ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის აღდგენას საქართველოს მასშტაბით გამოკითხულთა 70 % უჭერს მხარს. ამასთან, ბიზნესმენისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას რესპოდენტთა 65 % უაყოფითად მიიჩნევს, (13%, ეთანხმება და 21 %-მა არ იცის).
საქართველოში სიდიდით მეორე ქალაქისა და შავ ზღვაზე მესამე პორტის - ლაზიკას მშენებლობას გამოკითხულთა 59% უჭერს მხარს, ხოლო 27 % ეწინააღმდეგება, რადგან მათთვის მნიშვნელოვანი სოციალური საკითხებია. თუმცა, რესპოდენტთა უმრავლესობა (68%) აფიქსირებს, რომ პრეზიდენტის ამ ინიციატივას პარლამენტში საჯარო განხილვის გამართვის შემთხვევაში მოიწონებდა.
კითხვაზე, ხვალ რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მიიღებდით თუ არა მონაწილეობას, გამოკითხულთა 64%-მა დადებითად უპასუხა, არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებდა გამოკითხულთა 36%. მთლიანობაში, ამ მონაცემების მიხედვით, 2011 წლის კვლევებთან შედარებით, არჩევნებში მონაწილეობის მსურველთა 13%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
ასეთია NDI-ს საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები, რომლის პრეზენტაციაც დღეს სასტუმრო „რედისონში“ გაიმართა. საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI-ს) დაკვეთით კვლევა 22 თებერვლიდან 5 მარტის შუალედში ჩატარდა და საქართველოს მასშტაბით 3161 რესპონდენტი გამოიკითხა.
ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენის შემდეგ ყველაზე აქტუალური საკითხი - პოლიტიკური პარტიების რეიტინგები, ჟურნალისტებისთვის ამ ეტაპზე უცნობია და თავად ამ პარტიებისთვის 26 მარტს გახდება ცნობილი.
რაც შეეხება სხვა მონაცემებს, NDI-ს საქართველოს ოფისის დირექტორმა, ლუის ნავარომ ცალკეულ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება.
აღმოჩნდა, რომ საქართველოს მოსახლეობის 63 %-ისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სამუშაო ადგილების შექმნაა, შემდეგ - ტერიტორიული მთლიანობა, ჯანდაცვა, სიღარიბე... 2008 წლის იანვართან შედარებით, სამუშაო ადგილების მხრივ, მდგომარეობა გამოკითხულთა 32 %-ს გაუუარესდა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა - 52%-ს აწუხებს, ხოლო ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა - 41%-სთვის გართულდა. ფასების ზრდამ და ინფლაციამ კი გამოკითხულთა 79 %-ის მდგომარეობა გააუარესა. ელ-ენერგიასთან ნაგვის მიბმამ გამოკითხულთა 94 %-ის მდგომარეობა გააუარესა. კომუნალური ღირებულების გაზრდა 56 %-ისთვის აღმოჩნდა გაუსაძლისი, ხოლო ტრანსპორტის ღირებულება - 64%-სთვის.
ამ კვლევის მიხედვით, საქართველოში თავს დასაქმებულად არ თვლის 70 %, განსხვავებით 30%-ისგან, რომელიც თავს დასაქმებულად მიიჩნევს. ამასთან, მამაკაცთა 62 % და მანდილოსანთა 76% დაუსაქმებლად თვლის თავს. ასაკის მიხედვით, შუახნის (36-55 წლის) ადამიანები უფრო მიიჩნევენ (სულ 41%) თავს დასაქმებულად, ვიდრე - ახალგაზრდები (18-დან 35 წლამდე) და 56 წლის ზემოთ ადამიანები.
გამოკითხულთა 45 % უმუშევარია და ეძებს სამსახურს, 23 % პენსიონერია და მაინც ეძებს სამსახურს, 10 % დიასახლისია, ხოლო არ ეძებს სამსახურს უმუშევართა 8 %.
ამ მონაცემების მიუხედავად, გამოკითხულთა 55 % აცხადებს, რომ საქართველო ძირთადად სწორი მიმართულებით ვითარდება.
სად საუბრობენ საქართველოს მკვიდრნი პოლიტიკაზე? გამოკითხულთა 84 %-ს ამ თემაზე მსჯელობა სახლში ურჩევნია, 26 %-ს - ბირჟაზე, უბანში, 19 %-ს - სუფრასთან, 13 %-ს - სამსახურში. არის თუ არა ამჟამად საქართველოში დემოკრატია, ამ საკითხზე 34 %-ს უარყოფითი დამოკიდებულება აქვს. 43 % კი თვლის, რომ საქართველო უკვე დემოკრატიულია, მაგრამ ჯერ კიდევ საჭიროებს გაუმჯობესებას.
აღმოჩნდა, რომ საქართველოს მოსახლეობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სამი რეფორმაა - ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის და საპენსიო რეფორმა.
