"ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის მინიჭების საკითხის განხილვის ვადის ამოწურვამდე 20 დღე დარჩა. ხელისუფლებას არავითარი კანონიერი საფუძველიარ გააჩნია, უარი უთხრას საქართველოს მოქალაქედ მიღებაზე. ამიტომაც, ბიძინა ივანიშვილისათვის დიდი ოდენობით ადმინისტრაციული ჯარიმის დაკისრებით და სხვა, ეგრეთ წოდებული სამართალდარღვევების აღმოჩენის გზით, ხელისუფლება ცდილობს ხელოვნურად შექმნას საფუძველი, თითქოს, ბიძინა ივანიშვილი საფრთხეს წარმოადგენს სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისათვის და ამიტომ არ ანიჭებს მას საქართველოს მოქალაქეობას,“ – ნათქვამია ივანიშვილის კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ 16 მარტს გავრცელებულ განცხადებაში.
სამართლებრივად რამდენად არის შესაძლებელი, რომ ეს მართლაც ასე მოხდეს, ან ხომ არ ამზადებს კონტროლის პალატა სიტუაციას სხვა სანქციების გასატარებლად და ხომ არ არსებობს საფრთხე, რომ კოალიციას სულაც არჩევნებში მონაწილეობის საშუალება არ მისცეს. ამ თემების სამართლებრივ-პოლიტიკურ შეფასებები „საქართველოს ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირის“ პოლიტიკური ბიუროს წევრს, იურისტ ზვიად გელაშვილს ვთხოვეთ.
- კანონით განსაზღვრულია, რა შემთხვევაში შეიძლება პირს უარი ეთქვას მოქალაქეობის მინიჭებაზე. ივანიშვილი ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს იმისათვის, რომ საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭოს. საქართველოს კანონმდებლობით მხოლოდ რამდენიმე შემთხვევაში შეიძლება ეთქვას მოქალაქეს, ამ შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილს უარი მოქალაქეობაზე. თუ ჩაიდინა საერთაშორისო დანაშული მშვიდობისა და ადამიანობის წინააღმდეგ, ან ივანიშვილი მონაწილეობდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სახელმწიფო დანაშაულში, რაც აბსურდია და მესამე - თუ სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, მისი საქართველოს მოქალაქედ მიღება მიზანშეუწონელია.
ის, რაზედაც კონტროლის პალატა მუშაობს, არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ ფაქტები და მომავალშიც, კონტროლის პალატის საქმიანობა ვერ გასცდება მისთვის მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებს.
ასე რომ, კონტროლის პალატის მცდელობა, წარმოაჩინოს ბიძინა ივანიშვილი, როგორც არაერთგზის ადმინისტრაციული სამართალდაერღევის ჩამდენი პირი, მოქალაქეობაზე უარის თქმისთვის სათანადო არგუმენტად არ ჩაითვლება. ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა მაგალითად, ქუჩაში მოძრაობის წესების დარღვევა, ქუჩის უკანონოდ გადაკვეთა. თუმცა, ადამიანი, რომელიც გამუდმებით არღვევს თუნდაც ქუჩაში მოძრაობის წესებს, ანუ სჩადის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, ვერ ჩაითვლება ქვეყნის უსაფრთხოებისა და მისი ინტერესებისთვის საფრთხის მომტანად. სამართლებრივი კუთხით ეს ყველაფერი არ შეიძლება ჩაითვალოს მისთვის მოქალაქეობაზე უარის თქმის საფუძვლად.
ასე ერთმანეთზე მიწყობით მაინც და მაინც, „ქართულ ოცნებაში“ აღმოჩენილიდარღვევები საკმაოდ დიდ ეჭვებს აჩენს. ხომ არ შეიძლება მომავალში ესყველაფერი გახდეს საფუძველი, რომ კოალიციაში შემავალ პარტიებსარჩევნებში მონაწილეობა აუკრძალონ? ვიცით, რომ კანონმდებლობაშიშეტანილი ცვლილებები იძლევა საშუალებაას, რომ თუ საარჩევნო სუბიექტირამდენჯერმე დაარღვევს კონტროლის პალატის მოთხოვნებს, მას შეიძლებაარჩევნებში მონაწილეობის უფლება ჩამოერთვას. ასეთი საფრთხე რეალურადთუ არსებობს?
