კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი წევრი, ზვიად ძიძიგური უშიშროების საბჭოს მიერ საკუთარ ვებგვერდზე იმ მასალების გამოქვეყნების შესახებ აკეთებს კომენტარს, რომელიც უწყებას ,,თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ გადასცა. ეს დოკუმენტაცია, ალასანიას მტკიცებით შეიცავდა ინფორმაციას სამეგრელოში არაკანონიერი სამხედრო რაზმების ფორმირებასთან დაკავშირებით. თუმცა, უშიშროების საბჭომაც და მისმა მდივანმაც მასალების „კვალიფიციურობა დაიწუნეს.
ზვიად ძიძიგური ფიქრობს, რომ უშიშროების საბჭოს არ აქვს უფლება მსგავსი ტიპის ინფორმაციას უგულისყუროდ მოეკიდოს. „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერი ამბობს, რომ უშიშროების საბჭო კონსტიტუციური ორგანოა და მან საზოგადოების მიერ დასმულ შეკითხვებს არაკვალიფიციური პასუხი არ უნდა გასცეს.
,,როდესაც მოქალაქე აწვდის უშიშროების საბჭოს რაღაც ინფორმაციას, რომელიც მათთვის არასასიამვნო მოსასმენიც იყოს, მან უნდა გასცეს კვალიფიციური პასუხი, როგორიც კონსტიტუციურ ორგანოს შეეფერება“,- აცხადებს ძიძიგური
„კონსერვატორთა“ ლიდერი ასევე არასწორად მიიჩნევს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებას, ალასანიას მიერ მიწოდებული ინფორმაციის გამოქვეყნების შესახებ.
„უშიშროების საბჭო არის ორგანო, რომელიც ქვეყანაში სწორედ უსაფრთხოების საკითხების მოგვარებას და გადაწყვეტას უნდა ემსახურებოდეს. მისთვის ყველა პოლიტიკური ძალის მიერ მიწოდებული ინფორმაცია თანაბრად საინტერესო უნდა იყოს მისაღები, მაგრამ ეტყობა ბატონი გიგა ბოკერი სხვაგვარად ფიქრობს“, - ამბობს ძიძიგური.
„ფაქტია, რომ როდესაც მთელ სამეგრელოში ბანდფორმირებების არსებობაზე საუბრობენ, ეს უშიშროების საბჭოს განხილვის საგნად არ მიაჩნია. მოსახლეობაში უკვე გავრცელდა ინფორმაცია, რადგან ეს ადამიანები არ მალავენ, რომ მათ ხელი მიუწვდებათ იარაღთან, უხდიან ხელფასს და შექმნილი არიან ხელისუფლების მხრიდან სწორედ საარჩევნო მანიპულაციების მიზნით. ეს არის რეალობა რაც ჩვენ ვიცით. უშიშროების საბჭოს ეს რეალობა მოსწონს თუ არა სხვა თემაა, ინფორმაციის მიწოდების ფორმა თუ არ მოეწონა, ეს კიდევ სხვა, მაგრამ ამ ყველაფერზე შეიძლება აკადემიური და კვალიფიციური პასუხი, ისე როგორც კონსტიტუციურ ორგანოს შეეფერება.
ალასანიას ეს განცხადება პრევენციული ხასიათის იყო და იმედი მაქვს საერთშორისო საზოგადოება უფრო სერიოზულად გაამახვილებს ყურადღებას ამ ფაქტებზე“, - აცხადებს ძიძიგური.
მისივე განცხადებით, „გიგია ბოკერია სცოდავს, როცა ის აკეთებს მსგავს პოლიტიკურ განცხადებას და არა ისეთს, როგორსაც უნდა აკეთებდეს კონსტიტუციური ორგანოს ხელმძღვანელი“.
„უშიშროების საბჭოს ამგვარი პასუხი ცალსახად ადასტურებს, რომ თვითონ უშიშროების საბჭო არის პოლიტიკური ორგანო და პოლიტიკური ოპონენტის მიერ მიღებულ ინფორმაცია მათთვის არის მიუღებლი“, - აღნიშნავს ძიძიგური.
შეგახსენებთ რომ 20 მარტს „თვისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მიმართა და მიაწოდა მასალები, რომელიც მისი მტკიცებით დასავლეთ საქართველოში არაკანონიერი შეიარაღებული ფორმირებების შექმნას ადასტურებს. უშიშროების საბჭომ ეს დოკუმენტაცია საჯარო გახადა, უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ კი ალასანიას განცხადებას „სრულიად გაუგებარი“ უწოდა.