ქვეყანაში უკანონო შეიარაღებული ფორმირებების არსებობის დამადასტურებელი ფაქტები „თავსუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ უშიშროების საბჭოს გადასცა და ამის მიზეზად ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესები დაასახელა. საზოგადოებისთვის ეს ფაქტები, ასე თუ ისე, ცნობილია და ეს მასალა presage.tv-ზეც არის გამოქვეყნებული. მაგრამ ამ შემთხვევაში საინტერესო უკვე უშიშროების საბჭოს ქმედება იქნება. თუმცა, ბოკერიას უწყება ჩვენი დაჟინებული მცდელობის მიუხედავად, ამ თემაზე არანაირ კომენტარს არ აკეთებს. სამაგიეროდ საპარლამენტო უმრავლესობა ცდილობს, სააკაშვილს თავი მოაწონოს იმით, თუ ალასანიას ვინ უფრო მეტად გალანძღავს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრ გოკა გაბაშვილს ირაკლი ალასანიას განცხადებები შეიარაღებულ ფორმირებებზე, უსინდისო და უნამუსო განცხადებად მიაჩნია. როგორც სამშაბათს, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე გამართული დებატებისას უმრავლესობის წევრმა გოკა გაბაშვილმა განაცხადა, ოპოზიციის ნაწილის კრიტიკა ყველანაირ ზღვარს სცილდება და აბსოლუტურად უსინდისო და უნამუსოა. ამის მაგალითად გაბაშვილმა ირაკლი ალასანიას – „ივანიშვილის პარტიის ერთ–ერთი მთავარი სახის“ მიერ გახმოვანებული სამოქალაქო ომის მზადება დაასახელა. „მან სირია და ჰომსი ახსენა. ამ შავბნელი და მართლაც ამაზრზენი სცენარით წარმოაჩინა საქართველოს მომავალი. ყველას კარგად ესმის, რომ საქართველოში კრიმინალური ბანდების და უკანონო შეიარაღებული ფორმირებების დრო ერთხელ და სამუდამოდ დასრულდა!“, – განაცხადა გაბაშვილმა და დასძინა, რომ საქართველოში არანაირი უკანონო შეიარაღებული ფორმირებები არ იქმნება. მისი თქმით, თუ ვინმეს საკუთარი ქვეყნის პოლიცია, არმია, რეზერვისტები უკანონო ფორმირებები ჰგონია, პოლიტიკური შეხედულებები აქვს გადასახედი. გაბაშვილს ასეთი განცხადებები არაფრისმთქმელად მიაჩნია და ამბობს, რომ ყველა პოლიტიკურმა პარტიამ, რომელმაც არალოგიკური, უსინდისო ბრალდებების გზა აირჩია, ყველას კარგად ახსოვს თუ როგორ დაასრულა საქმიანობა ქართულ პოლიტიკურ ასპარეზზე. „თქვენი პოლიტიკური ძალაც ასე დაამთავრებს, რადგან ამ გზას დაადგა“, – მიმართა გაბაშვილმა „ქართულ ოცნებას“. ნუგზარ წიკლაურის შეფასებით კი, „ქართული ოცნების“ პირველი საარჩევნო დაპირება ქაოსი და ანარქიაა. როგორც ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა, ერთი პოლიტიკური პარტიის ლიდერისგან, რომელსაც პარლამენტშიც ჰყავს წარმომადგენელი, ძალიან მძიმე და დასავლეთში პარამილიტარისტული და უკანონო შეიარაღებული ფორმირებების შესახებ პროვოკაციული ბრალდებები მოისმინა. მისი თქმით, იყო განცხადებები, რომ საქართველოში იქნება ახალი სირია, ზუგდიდი და სხვა ქალაქები ჰომსს დაემსგავსება და ქართველები ერთმანეთს კვლავ ესვრიან. დეპუტატის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ საარჩევნო დაპირება აქამდე არ ჰქონია და როგორც ჩანს, მათი პირველი დაპირება კრიმინალური ქაოსი და ქვეყანაში ანარქიის გამეფებაა. წიკლაურის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ეს განცხადება პუტინის განცხადების კვალდაკვალ და მის უნისონში გაკეთდა. უმრავლესობის დეპუტატისთვის გაუგებარია, ამ ბრალდებების ავტორებს ასეთი სურათის დახატვა, რაში დასჭირდათ. „თქვენ მართლაც კრიტიკულ მომენტს უახლოვდებით. კრემლის ლიდერების გახმოვანება შეწყვიტეთ, სანამ გვიან არ არის. ქართულ ჯარზე თავდასხმები