როგორ მივითვისოთ არჩევნების შედეგები

როგორ მივითვისოთ არჩევნების შედეგები

არჩევნების გამყალბებლები სულ უფრო გაქნილები ხდებიან, მაგრამ უფრო დიდი წუხილის საბაბი ბინძური პოლიტიკა ხდება.

ეს ჩრდილოეთ კორეის მუშათა პარტიისთვის კიდევ ერთი მშვენიერი დღე იყო. 2011 წლის 24 ივლისს, მუსიკისა და დაფდაფების ფონზე, განსვენებულმა კიმ ჩენ ირმა დიდ ბრბოში გაიკვლია გზა, რათა ქვეყნის ადგილობრივ არჩევნებში მიეღო მონაწილეობა. ისევე როგორც ყველა დანარჩენმა, მანაც ხმა მმართველ პარტიას მისცა. პარტიის 28, 116 კანდიდატიდან ყველამ გაიმარჯვა არჩევნებში, რომელშიც მოსახლეობის 99,97 პროცენტმა მიიღო მონაწილეობა და რომელშიც ამ კანდიდატებს კონკურენტები არ ჰყავდათ.

მართალია ასეთი ექსტრემალური სიტუაციები მხოლოდ ორიოდე შემორჩენილი პროლეტარული სამოთხეებით ამოიწურება, მაგრამ არჩევნების უხეში გაყალბების ფაქტები როდი ჩაბარდა წარსულს. ბელორუსმა ავტოკრატმა მმართველმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ საჯაროდაც კი აღიარა, რომ 2006 წლის არჩევნებში შედეგების შემცირების განკარგულება გასცა, რათა თავი აერიდებინა ისეთი დიდი უმრავლესობით გამარჯვებისთვის, რომელიც უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენებდა. Freedom House-მა იმ 70 ქვეყანას შორის, სადაც 2012 წელს არჩევნები უნდა ჩატარდეს, მხოლოდ 40 შეიყვანა სრული ”საარჩევნო დემოკრატიების” კატეგორიაში.

მაგრამ ტექნოლოგიები და გარე დამკვირვებლების დასწრება ართულებს არჩევნების გაყალბების საქმეს და გაქნილი პოლიტიკოსებისგან უფრო ბეჯით და ჭკვიანურ მუშაობას მოითხოვს. მანიპულატორების უმეტესობა საარჩევნო დღეს გაყალბების უხეში საარჩევნო მეთოდებისგან ძირითადად თავს იკავებენ, ამბობს სარა ბირჩი, ექსესის უნივერსიტეტის თანამშრომელი. მან შეადარა 1995 – 2006 წწ ჩატარებული 136 არჩევნების დამკვირვებელთა ანგარიშები და აღმოაჩინა, რომ სულ უფრო ხშირად მიმართავენ საარჩევნო კანონის შეცვლის ტაქტიკას, როგორც ოპოზიციური კანდიდატების შეკავების, ან საარჩევნო ოლქებით მანიპულირების მეთოდს (gerrymandering). (მაგალითად ცნობილი მუსიკოსი იუსუ ნ’დური, რომელსაც სენეგალში 26 თებერვლის საპრეზიდენტო არჩევნებში სურდა მონაწილეობა, საარჩევნო სიიიდან ტექნიკური მიზეზებით ამოიღეს).

ასევეა გავრცელებული ამომრჩეველთა რეალურ გადაწყვეტილებაზე გავლენის მოხდენის მცდელობა – ხშირად ამას ახერხებენ ხმების მოსყიდვით, საარჩევნო კამპანიაში სახელმწიფო რესურსებისა და მიკერძოებული მედიის გამოყენებით. ასეთი ფანდების აღმოჩენა უფრო რთულია და ნაკლებად აღაშფოთებს მასებს. აქტიური პოზიციის მქონე ამომრჩეველმა შეიძლება მობილური ტელეფონით გადაიღოს დარღვევები საარჩევნო უბანში, მაგრამ ამას ვერ მოახერხებს კამპანიის დაფინანსების დარღვევებთან დაკავშირებით. ”ადამიანები მიკერძოებული მედიის გასაპროტესტებლად იშვიათად მართავენ ქუჩის საპროტესტო აქციებს”, ამბობს ბირჩი.

ზოგჯერ გაყალბებას არაკომპეტენტურობით ნიღბავენ. იუდიტ კელიმ დიუკის უნივერსიტეტიდან დაამუშავა ამერიკის მთავრობის ანგარიშები 1980-2004 წ.წ. ჩატარებული 1,000-ზე მეტი არჩევნების შესახებ. თაღლითობის ყველაზე თვალში საცემი ფორმები აღნუსხული იყო საშუალოდ, შემთხვევათა დაახლოებით 40 პროცენტში, მაგრამ საჩივრების რაოდენობა ყველაზე მეტად მატულობდა საარჩევნო ადმინისტრაციების ქმედებებთან დაკავშირებით. საარჩევნო ბიულეტენების სიმცირე, ფრაგმენტული საარჩევნო სიები და გრძელი რიგები საარჩევნო უბნებთან ზუსტად ისევე ამახინჯებს არჩევნების შედეგებს, როგორც დამწვარი საარჩევნო ყუთები და ქრთამი. მაგრამ დამკვირვებლები თავს იკავებენ მკაცრი საყვედურებისგან, როდესაც ზღვარი არეულობასა და კორუფციას შორის ბუნდოვანია.

