2010 წლის 2 ივნისს ქართველმა სამართალდამცველებმა ხმაურიანი სპეც-ოპერაცია ჩაატარეს, რომელსაც რამდენიმე ადამიანის დაკავება მოჰყვა. საუბარია ნარკოტრეფიკის ცნობილ საქმეზე, როდესაც იმერეთის სოფელ ტყაჩირში მევლუდ სვანიძის ეზოდან ნუგზარ ბოჭორიშვილის კუთვნილი, მიწაში დამარხული მილიონ შვიდასი ათასი ვერო ამოიღეს. მაშინ ითქვა, რომ ეს ნარკოტიკების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალია და პრეზიდენტმა სააკაშვილმა ამაყად გვამცნო, რომ სწორედ ამ ფულით პირველკლასელებისთვის სახელმწიფო ე.წ. „ნეთბუქებს“ იყიდდა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ სად გაქრა ეს თანხა, ვერაფრით ვერ გაირკვა, ქართველი ჟურნალისტების არაერთი მცდელობის მიუხედავად.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერსიით სქემა ასეთი იყო - საქართველოში დაბადებული ნუგზარ ბოჭორიშვილი, რომელიც ამჟამად, საბერძნეთის მოქალაქეა, მის მიერ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს რეგულარულად უგზავნიდა ჯართს პანამიდან, პერუდან და კოლუმბიიდან. ტვირთში გადამალული იყო “კოკაინის” დიდი პარტიები და ნარკოტიკი საქართველოდან ევროპაში, საერთაშორისო ბაზრებზე გასანაწილებლად გადიოდა. ქართველი სამართალდამცველების ინფორმაციით, ნუგზარ ბოჭორიშვილი კრიმინალური ავტორირეტის, შაქრო კალაშოვის მფარველობის ქვეშ მოქმედებდა. სწორედ ამიტომ ქართულმა მხარემ ორივე მათგანის საქართველოში ექსტრადირება მოითხოვა, თუმცა დღემდე არც ერთ მათგანთან დაკავშირებით ეს მოთხოვნა დაკმაყოფილებული არ არის.
საბერძნეთმა, სადაც ამჟამად ნუგზარ ბოჭორიშვილი ცხოვრობს, მაშინ, როდესაც ქართველმა სამართალდამცავებმა საქართველოში გამოძიება დაიწყეს, საბერძნეთში დააკავეს ბოჭორიშვილი, მაგრამ მის წინააღმდეგ სამხილების არარსებობის გამო იგი მალევე გაანთავისუფლეს. საბერძნეთმა არაერთხელ მოსთხოვა ქართულ მხარეს ბოჭორიშვილის მამხილებელი მტკიცებულებების გადაგზავნა, მაგრამ ეს არ მოხდა. როგორც ჩანს, ქართულ მხარეს არაფერი ჰქონდა გადასაგზავნი.
სამაგიეროდ საქართველოში გაასამართლეს ბოჭორიშვილის ოჯახის წევრები და ახლობლები გიორგი ჩეჩელაშვილი, ანასტასია ზაუტაშვილი, რომან მესუმიანი და მევლუდ სვანიძე. თითოეულ მათგანს 25-დან 30 წლამდე პატიმრობა აქვს მისჯილი. ქართულმა სასამართლომ დაუსწრებლად გაასამართლა ასევე ნუგზარ ბოჭორიშვილი და მას უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. აღსანიშნავია, რომ ამ საქმემ საქართველოში სამივე სასამართლო ინსტანცია მოიარა და სულ ცოტა ხნის წინ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაიგზავნა. აქ აღარ შევჩერდებით იმ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იქნა საქმის წარმოებისას. მხოლოდ იმის თქმაც კმარა, რომ ამ დარღვევების ამსახველი ხუთ კილოგრამამდე საქმის მასალები ერთვის ვეროსასამართლოში გაგზავნილ საჩივარს, რომელიც 100 გვერდს მოიცავს. აღსანიშნავია ისიც, რომ საქმის სასამართლოში განხილვის პერიოდში ნუგზარ ბოჭორიშვილმა არაერთხელ განაცხადა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები მასთან სხვადასხვა ადამიანების პირით აწარმოებდნენ მოლაპარაკებას. პირველი ასეთი განცხადება ბოჭორიშვილის ადვოკატების მხრიდან გაკეთდა ჯერ კიდევ შარშან, როდესაც ბოჭორიშვილის თქმით, მას კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტიდან დაუკავშირდნენ სოსო თოფურიძის სახელით და მის წინააღმდეგ აღძრული საქმის შეწყვეტის სანაცვლოდ ბოჭორიშვილისგან ითხოვდნენ სამი მილიონი ევროს გადმორიცხვას საქართველოში, ან „ქეშად“ მილიონ ნახევარ ევროს.
