ვერც ერთი მათემატიკოსი ვერ გეტყვით, რომ ნული გამრავლებული ათზე არის 822 ათასი

ვერც ერთი მათემატიკოსი ვერ გეტყვით, რომ ნული გამრავლებული ათზე არის 822 ათასი

ხელისუფლება ყოველ დღე ახალ-ახალ ინიციატივებს გვთავაზობს, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური გუნდისა და მისი ბიზნესების წინააღმდეგ არის მიმართული. საქართველოს პარლამენტში შევიდა საკონონმდებლო ინიციატივა „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. ინიციატივის ავტორები პარლამენტის წევრები ანდრო ალავიძე და მიხეილ ცქიტიშვილი არიან. 

მოქმედი კანონით მკაფიოდ არის გაწერილი კომერციული ბანკის წილის მფლობელი აქციონერისა და ადმინისტრატორის შესაფერისობის კრიტერიუმები. მაგალითად, პირს ეკრძალება იყოს კომერციული ბანკის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი, თუ იგი ნასამართლევია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, ტერორიზმის დაფინანსებისათვის, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის ან სხვა ეკონომიკური დანაშაულისათვის, ასევე თუ ის არის ქმედუუნარო. იგივე შეზღუდვები ვრცელდება ბანკის ადმინისტრატორზეც. პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტით კი ეროვნულ ბანკს ენიჭება უფლება სპეციალური ნორმატიული აქტით თავისი შეხედულებისამებრ გაუზარდოს კომერციული ბანკის მეწილეს ან ადმინისტრატორს შესაბამისობის კრიტერიუმები.

Presage.tv დაინტერესდა რა კონკრეტული შეზღუდვების დაწესება შეუძლია ეროვნულ ბანკს კომერციული ბანკის მეწილესა თუ ადმინისტრატორისთვის. ამის გასარკვევად კანონპროექტის ინიციატორს, ანდრო ალავიძეს დავუკავშირდით. მისი თქმით, კანონში შესატანი ეს ცვლილება არის მხოლოდ ტექნიკური ხასიათის და დიდ სიახლეს არ წარმოადგენს. ალავიძე ადასტურებს, რომ მოქმედი კანონითაც არის დაწესებული გარკვეული შეზღუდვები. მისი თქმით, კანონპროექტით მოქმედ კანონს დაემატა პუნქტი, სადაც წერია, რომ ეროვნულ ბანკს შეუძლია ნორმატიული აქტით განსაზღვროს ეს შეზღუდვები. დეპუტატი ამის აუცილებლობას იმით ხსნის, რომ საბანკო სფერო სპეციფიურია და შესაძლოა, მომავალში კომერციული ბანკის ადმინისტრატორის პოზიცია სხვანაირ ცოდნას მოითხოვდეს. ეროვნულ ბანკს კი ამ კრიტერიუმების დაწესების უფლება ეძლევა.

კითხვაზე თუ რისთვის გახდა საჭირო ამ ცვლილების შეტანა კანონში, ალავიძე პასუხობს - „ეს იმიტომ გახდა საჭირო, რომ ის ნორმატიული აქტი, რომელიც 2002 წელს ეროვნულმა ბანკმა მიიღო, კანონის ჩარჩოს მიღმა არ აღმოჩენილიყო. კერძოდ, 2002 წელს ეროვნულმა ბანკმა მიიღო აქტი, რომლითაც განისაზღვრა კომერციული ბანკის ადმინისტრატორის შესაბამისობის კრიტერიუმები. ამიტომ ჩვენ მიზანშეწონილად მივიჩნიეთ, რომ ეს მითითებაც იყოს. უბრალოდ ეს უფრო მყარი საფუძველია, რომლითაც არსებობს ეს ნორმატიული აქტი. ეს არის, ასე ვთქვათ, სამართლებრივი ტექნიკის თვალსაზრისით საჭირო ცვლილება“.

ანდრო ალავიძის კომენტარს თუ გავითვალისწინებთ, გამოდის, რომ აქამდე ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული ეს ნორმატიული აქტი ჰაერში იყო გამოკიდებული და ახლა მოხდა მისი „გაპრავება“.  აღსანიშნავია, რომ თავისი სიტყვებისათვის მეტი დამაჯერებლობის მისანიჭებლად, ბატონმა ანდრომ მოგვაწოდა ეს დადგენილება, რომელიც მართლაც 2002 წელს არის გამოცემული და მასში ჩამოთვლილია ის შეზღუდვები, რაც ბანკის ადმინისტრატორს შეიძლება ეხებოდეს. ამ დოკუმენტის სათაური ასეთია „საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება N 234 (2002 წლის 16 სექტემბერი ქ. თბილისი) კომერციული ბანკების ადმინისტრატორთა შესაფერისობის კრიტერიუმების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“.

