ზუგდიდის პოლიციამ „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი, სერგო ჩაჩიბაია გაიტაცა

ზუგდიდის პოლიციამ „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი, სერგო ჩაჩიბაია გაიტაცა

„ხელისუფლება დამფრთხალის პოზიციიდან მოქმედებს და ცდილობს ყაჩაღური გზით მოახდინოს ზემოქმედება ჩვენს პოლიტიკურ ძალაზე“ – ასე შეაფასა „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთთმა ლიდერმა ირაკლი ჩიქოვანმა მათი პარტიის აქტივისტის დაკავება.

დღეს ზუგდიდში „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ–ერთი წევრი სერგო ჩაჩიბაია დააკავეს. სიტუაციის გასარკვევად Presage.tv ირაკლი ჩიქოვანს დაუკავშირდა.

ჩიქოვანის თქმით, მათი პარტიის წევრი სერგო ჩაჩიბაია რამდენიმე საათის წინ ზუგდიდში ერთ–ერთ ავტოგასამართ სადგურთან დააკავეს. მომხდარის შესახებ ჩაჩიბაიას ახლობლებისთვის ქუჩაში მყოფი თვითმხილველებისგან გახდა ცნობილი. ჩაჩიბაია გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს და ამ დრომე მის ოჯახსა და პარტიის წევრებს მისი ადგილსამყოფელის დადგენა უჭირთ.

ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, სერგო ჩაჩიბაია იმყოფებოდა ავტოგასამართ სადგურთან, რა დროსაც მასთან მივიდა უცნობი პიროვნება და დაიწყო ჩაჩიბაიასთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება. ირაკლი ჩიქოვანი აცხადებს, რომ თვითმხილველების თქმით, სერგო ჩაჩიბაია არ აჰყვა ამ პროვოკაციას, მაგრამ იქვე იმყოფებოდა პატრულის ორი ეკიპაჟი და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მაშინვე დააკავეს სერგო ჩაჩიბაია.

„თავისუფალი დემოკრატებისთვის“ უცნობია, ვინ არის ის პიროვნება, რომელმაც პროვოკაცია მოუწყო სერგო ჩაჩიბაიას და რომელიც საქმეზე თითქოსდა დაზარალებულია.

„ჩვენ არ ვიცით, ვინ არის ე.წ. დაზარალებული, არც ის ვიცით, რატომ მოხდა სერგო ჩაჩიბაიას დაკავება. რაც ყველაზე შემაშფოთებელია არის ის, რომ ჩვენ ამ დრომე ვერ ვახერხებთ მისი ადგილსამყოფელის დადგენას მიუხედავად იმისა, რომ საქმეში ადგილობრივ დონეზე ჩართულია, როგორც სახალხო დამცველის აპარატი, ასევე რა თქმა უნდა, ჩვენი პარტიის წევრებიც. ჩვენ უშედეგოთ ვითხოვთ როგორც ზუგდიდის რაიონული პოლიციისგან, ასევე სამხარეო პოლიციისგან, რომ გაგვაგებინონ, სად წაიყვანეს ეს ადამიანი. უკვე რამდენიმე საათია სერგო ჩაჩიბაია დაკავებული ჰყავთ და ჩვენ მოვითხოვთ, რომ მას მიეცეს ადვოკატის მომსახურებით სარგებლობის საშუალება. მაგრამ როგორც მოგახსენეთ, პასუხს არავინ გვცემს“,– აცხადებს ირაკლი ჩიქოვანი Presage.tv-სთან საუბარში და აქვე დასძენს, რომ სერგო ჩაჩიბაიას დაკავებას  „თავისუფალი დემოკრატების“ საქიანობას უკავშირებს.

„მოგეხსენებათ, ჩვენ საკმაოდ აქტიურად ვართ ჩართული სამეგრელოში მიმდინარე პროცესებში, მით უმეტეს უკანასკნელ პერიოდში განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ ამ რეგიონს, იქ მიმდინარე უკანონობას ავხადეთ ფარდა და სწორედ ამის გამო, ხელისუფლებამ გადაწყვიტა ზეწოლა მოახდინოს ჩვენზე ჩვენი აქტიური წევრების დაკავების გზით“, – აცხადებს ირაკლი ჩიქოვანი.