სიცილი პასუხის ნაცვლად

სიცილი პასუხის ნაცვლად

რაიმე კითხვაზე პასუხის ნაცვლად გულიანი ხარხარის ატეხვა, შესაძლოა, ფსიქოლოგების ან ფსიქიატრების განსასჯელი თემა იყოს, მაგრამ რა შეიძლება ეწოდოს იმას, როდესაც მინისტრს კითხვას უსვამს ჟურნალისტი საკმაოდ მნიშვნელოვან თემაზე და მინისტრი პასუხად ხარხარებს?

სწორედ ასე განვითარდა მოვლენები გუშინ პარლამენტში, როდესაც ჟურნალისტებმა საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს კვაისაში რადიოაქტიური ნივთიერებების ნარჩენების სამარხის შესაძლო აშენებასთან დაკავშირებით ვთხოვეთ კომენტარი.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ამ საკითხთან დაკავშირებით საკმაოდ დიდი ხმაურია ატეხილი როგორც ქართულ, ასევე რუსულ მედიაში.

არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ექსპერტების ინფორმაციით, კვაისაში, შესაძლოა, ვლადიკავკაზიდან ჩატანილი რადიოაქტიური ნარჩენების სამარხი მოაწყონ.

ამის გამო კი იქაური მოსახლეობა საკმაოდ შეშფოთებულია და, თუკი ეს მართლაც განხორციელდება, ცხადია, ამ ადამიანებსაც ბევრი პრობლემა შეექმნებათ და საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მცხოვრებლებსაც. მით უმეტეს, რომ არავინ იცის, ეს სამარხები რა სტანდარტით აშენდება და საერთოდ გარემოზე რა გავლენას მოახდენს. 

წესით, ასეთ მგრძნობიარე თემაზე ბუნებრივი რესურსების მინისტრი კომენტარს მაინც უნდა აკეთებდეს. ხეთაგურის პასუხი კი მხოლოდ გულიანი ხარხარი იყო. მან ჯერ იმაზე იცინა, როდესაც ამ თემაზე კომენტარი ვკითხეთ და შემდეგ, როდესაც იმის დაზუსტება ვცადეთ, თუ მისი სიცილი რას ნიშნავდა. იმის გამო, რომ ხეთაგურს არავინ არაფერს ეკითხება თუ იმის გამო, რომ ამ საკითხში არაკომპეტენტურია, კიდევ უფრო ხმამაღლა და გულიანად იხარხარა და ერთი სიტყვაც კი არ უთქვამს.

გასაგებია, რომ ხეთაგურს ამ თემაზე დირექტივები ჯერ არ მიუღია - რა შეიძლება თქვას, მაგრამ საკითხის მნიშვნელობა ელემენტარულად იმას მაინც იმსახურებს, რომ ენერგეტიკისა დ გარემოს დაცვის მინისტრმა ხარხარის გარეშე თქვას თუნდაც ის, რომ მას ამ თემაზე კომენტარის გაკეთება არ შეუძლია.