დღეს ბოჭორიშვილის ადვოკატი მანანა კობახიძე აცხადებს, რომ ნუგზარ ბოჭორიშვილზე საბერძნეთში განხორციელდა შეიარაღებული თავდახსმა და ეს უკავშირდება იმას, რომ ბოჭორიშვილისა და ამ საქმეზე მსჯავრდებული დანარჩენი პიროვნენების საქმე გასაჩივრდა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, რამაც გააღიზიანა საქართველოს ხელისუფლება.
presage.tv საბერძნეთში დაუკავშირდა ნუგზარ ბოჭორიშვილს და თავად მისგან მოისმინა მომხდარი ფაქტის შესახებ მონათხრობი. ბოჭორიშვილის განცხადებით, 21 მარტს საღამოს საათებში იგი თავისი მანქანით მიდიოდა მეგობართან შესახვედრად, რა დროსაც მას უკნიდან დაეწია მანქანა, რომელმაც საყვირითა და მაშუქების ციმციმით ნიშანი მისცა ბოჭორიშვილს. ამ უკანასკნელმა იფიქრა, რომ ეს ვინმე მისი ახლობელი იყო და სვლა შეანელა, რა დროსაც მის ავტომობილს გვერდიდან დაეწია უცნობი მანქანა, საიდანაც ბოჭორიშვილს გაუხსნეს ცეცხლი. მისი თქმით, იგი ინსტიქტურად, რამდენადაც შეეძლო, გადაწვა უკან, სავარძლის საზურგეს მიებჯინა და თვლის, რომ სწორედ ამან გადაარჩინა. ბოჭორიშვილს ცეცხლსასროლი დაზიანება არ მიუღია, მხოლოდ ჩამსხვრეული მინებისგან მიიღო უმნიშვნელო დაზიანებები.
ნუგზარ ბოჭორიშვილი აცხადებს, რომ თავდამსხმელები მინიმუმ ორნი იყვნენ, - ერთი მძღოლი და მეორე ის, ვინც მძღოლის გვერდით იჯდა და ისროდა. ამასთანავე, ბოჭორიშვილის განცხადებით, ის ვინც ისროდა, იერით ქართველს ჰგავდა.
