ნაციონალური არხების გაუთვლელმა ნაბიჯმა „გლობალ თივი“ ვერ დააზარალა

ნაციონალური არხების გაუთვლელმა ნაბიჯმა „გლობალ თივი“ ვერ დააზარალა

ხელისუფლება ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში მისი ოჯახის წევრების და მათი ბიზნესების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებებსაც იყენებს. მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ ტელეკომპანიებმა „იმედმა“ და „რუსთავი 2“-მა „გლობალ თივის“ მიმართა მათი ქსელიდან გათიშვის მოთხოვნით. ეს მოხდა 14 მარტს და იმავე ღამეს „იმედი“ „გლობალ თივის“ ქსელიდან გაითიშა. ამჟამად უკვე „რუსთავი2“ ითხოვს „გლობალ თივი“-დან გათიშვას და ვრცელდება ინფორმაცია, რომ, შესაძლოა, იგივე მოთხოვნა „საზოგადოებრივმა მაუწყებელმაც“ დააყენოს. ყველაფერი კი იმიტომ კეთდება, რომ „გლობალ თივი“ ბიძინა ივანიშვილის ძმის, ადიკო ივანიშვილის საკუთრებაა. ამიტომაც ხელისუფლება ამ ქმედებით ცდილობს აღნიშნულ კომპანიას შეუტიოს. მოტივი მარტივია - თუკი „გლობალ თივი“-ს აბონენტებს აღარ ექნებათ ისეთი ქართული არხები, როგორიც არის „იმედი“, „რუსთავი2“ და „საზოგადოებრივი მაუწყებელი“, შესაძლოა ბევრმა მათგანმა უარი თქვას აღნიშნული კომპანიის მომსახურებით სარგებლობაზე. 

აღსანიშნავია, რომ ქართულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ როდესაც „იმედი“„გლობალ თივი“-დან გაითიშა თითქოს იმავე დღეს, კომპანიამ 1000-მდე აბონენტი დაკარგა. Presage.tv დაინტერესდა, შეესაბამება თუ არა სინამდვილეს აღნიშნული ინფორმაცია. ამის გადასამოწმებლად Presage.tv „გლობალ თივი“-ს განვითარებისა და მარკეტინგის დირექტორს, ზურაბ ბაზღაძეს ესაუბრა. 

ბაზღაძის თქმით, მას შემდეგ, რაც მათი ქსელიდან „იმედი“ გაითიშა გუშინ მიიღეს პირველი წერილი მათი აბონენტისგან, რომელიც ამ მიზეზის გამო ითხოვდა „გლობალ თივი“-ს მომსახურების შეწყვეტას. სამაგიეროდ, ბაზღაძე აცხადებს, რომ მათთან აბონენტების მიმართვიანობის რიცხვმა იმატა.

„აბონენტთა მასიურ დინებაზე კი არა, ჯერ-ჯერობით შესამჩნევ დინებაზეც არ არის საუბარი. უპირველეს ყოვლისა აღსანიშნავია, რომ მოსახლეობა გაგებით მოეკიდა აღნიშნულ პრობლემას. უმეტესობას საკმაოდ ჩამოყალიბებული აზრი გააჩნია ამ საკითხთან დაკავშირებით. ეს ერთი და მეორეც, მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს აბონენტებს და არა მარტო აბონენტებს, ჩვენთან რეკავენ ჩვეულებრივი მოქალაქეები, რომლებიც სულ არ არიან ჩვენი ქსელის მომხმარებლები, რომლებიც თანადგომას გვიცხადებენ და ა.შ. შეგიძლიათ „ფეისბუქზე“ ჩვენს გვერდზე შეხვიდეთ და ნახოთ რა სახის კომენტარებია იქ გაკეთებული. 

პირველი წერილი გუშინ შემოვიდა, სადაც წერია, რომ იმის გამო, რომ ქსელში აღარ არის ტელეიმედი, აბონენტი ითხოვს, რომ შეუწყდეს ჩვენთან თანამშრომლობა. უმეტეს შემთხვევებში კი შემიძლია გითხრათ, რომ პირიქით, ინტერესი ჩვენი კომპანიის მიმართ უფრო გაიზარდა. უფრო მეტი შეკვეთები შემოდის დღის განმავლობაში, ვიდრე ეს ტელეიმედის გათიშვამდე იყო.“ - აცხადებს ზურაბ ბაზღაძე Presage.tv -სთან საუბარში.

