საქართველოს რადიაქტიული ნარჩენების ტრასად გადაქცევას უწინასწარმეტყველებენ

საქართველოს რადიაქტიული ნარჩენების ტრასად გადაქცევას უწინასწარმეტყველებენ

„რადიაციული თვალსაზრისით, საქართველო საშიში ქვეყანა გახდება. გამორიცხული არ არის, ჩერნობილისა და ფუკუსიმას ტრაგედია საქართველოშიც დატრიალდეს“, - შიშობენ ექსპერტები მას შემდეგ, რაც სულ ახლახანს პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლითაც საქართველოში ატომური სადგურების აშენება აღარ იკრძალება. სპეციალისტების თქმით, 2007 წელს პარიზში ყოფნისას მიხეილ სააკაშვილი საფრანგეთის ერთ-ერთ კომპანიას ფარულად შეუთანხმდა, რომ საქართველოში რეგიონალური მასშტაბის ატომურ სადგურს ააშენებდა, რაც ფულის გაკეთების შესანიშნავი საშუალებაა. ამასთან, უახლოეს მომავალში სულ უფრო რეალისტური ხდება საქართველოში რადიაქტიული ნარჩენებისა და ნივთიერებების ტრასის მოწყობის საფრთხე და ამ სახიფათო ნარჩენებს პირდაპირ სომხეთიდან ან რუსეთიდან გამოიტანენ.   

„გრინფისის“ მხარდამჭერთა ჯგუფის წევრები აცხადებენ, რომ ხელისუფლების მხრიდან საქართველოს ბუნებისადმი მავნებლურ დამოკიდებულებას სამართლებრივ რეაგირებას მისცემენ და საპროცესო სარჩელს აუცილებლად შეიტანენ.  

„ეს აღვირახსნილად დანაშულებრივი კანონი საქართველოში გარემოს დაცვის სფეროში მოქმედი ყველა კანონის დარღვევის უფლებას გულისხმობს. ჩვენი ჯანმრთელობის, ჩვენი ბუნების, ჩვენი სისხლის გაყიდვას უკვე ღიად, დაუფარავად აპირებენ. რასაც ადრე აკეთებდნენ მალულად, დღეს პირდაპირ კანონში ჩაწერეს, რომ თურმე ფულზე იყიდება საქართველოს უნიკალური ბუნება. ეს ეწინააღმდეგება საქართველოში კონსტიტუციურ უფლებას, 37-ე მუხლის მე-3 პუნქტს, რომლის მიხედვითაც, ჩვენ უფლება გვაქვს, ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოში ვცხოვრობდეთ. ამას ემატება კიდევ ერთი დანაშულებრივი კანონი, რომელიც ამ დღეებში მიიღეს. საქმე ეხება ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ კანონს, რომლის თანახმადაც, საქართველოს ტერიტორიაზე აღარ იკრძალება ატომური ელექტროსადგურების, ატომური რეაქტორების აშენება, მავნე ნარჩენების ექსპორტ-იმპორტი, რეექსპორტი, სამარხების დამონტაჟება და სხვა“, - აცხადებს Presage.tv-სთან საუბარში „ქართული ოცნების“ გარემოს დაცვის ჯგუფის კოორდინატორი ლაშა ჩხარტიშვილი.

მისი თქმით, როგორც წესი, ატომური სადგური სეისმურად აქტიურ ზონებში არ შენდება და მთელი მსოფლიო ცდილობს, სომხეთმა საერთოდ დახუროს ატომური სადგური, რადგან კავკასია სეისმურად აქტიური ზონაა. შესაბამისად, ჩხარტიშვილის თქმით, იმედია, ჩერნობილი მაინც ახსოვს ჩვენს მოქალაქეებს და ადვილად მიხვდებიან, დაახლოებით, რა ემუქრება საქართველოს მოსახლეობას.