ნუგზარ ბოჭორიშვილი ამ თავდასხმას უკავშირებს მისი საქმის ევროსასამართლოში გაგზავნას და აცხადებს, რომ უკანასკნელი ორი თვის განმავლობაში მას ტელეფონით უკავშირდებოდნენ საბერძნეთიდანვე, ქუჩის ე.წ. „ავტომატი“ ტელეფონიდან და მისგან ითხოვდნენ, რომ ევროსასამართლოში სარჩელი არ შეეტანა. უცნობი პირები ბოჭორიშვილს საბერძნეთში საქართველოს საელჩოს ტერიტორიაზე შეხვედრას და ამ საქმის „მირნად“ დასრულებას სთავაზობდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში კი ეუბნებოდნენ - „ხომ იცი ვისთან გაქვს საქმე, დათა ახალაია რასაც ამბობს ასრულებს“ და ა.შ. ამასთანავე, ბოჭორიშვილის თქმით, უცნობი პიროვნება აფრთხილებდა მას - ნუ ეთამაშები შენს სიცოცხლესო. ევროსასამართლოდან საჩივრის გამოტანასთან დაკავშირებით მის მოთხოვნაზე უარის მიღების შემდეგ კი ამ პიროვნებამ ბოჭორიშვილს უთხრა - „მაშინ შენს თავს დააბრალე, რაც მოგივაო“. ბოჭორიშვილი ამბობს, რომ არ დათანხმა ასეთი ტიპის შეხვედრას, რადგანაც ელოდა, რომ მას რაიმე პროვოკაციას მოუწყობდნენ.
ბოჭორიშვილი აცხადებს, რომ სწორედ ამის შემდეგ განხორციელდა მასზე თავდასხმა. ყველაფერ ამას კი იგი უკავშირებს იმ მილიონ შვიდასი ათას ევროს, რომელიც მას საქართველოს ხელისუფლებამ პრაქტიკულად წაართვა.
„ეტყობა მაგათი გათვლა ასეთია, რომ მე თუ არ ვიქნები, მანდ ადამიანები ციხეში სხედან და მაგათზე ზეწოლას ადვილად განახორციელებენ და საჩივარსაც გამოატანინებენ. ეს პირველი შემთხვევა არ არის. ან თუნდაც შეიძლება რაღაცას დაპირდე ადამიანს და ისე გააკეთებინო რამე. მანდ პირდაპირი მხილებაა სააკაშვილის, რომ ეს მილიონ შვიდასი ათასი ევრო ტიპმა აიღო და ჩაიდო ჯიბეში იმიტომ, რომ ეს თანხა ბიუჯეტში არ ასახულა. შემოსავლის ნაწილში ხომ უნდა ასახულიყო, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. სააკაშვილმა თქვა პირველკლასელებისთვის კომპიუტერებს ვიყიდითო, მაგრამ ამ თანხით ერთი ცალი კომპიუტერიც არ არის ნაყიდი. ტიპმა ჩაიდო ჯიბეში ეს ფული და დახარჯა მასაჟისტებში ან კიდევ სადღაც, როგორც ეს ხდება საქართველოში. ყველაფერი იმისთვის ხდება, რომ არ უნდა გამჟღავნდეს, რომ პირველი კორუმპირებული არის სააკაშვილი და მერე უკვე მისი ბანდიტები პოლიციაში.“- აცხადებს ნუგზარ ბოჭორიშვილი presage.tv-სთან საუბრისას.
მისი თქმით, თავიდან მისთვის ფულის გამოძალვას ცდილობდნენ, ჯერ იყო და 60 მილიონს ითხოვდნენ, შემდეგ უკვე იყო ეს ცნობილი სამი მილიონის საქმე. დღეს კი ნუგზარ ბოჭორიშვილი ფიქრობს, რომ ახლა უკვე თანხაზე აღარ არის ლაპარაკი.
„საუბარია იმაზე, როგორ დავშორდეთ „მირნად“ როგორც თვითონ ამბობენ და რომ არ გამღავნდეს სააკაშვილმა რომ ეს ფული აიღო და ჯიბეში ჩაიდო. არსად არ ჩანს ეს ფული, პარლამენტიდანაც გვაქვს წერილი, რომ ეს თანხა არ ასახულა არსად, არც კომპიუტერების ყიდვაზე დახარჯულა. გამოდის, რომ რამდენიმე კაცმა, მაგისმა ახალაიებმა და ვიღაც ვიღაცეებმა ერთად ჩაიდეს ჯიბეში.“- ამბობს ნუგზარ ბოჭორიშვილი და აქვე დასძენს, რომ ვინაიდან მას ოჯახის წევრები ჰყავს საქართველოში, შესაძლოა რომელიმე მათგანს სამართალდამცავებმა რაიმე სახის პროვოკაცია მოუწყონ.
