ახმიანებს თუ არა აკაკი ბობოხიძე სააკაშვილის პოზიციას და არის თუ არა ბობოხიძე მიხეილ სააკაშვილის შინაგანი ხმა?! - ამის შესახებ ბოლო დროს არაერთი კითხვა დაისვა. რას ნიშნავს საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, აკაკი ბობოხიძის მკვეთრი ტონი ჯონ ბასის მიმართ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოს ხელისუფლებას დირექტივებს ვერ მისცემს, და რომ საქართველოს ხელისუფლების უპირველესი მოქმედების მთავარი მოტივი საქართველოს მოსახლეობაა და არა - ამერიკის ელჩი.
აკაკი ბობოხიძეს მიაჩნია, რომ საქართველოში ზის აშშ-ს „ვიღაც წარმომადგენელი“ და „მისი სიტყვა არის გადამწყვეტი მოსახლეობისა და ხელისუფლებისთვის“. ამიტომ ბობოხიძე ასკვნის: „აშშ-ის ელჩი საქართველოს ხელისუფლებას დირექტივას ვერ მისცემს, მაგრამ, თუ მაინც აძლევს ასეთ დირექტივას და ხელისუფლება იღებს, მე ასეთი არც ხელისუფლება მინდა და არც ელჩი. ვერ გავიგე, დამოუკიდებელ სახელმწიფოზე ვლაპარაკობთ თუ ამერიკის შეერთებული შტატების მარიონეტზე?!“
რატომ აფრთხილებს ბობოხიძე ვაშინგტონს მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში მოქმედი საელჩოების თანამშრომლების მუშაობა გააკრიტიკა!? შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა უკმაყოფილება გამოთქვა ზოგიერთ უცხოურ საელჩოში ვიზის აღების პროცესთან დაკავშირებით:
„ნახეთ, როგორ ეპყრობიან იქ მისულ მოქალაქეებს, უცხოელებიც და სხვათა შორის, მათი ქართველი თანამშრომლებიც. და რატომ ეპყრობა იცით, ასე? - იმიტომ, რომ ჰგონიათ, რომ უფროსია და შენ რომ მიდიხარ, მისგან რაღაცა გინდა, ე.ი. მას უფლება აქვს, დაგამციროს, ზემოდან ქვემოთ დაგხედოს, გაცდევინოს, გახვეწნინოს და ამით დიდი სიამოვნება მიიღოს. ეს არის ბიუროკრატიის ინსტინქტი და ძალიან ბევრ ქვეყანაში ძვალში და რბილში იყო გამჯდარში“.
ის, რომ სააკაშვილის ხელისუფლება დასავლეთის მიმართ ყოველთვის ეთიკურ დამოკიდებულებას და ზედმეტ პატივისცემას ავლენდა, არავისთვის უცხო არ იყო. თუმცა, დღესდღეობით ვარდებიანი ხელისუფლების ტონი დასავლელ დიპლომატთა მიმართ მკვეთრად უარყოფითი გახდა. საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძეც საელჩოების მიმართ პრეზიდენტის კრიტიკას იზიარებს და აღნიშნავს, რომ საკუთარი მოქალაქეების ინტერესებს არავის შეალახინებს. კერძოდ, გრიგოლ ვაშაძე საუბრობს იმ მოქალაქეების საჩივარზე, რომლებსაც ვიზასთან დაკავშირებით უარი გაუმართლებლად უთხრეს, პასუხის გაცემა დროში გაუწელეს, ან უდიერად მოექცნენ.
გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ აშშ-ის ელჩის, ჯონ ბასის ბოლოდროინდელმა განცხადებებმა, ასევე, „ფეისბუკზე“ მის მიერ კონტროლის პალატის პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით გამოხატულმა პოზიციამ ხელისუფლების აგრესია გამოიწვია. უკვე ცნობილია, რომ ჯონ ბასი შეწუხებულია იმ ვითარებით, რომელიც კონტროლის პალატის ბოლოდროინდელ ქმედებებს ახლავს.
დიპლომატების თუ ყოფილი დიპლომატების ქმედება ხელისუფლებისთვის გამაღიზიანებელი რომ იქნებოდა, ეს იმთავითვე ცხადი იყო, როცა საფრანგეთის მაშინდელი ელჩის, ერიკ ფურნიესა და ბიძინა ივანიშვილის მეგობრობის შესახებ გახმიანდა. სხვათაშორის, ივანიშვილმა სწორედ „სარკოზობა“ დღეს, ანუ სარკოზის ჩამოსვლის თარიღს დაამთხვია ქართულ პოლიტიკაში მოსვლის გადაწყვეტილების გახმიანება.