ის, რომ საქართველოში ამომრჩეველთა სიების დასაზუსტებლად კომისია შეიქმნა, გამოკითხულთა 60 %-ისთვის უცნობია. რესპოდენტთა 35 %-ს არ მოსწონს, რომ სიების გადამოწმება 5 მილიონი ლარი დაჯდება. რაც შეეხება ბინადრობის საკითხს, საქართველოში გამოკითხულთა 77 % ცხოვრობს იქ, სადაც ჩაწერილია, განსხვავებით 23 %-სგან, რომელიც სულ სხვა მისამართზე ცხოვრობს.
გაირკვა, რომ არჩევნებში მონაწილეობას ძირითდად საშუალო ასაკის (36-55) მოსახლეობა აპირებს, ამასთან, არჩევნებში მონაწილეობის მსურველი ქალებისა და მამაკაცების თანაფარდობა დაახლოებით ერთნაირია (66 % მამაკაცი, 64% - ქალი). არჩევნებში მონაწილეობის სურვილს უფრო დასაქმებული ადამიანები (70%) ამჯობინებენ.
(NDI-ს) კვლევები გენდერულ საკითხებსაც მოიცავს. რესპოდენტთა 51% მიიჩნევს, რომ ქალები და მამაკაცები არჩეულ თანამდებობებზე ერთნაირად მუშაობენ. გამოკითხულთა 51 %-ი კი პარლამენტში ამჟამად მომუშავე 9 ქალს მცირე რაოდენობად მიიჩნევს.
საგარეო ურთიერთობის თვალსაზრისით, გამოკითხულთა 88 %-ს საქართველოს ამჟამინდელი ურთიერთობა რუსეთთან არ მოსწონს. რესპოდენტთა 49 %-ის აზრით, რუსეთი საქართველოსთვის რეალური საფრთხეა, 30 % კი ამ საფრთხეს გაზვიადებულად თვლის, 8 %-ისთვის რუსეთი საფრთხე არ არის, 12 % -ს კი ამ კითხვაზე პასუხი არ აქვს.
74 %-სთვის მისაღებია საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი საქართველოს ევროკავშირის წევრად გახდომის შესახებ. 70 % მიესალმება ნატოში გაწევრიანებას, ხოლო 66 % პრეზიდენტ სააკაშვილის მოწოდებას რუსეთთან დიალოგის გამართვის შესახებ იმ შემთხვევაში იწონებს, თუ რუსეთი აფხაზეთიდან და ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან საელჩოებს გაიწვევს. საქართველოს მთავრობის თხოვნას, რომ ამერიკამ გაზარდოს საქართველოს სამხედრო თავადაცვისუნარიანობა, 53 %-სთვის მისაღებია, ხოლო 18 %-სთვის -მიუღებელი. ზოგიერთი ოპოზიციონერის შეთავაზებას, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების სანაცვლოდ უარი ვთქვათ ნატოში გაწევრიანებაზე, 26 % მისაღებად მიიჩნევს, 33 % - მიუღებლად, 40 %-მა არ იცის. ნატოში გაწევრიანებას გამოკითხულთა 53 % უჭერს მხარს. ნეიტრალიტეტს ინარჩუნებს 14 %, ხოლო არ უჭერს მხარს - 7%. ხოლო, თუ როდის გახდება საქართველო ნატოს წევრი, გამოკითხულთა 59 %-მა არ იცის.
(NDI-ს) კვლევით, საქართველოს მოსახლეობისთვის ყველაზე ყურებადი არხებია „რუსთავი 2“ და „იმედი“, ხოლო რეგიონალური არხებიდან - „მე-9 ტალღა“ (მხოლოდ ფოთი), „25-ე არხი“ (მხოლოდ ბათუმი), „რიონი“ (მხოლოდ ქუთაისი). თუმცა რესპოდენტთა 69 % მიიჩნევს, რომ „რუსთავი 2“ მთავრობის აზრს გამოხატავს, ასევე ფიქრობს „იმედის“ შესახებ რესპოდენტთა 63 %, და საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ - რესპოდენტთა 57 %. რესპოდენტები ყველაზე მეტად საპატრიარქოს არხს ენდობიან და, ასევე, მათი სურვილია, მათი რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა ტელევიზიის საშუალებით განიხილოს მათთვის მნიშვნელოვანი საკითხები.
რაც შეეხება კონტროლის პალატის ბოლოდროინდელ აგრესიულ ქმედებებს, ლუის ნავარო აცხადებს, რომ მათ მიერ ჩატარებული კვლევის საველე სამუშაოები მანამდე დასრულდა, რაც კონტროლის პალატა „გააქტიურდებოდა“. ამდენად, ეს საკითხი მათ მომავალ კვლევაში აუცილებლად შევა. Presage.tv ლუის ნავაროს ესაუბრა.