ცოტა არ იყოს უცნაურია პარლამენტის წევრის მხრიდან იმის მოსმენა, რომ ათი წლის წინ მიღებული ნორმატიული აქტის სამართლებრივ ჩარჩოში მოსაქცევად კონკრეტულ კანონში ახლა შედის ცვლილებები. რა თქმა უნდა, ამ საკანონმდებლო ინიციატივამ მაშინვე გააჩინა ეჭვები, რომ შესაძლოა ახალი ნორმა გამოყენებული იყოს „ქართუ ბანკის“ პრეზიდენტის ნოდარ ჯავახიშვილის წინააღმდეგ, ვინაიდან ყველამ კარგად ვიცით, რომ „ქართუ ბანკზე“ სერიოზული შეტევა ხორციელდება ხელისუფლების მხრიდან.

„ქართუ ბანკის“ პრეზიდენტი ნოდარ ჯავახიშვილი ფიქრობს, რომ ეს ნორმა სწორედ იმიტომ იქნა ინიცირებული, რომ მას საჭიროების შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილის (როგორც „ქართუ ბანკის“ მფლობელის) ან თავად ნოდარ ჯავახიშვილის წინააღმდეგ გამოიყენებენ.

ნოდარ ჯავახიშვილი: „არ მინდა შეურაცხყოფა მივაყენო საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელს, მაგრამ ეს ადამიანი ან იტყუება, ან არ ესმის რას აკეთებს. კანონში ახალი ჩაიდო ის, რომ კანონით განსაზღვრული შეზღუდვების გარდა, ეროვნულ ბანკს ენიჭება უფლება, რაც სურს ისეთი კრიტერიუმების შემოიღოს. ანუ, ფაქტობრივად (კანონმდებელი ამას წესით უნდა აქცევდეს ყურადღებას), აზრი დაკარგა იმ კრიტერიუმებმა, რომლებიც უკვე წერია კანონში. თუკი კანონმდებელი ზღუდავს ეროვნულ ბანკს კომერციული ბანკების მეწილეებთან თუ ადმინისტრატორებთან მიმართებაში, მაშინ რას ნიშნავს ამ კანონპროექტის ბოლო წინადადება? ამ ბოლო წინადადებაში წერია ის, რომ ეროვნულ ბანკს თავად შეუძლია დამატებითი კრიტერიუმების დაწესება.

გაუგებარია, რატომ გაუჩნდათ კანონმდებლებს იდეა, რომ ეროვნული ბანკისთვის ამხელა თავისუფლება მიენიჭებინათ. ამ ნორმით ეროვნულ ბანკს შეუძლია მოითხოვოს, რომ „ქართუ ბანკის“ ხელმძღვანელს უნდა ჰქონდეს ორი ცხვირი, რადგანაც მას ამაში არანაირი შეზღუდვა არ აქვს. საინტერესოა, რატომ გაუჩნდათ მათ ეს იდეა, თუ არ აქვთ განზრახული ისეთი რამ, რასაც კანონში ვერ ჩაწერენ, რადგანაც შემდეგ საკანონმდებლო დონეზე ატყდება ერთი ამბავი. ნორმატიულ აქტში კი ეროვნული ბანკი რას მიიღებს და როდის გამოვლინდება ეს, არანაირი შეზღუდვა ამაზე არ არსებობს. გასათვალისწინებელია ერთი მომენტიც, კანონი რომ მიიღო, მას განხილვა სჭირდება, ნორმატიული აქტი კი შეიძლება ისე მიიღონ, რომ ჩვენ ვერც კი გავიგოთ და ერთ მშვენიერ დღეს დავდგეთ ფაქტის წინაშე.

როდესაც ასეთი აზრი მოგივა კანონმდებელს თავში, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ან იტყუები და ძალიან კარგად იცი, რისთვისაც აძლევ ეროვნულ ბანკს ამ უფლებას და ხვალ რა შედეგი დადგება (ხომ ერთმნიშვნელოვანია, რომ ეს ჩვენს წინააღმდეგ იქნება მიმართული), ან აბსოლუტურად აზრზე არ ხარ რა არის კანონშემოქმედება და რა შეიძლება მოჰყვეს ამას.

შეიძლება ეროვნულმა ბანკმა გადაწყვიტოს, რომ კომერციული ბანკის დამფუძნებელი არ შეიძლება იყოს პოლიტიკაში. მაშინ ბატონი ბიძინა ივანიშვილი დარჩება კანონს გარეშე.

როდესაც ამ საკანონმდებლო ინიციატივის შესახებ გახდა ცნობილიგაჩნდა მოსაზრებარომ ეს ნორმა უფრო თქვენს წინააღმდეგ არისმიმართული და ხომ არ ფიქრობთრომ შესაძლოა, ვთქვათ, თქვენი ნასამართლობა გამოიყენონ თქვენს წინააღმდეგ?

- არა, მე ასე არ ვფიქრობ. ჯერ ერთი ამის უფლება ეროვნულ ბანკს მანამდეც ჰქონდა. სასაცილო იქნება, უბრალოდ შეუძლებელია, რომ აპელირება მოხდეს ამაზე, რადგან ჩემი საბუთები განხილული აქვს ეროვნულ ბანკს და მაშინაც შეეძლო უარი ეთქვა. ამდენად მისთვის ეს დამატებითი უფლება არ არის. მინდა გითხრათ, რომ ციხეშიც კი ვიჯექი ავარიისთვის და ამ დროს ვერ ჩამომართვეს მართვის მოწმობაც კი (რაც ყველაზე ადვილი საქმეა), რადგანაც მოძრაობის უსაფრთხოების არც ერთი ნორმა არ მქონდა დარღვეული. ამდენად ბანკირობის უფლებას როგორ ჩამომართმევენ იმის გულისთვის, რომ ავარია მომიხდა?

