დასავლეთის შემობრუნება საქართველოსკენ და სააკაშვილის გუნდის საპასუხო გაღიზიანება

დასავლეთის შემობრუნება საქართველოსკენ და სააკაშვილის გუნდის საპასუხო გაღიზიანება

უკანასკნელ პერიოდში ცხადი ხდება, რომ საქართველოს მიმართ დასავლეთის დემოკრატიული სახელმწიფოების დამოკიდებულება მკვეთრად შეიცვალა. ჩვენ მომსწრენი გავხდით იმისა, რომ კონტროლის პალატის ქმედებებთან დაკავშირებით თავისი კრიტიკული პოზიცია გამოხატა ჯერ ამერიკის შეერჩებული შტატების ელჩმა ჯონ ბასმა, შემდეგ კი არაერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ. ამერიკის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე ერთ - ერთი განსახილველი თემა სწორედ საქართველო იყო. მაგრამ თუკი აქამდე ძირითადად ფიქსირდებოდა მხარდაჭერა „დემოკრატიის შუქურად“ მონათლული სააკაშვილისა და მიდი გუნდის მიმართ, დღეს უკვე დასავლეთი უფრო მეტ ყურადღებას აქცევს ქართული ოპოზიციის განცხადებებს, ასევე ყურადღებით ადევნებს თვალყურს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს და ადექვატურ რეაქციებსაც გამოხატავს. ქართულ საზოგადოებაში კი გაჩნდა განცდა იმისა, რომ ცივილიზებული სამყარო ქართველი ხალხის და არა მიხეილ სააკაშვილის რეალური გულშემატკივარია. ამ საკითხთან დაკავშირებით presage.tv-ს „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარის მოადგილე თეა წულუკიანი ესაუბრება.

თეა წულუკიანი: „გარკვეული ცვლილებები უკვე შეინიშნება. თუკი აქამდე იგულისხმებოდა, რომ სააკაშვილი და მისი რეჟიმი არიან პროდასავლური ფენომენები საქართველოში, რაც ჩვენ, ქართველ ხალხსაც ასე გვეგონა, ნელ-ნელა ნათელი ხდება, რომ ეს არის უბრალოდ ფასადი და ამის უკან, ამ პრეტექსტით, სააკაშვილი ახორციელებს აბსოლუტურად ანტიდემოკრატიულ და ანტიდასავლურ პოლიტიკას ყველა სფეროში, მათ შორის მომავალ არჩევნებთან დაკავშირებითაც. თუნდაც ის ერთი ფაქტი, რომელიც დაკავშირებულია გასული წლის დეკემბერში მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში მიღებულ ცვლილებებთან, ცალსახად იქნა აღქმული, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასევე ზოგადად დასავლურ სამყაროში როგორც პოლიტიკური პარტიების დაფინანსების გამჭვირვალობის მოტივით ახალი მექანიზმის შექმნის მცდელობა იმისთვის, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა პრაქტიკულად ნელ-ნელა სუნთქვა შეწყვიტონ. ეს ფაქტია და ფატს ჰქვია კანონი, რომელიც დაწერილია შავით თეთრზე.

გარდა ამისა ამ კანონის გამოყენების პრაქტიკა უკვე სახეზეა კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორიგნის სამსახურის საქმიანობი სახით, რომელმაც ბოლო ორი კვირის განმავლობაში, სულ მცირე ხანში განახორციელა რამდენიმე ათეული მოქალაქის პოლიტიკური ნიშნით დაკითხვა და რატომღაც ამ მოქალაქეების 99% ასოცირებულია, ან პირდაპირ არის ჩართული „ქართული ოცნების“ საქმიანობაში. ჩვენ არ გვსმენია, რომ კონტროლის პალატას ამ პერიოდში დაებარებინოს ნაციონალური მოძარობის რომელიმე წარმომადგენელი მსგავსი შეკითხვებით იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ფინანსდება მმართველი პარტია. აქედან გამომდინარე, ეს ფაქტები, რომლებიც ვერ გახდება ვერავის ინტერპრეტაციის საგანი და არის რეალური ფაქტები, ერთის მხრივ კანონი და მეორეს მხრივ ამ კანონის გამოყენების პრაქტიკა, არის ერთ-ერთი მაგალითი, რომ დასავლეთმა ცალსახად დაინახა, რომ ის, რასაც სააკაშვილის რეჟიმი მეტნაკლებად ფარულად ახერხებდა, ამას უკვე ვეღარ ახერხებს ბიძინა ივანიშვილის გამოჩენის შემდეგ. მისმა გამოჩენამ სააკაშვილის რეჟიმი პრაქტიკულად გადაიყვანა ღია აგრესიულ ქმედებებზე, რაც მაშინვე დაინახა დასავლეთმა და შესაბამისი რეაქციები და შეფასებების გააკეთა.

- საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ფილიპ დიმიტროვმა განაცხადა, რომ მომავალი არჩევნები საქართველოსთვის დემოკრატიის გზაზე იქნება მნიშვნელოვანი გამოწვევა, ანუ ამ არჩევნების მიმართ საერთაშორისო საზოგადოება ძალიან დიდ ინტერესს იჩენს. რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის?

- ის ფაქტი, რომ მომავალი არჩევნები არის ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლო მომენტი და მის დემოკრატიულობისთვის გადამწყვეტი მომენტი იქნება, ამას ყველა ამბობს ქვეყნის შიგნითაც და სასიხარულოა, რომ ევროკავშირის წარმომადგენელმაც ეს აზრი გაიზიარა. მთავარი არის ის, თუ როგორ იქცევა ხელისუფლება. ხელისუფლება ხვდება, რომ ეს უნდა აღიაროს და აღიარებს კიდეც ამას, რომ მომავალი არჩევნები იქნება გადაწყვეტი ქვეყნის სწორი განვითარებისთვის. თუ არჩევნები ჩატარდება უსამართლო გარემოში, მაშინ ქვეყანა უკვე საბოლოოდ გადავა განვითარების სწორი გზიდან, მაგრამ ყველას უნდა ესმოდეს, როგორც ქვეყნის შინგით, ასევე ქვეყნის გარეთ, რომ არჩევნებისთვის უსამართლო გარემო არჩევნების დღეს და არჩევნებამდ ეორი კვირით ადრე კი არ იქმნება, ეს უსამართლო გარემო დღეს უკვე შექმნილია. დღეს ჩვენ უკვე ვმუშაობთ და ვსაქმიანობთ უსამართლო გარემოში, რომელიც თუ არ შეიცვალა, სამართლიან არჩევნებს ვერ მოიტანს. 

დღეს პრაქტიკულად ხორციელდება პოლიტიკური პოლიციის მხრიდან (როგორადაც ჩამოყალიბდა კონტროლის პალატა) ზეწოლა ფიზიკურ პირებზე. მთავარი იერიში მიიტანეს იმ ინდივიდებზე, ვინც უნდა იყოს რეალური ძალა არჩევნების დღეს. მათალია ამ ეტაზპე მათი დაშინების მცდელობამ შედეგი არ გამოიღო იმიტომ, რომ ეს ინდივიდები ამ განსაცდელიდან, რომელიც მათ კონტროლის პალატამ და პოლიციამ შეუქმნა რაიონებში, უფრო გაძლიერებულები გამოვიდნენ და პოლიტიკურად უფრო მოტივირებულები, მაგრამ ასეა თუ ისე, საარჩევნო კოდექსი, ეს ახალი კანონი პოლიტიკური გაერთიენებების შესახებ, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების საშუალება და ბევრი სხვა მომენტი ქმნის ისეთ პირობებს, რომ დღეს უკვე არჩევნებისთვის მზადების პერიოდი მიმდინარეობს აბსოლუტურად უსამართლო გარემოში. ეჭვი გვაქვს, რომ ხელისუფლების განზრახვაა ეს ყველა ქმედება დაგვირგვინდეს იმით, რომ ნაციონალური მოძრაობის მთავარ კონკურენტს ბიძინა ივანიშვილს არ მიეცეს მოქალაქეობა და აქედან გამომდინარე, ის საბოლოოდ ჩამოსცილდეს პოლიტიკურ სცენას და შემდეგ უკვე ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით, მათ ადვილად მოიგონ არჩევნები. ჩვენი აზრით, ეს არის ხელისუფლების მოქმედების სქემა. მაგრამ თუ ჩვენ გავაგრძელებთ, ასე ვთქვათ, საერთაშორისო თანამეგობრობის სათანადოდ ინფორმირებას ობიექტური ფაქტებით, რომელთა შეფასებასაც თავად მოახდენენ და ქვეყნის შიგნით სამართალწარმოებას კომპეტენტურად წარვმართავთ როგორ ეს მოქალაქეობის შემთხვევაში მოხდა (თქვენ იცით, რომ ეს ბრძოლა ნაწილობრივ იქნა მოგებული ეკატერინე ხვედელიძესთან დაკავშირებით) მაშინ არის კიდევ შანსი იმისა, რომ ხალხის აზრმა გაიმარჯვოს და ხალხის აზრი იცით, რომ 64% აპირებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას და აქედან გამომდინარე იმედს ამყარებს, რომ ეს არჩევნები იქნება სამართლიანი. 70% მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილის მთავარ კონკურენტს, რომელიც გამოჩნდა სცენაზე,  უნდა მიეცეს საშუალება, რომ მოქალაქეობის აღდგენის გზით, მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში. აი ეს სხვადასხვა ფაქტორები იმედია იმუშავებს ერთად იმისთვის, რომ მეტნაკლებად სამართლიან გარემოში წარიმართოს არჩევნები, მაგრამ დღეს, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, გარემო უკვე არის უსამართლო. ამიტომ ამგვარი გარემო ვერ მოიტანს სამართლიან არჩევნებს.