„ამ ეტაპზე ატომური სადგურის აშენებას აპირებენ თუ არა, ჯერ არ ვიცით, მაგრამ აკრძალული რომ არ არის, სწორედ ეს გვაძლევს განგაშის ატეხვის საფუძველს. გვახსოვს 2007 წელი, თუ როგორ აპირებდა სააკაშვილი ამ ჩანაფიქრის განხორციელებას. ამიტომ გამორიცხული არ არის, კიდევ ჰქონდეს ასეთი გეგმები. ის მზად არის, ფულის გამო ყველაფერი გააკეთოს. თუმცა, უახლოს მომავალში კიდევ უფრო რეალისტურია საქართველოში რადიაქტიული ნარჩენებისა და ნივთიერებების ტრასის მოწყობა, რაც პირდაპირ სომხეთიდან თუ ირანიდან ნარჩენების გამოტანას გულისხმობს“.

ამასთან, ლაშა ჩხარტიშვილი ეჭვობს, რომ საქართველოს ხელისუფლება არც რადიაქტიული ნარჩენების ნაგავსაყრელის აშენებას მოერიდება, თუკი ამის მომხმარებელი ეყოლება, რადგან საქართველოს ტერიტორიაზე მათ უკვე დაუშვეს ტრანზიტი, რაც აქამდე აკრძალული იყო და საქართველოს გავლით არ შეიძლებოდა რადიაქტიული ნარჩენებისა და ნივთიერებების გატანა.

„მწვანეთა პარტიის“ ლიდერის, გია გაჩეჩილაძის თქმით, 1998 წლიდან საქართველოში „მწვანეთა პარტიის“ მიერ ამოქმედებული კანონი მოქმედებდა, რომელმაც აკრძალა საქართველოში ატომური სადგურების მშენებლობა, რადიაქტიული ნარჩენების ტრანზიტი, იმპორტი, რეექსპორტი. ახლახანს კი, გია გაჩეჩილაძის თქმით, პარლამენტის სხდომაზე გამოვიდა ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე, რომელმაც იცრუა, თითქოს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების კანონს იმიტომ იღებდნენ, რომ ძველ კანონში აკრძალული არ ყოფილა რადიაქტიული ნარჩენების იმპორტი და ტრანზიტი.

„არადა, იმ ძველი კანონის ორ მუხლში წერია, რომ ეს აკრძალულია. მინისტრის მოადგილემ იმიტომ იცრუა, რომ ამით სხვა რამ გადაეფარა. ახალი კანონით, რომელიც დაჩქარებული ტემპით, ერთდროულად სამი მოსმენით მიიღო ამ მოწვევის პარლამენტმა, საქართველოში უკვე დაშვებულია ატომური სადგურების მშენებლობა. რადიაქტიული ნარჩენების საკითხს რაც შეეხება, რატომღაც გამოტოვეს სიტყვა „რეექსპორტი“, რაც იმავე იმპორტს ნიშნავს. ეს ვითომ გამორჩათ. გარდა ამისა, კანონში გაქრა ბირთვული იარაღისა და ბირთვული ტექნოლოგიების ტრანზიტისა და იმპორტისა აკრძალვა, რაც სრულიად არანორმალური ამბავია“, - აცხადებს გია გაჩეჩილაძე Presage.tv-სთან საუბარში.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ, შესაძლოა, რადიაქტიული ნარჩენები  შემოიტანოს რუსეთიდან (მით უფრო, რომ რუსებს ცალმხრივად გზა გაუხსნეს) და სომხეთიდან. ირანში კი, ჯერჯერობით, რადიაქტიული ნარჩენები არ არის, მაგრამ ატომურ სადგურს რომ ააშენებენ, იქაც იქნება რადიაქტიული ნარჩენები. ამდენად, გია გაჩეჩილაძის აზრით, საფრთხე ძალიან სერიოზულია.