„ქართულ ოცნებაში“ მიიჩნევენ, რომ საელჩოების მიმართ ხელისუფლების ზღვარგადასული და გაუგონარი რიტორიკა ადასტურებს, რომ ხელისუფლება ძალაუფლებაში ყოფნის დასასრულს კარგად ხვდება და ამიტომაც, აგონიაშია ჩავარდნილი. თუ რას ნიშნავს დიპლომატიურ ენაზე ხელისუფლების ბოლოდროინდელი განცხადებები, ამის შესახებ Presage.tv ყოფილ დიპლომატებსა და ექსპერტებს ესაუბრა.
„ქართული ოცნების“ პრეს-სპიკერი მაია ფანჯიკიძე, რომელიც თავის დროზე გერმანიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი გახლდათ, ხოლო მოგვიანებით ნიდერლანდებში ელჩად იყო მივლინებული, აცხადებს, რომ, როგორც წესი, დიპლომატებს ასეთ ენაზე არ ელაპარაკებიან.
„ვერ გეტყვით, ხელისუფლების ასეთი რიტორიკა რამ განაპირობა. ზედმეტი მოუვიდა ხელისუფლებას, რაც, შეიძლება, უსიამოვნებების საბაბი გახდეს. ამ ხელისუფლებამ საკუთარ ემოციებზე კონტროლი დაკარგა. თუ ამას აქამდე ოპონენტთა წინააღმდეგ აკეთებდნენ, ამჯერად ასეთი ტონით დიპლომატებს მიმართავენ. ეს ბევრად დიდი სკანდალია, ვიდრე ის, რომ ლანძღავენ ოპონენტებს.“
მაია ფანჯიკიძის თქმით, ასეთი რამ დიპლომატიურ კორპუსს შეუმჩნეველი არ რჩება.
ექსპერტ გია ხუხაშვილს უჭირს იმის განმარტება, თუ რატომ გამკაცრდა სააკაშვილის ხელისუფლების ტონი დიპლომატებთან მიმართებით და რა გახდა კონკრეტული გამაღიზიანებელი ჩვენი პრეზიდენტისთვის.
„ხელისუფლებისთვის ზუსტი დიაგნოზის დასმა გამიჭირდება, რადგან ამ ბოლო პერიოდში მათი საქციელი, რბილად რომ ვთქვათ, სულ უფრო და უფრო, უცნაური ხდება. დიპლომატიურ კორპუსზე კონკრეტული შეტევა მაშინ, როცა მუდმივი აპელაცია ხდება ჩვენს დასავლელ პარტნიორებზე, როცა ხელისუფლების მიერ სხვა პოლიტიკური ძალები მუდმივად პრორუსულად ცხადდებიან და მთავარ ფასეულობად დასავლეთთან თავიანთი ურთიერთობები მიაჩნიათ, ძალიან უცნაური ისტორიაა“, - აღნიშნა გია ხუხაშვილმა.
ამასთან, ექსპერტი არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, ხელისუფლების გაღიზიანება ჯონ ბასის მიერ „ფეისბუკზე“ გამოქვეყნებულმა განცხადებამ განაპირობა.
„შეიძლება, კიდევ სხვა რამეც ხდება, რაზეც ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია. თავისთავად, დიპლომატებზე შეტევა შემაშფოთებელია. გარკვეულწილად, ხელისუფლება ცდილობს, თავისი კბილები გამოაჩინოს. მათ შორის, მიანიშნებენ დასავლეთს, რომ არ შეეპუებიან დასავლეთის მხრიდან დემოკრატიულ პროცესთან დაკავშირებით მითითებებს და თავად გადაწყვეტენ, ჯოხით სცემონ თავიანთი ამომრჩეველი, თუ პირდაპირ ბორკილები დაადონ. შესაძლოა, ამ ტიპის მინიშნებები კეთდება ამ ყველაფრით.“
გია ხუხაშვილი კიდევ ერთ ვერსიას გვთავაზობს: კერძოდ, რომ ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენლის ბიძაშვილი ან მამიდაშვილი რომელიღაც საელჩოში ხუთი წუთით მეტი ალოდინეს და ამის გამო არიან გამწარებულნი.