ახალი არ არის. ორი კვირის წინათ ავღანეთში მყოფ ჩვენს სამხედროებზე უსაძაგლესი თავდასხმა მოვისმინეთ, ახლა მეორე თავდასხმაა, როდესაც ქართულ პოლიციასა და ჯარს უკანონო ფორმირებებს ადარებენ“, – მიმართა წიკლაურმა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს და დასძინა, რომ აგრესია, რომელიც მათგან მოდის, მათი რეიტინგის კატასტროფულ კლებას უკავშირდება. „თქვენ ხართ ძალები, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ წარსულის ოცნებების აღდგენით იკვებებიან“, – დასძინა წიკლაურმა. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ხელისუფლება ამ შეიარაღებული რაზმების არსებობას ფაქტობრივად აღიარებს, მაგრამ მას ე.წ. „მოხალისე რეზერვს უწოდებს“. ასეთი განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან მაშინვე გაკეთდა, რაც ოპოზიცია ამ საშიშროებაზე ალაპარაკდა და იმის მერე მუდმივად იმეორებენ. თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია, რომელიც ამ დაჯგუფებების შექმნის ერთ-ერთ მთავარ ავტორად არის დასახელებული თავის მამასთან და ძმასთან ერთად, ირაკლი ალასანიას ურჩევს, „ბოდვას შეეშვას“. ალასანიამ 20 მარტს საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ სამეგრელოში აბსოლუტურ ძალაუფლებას ფლობს ახალაიების კლანი - როლანდ ახალაია, რომელიც რეგიონის პროკურორია და მისი ვაჟები, რომელთაგან ერთი თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობს, მეორე კი შინაგან საქმეთა სამინისტროში ქვედანაყოფებს აკონტროლებს. როგორც ალასანიამ აღნიშნა, სწორედ ახალაიებს დაავალა სააკაშვილმა მსგავსი ფორმირებების შექმნა, მათ კი შესაბამისი დავალებები მისცეს კონკრეტულ პირებს, რომლებიც წარმოადგენენ სამართალდამცავ სტრუქტურებს. მისი ცნობით, ეს პირები არიან: რომან შამათავა, ნუგზარ ფინგანი, სერგო უბილავა, ფრიდონ შენგელია, თორნიკე მალაზონია, კობა თოდუა, მამუკა იოსავა, ზაზა ჯანჯღავა, ზვიად გაგუა და დავით დარსმელიძე. ახალაიამ კი გუშინ ჟურნალისტებს განუცხადა, რამდენიმე თვეა, იქმნება სარეზერვო სისტემა, რომელში გაწევრიანებაც საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია. მისივე თქმით, სარეზერვო სამსახურში გაწევრიანება ნებაყოფლობითია და ამისთვის ანაზღაურებას არავინ იღებს. „სამუშაოები რამდენიმე რეგიონში ჩატარდა და სარეზერვო სამსახურები შექმნილია, სადაც დაახლოებით 40 ათასი ადამიანია უკვე გაწევრიანებული. ოპტიმისტური გეგმით მივდივართ და, საბოლოო ჯამში, 100 ათასი მოხალისე გვეყოლება“, – განაცხადა ბაჩო ახალაიამ. თავდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ნებაყოფლობით სარეზერვო სამსახურების ჩამოყალიბება იმ რეგიონიდან დაიწყო, რომელიც ადმინისტრაციულ საზღვართან არის ახლოს და „არ შეიძლება, ამ ყველაფრის უკან, „სისულელეები“ დაინახონ“. მინისტრის განცხადებით, ამ სამსახურების ჩამოყალიბება მაინცდამაინც რამდენიმე თვის წინ იმიტომ დაიწყო, რომ 2006 წელს ეს შეუძლებელი იყო, 2008 წლის ომმა კი ამის აუცილებლობა შექმნა. „ომი მნიშვნელოვანი ბიძგი იყო, რათა სრულფასოვანი ანალიზი ჩაგვეტარებინა და, როდესაც დრომ მოუწია, მაშინ დავიწყეთ“, – განაცხადა ახალაიამ და დასძინა, რომ რეზერვისტები გამოყენება მხოლოდ საომარი მოქმედებებისას ან სტიქიური უბედურებისას ხდება და პოლიტიკურ შიდა დაპირისპირებაში მათი გამოყენება არ შეიძლება. ფაქტია, რომ ხელისუფლება ამ ე.