ირაკლი ალასანიას განცხადებამ ხელისუფლების მიერ სამეგრელოში უკანონო შეიარაღებული ფორმირებების შექმნასთან დაკავშირებით დიდი რეზონანსი გამოიწვია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც. მართალია, ნაციონალები ისე იქცევიან, თითქოს, ალასანიას განცხადებას სერიოზულადაც კი არ აღიქვამენ, მაგრამ პრაქტიკულად შეიარაღებული დაჯგუფებების არსებობას არ უარყოფენ. უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ეს არის ნებაყოფლობითი რეზერვი და არაფერი უკანონო ამაში არ არის. ყველაზე ყურადსაღები მაინც ის არის, რომ „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის ეს განცხადება ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ჩვენი უცხოელი პარტნიორებისთვის.
მოგეხსენებათ, ირაკლი ალასანიას დახურულ ფორმატში შეხვედრა ჰქონდა ამერიკის ელჩ ჯონ ბასთან, სადაც რა თქმა უნდა, სწორედ ამ თემაზე იქნებოდა საუბარი. დღეს კი ალასანია შვეიცარიაში იმყოფება, სადაც დაესწრება კონფერენციას, რომელზეც სამხრეთ კავკასიის ქვეყნების უსაფრთხოების საკითხებს განიხილავენ. დღესვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი, NATO/PFP-ის მეკავშირე ოფიცერი სამხრეთ კავკასიაში უილიამ ლაჰიუ საქართველოში უკანონო ბანდფორმირებების შესახებ გავრცელებული ინფორმაციით დაინტერესდა.
Presage.tv-სთვის ცნობილი გახდა, რომ აღნიშნულ პიროვნებას შეხვდა პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი ჯონდი ბაღათურია. Presage.tv სწორედ ბაღათურიას დაუკავშირდა ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად. ჩვენთან საუბარში ბაღათურიამ განაცხადა, რომ შეხვედრა დახურული ფორმატის იყო და ამიტომ მას მხოლოდ იმ საკითხებზე შეუძლია საუბარი, რაც შეთანხმებული იყო მეორე მხარესთან. საუბარია ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ბაღათურიამ არ უარყო ნატო-ს წარმომადგენლის მხრიდან გარკვეული დაინტერესება.
„სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვან ყველა საკითხზე იყო საუბარი. ნატო დაინტერესებულია ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვანი პროცესებით. ეს იყო დახურული შეხვედრა, დახურული შეხვედრის შემდეგ კეთდება იმ საკითხების ჩამონათვალი, რაზეც შეთანხმდებით. რაზეც შევთანხმდით ეს იყო ნატო - საქართველოს ურთიერთობებზე საუბარი. მე პირადად მქონდა საუბარი პრეზიდენტზე, როგორც კორუფციის წყაროზე, თუმცა მანამდე იყო მათი მხრიდან ინტერესი კიდევ სხვა საკითხებზეც, მაგრამ ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ იმიტომ, რომ არ შევთანხმებულვართ“. - განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ Presage.tv-სთან საუბარში.
თავისთავად ის ფაქტი, რომ ოპოზიციის წარმომადგენლის განცხადებამ ამხელა ინტერესი გამოიწვია, შეიძლება სერიოზული მნიშვნელობის საკითხად განვიხილოთ, რადგან ჩვენ არაერთი ფაქტი გვახსოვს, როდესაც ქართული ოპოზიციის წარმომადგენლები ცდილობდნენ დასავლეთისთვის ხმა მიეწვდინათ საქართველოს ხელისუფლების ამა თუ იმ უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით, მაგრამ, როგორც წესი, რეაგირება ამაზე არ ხდებოდა. დღეს სიტუაცია აშკარად შეცვლილია. ამ ცვლილებასთან დაკავშირებით Presage.tv-ს პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი ესაუბრება.