- ამერიკის სენატში საქართველოს საკითხის განხილვისას რიჩარდ ნორლანდმა (ამერიკის ახალი ელჩი საქართველოში) შეშფოთება გამოთქვა საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებასთან და ხელისუფლების მხრიდან ოპოზიციაზე ზეწოლის ფაქტების გამო. ამ განცხადების კომენტირებისას გრიგოლ ვაშაძემ თქვა, რომ ნორლანდის განცხადებებს ჯერ-ჯერობით არანაირი პოლიტიკური დატვირთვა არ აქვს. ამასთანავე, მოგეხსენებათ, უკანასკნელ პერიოდში ხელისუფლების წარმომადგენლები ღიად აკრიტიკებენ მაგალითად ამერიკის ელჩს და პრაქტიკულად არ ღებულობენ არანაირ კრიტიკას. ამ ყველაფერის ფონზე, როგორ ფიქრობთ, დაჰყვება საქართველოს ხელისუფლება დასავლეთის მხრიდან ზეწოლას არჩევნების სამართლიანად ჩატარებასთან დაკავშირებით?

- იცით რა, მათ არ აქვთ პოლიტიკური ნება იმისა, რომ არჩევნები კონკურენტულ გარემოში ჩატარდეს, ეს უკვე ცალსახაა. ამიტომ მათ, როგორც ყველა ავტოკრატულ რეჟიმს, აქვთ გაღიზიანება ყველანაირ კრიტიკასთან და თუნდაც კრიტიკულად დასმულ შეკითხვასთან დაკავშირებით. ამიტომ ვაშაძის რეაქციაც არის ბუნებრივი და ბუნებრივია მათი რეაქცია, რომ ყველაფერი, რაც არის კრიტიკული განწყობის, გამოაცხადონ, როგორც არასერიოზული და უსაფუძვლო. მთავარი ის არის, რომ თვითონ ხელისუფლება, გამომდინარე იქიდან, რომ მის გარშემო წრე ვიწროვდება და მათ იციან, რომ ვერაფერი დაუდგება წინ ხალხის ნებას, ამიტომ კუთხეში მიმწყვდეულებივით იქცევიან და იძახიან - „ვინ ეკითხება საქართველოს დემოკრატიის საკითხებს ამერიკის შეერთებულ შტატებს ან მის ელჩს, ვინ ეკითხება ემერიკელ სენატორს, რატომ სვამს არასერიოზულ საკითხებს და ამას არ აქვს არავითარი პოლიტიკური დატვირთვა“. საერთოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში, ისევე როგორც ყველა სხვა სახელმწიფოში, სადაც არსებობს სენატი და სხვა სახელმწოდების საკნონმდებლო ორგანო, ეს არის პოლიტიკური ორგანოები და ნებისმიერ ამ პოლიტიკურ ორგანოში დასმული შეკითხვა თუ პასუხი პოლიტიკურ დატვირთვას ატარებს. ამიტომ ვაშაძეს თავისი საჯარო სამსახურის წარსულიდან გამომდინარე სენატი შეიძლება აერია საგარეო საქმეთა სამინისტროში, ვერ გეტყვით. 

- როგორ ფიქრობთ, რამდენად აქტიურად იქნება ჩართული დასავლეთი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში, მათ შორის არჩევნებში და რამდენად იქნება მათგან კონტროლი ამ პროცესებზე?

- დასავლეთი რა დოზით და რა ფორმით გამოავლენს თავის აქტიურობას, ამის პროგნოზირება რა თქმა უნდა, ძნელია, მაგრამ მთავარი ის არის, რომ მთავარი კონტროლი ხელისუფლების ნაბიჯებზე უნდა განახორციელოს ამომრჩეველმა. მომავალი არჩევნების ბედი უნდა გადაწყვიტოს ქართველმა ხალხმა. საერთაშორისო კონტროლი შეიძლება იყოს მხოლოდ დამხმარე ფაქტორი, მაგრამ დასავლეთი ვერ გააკეთებს ჩვენს საქმეს, როგორც ამომრჩევლის და ვერც თავის ნებას გამოავლენს მომავალი არჩევნების დღეს. ერთადერთი, რაც ჩვენ გვსურს მოვიპოვოთ არის გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიები, როგორც ეუთოდან, ასევე სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებიდან იმისათვის, რომ მათ უკვე დღეიდან შეაფასონ, თუ რა მდგომარეობაში უწევთ ოპოზიციიურ პარტიებს ფუნქციონირება იმიტომ, რომ ორი კვირით ადრე ამ პროცესზე დაკვირვება უკვე და გვიანებული იქნება.“