წ. „მოხალისე რეზერვით“ აპელირებს. ამიტომაც მნიშვნელოვანია, რა არის ეს ახალი რეზერვი და რა მიზნებით არის შექმნილი. რა საჭირო იყო ორი სტრუქტურის შექმნა და ამასთან ფორმალური მიზნები რამდენად არის თანხვედრაში იმასთან, რაც ქვეყანაში ხდება. ამ ეტაპზე კი არის სავალდებულო რეზერვი, რომელიც კანონმდებლობით არის განსაზღვრული და ახალი, ე.წ. ნებაყოფლობითი რეზერვი, რომელიც თავდაცვის მინისტრის მიერ ნოემბერში გამოცემული ბრძანების მიხედვით არის შექმნილი. ეს რეზერვი 5-დღიან სწავლებას ითვალისიწნებს იმ პირებისთვის, ვისაც სამხედრო უნარ-ჩვევების დაუფლების სურვილი გააჩნია. ამასთან, მათ სწავლება თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში სამხედრო ბაზებზე უნდა გაიარონ და მათ არა აქვთ იარაღის ტარების უფლება. ნებაყოფლობითი რეზერვის პრინციპი სამხედრო ექსპერტს, გიორგი თავდგირიძეს აშშ-ის ეროვნული გვარდიის მიზნებსა და ამოცანებს აგონებს. რადგან, მისი თქმით, ეროვნული გვარდია რეზერვისტებზე დაფუძნებული სამხედრო ქვედანაყოფია, რომელიც შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში შედის და დაყოფილია ტერიტორიული პრინციპის მიხედვით. „ეროვნულ გვარდიას ორი ამოცანა აქვს – ადგილობრივ ხელისუფლებას გაუწიოს დახმარება, როდესაც არ არის საკმარისი სამართალდამცავები, ან ბუნებრივი კატასტროფებია, ხოლო ომის შემთხვევაში, როდესაც აშშ-ის საბრძოლო ამოცანები გააჩნია, ხდება ეროვნული გვარდიის ქვედანაყოფების მობილიზაცია და მათი გამოყენება შეიარაღებულ კონფლიქტში მონაწილეობისთვის. იქიდან გამომდინარე, რა ამოცანები დგას დღეს საქართველოს წინაშე – ქვეყნის ტერიტორია ოკუპირებულია და რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში მილიტარისტული პროექტები ხორციელდება, საქართველო ვალდებულია, ჰყავდეს როგორც რეგულარული ჯარი, ისე აქტიური რეზერვი“, - განაცხადა გიორგი თავდგირიძემ. ექსპერტი სამხედრო თავლსაზრისით ნებაყოფლობითი რეზერვის ეფექტზე კამათს შესაძლებლად თვლის, თუმცა საზოგადოებაში არსებულ შიშებს უსაფუძვლოდ მიიჩნევს. „მათ ამ ეტაპზე იარაღი არ ურიგდებათ და სახლში არ მიაქვთ იარაღი. ეს არ არის გასამხედროებული ფორმირებები, რეზერვის ფორმაა ასეთი. ხოლო იარაღი განპიროვნებულია ნებისმიერ მამაკაცზე, რომელიც რეზერვში ირიცხება და აღრიცხვაზე დგას. ნებაყოფლობითი რეზერვის სისტემა თავისთავში ხიფათს არ მოიცავს. თუმცა, ბოროტგანმზრახველის ხელში სახიფათო შეიძლება გახდეს დიასახლისის ჩვეულებრივი ინსტრუმენტი – უთოც. ნებაყოფლობითი რეზერვი სახიფათო არ არის, მაგრამ როგორ მოხდება მისი გამოყენება, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება როგორც ხელისუფლებას, ისე – ოპოზიციას“, - აღნიშნა გიორგი თავდგირიძემ. სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალის „არსენალის“ მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი კი „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აქცენტს იმაზე აკეთებს, რომ მთავარი ის არის, თუ ამ რეზერვის გამოყენება როგორ მოხდება. მისივე თქმით, ნებაყოფლობითი რეზერვიც იმას გულისხმობს, რომ პირს, იქ წასვლა შესაძლოა არ ეკუთვნოდეს, მაგრამ პატრიოტული მიზნებიდან გამომდინარე მოინდომოს. „როგორ იქნება ეს შემდგომ გამოყენებული და რა მიმართულებით შეიძლება წავიდეს, ეს სხვა თემაა. ასე შეიძლება შეიარაღებული ძალები ან პოლიციაც გამოიყენო სხვა მიზნებისთვის, რომლებიც არაჰუმანურია ან პირიქით, კეთილი მიზნებისთვის გამოიყენო. ეს უკვე მათზეა დამოკიდებული, ვინც ხელმძღვანელობს“,- აღნიშნა ირაკლი ალადაშვილმა. |