„დემოკრატია საფრთხეშია, აგენტურა ვეღარ ფინანსდება“ - ასე გაიგო „ქართულმა ოცნებამ“ ბრიტანეთის საელჩოს განცხადება, სადაც წერია, რომ საელჩო საქართველოში თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით დაგეგმილ საგრანტო წინადადებებს აუქმებს - დიპლომატიური მისია მიზეზად „გრანტების დამტკიცების პროცედურის შესახებ“ მთავრობის დადგენილებასთან დაკავშირებულ გაურკვევლობას ასახელებს.
მმართველ გუნდში ამბობენ, რომ არის წესი, რომელსაც ადგენს ქვეყანა, ხოლო როდესაც კანონი, წესით, რამდენიმე დღეში უნდა ამოქმედდეს და ამის თანახმად შეუძლია საელჩოს მიმართოს მთავრობას და თანხმობა მიიღოს, თუ კეთილშობილური მიზნები ამოძრავებს გრანტის გაცემისას, ამაში პრობლემა არაფერია. ხოლო, როცა რამდენიმე დღით საელჩო ასწრებს და ზიანს აყენებ სახელმწიფოს, ახორციელებს გარკვეულ თავდასხმას, ეს ძალიან ცუდი და არადიპლომატიური ნაბიჯია.
საარჩევნო პროცესში სადამკვირვებლო მისიების ჩართულობა მნიშვნელოვანია ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისთვის, თუმცა გიორგი კალანდარიშვილი ამბობს, რომ ისინი მიკერძოებულები არ უნდა იყვნენ, რაზეც თავის დასკვნებში ეუთო/ოდირიც მიუთითებდა.
ბრიტანეთის საელჩოს განცხადებას იზიარებენ ოპოზიციაში, სადაც ამტკიცებენ, რომ ხელისუფლებას არჩევნების კონკურენტუნარიან გარემოში ჩატარება არ სურს.
პარლამენტის თავმჯდომარე ჯერ კიდევ 2 თვის წინ, ბრიტანეთის მიერ საგრანტო კონკურსის გამოცხადებისას საუბრობდა კორუფციასთან დაკავშირებულ ეჭვებსა და პირადად ელჩის მხრიდან არჩევნებში ჩარევის მცდელობაზე. სახელისუფლებო პარტიაში ისიც თქვეს, რომ საელჩოს თავისი ფუნქციები ერევა, რადგან დიპლომატიური უწყების კომპეტენცია არჩევნებზე დაკვირვება არ არის.
„აღმოჩნდა, რომ ბრიტანეთის საელჩო ყოფილა ის, ვინც აფინანსებს საქართველოში პროპაგანდას“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ბრიტანეთის ელჩმა საკითხზე განმარტებები გააკეთოს.
„ორგანიზაცია, რომლისთვისაც აპირებდნენ 400 000 ლარის მიცემას 3 თვეში, გახლავთ „საქართველოს მომავლის აკადემია“. [ამ სურათზე] არის გია ჯაფარიძე, „ნაციონალური მოძრაობის“ სიის მე-5 ნომერი (2024 წლის არჩევნებში). ნაცებში რომ მეხუთე ნომერი იქნები, როგორი ნაცია ადამიანი, გასაგებია. ეგეთი ზღაპრები [რომ არა პარტიის, არამედ კოალიციის წევრია] მოუყვეს ბრიტანეთის ელჩს. ეს ადამიანი გახდა დეპუტატი, მანდატი დააგდო, არ აღიარა და დღეს ამბობს, ჩვენ უნდა ჩავშალოთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და ბოიკოტი გამოვუცხადოთო. ეს ადამიანი არის მეორე სურათზეც - ზუსტად - „საქართველოს მომავლის აკადემიის“. ბრიტანეთის ელჩს შტერები ვგონივართ ქართველები, როცა ეს უნდა ჩვენ მოგვყიდოს, როგორც მოქალაქეების დაკვირვება არჩევნებზე, როცა „ნაცმოძრაობის“ მე-5 ნომერი, ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ უნდა ჩაშალოს თვითმმართველობის არჩევნები და ბოიკოტი გამოუცხადოს, უნდა იყოს დამკვირვებელი.
სხვათა შორის, მეორე, ვინც არის ამ ორგანიზაციის წევრი, ბატონი ზიბზიბაძე, გახლავთ ფრანკლინის კლუბის ერთ-ერთი ლიდერი, რომელიც მას შემდეგ, რაც რადიკალიზმში იქნა მხილებული, უცებ ჩააჩოჩეს და წამოწიეს მეორე ორგანიზაცია ზემოთ.