„აუცილებლად მინდა ვთქვა, რომ ჩემი და მანდ ექიმად მუშაობს და ხვალ თუ აღმოჩნდა, რომ უეცრად მან ქრთამი აიღო ან რომელიმე ჩემს ნათესავს სადმე ბუჩქებში ტანკი უპოვეს გადამალული, იცოდეთ, რომ ეს ტყუილია. ვინც ნაციონალურ მოძრობისთვის აპირებს ხმის მიცემას, უნდა იცოდნენ, რომ ეს ასეა. ზუსტად ახალაიას მიერ იყო შეკვეთილი ის საცოდავი გირგვლიანი, რობაქიძე და კიდევ ვინ მოსთვლის რამდენი. შემდეგი ვიყავი ალბათმეც , მაგრამ არ გამოუვიდათ, რადგან ცოტა შორს ვარ. იმ ორ კაცს, ვინც მე დამესხა თავს, კიდე ოთხი ვერ აზღვევდა, აღარ იყვნენ ათნი და ორმა ერთი კაციც კი ვეღარ მოკლა. ათი ეგეთი სჭირდება ამ საქმეს იმიტომ, რომ თვითონ არიან ასეთი პატარები, და ასეთები ჰგონიათ სხვებიც.“- აცხადებს ნუგზარ ბოჭორიშვილი presage.tv-სთან საუბრისას.
მისი ადვოკატი მანანა კობახიძე კი ამბობს, რომ ის ე.წ. წარმატებული სპეც-ოპერაცია, რომლითაც საქართველოს ხელისუფლება ასე იწონებდა თავს 2010 წლის ივნისში, სულაც არ იყო ასე წარმატებული და ძალიან მალე ევროსასამართლო ამის შესახებ თავის გადაწყვეტილებას დადებს. მანანა კობახიძე საქართველოს ხელისუფლებას ტყუილში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ჩვენი ხელისუფლება ცდილობს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტიც კი შეცდომაში შეიყვანოს.
კერძოდ, მანანა კობახიძე საუბრობს საქართველოს პროკურატურის და იუსტიციის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ კვლევაზე, რომელიც საქართველოში ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას ეხება და ასახავს მდგონმარეობას 2007 წლიდან დღემდე. მასში მოცემულია ის ნარკოტიკული საშუალებები რომელთა ბრუნვაც ხდებოდა საქართველოში 2007- დან 2011 წლამდე.
მანანა კობახიძე: „ამ კვლევაში ასახულია ჰეროინი, როგორც ძლიერმოქმედი ნარკოტიკული საშუალება, მოტანილი გახლავთ მეთადონი, როგორც ძლიერ მოქმედი ნარკოტიკული საშუალება. მიაქციეთ ყურადღება - 2010 წელს 7,5 გრამი მეთადონია ამოღებული და ამას ძალიან დიდი რუდუნებით აქცევს ყურადღებას მთავარი პროკურატურა და იუსტიციის სამინისტრო. მაგრამ ამით მთავრდება, ანუ არსად არ ჩანს კვლევაში რომ 2010 წელს საქართველოში ერთი გრამი კოკაინი მაინც იყო ამოღებული. მე მაქვს კითხვა მთავარ პროკურორთან და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტთან - თუკი 2010 წელს წარმატებული ოპერაცია ჩაატარეთ, თუ თქვენ ნამდვილად გახსენით კოკაინის ნარკოტრეფიკის საქმე, თუ თქვენ ნამდვილად ამოიღეთ მევლუდ სავანიძის ავტომანქანიდან სოფელ ტყაჩირში 133 გრამი და მეტი ოდენობით კოკაინი, მაშინ რატომ არ მიუთითეთ თქვენივე ანგარიშში კოკაინის ბრუნვა და რატომ არ დააფიქსირეთ მსგავს ცხრილში 2010 წელს ამოღებული კოკაინი?
