სამი გლობალური ცენტრი - აშშ, ჩინეთი და რუსეთი ცდილობენ გავლენის ზონებზე დალაგდნენ. აშშ-მა დაიწყო მოლაპარაკებები ჩინეთთან, პარალელურად იწყებს მოლაპარაკებას რუსეთთან. ვაშინგტონში რუსეთის ელჩი აცხადებს, რომ აშშ-სა და რუსეთს შორის ორმხრივი მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი სტამბოლის ნაცვლად მოსკოვში გაიმართება. ალექსანდრე დარჩიევმა დაადასტურა, რომ რუსეთმა და შეერთებულმა შტატებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ორმხრივი კონსულტაციები სტამბოლიდან მოსკოვში გადაიტანონ.
კითხვაზე, დგამს თუ არა აშშ-ის ამჟამინდელი ადმინისტრაცია კონკრეტულ ნაბიჯებს რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესების მიზნით და როდის და სად იგეგმება ორი ქვეყნის დიპლომატიური მისიების ფუნქციონირების აღდგენის შესახებ კონსულტაციების შემდეგი რაუნდის ჩატარება, ელჩმა უპასუხა: „მე უკვე ვთქვი, რომ რუსეთ-აშშ-ის ურთიერთობების სრულ ნორმალიზებამდე ჯერ კიდევ გრძელი გზაა გასავლელი და ეს პროცესი რთულია, რადგან მას ხელს უშლიან არა მხოლოდ თეთრი სახლის ოპონენტები - ანუ „დიფ სთეითი“, არამედ გარკვეული „ქორებიც“ კონგრესში, სადაც ძლიერი ანტირუსული ლობი შეიქმნა. აშშ-რუსეთის ურთიერთობაში გარკვეული პროგრესი მაინც შეინიშნება, რამაც ხელშესახები შედეგები გამოიღო, როგორიცაა 10 აპრილს სტამბოლში კონსულტაციების ბოლო რაუნდზე მიღებული წინასწარი გადაწყვეტილება მოლაპარაკებების ორი ქვეყნის დედაქალაქებში გადატანის შესახებ. შემიძლია დავადასტურო, რომ ორ დელეგაციას შორის შემდეგი მოლაპარაკებები უახლოეს მომავალში მოსკოვში გაიმართება“, - აღნიშნა ალექსანდრე დარჩიევმა.
მოლაპარაკების პროცესიდან ამოვარდა დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი და, რა თქმა უნდა, უკრაინა, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის ბედი რუსეთში, უკრაინის ხელისუფლების გარეშე გადაწყდება.
ჩინეთის ხელისუფლებამ მიმდინარე მოლაპარაკებას პოზიტიური, რაციონალური და კვალიფიციური უწოდა და თქვა, რომ პრაგმატული ნაბიჯებია გადადგმული ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიეთობების დალაგებისკენ. პოლიტოლოგ სოსო მანჯავიძის განცხადებით, ის, რომ უკრაინის თემაზე მოლაპარაკება შეიძლება შედგეს მოსკოვში, რა თქმა უნდა, რადიკალურად ცვლის ნარატივს, რომელიც გაბატონებული იყო და მიმართული იყო რუსეთის იზოლაციისკენ.
„ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს და პირველი იყო მოლოდინი იმის შესახებ, რომ რუსეთი ჩამოიშლებოდა და ხელისუფლებაში მოვიდოდა ამ გლობალისტების მარიონეტი ელცინის ტიპის მმართველი, რაც არ გამართლდა - ეკონომიკა არ ჩამოიშალა, ბუნტი არ მოხდა, სამხედრო დამრცხება რუსეთს ვერ მიაყენეს. პირიქითა პროცესია - უკვე ვხედავთ რუსეთიდან ღია მუქარებს ატომური იარაღის გამოყენების შესახებ იმ ცენტერების წინააღმდეგ, სადაც გადაწყვეტილება მიიღება. ეს განსაკუთრებით გამწვავდა სტრატეგიული ავიაციის წინააღმდეგ მიტანილი იერიშის შემდეგ, რაშიც რუსებმა ბრიტანილი სპეცსამსახურები დაადანაშაულეს. მათ შორის აშშ-იც, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს არ იყო პირდაპირი ბრალდება და დატოვეს კორიდორი მოლაპარაკებისთვის. თუ დავაკვირდებით ვაშინგტონის ქცევას, გასაგები იყო, რომ ისინი ეძებდნენ გამოსავალს არსებული მდგომარეობიდან, ვინაიდან მართლა ბირთვული ომის წინაშე დადგა მსოფლიო. რაც არ უნდა აგრესიული იყვნენ, როგორც ჩანს, ეს არ ხიბლავს გლობალურ ელიტებს და ისინი შეეცდებიან, რომ გამონახონ თანაცხოვრების ფორმულმა გაძლიერებულ რუსეთთან“, - აცხადებს სოსო მანჯავიძე.
