რუსთავის თვითმმართველობის წინააღმდეგ პრესაგე.ტვ-ის სარჩელი რუსთავის საქალაქო სასამრთლომ არ დააკმაყოფილა. მოსამართლე, ეკატერინე პართენიშვილმა ჩათვალა, რომ ინტერნეტგამოცემის ჟურნალისტს ქვემო ქართლის რეგიონში საჯარო ინფორმაცია მომაწოდეს და სადავო არაფერი მაქვს.
სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, რუსთავის თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა პრემიები „პირად საიდუმლოებად ჩაითვალა“. არ დაკმაყოფილდა მოთხოვნა რუსთავის თვითმმართველობის ავტოპარკის განახლების შესახებ ინფორმაციის მიღებაზე, კონკრეტულად კი პრესაგე.ტვ ითხოვდა ინფორმაციას თვითმმართველობის მიერ „შკოდა-ოქტავიას“ მარკის ავტომობილების შეძენაზე.
მოსამართლემ ჩათვალა, რომ ჟურნალისტს სამართლიანად არ გადასცა თვითმმართველობამ „ლიბერთი ბანკთან“ ავტომობილებთან დაკავშირებით დადებული ხელშეკრულება.
„რაც შეეხება ინფორმაციას თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს ავტოპარკის განახლების თაობაზე, სასამართლო განმარტავს, რომ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს აღნიშნული ინფორმაციის გადაცემისგან თავის შეკავებით არ დაურღვევია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციულინ კოდექსისი მე-3 თავით დადგენილი მოთხოვნები“ - ვკითხულობთ, სასამართლოს გადაწყვეტილებაში, რომელიც 20 მარტს ჩაგვბარდა.
გამოდის, რომ ჩვენი საჯარო მოხელეები საბიუჯეტო თანხებით საკუთარ ოჯახის წევრებს მანქანებს, თუ ჩამოურიგებენ, ეს ინფორმაცია შეიძლება ვერასოდეს გავიგოთ.
რუსთავის საქალაქო სასამართლო სარჩელის განხილვისას ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისი 28-ე მუხლს დაეყრდნო. „საჯარო ინფორმაცია ღიაა გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და დადგენილი წესით სახელმწიფო, კომერციულ და პირად საიდუმლოებას მიკუთხვებული ინფორმაციისა“ - გვეუბნება კოდექსის აღნიშნული მუხლი.
მოლოდ ამ კანონს თუ დაეყრდნობა, მოსამართლე ჩათვლის, რომ მისი გადასაწყვეტია ინფორმაცია პირის საიდუმლოს წარმოადგენს, კომერციულ საიდუმლოს, თუ – უპრობლემოდ გასაცემ საჯარო ინფორმაციას. იმ შემთხვევაში, თუ კანონს რომელიმე დაინტერესებული ჩინოვნიკის სატელეფონო ზარი დაემატება, მოსამართლე თამამად ჩათვლის, რომ საქმე საიდუმლო-საჯარო ინფორმაციასთან აქვს. ის ერთი წუთითაც არ დაფიქრდება მსგავსი სარჩელის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, როგორ უნდა იმუშაოს ჟურნალისტმა.
რა უნდა მოიმოქმედი როგორც ჟურნალისტმა, როდესაც სასამრთლო გეუბნება, რომ არ გაქვს უფლება გაიგო, რა შენაძენი გააკეთა თვითმმართველობამ ქალაქის ბიუჯეტით და როდესაც გეუბნება, რომ არ გაქვს უფლება მოითხოვო ინფორმაცია პრემირებული საჯარო მოხელეების შესახებ?
პირადად მე ამ კითხვის პასუხი არ მაქვს, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ რუსთავის თვითმმართველობაში ნებიმიერ სხვა საკითხზე ინფორმაციის მისაღებად შეტანილი ჩემი წერილი უპასუხოდ დარჩება.
დღეს, ერთმანეთის მიყოლებით სხვადასხვა მედიასაშუალებები ვაგებთ სასამართლო პროცესებს. ვერ ვიღებთ ინფორმაციას, რომლის მეშვებითაც უნდა მომზადდეს ჟურნალისტური პროდუქტი. ჩვენს მკითხველებს მობეზრდათ ამა თუ იმ პრობლემური თემის წამოწევისას ინფორმაციის მხოლოდ, ნაწილობრივ მიღება. მეორე მხრივ ჩვენც მოგვბეზრდა რეალურად ღია და საჯარო ინფორმაციაზე მუდმივი უარი.
აღნიშნული სარჩელი მნიშვნელოვანი იყო ქვემო ქართლის ჟურნალისტებისთვის. ის მედიასაშუალებები, რომლებიც რეგიონში ობიექტურად მუშაობენ, იმედის თვალით უყურებდნენ სარჩელის განხილვას. პრესაგე.ტვ-ის სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში საჯარო ინფორმაციის გაცემის პრობლემებზე არაერთი სარჩელი შევიდოდა სასამართლოში.
ასეთი რეალობის მიუხედავად, ჩვენთან მუდმივად ურთიერთობენ საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებსაც ჯერაც არ სჯერათ, რად იქცა ქართლი სასამართლო. მუდმივად მოგვიწოდებენ მივმართოთ სასამართლოს და სამართლებრივად ვიდავოთ.
პრესაგე.ტვ რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას უპასუხოდ არ ტოვებს. სარჩელი რუსთავის თვითმმართველობის წინააღმდეგ ყველა ინსტანციას მოივლის. შედეგი რაც დადგება ჩვენი სააპელაციო, თუ უზენაეს სასამართლოში სტუმრობისგან, იმედია ყველასთვის ბევრის მთქმელი იქნება...
პრესაგე.ტვ-ის ინტერესებს სასამართლოში ,,ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ რუსთავის ოფისი იცავს.