ბანკი აქამდეც ადგენდა. როგორც კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა მიხეილ ცქიტიშვილმა განაცხადა, ასეთ კრიტერიუმებს ეროვნული ბანკი 2002 წლიდან ადგენს და ის ყველა კომერციული ბანკისთვის გამჭვირვალეა. „ახლა კანონში, უბრალოდ, ტექნიკური დაზუსტება ხდება“, – განაცხადა ცქიტიშვილმა, თუმცა, არ განუმარტავს, თუ რატომ ადგენდა ეროვნული ბანკი დამატებით კრიტერიუმებს მაშინ, როცა ამის უფლება კანონით არ ჰქონდა. ფაქტია, რომ ეროვნულ ბანკს ამის უფლება აქამდე არ ჰქონდა და, თუკი აკეთებდა, კიდევ სხვა დანაშაულია, რომელიც უფლებამოსილების გადამეტებით შეიძლება დაკვალიფიცირდეს. ამას კი ისიც ადასტურებს, რომ ახლა წერენ კანონში იმას, რაც ეროვნულ ბანკს აქამდე უკეთებია. ანუ, აქამდე ამის უფლება არ ჰქონია და აუცილებელია, ხელისუფლების მხრიდან სათანადო განმარტებები გაკეთდეს. |