ლადო ვარძელაშვილი გორელ სტუდენტებს საპატიო დოქტორის სტატუსით წარუდგინეს

ლადო ვარძელაშვილი გორელ სტუდენტებს საპატიო დოქტორის სტატუსით წარუდგინეს

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები, ერთ საათიანი ლოდინის შემდეგ, საქართველოს ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრს ლადო ვარძელაშვილს, მის მოადგილეებს – გიორგი ავალიანს და გიორგი მეგრელიშვილს შეხვდნენ. შეხვედრაზე, სადაც შს სამინსიტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების რეგიონული სამმართველოს წარმომადგენლებიც ეწსრებოდნენ, საქართველოს განათლების მინისტრი დიმიტრი შაშკინი არ ჩამოვიდა. რექტორმა გიორგი სოსიაშვილმა ლადო ვარძელაშვილი გორის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორად წარადგინა. აღნიშნული წოდება მინისტრს, 2009 წელს, მისი გუბერნატორობის პერიოდში, ყოფილმა რექტორმა ზაზა ცოტნიაშვილმა მიანიჭა. ცოტა ხანში, ცოტნიაშვილი უნივერსიტეტის სარეაბილიტაციო სამუშაოების და საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის ფაქტზე დააკავეს. 


ლადო ვარძელაშვილი სტუდენტებს დასაქმების საკითხებზე და შემდგომ პერსპექტივებზე ესაუბრა. ვარძელაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია ქვეყანაში სტუდენტებმა მოხალისეებად იმუშავონ. ამის მაგალითად, კანადაში ყოფნისას ნანახი, ერთ-ერთი ნავთობკომპანიის პრეზიდენტის მოხალისეობა გაიხსენა. ვარძელაშვილმა სხვა და სხვა პროექტებზე ისაუბრა, რომლის განხორციელებას ხელისუფლება გეგმავს.

,,ჩვენს დელეგაციას, კანადაში ყოფნის დროს, მძღოლი ემსახურებოდა. გარკვეული ხნის განმავლობაში მასთან კარგი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა. დამშვიდობებისას ვიზიტკა მოგვცა და აღმოჩნდა ნავთობკომპანიის პრეზიდენტი. აი ეს არის სწორედ ჩამოყალიბებული სამოქალაქო საზოგადოება. ანალოგიური ხდება გერმანიაშიც. ისინი უსასყიდლოდ გვემსახურებოდნენ და რაც მთავარია, საკუთარი ქვეყნის იმიჯზე ზრუნავდნენ. თქვენც ასე უნდა იქცეოდეთ” – უთხრა ვარძელაშვილმა გორელ სტუდენტებს.

თავდაპირველად, სტუდენტებს მასთან კითხვები არ ჰქონდათ. კითხვების დასმაში ვარძელაშვილმა დახმარება შესთავაზა. ,,თუ გნებავთ, მე დაგეხმარებით. ჩემი გუბერნატორობის პერიოდში უფრო ბევრ კითხვას მისვამდნენ. მკითხეთ, დასაქმებაზე, სოციალურ საკითხებზე და ა.შ.”

ცოტა ხანში ერთ-ერთმა სტუდენტმა დასაქმებაზე ჰკითხა, ეს მხოლოდ ერთჯერადი იქნება თუ გაგრძელდებაო. ვარძელაშვილმა უთხრა, ეს წელს პირველად ტარდება და გაგრძელდებაო. იმავე სტუდენტმა დასაქმებულ სამუშაოებზე დარჩენაზე დაუსვა კითხვა, ვარძელაშვილმა უპასუხა, სადაც დასაქმდებით, ის კომპანიები გამორჩეულ კადრებს დაიტოვებსო.

სტუდენტმა თამარ ხარაიშვილმა ანაკლიის პროექტზე ჰკითხა, რა ფორმით მოვხვდებით იქო. ვარძელაშვილმა აუხსნა, რომ ამ საკითხს უნივერსიტეტის თვითმმართველობებს უნდა მიმართონ. სპორტსმენმა ალიკა ვახტანგაშვილმა ვარძელაშვილს შარშანდელი დანაპირები გაახსენა. სხვა და სხვა ოლიმპიადებზე გამარჯვებული სპორტსმენები, მათ შორის მოკრივეები, პეკინში უნდა გავმგზავრებულიყავითო. ვარძელაშვილის თქმით, შარშან უნივერსიტეტის ბიუჯეტებს ამის საშუალება არ ჰქონდა. წელს ამ ხარჯებს სამინისტრო დააფინანსებს – დაპირდა ვახტანგაშვილს.

გორის უნივერსიტეტის სტუდენტებს სხვა კითხვები არ ჰქონდათ.