- ამისი ლეგიტიმური ეჭვი არსებობს. ასეთი გამოთქმაა, „თუ კედელზე თოფი ჰკიდია, ის აუცილებლად გაისვრის“. გავიხსენოთ, როგორი დაჩქარებული ტემპით მიიღეს ცვლილებები „პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში“ და რა შემზღუდავი ნორმებია შემოღებული პოლიტიკური საქმიანობისათვის. ამ ნორმების დარღვევისთვის ერთ-ერთი სანქცია არის ის, რომ რომელიმე საარჩევნო სუბიექტი საარჩევნო პროცესიდან გამოეთიშოს, საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმონ. სავარაუდოდ, კონტროლის პალატა, ალბათ, ამ საკითხსაც განიხილავს, რომ შემდეგ ეს მასალები შეგროვდეს და შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ დადგეს საკითხი ამა თუ იმ პოლიტიკური გაერთიანების არჩევნებში მონაწილეობის შესასებ. ორი ვარიანტი შეიძლება იყოს გამოყენებული, ერთი რომ რეგისტრაციის უფლება არ მისცენ და მეორე - საარჩევნო სუბიექტად დაარეგისტრირონ, მაგრამ შემდეგ ეს რეგისტრაცია გაუუქმონ. ეს იმ შემთხვევაში თუ პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებით დაგროვდება სამართალდარღვევები.
მართალია, კონტროლის პალატის მცდელობები ცალსახაა, მაგრამ სუბიექტურობა რომ არ დასწამონ, შეიძლება სხვა საარჩევნო სუბიექტების შემთხვევაშიც გამოავლინოს დარღვევები. მაგალითად, უკანონოდ მიიჩნიოს რომელიმე პარტიის მიერ მიღებული შემოწირულობა. საჩვენებლად სხვა პარტიების მიმართაც გაატარებს სანქციებს და ამით შექმნის ობიექტურობის ფონს. ასეთი პრეცედენტი გვქონდა კიდეც, როდესაც „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ გარკვეული თანხა ბიუჯეტში გადაარიცხინეს.
რამდენად აძლევს კანონი კონტროლის პალატას იმის უფლებას, რომ მანმართლაც პარტიების არჩევნებზე დაშვევა-არდაშვების საკითხი დააყენოს?
- პრობლემა ისაა, რომ კანონი საკმაოდ ბუნდოვანია და მკაცრად არ არის რეგლამენტირებული. კონტროლის პალატის ერთ-ერთ სტრუქტურულ ერთეულს მიეცა, საკუთარი შეხედულებისამებრ მოქმედების უფლება, საკუთარი შეხედულებისამებრ სამართლევბრივი შეფასების მინიჭების უფლება ამა თუ იმ ქმედებისათვის. ანუ, მას სრული თავისუფლება აქვს.
რა თქმა უნდა, ჩვენ მოვლენებს ბევრად ვუსწრებთ, ჯერ არჩევნებიც არ გამოცხადებულა, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ კონტროლის პალატის უფლებამოსილებებს, მას აქვს საიმისო ბერკეტები, რომ შესაბამისი პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, ასეთი საფრთხეები სავსებით რეალური გახდეს კოალიციაში შემავალი პოლიტიკური პარტიებისათვის.
კონტროლის პალატამ კიდევ ერთი სია გამოაქვეყნა იმ პირებისა, ვისაცფიზიკური პირი ბიძინა ივანიშვილი პირადი ანგარიშიდან უხდის ხელფასს. ამშემთხვევაშიც რაიმე ტიპის სამართალდარღვევასთან გვაქვს საქმე?
- თუკი ფიზიკური პირი ბიძინა ივანიშვილი ქირაობს ვინმეს ადვოკატად ან კონსულტანტად, მას ამისი უფლება აქვს. თითოეულ ადამიანს, თუ მას ამისი შესაძლებლობა აქვს, შეუძლია ჰყავდეს პირადი ექიმი, ადვოკატი, ფინანსური კონსულტანტი და ა.შ. მომსახურებად ითვლება ფინანსური კონსულტანტის, იურისტის და დალაქის მომსახურებაც და სამართლებრივი თვალსაზრისით, ნებისმიერ პირს ნებისმიერი მომსახურების ყიდვის უფლება აქვს, თუკი ეს კანონთან წინააღმდეგობაში არ მოდის.
მე არ ვიცი, ამ შემთხვევაში რა ტიპის სამართლებრივ ურთიერთობებზეა ლაპარაკი ბიძინა ივანიშვილსა და ამ ფიზიკურ პირებს შორის, რადგან მათ შორის დადებული ხელშეკრულებები მრავალ ასპექტს შეიძლება მოიცავდეს. თუმცა, კიდევ ვიმეორებ, მას აქვს უფლება, ნებისმიერი მომსახურება იყიდოს.