პოლიტოლოგის განცხადებით, რუსეთი უკვე აღარ არის ის, რაც იყო, ამიტომ ითხოვს გაცილებით მომგებიან პირობებს თავისთვის, ვიდრე აქამდე იყო, რაც თავისთავად აძნელებს ტრამპის პოზიციებს, რომელმაც საჯაროდ თქვა ფრაზა - „მგონი გაგიჟდა პუტინი“, რასაც მოჰყვა ცნობილი თავდასხმა.
„ჩვენ უნდა გვესმოდეს, როდესაც ქვეყანას აქვს ატომური იარაღი და მით უმეტეს პარიტეტის მდგომარეობაშია აშშ-თან, ეს არის უზარმაზარი კოზირი. მსოფლიოში არსებული ქობინების თითქმის 46%, თავისი გადატანის საშუალებებით რომ აქვს ქვეყანას, ეს იგივეა, რომ წარმოვიდგინოთ უიარაღო და ავტომატით შეიარაღებული ადამიანი, რომელიც ავტომატს არ იყინებს, მაგრამ იყენებს კონდახს და ავტომატს თუ გამოიყენებს, შედეგი ნათელია. შესაბამისად, დონალდ ტრამპმა და მისი ადმინისტრაციის ნაწილმა გააცნობიერა, რომ საქმე მიდის მართლაც გლობალური ომისკენ და გადადგა ეს ნაბიჯი. ეს არაა კეთილი ნების ნაბიჯი, ეს არის ძალთა ბალანსის გათვალისწინება“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას სოსო მანჯავიძემ.
პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის შეფასებით, რუსეთ-ამერიკის პირისპირ შეხვედრა და მოლაპარაკება, ძალიან საინტერესოა საქართველოსთვის, რომელსაც სულ უფრო აწუხებს საკითხი, ისე როგორც ყველა მცირე ქვეყენას, რომ დიდმა ქვეყენებმა უჩვენოდ არ გადაწყვიტონ ჩვენი ბედ-იღბალი.
„ჩვენთანაც დგება ეს საკითხი, მაგალითად, ორი დიდი ქვეყნის ამერიკის და რუსეთის შეხვედრის შემდეგ ჩნდება კითხვა, ხომ არ დადგა იქ კავკასიის საკითხი და კერძოდ - საქართველოსი და თუ ილაპარაკეს, მაშინ რა და ა.შ.
ეგ ტრადიცია, რომ დიდები პატარების ბედ-იღბალზე გადაწყვეტილებას იღებენ, მკაფიოდ გამოჩნდა სტალინის-ჩერჩილის და რუზველტის მოლაპარაკებებში. მათ მთელი მსოფლიო გადახაზ-გადმოხაზეს. თვითონ სტალინი საბჭოთა კავშირს სახაზავით და ფანქრით ხაზავდა როგორც გაეხარდებოდა ისე. ხალხების ბედ-იღბალზე თვითონ პერსონალურად იღებდა გადაწყვეტილებას.
ამ შეხვედრას ეს სირთულე ახლავს და შანსიც არის, რომ ამ ორმა დიდმა ქვეყანამ, რომლებიც ერთმანეთს ანგარიშს უწევენ, დასვან საკითხი მსოფლიოს რა ნაწილი ვისი გავლენის ქვეშ იყოს, როგორ დამოკიდებულება ჰქონდეს თითოეულს ან ორივეს ერთად მსოფლიოს ამა თუ იმ რეგიონის მიმართ“, - აცხადებს პოლიტოლოგი.
მისივე შეფასებით, აქ, რა თქმა უნდა, დგება კავკასიის საკითხი და ფიქრობს, რომ განხილვის საგანი უმეტესად იქნება სატრანზიტო თემატიკა, ანუ რა სატრანზიტო გზები გაივლის კავკასიაზე.
„რა თქმა უნდა, ეს საკითხი მიუახლოვდება ჩინეთის თემას და საყურადღებო სწორედ ეგ არის, რომ ტრამპმა შეიძლება ტრანზიტის საკითხი ჯერ პუტინთან გაარკვიოს და მერე ჩავიდეს ამ საკითხით ჩინეთში, რაც ნიშანდობლივია. გამორიცხული არ არის, რომ ტრამპის გეგმებში შედის ის, რაზედაც ხშირად ლაპარაკობენ რუსი პროპაგანდისტები, რომ ტრამპმა დააშორიშოროს ჩინეთი და რუსეთი ერთმანეთისგან“, - ამბობს for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.