თავდაცვის სამინისტრო თავდაცვისთვის ემზადება

თავდაცვის სამინისტრო თავდაცვისთვის ემზადება

ბოლო დღეების განმავლობაში ყველაზე აქტუალური თემა ხელისუფლების მხრიდან შეიარაღებული ფორმირებების შექმნაა, რომლის შესახებ განცხადება „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ 15 მარტს, დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრისას გააკეთა.

„მე მინდა ყურადღება მიაპყროთ იმას თუ რა ხდება დასავლეთ საქართველოში. რატომ ყალიბდება გასამხედროებული ჯგუფები და ვინ აიარაღებს მათ. რატომ აქვთ იარაღი მუდამ თან და რატომ ელოდებიან რაღაც მოვლენას, როდესაც ეს მათ დასჭირდებათ. ეს ზუსტად მიანიშნებს იმაზე, რომ სააკაშვილი არ აპირებს ჩაატაროს სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები და ნიადაგს ამზადებს იმისთვის, რომ პოლიტიკური ოპიზიცია გაანადგუროს, რადგან, „ჩვენ ვართ სახელმწიფოს მტრები“, „ჩვენ ვიმართებით კრემლიდან“.

„მისი ეს სიტყვები პარლამენტში და, სამი დღის წინ კახეთში მიანიშნებს, რომ ის ემზადება სამოქალაქო ომის და კონფრონტაციისთვის და არ ვაჭარბებ, რომ თქვენი ჩარევის და თქვენი დახმარების გარეშე, საქართველოს სამოქალაქო საზოგადებასთან ერთად, თქვენი ხმის მიწვდენის გარეშე, რთული იქნება თავიდან ავიცილოთ ის კონფრონტაცია, რომლის მოწმეებიც ვიქნებით, რაც უფრო მივუახლოვდებით არჩევნებს.

მე მჯერა თქვენი რჩევის ძალისა, რადგან თქვენ აქ იყავით უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში და ეხმარებოდით სახელმწიფო აღმშენებლობას და დემოკრატიული ინსტიტუციების მშენებლობას.

სანამ გვიან არ არის, მე, როგორც თქვენი ყოფილი კოლეგა, გთხოვთ, იყოთ უფრო აქტიურები რეგიონებში და მონიტორინგი აწარმოოთ არა მხოლოდ მედიაზე, არამედ ძალადობაზეც, რომელიც როგორც აღმოჩნდა, გახდა „ნაციონალური მოძრაობის“ დაშინების მთავარი კამპანია.

ეს არ არის უბრალო სიტყვები, თქვენ და ევროკავშირის მონიტორინგის მისიას შეგიძლიათ გადაამოწმოთ ეს ყველაფერი დასავლეთ საქართველოში, განსაკუთრებით – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საზღვართან და ასევე სხვა რეგიონებშიც.

თქვენი რეაქცია უნდა იყოს მტკიცე და რასაც გთხოვთ არის ის, რომ საარჩევნო ბრძოლის ველი იყოს სამართლიანი და კონკურენტუნარიანი და ეს არ არის დიდი თხოვნა მითუმეტეს 21 საუკუნეში, როცა საქართველო უკვე ინტეგრირებულია უმეტეს ევროპულ სტრუქტურებში. ჩვენ ვუახლოვდებით კრიტუკულ მომენტს, როცა თქვენი ჩართვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე ალასანია მიმდინარე კვირაში საგანგებო ბრიფინგის გამართვას გეგმავს, სადაც წარმოადგენს კონკრეტულ მტკიცებულებებს მისი ნათქვამის დასადასტურებლად.

მაგრამ საინტერესო ის არის, რომ მის ამ განცხადებას ხელისუფლების მხრიდან საკმაოდ მწვავე რეაქცია მოჰყვა. ფაქტობრივად, მათ შეიარაღებული რაზმების არსებობა არ უარყვეს, მაგრამ განაცხადეს, რომ ესენი ე.წ. მოხალისე რეზერვია, რომელიც თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში 5 დღიან სწავლებებს გადიან იმისთვის, რომ აიმაღლონ სამხედრო უნარ-ჩვევები. ამის საჭიროებას კი იმით ხსნიან, რომ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია და მტრის თავდასხმის შემთხვევაში მათ თავისდაცვა უნდა შეეძლოთ.

ცნობისთვის, მოხალისე რეზერვი 2011 წლის ოქტომბერ-ნოემბრიდან შეიქმნა თავდაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე.  

რაც მთავარია, ხელისუფლების მხრიდან კეთდება განცხადებები, რომ ალასანიას საუბრიდან ჩანს, თითქოს მის პოლიტიკურ ძალას ჰქონდეს კავშირი უკანონო შეიარაღებულ დაჯგუფებებთან. ეს განცხადებები რისთვის გაკეთდა და რა აქვს ხელისუფლებას ჩაფიქრებული, ძნელი სათქმელია.