„საქართველოში ატომური სადგურის მშენებლობის აზრი მხოლოდ არანორმალურს შეიძლება მოუვიდეს, მაგრამ 2007 წელს პარიზში ყოფნისას სააკაშვილი საფრანგეთის ერთ-ერთ კომპანიას ფარულად შეუთანხმდა, რომ აქ რეგიონალური მასშტაბის ატომურ სადგურს ააშენებდა. ამიტომაც ამოაგდეს ჩვენს მიერ გაკეთებულ კანონში ატომური სადგურების აშენების აკრძალვა. მათი აშენება ძალიან დიდი თანხა ჯდება, 2-3 მილიარდი ევრო ღირს, ალბათ, „ატკატებს“ აიღებენ, დაახლოებით, 200-300 მილიონის სახით“, - მიიჩნევს გია გაჩეჩილაძე.

მისი თქმით, ეს საქართველოს მოსახლეობის გენოციდის მცდელობაა, რადგან საქართველოდან 2500 კილომეტრით დაშორებულ ჩერნობილზე მომხდარი აფეთქებიდან ექვსი დღის შემდეგ საქართველოში რადიაციული ღრუბელი შემოვიდა, რომელმაც ჩიყვის ეპიდემია და ონკოლოგიური დაავადებების (კიბოს და სიმსივნის) ფანტასტიკური ზრდა გამოიწვია.

„ახლა წარმოიდგინეთ, ჩერნობილის ატომური სადგური საქართველოში რომ ყოფილიყო, სადაც ყოველდღიურად მიწისძვრები ხდება და სეისმურად აქტიური ზონაა, რა მოხდებოდა?! თანაც, ჩვენი ქვეყანა დაძაბულ რეგიონში მდებარეობს, სადაც, შეიძლება, ვიღაცამ წერტილოვანი დარტყმა განახორციელოს ან ტერორისტული აქტი მოაწყოს“, - აცხადებს „მწვანეთა პარტიის“ ლიდერი.

„გრინფისის“ მხარდამჭერთა ჯგუფის წევრი ნანა წულუკიძეც აპროტესტებს ბირთვულ და რადიაციულ უსაფრთხოების შესახებ კანონში შეტანილ შესწორებას, რომლის თანახმადაც, საქართველოს ტერიტორიაზე შეიძლება, აშენდეს ატომური ელექტროსადგურები, რეაქტორები და მოხდეს მავნე ნარჩენების ექსპორტ-იმპორტი თუ სამარხების დამონტაჟება. წულუკიძის თქმით, ჩვენისთანა პატარა ქვეყნისა და მისი გარემოსთვის ასეთი ჩანაფიქრის განხორციელება ძალიან საშიშია.

„მართალია, ჯერ არ ვიცით, საქართველოს რომელ რეგიონში აპირებენ ატომური ელექტროსადგურების აშენებას, მაგრამ პარლამენტის მიერ კანონი უკვე მიღებულია. ოღონდ, თუ არ ვცდებით, ჯერ ხელმოწერილი არ არის“.

ნანა წულუკიძის თქმით, არავისთვის უცხო არ არის, რომ რადიაციის მაღალი დონე, გამოსხივება არაერთ სერიოზულ დაავადებას იწვევს. მეტიც, გაახალგაზრდავდა ონკოლოგიური დაავადებები, ნაკლოვანი ბავშვების გაჩენის არაერთი შემთხვევაა. მსოფლიოში ტექნოლოგიების განვითარების გამო კი მჟავე წვიმები მოდის, რაც საქართველოზეც აისახება.

„რეაქტორების აშენების შემთხვევაში, გამორიცხული არ არის, ჩერნობილისა და ფუკუსიმას ტრაგედია საქართველოშიც დატრიალდეს. ჩვენი ზონა სეისმურია. კანონში შესული შესწორება ჩვენს ხელისუფლებას ამ რეაქტორების აშენების უფლებას მისცემს, რაც ალბათ, მათი ფინანსური ინტერესით აიხსნება. არადა, ყველა საკვანძო საკითხზე მოსახლეობის გამოკითხვა უნდა ჩატარდეს. პირადად მე მინდა, რომ ჩემი შვილები და შვილიშვილები საქართველოში ცხოვრობდნენ“, - აღნიშნა ნანა წულუკიძემ.