სოსო ცისკარიშვილი: „ეს ინტერესი რეალურია, რადგან ბოლოს და ბოლოს, ამერიკელებმაც გააცნობიერეს, რომ ტყუილს მოკლე ფეხები აქვს და ის დამაჯერებლობა, რომლითაც საქართველოს ხელისუფლება საუბრობდა საკუთარ წარმატებებზე და შეუცვლელობაზე, აღარ არის სრულყოფილი. ბევრი ფაქტია უკვე ცნობილი ამერიკის პოლიტიკური წრეებისთვის. სიტუაცია შეიცვალა მას შემდეგ, რაც ნაცვლად ნაციონალური მოძრაობის აქტივისტის, ბატონი ტეფტისა, საქართველოს ამერიკის ელჩად მოევლინა ბატონი ბასი. ჩემი აზრით, ეს იყო ქართულ - ამერიკულ ურთიერთობებში გარდამტეხი მოვლენა. როცა უკვე გადამოწმებით ცდილობ დააზუსტო რეალობა და მონიტორინგი ხდება სრულყოფილი, რასაკვირველია, ვლინდება ის რეალობა, რომელშიც ცხოვრობს საქართველო. სამწუხაროდ, არ დასტურდება, რომ ეს მხოლოდ წარმატებული ისტორიების ქვეყანაა. თუკი ვინმეს სწყინს ასეთი ვითარება, ეს რასაკვირველია, საქართველოს მოსახლეობა გახლავთ, მაგრამ ნათქვამია - „კაცმა ჭირი მალა, მაგრამ ჭირმა თავი არ დამალაო.“ ინფორმაცია, რომელზეც საუბრობდა ბატონი ალასანია, რომელიც მან გააჟღერა ამერიკის ელჩთან შეხვედრისასაც, არ იყო უცხო დასავლური წრეებისათვის. სამწუხაროდ, ნატოს ხელმძღვანელობისთვის ეს ინფორმაცია უფრო ადრე გახდა ცნობილი, ვიდრე ამერიკის ელჩისთვის. ამავე დროს ძალიან თვალსაჩინოა სამეგრელოს მოსახლეთა აქტივობა, რადგან ისინი ამ ვითარების საფრთხეს აცნობიერებენ. არაერთი მათგანი არ შეუშინდა შესაძლო გართულებებს და ჩამოვიდა თბილისში იმ ინფორმაციის ჩამოსატანად, რომელიც მათ არასასიკეთოდ მიაჩნიათ ქვეყნისათვის.
ახლა უკვე სენატში დაიწყო ამ სიტუაციის განხილვები. რა თქმა უნდა, ეს ძალიან გულდასაწყვეტია, როდესაც შენი ქვეყნის ამბები ირჩევა ძალიან შორს შენგან, თავად უკვე პასიური ხარ საკუთარი ქმედებების შეფასებაში, მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი. როდესაც შეამჩნია საფრთხე საკუთარი სავარძლების სიმყარეს, ხელისუფლება უკვე მზად არის 180 გრადუსით მოტრიალდეს პოლიტიკური ვექტორისგან, რომელსაც ეთაყვანებოდა წლების განმავლობაში. ვშიშობ, რომ თუ აქამდე ამერიკის მიმართ რაიმე კრიტიკული აზრის გამოთქმის მქონე უმალ მოინათლებოდა ხოლმე პუტინის აგენტად, ახლა ამერიკის პოზიციის მხარდამჭერი უკვე ამერიკის ჯაშუშად შეიძლება გამოცხადდეს. ამიტომ, თუ ქვეყანაში ძირითადი ფასეულობა არის არა ადამიანი, არა სამართლიანობა, არა დემოკრატია, ასეთ შემთხვევაში, რასაკვირველია ყველაფერს წყვეტს სავარძლის სიყვარული და შეიძლება ნებისმიერი ნეგატიური სცენარის წინასწარმეტყველება როგორი ტრაგიკულიც არ უნდა იყოს ის.