„არ გამოვრიცხავ, სუბიექტური მიზეზიც იყოს და ობიექტურიც. იმდენად არაპროგნოზირებადი და გაუწონასწორებელი ხელისუფლება გვყავს, რომ ყველაფერი შეიძლება იყოს. ყველაზე ცუდი, რაც ამ ისტორიას ახლავს, არის ის, რომ პრეზიდენტი რაღაცას რომ იტყვის, ყველა ვალდებულად თვლის თავს, აყვეს მას. ამ დროს კი, შეიძლება, პრეზიდენტმა საერთოდ არაფერი იგულისხმოს“.
ექსპერტი იმაშიც დარწმუნებულია, პრეზიდენტი თუ იტყვის, ლუკაშენკო ყველაზე დემოკრატიული ლიდერიაო, მისი თანამოაზრეები (იგივე პირები) გამოვლენ და დაადასტურებენ, თითქოს ლუკაშენკო დემოკრატიის ფლაგმანია მსოფლიოში.
„ეს არის ტენდენცია, როდესაც პრეზიდენტის ნათქვამს ყველა ერთხმად იმეორებს და ეს კიდევ ცალკე უბედურებაა“, - აღნიშნა გია ხუხაშვილმა.
საქართველოს ყოფილი ელჩი ავსტრიაში და ეუთოში დიპლომატიური წარმომადგენლობის ყოფილი ხელმძღვანელი ვიქტორ დოლიძე განმარტავს, რომ ხელისუფლების ტონი, ალბათ, იმითაა გამოწვეული, რომ მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა (ისევე, როგორც ქართული საზოგადოება), ჩამოყალიბებულია იმაზე, რომ ქვეყანას ძალიან კარგი შანსი აქვს, ერთხელ და სამუდამოდ ხელისუფლების ცვლილება არჩევნების გზით მოხდეს.
„ნებისმიერ კრიტიკულ და ადექვატურ განცხადებას, რასაც საერთაშორისო თანამეგობრობა, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში აკეთებს, ხელისუფლებაში მტკივნეულად აღიქვამენ. თქვენ იცით, რომ კონტროლის პალატის მოქმედება აბსოლუტურად არაადექვატური იყო, ამიტომაც გაკეთდა ამგვარი განცხადებები. ეს აღიზიანებს სააკაშვილს და მის მესვეურებს, ამიტომაც აკეთებენ კონტექსტიდან ამოვარდნილ, შემარცხვენელ განცხადებებს ჩვენი პარტნიორების მიმართ. ეს ნამდვილად არ უწყობს ხელს ქვეყნის შიგნით დემოკრატიულ პროცესებს და ჩვენს ურთიერთობებს ჩვენს პარტნიორებთან“.
ვიქტორ დოლიძის თქმით, დასავლეთიდან შესაბამის რეაქციას უნდა ველოდოთ, რადგან დასავლელი დიპლომატები აბსოლუტურად სწორ და მისაღებ განცხადებებს აკეთებენ. მეტიც, ისინი სწორედ იმიტომ არიან ჩვენი პარტნიორები, რომ რაც მოსწონთ, იმაზე თქვან, რომ სწორია და, რაც არ მოსწონთ, გვითხრან, რომ არასწორია.
„ეს აღიზიანებს სააკაშვილს. იგი საფრთხედ აღიქვამს, რომ შესაძლოა, ერთ დღესაც მისი და მისი ხელისუფლების ცვლილება მოხდეს. თუმცა დღესდღეობით სააკაშვილის რეაქცია არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი, არამედ მნიშვნელოვანია, ჩვენ მივიდეთ არჩევნებამდე და ამ პოლიტიკურ ჩარჩოებს არ გავცდეთ,“ - აცხადებს ვიქტორ დოლიძე.
მისი შეფასებით, ჯონ ბასის განცხადება აბსოლუტურად ადეკვატური და დროული იყო. უცხოელმა დიპლომატმა რეაქცია გამოხატა იმასთან დაკავშირებით, რომ არ მოსწონს ამგვარი დემოკრატია და იმგვარი პროცესი, რომელიც ხელს უშლის მშვიდობიანი და კონსტიტუციური საარჩევნო გარემოს შექმნას.