მისი თქმით, „გლობალ თივი“-ს აბონენტები დიდად არ დაზარალებულან იმიტომ, რომ მათ აქვთ საშუალება ძალიან მარტივად აღმოფხვრან ეს პრობლემა. კერძოდ, „გლობალ თივი“-ს სისტემა იძლევა იმის საშუალებას, რომ ამ სისტემასთან ერთად ტელევიზორში შეერთებული იყოს ოთახის ანტენა, ან სახურავზე განთავსებული ანტენა, რომლითაც აბონენტებს ჩვეულებრივად შეუძლიათ „რუსთავი2“-ისა და „იმედის“ მიღება. ამდენად, ბაზღაძის თქმით, ეს არავითარ დისკომფორტს არ უქმნის მომხმარებელს, საეთერო არხებზე გადასართველად საკმარისია უბრალოდ დისტანციური მართვის პულტის შესაბამის ღილაკზე თითის დაჭერა და იგივე ქმედებით შესაძლებელია შემდეგ ისევ „გლობალ თივი“-ს 112 არხზე გადმორთვა. ამდენად, ამანაც იმოქმედა და მოსახლეობის დიდმა ნაწილმა გამოიყენა ეს შესაძლებლობა.

რაც შეეხება ტელეკომპანია „იმედის“ „გლობალ თივი“-ს ქსელიდან გათიშვის ოფიციალურ მიზეზს, ზურაბ ბაზღაძის თქმით, მათ მიერ ტელეიმედიდან მიღებულ წერილში ეწერა, რომ ტელეკომპანია „იმედს“ჰყავს პარტნიორი ორგანიზაცია „ბლექსისატ“(ბლექსი ჯგუფის შვილობილი კომპანია), რომელიც გეგმავს საკაბელო ტელევიზიის შექმნას და კომერციული მიზნებიდან გამომდინარე, შპს „ტელეიმედს“ მიზანშეწონილად არ მიაჩნია, რომ მისი არხი განთავსდეს კონკურენტი საკაბელო ტელევიზიის ქსელში.

 „რუსთავი2“-ზე საუბრისას კი ზურაბ ბაზღაძე ამბობს, რომ მათი წერილი გაცილებით უფრო კორექტულად, უფრო გააზრებულად და  ნორმალური ტონით იყო დაწერილი. ტელეკომპანიამ „გლობალ თივი“-ს მიმართა 16 მარტს და წერილში წერია, რომ „რუსთავი2“-ს პარტნიორი კომპანია არის „კავკასუს თივი“ და ბიზნესინტერესებიდან გამომდინარე „რუსთავი2“ თვლის, რომ არაეთიკურია „კავკასუს თივი“-ს პარტნიორი ტელეარხი განთავსებული იყოს კონკურენტ ტელეკომპანიაში. 

„მე ვთვლი, რომ სრულებითაც არ ვართ „კავკასუს თივი“-ს კონკურენტი კომპანია და თუ ვინმეა მისი კონკურენტი, ეს არის „სილქთივი“. თუმცა როგორც ვიცი, „სილქთივისთვის“ არავის მიუმართავს, რომ ეს არხი გაეთიშა.“ - ამბობს ზურაბ ბაზღაძე.

„რუსთავი2“-ს მოთხოვნა არის, რომ 27 მარტიდან მოხდეს მისი და „ახალი არხის“ მაუწყებლობის შეწყვეტა. „გლობალ თივი“-ში მიიჩნევენ, რომ არ არის მიზანშეწონილი მათი მოთხოვნის დაკმაყოფილება და შესაბამისი არგუმენტებიც გააჩნიათ.

„მრავალი ფაქტორია, კონკურენციიდან დაწყებული, დამთავრებული მომხმარებელთა ინტერესებით. აქედან გამომდინარე, „რუსთავი2“-ს მივწერეთ წერილი, სადაც ქართული კანონმდებლობიდან სხვადასხვა მუხლებია მოყვანილი, ასევე ხელშეკრულების მუხლებიც. ვთვლით, რომ არაკორექტული იქნება აღნიშნული ნაბიჯის გადადგმა,“ - აცხადებს ზურაბ ბაზღაძე.  

მართალია, „გლობალ თივი“-ში აცხადებენ, რომ „იმედი“-ს გათიშვის შემდეგ აბონენტები არ მოკლებიათ, მაგრამ თუკი მათი ქსელიდან გაითიშება „რუსთავი2“ და „საზოგადოებრივი მაუწყებელიც“ (რისი შანსიც ძალიან დიდია საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკიდან გამომდინარე), Presage.tv დაინტერესდა, ამის შემდეგ თუ ელიან აბონენტების კლებას.