პალიკო კუბლაშვილმა განაცხადა, რომ ამერიკის სენატში საქართველოსსაკითხის განხილვა უკავშირდება იმას, რომ სენატში ჩვენი ქვეყნის შესახებარასწორი ინფორმაცია აქვთ და ეს დააბრალა ქართულ ოპოზიციას.მოგეხსენებათ, ქართული ოპოზიცია დასავლეთს ადრეც აწვდიდა გარკვეულინფორმაციებს, მაგრამ არც ერთ მათგანს ასეთი რეაგირება არ მოჰყოლია.როგორ ფიქრობთ, დღეს დასავლეთისთვის ვის მიერ მიწოდებულიინფორმაცია უფრო სანდოა, ხელისუფლების თუ ოპოზიციის?
- ვრწმუნდებით, რომ სიცრუე საკმაოდ ინერციული ცნებაა, რომ თუ სისტემატურად ცრუობ, ერთ დღეში ამას ვერ შეცვლი. ნაცვლად იმისა, რომ საკუთარი თავის ირგვლივ მიმოიხედო რა ხდება, ახლა უკვე სენატსაც შეურაცხყოფას ვაყენებთ. იმდენად გამოსულელდნენ ამერიკელი სენატორები ბოლო კვირეების განმავლობაში, რომ თურმე ტყუილს არჩევენ სერიოზული სტატუსით თავის სხდომებზე. უკაცრავად ბატონო ნაციონალებო, აქამდე თქვენი შეფასებებით რომ ხელმძღვანელობდა ამერიკის პოლიტიკური ელიტა, მაშინ არ იყვნენ სულელები? თქვენს შეთხზულ მითებს რომ რეალობად აღიქვამდნენ, მაშინ რომ არანაირი უხერულობა არ გიგრძვნიათ? რატომ თვლით, რომ ახლა უჯერებენ სიცრუეს, რომელსაც თქვენ ვერ შეაჩერებთ? სჯობია ყველამ თავის გულში ჩაიხედოს და დასრულდეს პარტიული ინსტრუქციების მთელი საზოგადოებისთვის თავზე მოხვევის დრო. ხალხი ბრძენია,ხალხი მომთმენია, მაგრამ ხალხი გონებაჩლუნგი არ არის, რომ აიტანოს ყველა შეურაცხყოფა.
ანუ ეთანხმებით იმ მოსაზრებას, რომ დღეს დასავლეთის მხრიდან ქართულიოპოზიციის მიმართ დაინტერესება უფრო მეტია, ვიდრე იყო აქამდე?
- მე სხვაგვარად ვიტყოდი - დაინტერესება უფრო მეტია, რეალური მდგომარეობის გასარკვევად საქართველოში. აქამდე სახელმწიფო დეპარტამენტი მხოლოდ ცალმხრივ ინფორმაციას ამუშავებდა. დღეს უფრო სარწმუნოა მათთვის ის ინფორმაციის წყაროები, რომლებიც არ ემთხვევა ხელისუფლების ინფორმაციის შინაარს. ცხადია, ასეთ ვითარებაში მკაფიო კონკრეტიკა გახლავთ ის, რომ სიტყვა და საქმე კატასტროფულად დაშორდა ერთმანეთს სააკაშვილის მიერ გაჟღერებულ ფრაზებსა და გადადგმულ ნაბიჯებს შორის. ეს უკვე ჩანს, არ იმალება არც ერთი მზაკვრობა. უკვე ის პერიოდი დაუდგა ხელისუფლებას, როცა სახელის გატეხვას თავის გატეხვა ჯობია, მაგრამ საქმეც მაგაშია, თავიც მთელი უნდათ, სახელის შებღალვასაც არ ეგუებიან, სავარძელს ხომ ვერა და ვერ მოაშორებ. ამიტომ, ყველაფერი ეს შესაბამისად ანალიზდება და შესაბამისად იქნება შეფასებული არა მხოლოდ ამერიკაში, არამედ უპირველეს ყოვლისა ქართველი ხალხის მიერ.