ანუ თქვენ ფიქრობთრომ ეს უფრო ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მიმართული კიდევ ერთი ნაბიჯია?

- არა, მე არ გამოვრიცხავ, რომ ეს ჩემს წინააღმდეგაც არის მიმართული, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს ბიძინას წინააღმდეგაც არის აუცილებლად, თუმცა არა იმ თვალისაზრისით, რომ გამოყენებული იყოს ჩემი ნასამართლობა, რადგანაც კიდევ ვიმეორებ, ამის უფლება ეროვნულ ბანკს აქამდეც ჰქონდა. უბრალოდ, ამით საზოგადოების ყურადღება გადააქვთ იმაზე, რომ შეიძლება სწორედ ამ კუთხით გამოიყენონ ჩემს წინააღმდეგ ეს ნორმა, მაგრამ მიმაჩნია, რომ გამოვარდება რაღაც სხვა. არ ვიცი რა იქნება ეს სხვა გარემოება, მაგრამ შესაძლოა, რადგან ნოდარ ჯავახიშვილი იცნობს ბიძინა ივანიშვილს და მისთვის არაერთხელ ჩამოურთმევია ხელი, მას ამის გამო აეკრძალოს ბანკის ხელმძღვანელობა. არ ვიცი, რას მოიფიქრებენ. რამე ლოგიკური როდესმდე გაუკეთებიათ?

წარმოუდგენელი რამ ჩაიდინეს, როდესაც არ გადარიცხული თანხის ათმაგი ოდენობით დაგვაჯარიმეს. გამოკითხეთ მსოფლიოს ყველა ცნობილი მათემატიკოსი, არსებობს ასეთი ლოგიკური მტკიცება, რომ ორჯერ ორი ყოველთვის ოთხი არ არის, მაგრამ ვერც ერთი მათემატიკოსი ვერ გეტყვით, რომ ნული (არც ერთი თეთრი არ გადარიცხულა) გამრავლებული ათზე არის 822 ათასი (იგულისხმება „ქართუ ბანკის“ ორი თანამშრომლის პრემიასთან დაკავშირებული ინცინდენტი, როდესაც „ქართუ ბანკი“ 822 ათასი ლარით დაჯარიმდა. რ.უ.) ამას ვერც ერთი მათამატიკოსი ვერ დაგიმტკიცებთ. კონტროლის პალატის მონიტორინგის სამსახურმა კი ეს დაამტკიცა, დაგვაჯარიმა კიდეც და გარწმუნებთ, რომ უახლოეს ხანში ქართული სასამართლოს ყველა ინსტანციაც იგივეს დაამტკიცებს, რომ ნული გამრავლებული ათზე უდრის 822 ათასს. სხვა შემთხვევაში იქნება სხვა თანხა. ამისთანა არალოგიკური გადაწყვეტილებების ფონზე, შეიძლება ამათგან რამე მიუღებლად წარმოიდგინოს ადამიანმა? ამიტომ ვამბობ, რომ შეიძლება სამი ყურის ქონა მომთხოვონ, თორემ ის, რასაც ესენი აკეთებენ, არათუ ლოგიკაში, არანაირ სამართლებრივ ჩარჩოებში არ ჯდება.

საინტერესო ის არის, რომ ჭკუაც არ აქვთ. თუკი რამაზ ქურდაძეს აქ ეშინოდა, გაეტანა ეს თანხა და სხვა ბანკის მეშვეობით მაინც გადაერიცხა, მაშინ ფაქტი მაინც იქნებოდა, მაგრამ ესეც კი ვერ მოიფიქრეს. ამიტომ რას მოაბამენ ამას, ჩემთვის ყოვლად წარმოუდგენელია. თუმცა რა იქნება ამის შედეგი? კარგი ბატონო, მიაღწია ეროვნულმა ბანკმა და ყველა კანონის დარღვევით გადამაყენა „ქართუ ბანკის“ პრეზიდენტობიდან, მერე რა? მე „ქართუ ჯგუფის“ პრეზიდენტი ვარ. მოვიყვან ამ პოზიციაზე ისეთ ადამიანს, რომელიც შესაბამის კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს, სამი ცხვირიც რომ ექნება ისეთს, და მაინც მე ვმართავ იმას. ამას როგორ შეცვლიან? რა პრობლემას შემიქმნიან ამით?

შეიძლება ახლა ამ ჩვენი ინტერვიუს შემდეგ ეროვნულმა ბანკმა არც არაფერი მოიმოქმედოს, რადგანაც იგივე გამოსავალი აქვს ბიძინა ივანიშვილსაც. მას შეუძლია გაყიდოს ეს თავისი წილი.