არჩევნების დაახლოებით 80 პროცენტს გარკვეული რაოდენობის საერთაშორისო დამკვირვებელი მაინც აკვირდება. 1989 წელს ეს მაჩვენებელი სულ 30 პროცენტს შეადგენდა, ამბობს სიუზან ჰაიდი იელის უნივერსიტეტიდან. ადგილობრივი დამკვირვებლებიც სულ უფრო მრავალრიცხოვანნი ხდებიან და უფრო დახელოვნებულები. ადგილობრივ დამკვირვებლებს უფრო აქვთ საშუალება იმისა, რომ წინაარჩევნო მანიპულაციები აღნუსხონ, ვიდრე უცხოეთიდან ჩამოსულ პატარა ჯგუფებს. და რაც უფრო მეტია დამკვირვებელი არჩევნების დღეს (განსაკუთრებით ისინი, ვინც თან მობილურ ტელეფონებსა და ბლოკნოტებს დაატარებს) უფრო მეტია გაყალბების დადგენის ყოვლისმომცველი მეთოდების გამოყენების შესაძლებლობა. მათ შორისაა ”სწრაფი დათვლა” – ეფექტური მეთოდი, რომელიც ინტენსიურ რესურსებს მოითხოვს. ამ მეთოდით შეიძლება შეადარო საარჩევნო უბნებში გამოცხადებული შედეგები და საარჩევნო ხელისუფლების მიერ ცენტრალიზებულად დათვლილი მონაცემები.

თვალახვეული დამკვირვებლები

ახლა უკვე თავად მეთვალყურეები იქცნენ საარჩევნო გაყალბების სამიზნებაად. ისინი შეიძლება დააშინონ, მოუწყონ საბოტაჟი (მაგალითად რუსეთში მათ კარი აუჭედეს) ან მანიპულაციის ობიექტად აქციონ. 2007 წელს ყაზახეთის საელჩო ვაშინგტონში ცდილობდა ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის მისიაში, საერთაშორისო სადამკვირვებლო სტრუქტურაში, მათდამი კეთილგანწყობილი დამკვირვებლები შეეყვანა.

კიდევ ერთი ფანდია ერთზე მეტი მისიის მოწვევა დაკვირვებისთვის. დამკვირვებლები დროის მესამედს უთანხმოებაში ატარებენ, ამბობს კელი და ზოგიერთი მისია მუდმივად უფრო დამთმობია, ვიდრე სხვები. რუსეთი, კენია და ზიმბაბვე ამ უთანხმობებს მუდმივად იყენებს. დამკვირვებლები დსთ-დან (უსარგებლო პოსტ-საბჭოთა ორგანიზაციიდან, რომელიც მინსკში მდებარეობს) ყოველთვის ადასტურებენ იმ არჩევნების შედეგებს, რომლებსაც ჰგმობენ ყველაზე ავტორიტეტული ინსტიტუტები – ასე მოხდა უკრანაშიც და ბელორუსშიც. ყველაზე სანდო ორგანიზაციებმა შეიძლება ბოიკოტი გამოუცხადონ ყველაზე ცუდად ორგანიზებულ არჩევნებს, მაგრამ ასეთი დისტანცირება ცოტას ნიშნავს, თუ ნაკლებად ავტორიტეული ჯგუფები არჩევნებს მაინც ესწრებიან.

დამკვირვებლები, რომელთაც არ სურთ ან არ შეუძლიათ დაყოვნება საარჩევნო უბნებზე გაყალბების აღმოსაჩენად სულ უფრო ხშირად მიმართავენ სტატისტიკურ მეთოდებს. პრინციპი, რომელსაც ახლა ბენფოლდის კანონის სახელით იცნობენ (თუმცა ის თვითნასწავლმა სიმონ ნიუქომბმა აღმოაჩინა) აჩვენებს, რომ რიცხვთა ბუნებრივ ნაკრებს, ისეთს, მაგალითად, როგორიცაა საარჩევნო უბანზე დათვლილი შედეგები, ყოველთვის გამოარჩევს კონკრეტული თავისებურება – გამოგონილი რიცხვები თითქმის არასდროს მოდის შესაბამისობაში ერთმანეთთან. შესაძლოა შეშფოთებულმა გამყალბებლებმა კონტრზომების მისაღებად მეგობრულად განწყობილ მათემატიკოსებს მიმართონ. 

მაშინ, როდესაც არსებობს გაყალბების ამდენი დახვეწილი მეთოდი, უცნაურად ჩანს ის ფაქტი, რომ უხეში მეთოდები ასე ინარჩუნებენ პოპულარობას. შესაძლოა არჩევნების გაყალბება ცუდად მართული პოლიტიკური სისტემისათვის ისეთი განუყოფელი თვისებაა, რომ კორუმპირებული ადგილობრივი ჩინოვნიკები ინსტინქტურად უბრუნდებიან იმ მავნე თანამდებობრივ პრაქტიკას, რომელიც მათთვის ბუნებრივია. ან იქნებ, რადგან ჭკვიანურმა მიდგომებმა შეიძლება კარგად ვერ იმუშაოს, საარჩევნო ყუთების გავსებას ბიულეტენებით, ისინი დამცავ მექანიზმად მიიჩნევენ. პოლიტიკოსები ყალბი დემოკრატიის ქვეყნებიდან რეალური დემოკრატიის ქვეყნების ლიდერებისგან სწავლობენ იმას, რაც ამ უკანსკნელთათვის კარგა ხანია ცნობილია – თქვენ შეგიძლიათ მოატყუოთ მხოლოდ ხალხის ნაწილი და ისიც მხოლოდ ხანდახან.
foreignpress.ge