თქვენი ბოლო კვლევა გასული წლის სექტემბერში გამოქვეყნდა, ვიდრე ბიძინაივანიშვილი პოლიტიკაში ჩაერთვებოდა. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაშიმოსვლის შემდეგ რატომ არ გამოიკვლიეთ, რამდენი ადამიანი დაუჭერს მასმხარს არჩევნებში?
- ეს კითხვა პარტიული რეიტინგების ნაწილში იქნება განხილული და პარტიებთან ინდივიდუალურ რეჟიმში განვიხილავთ. თუმცა, ერთადერთი შემიძლია, გითხრათ, რომ სექტემბრის მერე ჩვენ ვნახეთ 13 %-იანი ზრდა იმ მოქალაქეებს შორის, ვინც არჩევნებზე მისვლას აპირებს. ანუ, ჩვენი კვლევის მიხედვით, უფრო მეტი ადამიანი აპირებს არჩევნებზე მისვლას, ვიდრე სექტემბერში აპირებდა.
ეს ნიშნავს, რომ ეს 13 % ბიძინა ივანიშვილს უჭერს მხარს?
- არა, უბრალოდ, უფრო მეტი ადამიანი აპირებს არჩევნებში მონაწილეობას და ეს მაჩვენებელი გაიზარდა, რაც შეიძლება ბიძინა ივანიშვილის გამოჩენით აიხსნას. ხალხი მეტად არის დაინტერესებული არჩევნებში მონაწილეობით.
თქვენმა კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოს მოქალაქეები ქვეყნის ძირითადმიმართულებებთან დაკავშირებით ოპტიმისტურად არიან განწყობილნი. როცადასაქმება ასეთი პრობლმატურია, საიდან ამხელა ოპტიმიზმი?
- მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოქალაქეები თავს დაუსაქმებლად მიიჩნევენ, ისინი მაინც ნიუანსურად უყურებენ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს. ისტორიული მაგალითი რომ გაითვალისწინოთ, საქართველომ, რომელსაც ამდენი ოკუპაცია განუცდია, მაინც შეძლო, შეენარჩუნებინა ენა, კულტურა, ტრადიციები. ქართველებმა ნამდვილად იციან, როგორ იყვნენ ოპტიმისტები. ისინი თვლიან, რომ მთავრობა მნიშვნელოვან ცვლილებებს ახორციელებს. ამავდროულად, ნატოში გაწევრიანებას დიდი პროცენტით უჭერენ მხარს, მაგრამ ასევე, გამოკითხულთა დიდი უმრავლესობა საქართველოს ამჟამინდელი ურთიერთობით რუსეთთან კმაყოფილი არ არის.
(NDI-ს) კვლევას კავკასიის კვლევისა და რესურსების ცენტრი (CRRC) ატარებს.რამდენად სანდოა კავკასიის კვლევითი ინსტიტუტი, რადგან ხშირიაშემთხვევები, როცა ხელისუფლება NDI-ის მონაცემებს სათავისოდ იყენებს.
- რაც შეეხება კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრს, ჩვენ უკვე ოთხ წელზე მეტია, რაც ჩვენს კვლევებს მათი მეშვეობით ვახორციელებთ. ნამდვილად არ გვეპარება მათ მიერ ჩატარებული კვლევების სანდოობაში ეჭვი, რადგანაც ამ წლების განმავლობაში ზუსტად ემთხვევა ჩვენი მონაცემები არჩევნებში აქტიობის მაჩვენებლებს. ეს ერთ-ერთი მაგალითია იმ არაერთ მაგალითს შორის, რომელიც ნამდვილად ზუსტად ემთხვევა. ამასთან, მეთოდოლოგიაშიც ვართ დარწმუნებულნი. რაც შეეხება მთავრობის მიერ ჩვენი კვლევების სათავისოდ გამოყენებას, არა მგონია, მთავრობა ძალიან ბედნიერი იყოს იმ მაჩვენებლებით, რაც ჩვენ ვაჩვენეთ ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის აღდგენის მხარდაჭერასთან დაკავშირებით, ან თუნდაც ხალხის მიერ რუსეთთან ურთიერთობის აღქმით. ასე რომ, მე უბრალოდ ვიტყოდი, რომ ოპოზიციასაც შეუძლია იმავე წარმატებით გამოიყენოს ხალხის განწყობები სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით თავისი უპირატესობის დასაცავად.
პრეზენტაციის ბოლოს მე აღვნიშნე კიდეც, რომ მთავრობამაც და ოპოზიციამაც უფრო მეტად უნდა იფიქროს იმაზე, თუ რას ფიქრობს ხალხი, რა განწყობებია მათში და ნაკლებად იფიქრონ იმაზე, თუ რას ფიქრობენ ისინი ხალხის განწყობების შესახებ.