კონტროლის პალატა ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერებს ედავება, რომ მათხელმოწერების შეგროვების სანაცვლოდ გარკვეული ანაზღაურება მიიღეს.არის თუ არა ეს სამართალდარღვევა, რომ გაწეული შრომის საზღაური მიიღო,ან თუ სურვილი გაქვს, შრომის ანაზღაურება არ მიოითხოვო, უანგაროდ აიღოკოალიციის მიერ დაბეჭდილი გაზეთები და მოსახლეობას დაურიგო.
- კონტროლის პალატის მონიტორინგის სფერო არის ამ შემთხვევაში პოლიტიკური აქტივობები და ის ქმედებები, რაც არის გაწერილი „პოლიტიკური გართიანებების შესახებ“ კანონში. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის მინიჭებაზე ხელმოწერების შეგროვებას, ეს არანაირად არ ექვემდებარება კონტროლის პალატის მინიტორტინგს. შეიძლება ივანიშვილს საერთოდ არ გამოეჩინა პოლიტიკური ინტერესები და უბრალოდ, ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილისთვის შეეგროვებინათ მსგავსი ხელმოწერები, რომ ამ საზოგადიოებრივი მოთხოვნის საფუძველზე მისთვის მოქალაქეობა მიენიჭებინათ. ამავე დროს, ეს საკმაოდ შრომატევადი სამუშაოა და საკმაო რაოდენობით ადამიანური რესურსიც არის ამისათვის საჭირო, ამ შემთხვევაში გარკვეული ანაზღაურება კანონდარღვევად არ ითვლება. ეს კონტროლის პალატის მონიტორინგის სფეროში არ უნდა შედიოდეს, არა თუ მან რაიმე ტიპის სანქციები განახორციელოს.
კონტროლის პალატა და მთელი „ნაციონალური მოძრაობა“ იმაზე აკეთებსაპელირებას, რომ რეგიონებში ოფისების დაქირავებისა და მისი შესაძლორემონტის ხარჯთაღრიცხვა არ წარუდგენია, თუმცა, „ქართული ოცნების“ერთ-ერთმა იურისტმა განაცხადა, რომ მათ მხოლოდ 5 მარტს გახსნეს პირველიოფისი, და როდესაც გავა საანგარიშო ვადა, ამ დოკუმენტაციას წარადგენენ...
- შემოწირულობის ფორმა შეიძლება მრავალნაირი იყოს. შესაძლოა, ეს იყოს გარკვეული თანხა, ან სხვა ტიპის მომსახურება გაწეული პოლიტიკური სუბიექტის სასარგებლოდ. თუმცა ეს ანგარიშგების დოკუმენტებში აუცილებლად უნდა აისახოს. თუ ოფისი ვინმემ უსასყიდლოდ დაუთმო ანგარიშგებაში უნდა აისახოს ამ ოფისის ქირის საბაზრო ფასი. თუმცა შესაძლოა, სწორედ ეს საბაზრო ფასი გახდეს პრობლემა, იმიტომ რომ შეიძლება ვინმემ თქვას, რომ ეს არის საბაზრო ფასი და ვიღაც ამაში არ დაეთანხმოს.
სიმართლე რომ გითხრათ, რასაც ვუყურებ, კონტროლის პალატა არ არის მონიტორინგის განმხორციელებელი ორგანო. ის გამოდის ჩასაფრებული პოზიციიდან, რეპრესიული ღონისძიებების გასატარებლად. კონკრეტულად ის ქმედებები, რასაც კონტროლის პალატა ახორციელებს, ცალსახად სცდება სამართლებრივ ჩარჩოებს. ეს არის პოლიტიკურ-სამართლებრივი ქმედებები, კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის წინააღმდეგ მიმართული. ეს კონტროლის პალატის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებაა და მის ამ ქმედებებში უკვე იკითხება კანონდარღვევა.
რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ივანიშვილის კოალციაში საკმაოდ კომპეტენტური და მაღალკვალიფიციური იურისტები არიან. დარწმუნებული ვარ წინასწარ აქვთ გათვლილი ის სამართლებრივი რისკები, რაც მათ ქმედებებს შეიძლება, მოჰყვეს. გარკვეული სამართლებრივი საფრთხეების მიმართაც არიან ინფორმირებული და ალბათ, გარკვეული პრევენციული ზომებიც ექნებათ გატარებული. კონტროლის პალატა იქნება ეს თუ სხვა ადმინისტრაციული უწყებები, დარწმუნებული ვარ, მათთვის კოალიციას სამართლებრივად არგუმენტირებული პასუხებიც ექნებათ.