ბათუმში „ტვ25“ 1 აპრილს განიხილავს მედია-კავშირ „ობიექტივის“ ხელმძღვანელის, ირმა ინაშვილის წინააღმდეგ შეტანილ ზვიად ქორიძის საჩივარს, რის შესახებაც ინაშვილსა და ქორიძეს ოფიციალურ შეტყობინებას დღეს გაუგზავნიან. ეს ინფორმაცია presage.rv-ს მოაწოდა „ტვ25“-ის გენერალურმა დირექტორმა, გია სურმანიძემ.
მისივე განმარტებით, ირმა ინაშვილსა და ზვიად ქორიძეს „ტვ25“-ის ეთერში დებატები შესთავაზეს, მაგრამ ამაზე ქორიძემ უარი განაცხადა.
„1 აპრილს, საჩივრის განხილვას ორივე მხარე დაესწრება და ჩვენ ამავე დღეს მათ კიდევ ერთხელ შევთავაზებთ პირდაპირ ეთერში დებატებზე დაჯდომას“, - გვითხრა “ტვ25“-ის გენერალურმა დირექტორმა.
ჩვენი ინფორმაციით, ე.წ. ლიბერალური ღირებულებების მქონე ადამიანები და არასამთავრობო ორგანიზაციები გია სურმანიძისგან, როგორც „ტვ25“-ის გენერალური დირექტორისგან მოითხოვენ, რომ მათ არხზე შეწყდეს „ობიექტივის“ გადაცემების ტრანსლირება. presage.tv-სთან საუბრისას გია სურმანიძემ ეს ინფორმაცია დაადასტურა - „ამგვარ მოთხოვნაზე მხოლოდ პირად საუბრებში აღნიშნავენ, მაგრამ ასევე, არიან ადამიანები, რომლებსაც „ობიექტივის“ გადაცემები ძალიან მოსწონთ და კმაყოფილებას გამოხატავენ“.
ზვიად ქორიძე ამ საკითხთან დაკავშირებით, ჩვენთან საუბრისას კომენტარს არ აკეთებს.
მედია-კავშირ „ობიექტივის“ ხელმძღვანელი ირმა ინაშვილი presage.tv-სთან საუბრისას კი აცხადებს, რომ ზვიად ქორიძესთან პირდაპირ ეთერში სიამოვნებით დაჯდება, რადგან მიეცემა საშუალება პირდაპირ უთხრას ზვიად ქორიძეს ის, თუ რას ფიქრობს „მის ე.წ. მოდერატორობასთან დაკავშირებით, ბათუმის პრესკაფეში გამართულ ღონისძიებაზე“.
შეგახსენებთ, რომ ზვიად ქორიძემ ირმა ინაშვილის წინააღმდეგ „ტვ25“-ის თვითრეგულირების კომისიაში საჩივარი 19 მარტს შეიტანა, ვინაიდან მედია-კავშირ „ობიექტივის“ გადაცემები ყოველდღიურად, 8 საათის განმავლობაში გადის „ტვ 25“-ის ეთერით.
ქორიძის საჩივარი ეხება „ობიექტივის“ ეთერში 8-9 მარტს გასულ გადაცემას, რომლის მთავარი თემა იყო თურქეთ-საქართველოს ხელშეკრულების ფარგლებში, ბათუმში „აზიზიეს მეჩეთის“ აშენება-არაშენების საკითხი. ამ გადაცემას ირმა ინაშვილი უძღვებოდა, მისი სტუმარი „წინააღმდეგობის მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, სოსო მანჯავიძე გახლდათ.
ობიექტივის“ ზემოხსენებულ გადაცემაში საუბარი იყო 6 მარტს, ბათუმის პრესკაფეში, „ამერიკის დემოკრატიის ეროვნული ფონდის“, იგივე NED-ის მხარდაჭერით გამართულ დისკუსიაზე, სათაურით - „ახალი მეჩეთი და ახალი გამოწვევები საქართველო-თურქეთის ურთიერთობებში“. ამ დისკუსიას ზვიად ქორიძე უძღვებოდა. ამ ღონისძიების „ობიექტივის“ ეთერში მიმოხილვაა ქორიძის მიერ ინაშვილის წინააღმდეგ შეტანილი საჩივრის მთავარი თემა.
ირმა ინაშვილის განმარტებით, 8-9 მარტს, გადაცემის დაწყებამდე, „ობიექტივის“ ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი ზვიად ქორიძეს ტელეფონით დაუკავშირდა და გვიან საღამოს დაგეგმილი გადაცემისთვის კომენტარი სთხოვა - „მან კომენტარზე უარი თქვა, მიზეზად მოუცლელობა დაასახლა და გვითხრა, „ბათუმის პრესკაფეში გამართული ღონისძიების ვიდეოჩანაწერი რომელიღაც საიტზე დევს, შედით და იქ ნახეთო“.