 „გარდა იმისა, რაზეც ზემოთ ვისაუბრე, ჩვენ ვცდილობთ პროგრამული გაძლიერებაც მოვახდინოთ. უკვე შევთავაზეთ მოსახლეობას სხვა საინტერესო არხები და კიდევ სხვებსაც შევთავაზებთ. მართალია ეს თავისთავად იწვევს თავისებურ დისკომფორტს, რადგან არასასურველი მომენტია, როდესაც არხები ითიშება, მოსახლეობა ღიზიანდება, მაგრამ ვფიქრობთ, რომ არა მატერიალური, არამედ უფრო მორალური პრობლემები გვექმნება. ჩვენც შეშფოთებულები ვართ და მოსახლეობაც. ეს უფრო პრობლემატურია, ვიდრე ის, რომ შესაძლებელია მოხდეს მასიური დინება და ვთქვათ ფინანსური პრობლემები შეგვექმნას. ჯერ-ჯერობით, მოსახლეობის გადასვლა სხვა ქსელში ასე მარტივი არ არის. ალტერნატიული სისტემები, იგივე „კავკასუსი“ იქნება, თუ „სილქთივი“, გაცილებით ძვირი სიამოვნებაა. ჩვენი მინიმალური პაკეტის ღირებულება 5 ლარია, როდესაც მათთან მინიმალური პაკეტი 15 ლარი ღირს. ამავე დროს, ამ ქსელებში გადასვლით აბონენტი კარგავს ისეთ არხებს, როგორიც არის „მაესტრო“, „კავკასია“, „25-ე არხი“, ახლა უკვე  „მეცხრე არხი“ ირთვება. აქედან გამომდინარე, ეს ყველაფერი ასე მარტივი არ არის. ასეთ შემთხვევაში, თუკი ამ ნაბიჯს გადადგამს, აბონენტს უწევს ორივე - ჩვენი სისტემის დატოვებაც და სხვა ძვირადღირებული სისტემის დამონტაჟებაც. ეს პრობლემები არსებობს. ამიტომ მიმაჩნია, რომ ეს ნაბიჯები ნამდვილად გაუთვლელი იყო. როდესაც „რუსთავი2“ ჩვენთან წერილში საუბრობს ეთიკურ ნორმებზე, მე ვფიქრობ, რომ ეთიკური ნორმები ნამდვილად არ არის მათი მხრიდან დაცული აბონენტებთან მიმართებაში, ანუ იმ ხალხთან მიმართებაში, რომელსაც უყვარს მათი გადაცემები.“- ამბობს „გლობალ თივი“-ს მარკეტინგის დირექტორი Presage.tv -სთან საუბარში.

რაც შეეხება ხელისუფლების ქმედებებით გამოწვეულ მატერიალურ ზიანს, ბაზღაძის თქმით, „იმედის“ გათიშვაზე მეტი ზიანი მათ მიიღეს გასული წლის დეკემბერში, როდესაც „გლობალ თივი“-მ საქართველოში შემოიტანა სააბონენტო მოწყობილობების დიდი ოდენობა და სურდა წინასაახალწლოდ, როდესაც ამაზე დიდი მოთხოვნა არსებობს, აბონენტების ეს მოჭარბებული მოთხოვნა დაეკმაყოფილებინათ. მაგრამ ეს მოწყობილობები  მთელი დეკემბრის განმავლობაში საბაჟო - გამშვებ პუნქტზე იყო დაკავებული და თავისი პროდუქციით სარგებლობა „გლობალ თივი“-მ ვერ მოახერხა. ამის შემდეგ იანვრის დასაწყისში ეს ტერმინალები როგორც იქნა მიიღეს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ისინი დაზიანებული იყო და ბაზღაძის განცხადებით, მთელი იანვრის განმავლობაში კომპანია მათი აღდგენით იყო დაკავებული, რის გამოც თავიანთი აბონენტების მოთხოვნის დაკმაყოფილებას კვლავ ვერ ახერხებდა.

„ამან უფრო მეტად იმოქმედა ჩვენზე მატერიალურად, ვიდრე „იმედისა“ და „რუსთავი2“-ის გათიშვამ.“- აცხადებს ზურაბ ბაზღაძე.