ბრიტანეთის ელჩს, არ ვიცი, როგორ მოუვიდა ეს ამბავი, მაგრამ თავისი თავი ამხილა ექსტრემიზმის და პროპაგანდის დაფინანსებაში. თავიდან გამიკვირდა, როცა ეს ინფორმაცია გავიგე და მოვიკითხე, მათ შორის, რასთან მქონდა საერთოდ საქმე და თვალებს არ დავუჯერე - პირდაპირ, დღისით, მზისით ამბობენ - უნდა დავაფინანსოთ პროპაგანდა და უნდა დავაფინანსოთ ექსტრემისტული ჯგუფები, რომლებიც ბოიკოტს უცხადებენ არჩევნებს - ესენი უნდა დააკვირდნენ არჩევნებს? ახლა მნიშვნელოვანია, რომ ბრიტანეთის ელჩმა გააკეთოს ამაზე განცხადებები“, - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე ამბობს, რომ საელჩოები თავად უპირისპირდებიან ხელისუფლებას და ყველანაირ დიპლომატიურ ზღვარს სცდებიან. როგორც პოლიტიკური ანალიტიკოსი for.ge-თან მიიჩნევს, „ქართული ოცნების“ მისამართით მტრული განცხადებები სწორედ უცხოელი დიპლომატების მხრიდან ხდება, რაც მათ ფუნქციურ ჩარჩოებს სცდება.
„ბრიტანეთის საელჩოს უკანასკნელი განცხადება საგრანტო დაფინანსებაზე არსებითად უსაფუძვლო, დიპლომატიური ეტიკეტისგან დაცლილი და სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგო იყო. იმ ფონზე, როცა კანონპროექტზე ჯერ კიდევ მიმდინარეობს მსჯელობა პარლამენტში, საელჩოსგან ვითარების წინასწარ ინტერპრეტირება მიუღებელია. თითქოს ბრიტანეთს განსაკუთრებული სტატუსი უნდა ჰქონდეს, რომ კანონმდებლობის ამოქმედებამდე მოახერხოს გრანტების გაცემის პრივილეგია“, – განაცხადა აბაშიძემ.
მისი აზრით, სწორედ ეს მიდგომა ეწინააღმდეგება იმ პრინციპებს, რაც თვითონ დასავლური ცივილიზაციის საფუძვლად მიიჩნევა.
„შთამბეჭდავია ის ფაქტი, რომ ბრიტანეთმა, რომლისგანაც გადმოვიღეთ ტერმინები, როგორიცაა „კანონის უზენაესობა“, თავად დაკარგა ამ ღირებულებების მიმართ თანმიმდევრულობა. ისტორიულად გაერთიანებული სამეფო დემოკრატიის ერთ-ერთი ბურჯი იყო, თუმცა ბოლო წლებში, როგორც წინა, ისე ამჟამინდელი ხელისუფლების პირობებში, ეს ნაკლებად იგრძნობა. ბრიტანეთის საელჩოს რეაქცია მეტწილად იმ არასამთავრობო ორგანიზაციების ინტერესებს ემსახურება, რომლებიც საქართველოში სახელმწიფო ინსტიტუტების დესტაბილიზაციაზე მუშაობენ“, - ამბობს ანალიტიკოსი.
ანალიტიკოს მიაჩნია, რომ ამ განცხადებით დიპლომატიური მისია ცდილობს დაიცვას ისეთი ბენეფიციარები, რომლებიც მუდმივად ცდილობენ ქართულ სახელმწიფოებრიობა დააზიანონ. ეს არ არის მხოლოდ კრიტიკა, ეს არის მიზანმიმართული ზეწოლა ქვეყნის შიდა პოლიტიკაზე.
„ქართულმა ხელისუფლებამ არაერთხელ აჩვენა მზადყოფნა კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის, თუმცა რეაგირება ხშირად უცხოელი ელჩებისგან მხოლოდ დაპირისპირებაა. მმართველი გუნდი კონფრონტაციას არ ირჩევს. სწორედ კონკრეტული საელჩოების წარმომადგენლები, განსაკუთრებით კი გერმანიის ელჩი და ევროკავშირის წარმომადგენელი, სისტემატურად არღვევენ დიპლომატიური ურთიერთობების საერთაშორისოდ აღიარებულ ნორმებს და ღიად ერევიან ქვეყნის საშინაო საქმეებში“, - აცხადებს ანალიტიკოსი.
მისივე თქმით, ასეთი ტონი საბოლოოდ აზრს დაკარგავს და ელჩები, უნდათ თუ არა, იძულებულები გახდებიან, ქართველი ხალხის არჩევანი მიიღონ.
„როცა გააცნობიერებენ, რომ ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება შანტაჟისა და ზეწოლის წინააღმდეგ მტკიცედ დგას, საბოლოოდ აზრს შეიცვლიან – იქნება ეს დღეს, ხვალ თუ ზეგ“, - ფიქრობს აბაშიძე.
როცა ელჩი საქართველოს შიდა საქმეებში ერევა, იქცევა როგორც პოლიტიკური მხარე და ამით არღვევს ვენის კონვენციას, საქართველომ ჰააგაში უნდა უჩივლოს ბრიტანეთს (და სხვასაც) და მოითხოვოს მისთვის (მათთვის) სანქციის დადება! ... როგორც პაპუაშვილი ალაგებს, ცამდე მართლები ვართ და იქნებ დიდ კაცთან (კოლონიალიზმის ფუძემდებელთან) პატარა კაცს გაუვიდეს სამართალი
სხვა თუ არაფერი კაცობაში ჩაგვეწერება და პრეცედენტი შეიქმნება