მე არ მგონია ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს ასე იოლად ატყუილებდეს საქართველოს ხელისუფლება. ეს არის სიმართლე, ნამდვილად არ ამოღებულა არავითარი კოკაინი, ეს იყო ჩადებული რაღაც ფხვნილი, ცარცი ან რამე სხვა, ეს იყო ფალსიფიცირებული მტკიცებულება“.
მანანა კობახიძე აცხადებს, რომ აღნიშნულ ანგარიშში რომ მიეთითებინა ხელისუფლებას 220 კილოგრამი კოკაინი, გაერო, თავისი სტანდარტებიდან გამომდინარე, აუცილებლად მოითხოვდა მისთვის ამ ფხვნილის გადაგზავნას, რათა დადგენილიყო მისი წარმომშობი ქვეყანა, რადგანაც კოკაინს სულ რამდენიმე ქვეყანა აწარმოებს, მათ შორის კოლუმბია, პანამა და ა.შ. ხელისუფელბას კი, მანანა კობახიძის თქმით, რეალურად არ ჰქონდა კოკაინი, რის გამოც რა თქმა უნდა, ვერ გადაუგზავნიდა მას გაეროს და სწორედ ამიტომ არ მოახვედრა ეს ნივთიერება თავის ანგარიშში. ადვოკატი კობახიძე აცხადებს, რომ ამით ხელისუფლება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ არანაირი ოპერაცია არ ჩატარებულა, არანაირი კოკაინი არ ამოღებულა, ეს იყო ჩადებული ე.წ. „მტკიცებულება“ და მიზანი იყო იმ მილიონ შვიდასი ათასი ევროს უკანონოდ დაუფლება.
კობახიძის თქმით, ამ ანგარიშს, რადგანაც ეს არის ოფიციალური ინფორმაცია, აქვს მტკიცებულების ძალა და ეს იქნება ახლადაღმოჩენილი გარემოება, რის საფუძველზეც დაცვის მხარე საქმის ხელახალ განხილვას მოითხოვს.
მანანა კობახიძე: „მთავარ პროკურორთან აუცილებლად შევა საჩივარი და ამ საჩივრის საფუძველი გახლავთ სწორედ ის ახალი ინფორმაცია, რაც განაჩენის გამოტანის და საქმის წარმოების დამთავრების მერე გახდა ცნობილი. ეს არის წლევანდელი კვლევა ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით, რომელიც არის ოფიციალური ინფორმაცია. ჩვენ ოფიციალურად მივმართეთ კიდევაც ჟურნალისტების მეშვეობით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და მისგან მივიღეთ ინფორმაცია რომ ის კვლევები და ის დოკუმენტები რაც იდება მათ ვერბგვერდზე, წარმოადგენს ოფიციალურად დადასტურებულ ინფორმაციას და შესაბამისად ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ მტკიცებულებად და კეთილი ინებოს პროკურატურამ დაგვისაბუთოს ვინ არის მართალი, ვის ატყუებს შინაგან საქმეთა სამინისტრო ამერიკის დეპარტამენტს, ჩვენ თუ თვითონ პროკურატურას. შესაბამისად ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გარემოება, რომელზეც ჯობია საქართველოს ხელისუფლებამ და მთავარმა პროკურატურამ იმსჯელოს იმიტომ, რომ ეს არის საერთაშორისო სკანდალი, ეს არის საქმე, რომელიც აუცილებლად გავა საქართველოს ფარგლებს გარეთ, გასულია კიდეც უკვე და ევროპის სასამართლო აუცილებლად ძალიან მნიშვნელოვან სანქციებს დააკისრებს საქართველოს იმ დარღვევებისთვის რაც ამ საქმეში არის დაფიქსირებული.“