მაგრამ ამ შემთხვევაში საინტერესო ის არის, თუ ხელისუფლების ამ განცხადებებს რა კონკრეტული ქმედებები მოჰყვა.

ერთ-ერთი საინტერესო გადაწყვეტილება ის არის, რომ ქვეყნის მართლწესრიგთან დაკავშირებულ ინფორმაციებს, შესაძლოა, გრიფი „საიდუმლო“ დაედოს.

შესაბამისი ცვლილება „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ კანონში შედის.

კანონპროექტის ავტორი უშიშროების საბჭოა, ინიციატორი კი პრეზიდენტი.

კანონმდებლობით, საიდუმლოების გრიფი სახელმწიფო საიდუმლოებად მიჩნეული ინფორმაციის ყოველი მატერიალური შემცველის აუცილებელი რეკვიზიტია.

სახელმწიფო საიდუმლოებას მიეკუთვნება შემდეგი კლასიფიცირებული ინფორმაცია: ა) „განსაკუთრებული მნიშვნელობის“, ბ) „სრულიად საიდუმლო“, გ) „საიდუმლო“, დ) „შეზღუდული სარგებლობისთვის“.

ინფორმაციას, რომლისთვისაც წესდება საიდუმლოობის ხარისხი - „განსაკუთრებული მნიშვნელობის“, მიეკუთვნება მონაცემი, რომლის გავრცელება ან დაკარგვა არსებითად იმოქმედებდა საქართველოს ინტერესებზე თავდაცვის, სახელმწიფო უსაფრთხოების, ეკონომიკისა და პოლიტიკის სფეროებში ან/და გამოიწვევდა განსაკუთრებით მძიმე შედეგებს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების მონაწილე ქვეყნისა თუ ორგანიზაციისათვის.

კანონპროექტით კი დგინდება, რომ ასეთ ხარისხს მიეკუთვნება მონაცემიც, რომლის გავრცელება ან დაკარგვა აღნიშნულ მიზეზებთან ერთად, არსებითად იმოქმედებს ქვეყნის მართლწესრიგზეც.

ანალოგიური მიდგომაა დანარჩენ საკითხებზეც და დანარჩენი ხარისხის მინიჭებისთვის ინფორმაციას, ასევე, ქვეყნის მართლწესრიგზე უარყოფითი გავლენის მოხდენა უნდა შეეძლოს.

როგორც ჩანს, ხელისუფლება აპირებს, გაასაიდუმლოოს ყველაფერი, რაც ქვეყნის მართლწესრიგს ეხება. მართლწესრიგად კი რა ჩაითვლება, არავინ იცის და, როგორც ჩანს, ვერც ვერავინ გაიგებს.  

ამის პარალელურად თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლით მოსარგებლეთა წრე ფართოვდება.

ამასთან დაკავშირებით თავდაცვის მინისტრმა „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ ბრძანებაში ცვლილება შეიტანა.

აქამდე დაკონკრეტეული იყო, რომ სამხედროების გარდა, ჰოსპიტალში არსებული სამედიცინო მომსახურებით სარგებლობის უფლება ჰქონდათ თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული კატეგორიის პირებს, თუ ისინი წარმოადგენენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან დათხოვნილ სახელმწიფო კომპენსაციის თუ პენსიის მიმღებ პირებს და მარჩენალის გარდაცვალების გამო სახელმწიფო კომპენსაციის/პენსიის მიმღებ პირებს და მათი ოჯახის წევრებს. ასევე, საბრძოლო მოქმედებების, საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის ან სხვა სახის სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის დროს დაღუპულის ოჯახის წევრებს.

მინისტრის ახალი ბრძანებით კი დგინდება, რომ სამხედრო ჰოსპიტლის მომსახურებით სარგებლობის უფლება, „თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ სხვა კატეგორიის პირებსაც“ ექნებათ.

მინისტრის ბრძანება უკვე ძალაშია შესული.

და ბოლოს, 17 მარტს პრეზიდენტმა ძალიან საინტერესო რამ თქვა. სააკაშვილმა ოპონენტებზე საუბრისას, უფრო სწორად, ლანძღვისას, განაცხადა, რომ „ისინი ცდილობენ, საარჩევნო კამპანიაში ჩაგვითრიონო” და მერე ძალიან ბევრი ილაპარაკა იმაზე, რომ მას სხვა მიზნები აქვს და ამას არ დაუშვებს.

ძნელის სათქმელია, ეს ფრაზა პრეზიდენტს წამოსცდა თუ შეგნებულად თქვა, მაგრამ ფაქტია, რომ დემოკრატიული ქვეყნებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნები და საარჩევნო კამპანია და, თუკი პრეზიდენტი ამაზე უარს ამბობს, მაშინ საინტერესოა, ამის იქით რა რჩება და ეს ხელისუფლება რა გზას ირჩევს.