ზუსტად 91 წლის წინ - 1921 წლის 18-20 მარტს თურქი დამპყრობლების წინააღმდეგ გამართული ბრძოლისას დაიღუპნენ გენერალ გიორგი მაზნიაშვილის მებრძოლები, რომელთა საძმო საფლავი ბათუმის ცენტრში, თეატრის უკანა მოედანზეა. იქ დღემდე არ აღუმართავთ მემორიალი, მაშინ, როცა “შლოპანცებისა“ და კვერცხების, დაჭმუჭნული ბოთლისა და “ალისა და ნინოს“ ქანდაკებებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონობით ლარია გადარიცხული.
ბათუმის გათავისუფლებისათვის ბრძოლაში დაღუპული მებრძოლების საფლავების მოძიება, გათხრა, ნეშტების გაპატიოსნება და დაკრძალვა 1990 წლის 3 მაისს დაიწყო და იმავე წლის 3 ივნისს დასრულდა. იდეა ეკუთვნოდა “რესპუბლიკელ“ არქეოლოგს, ირაკლი ჩავლეიშვილს და მის რამდენიმე მეგობარს, რაც “სახალხო ფრონტის“ აქტივისტებმა, ბათუმელების მონაწილეობითა და დახმარებით განახორციელეს. ამ მიზნით სამთავრობო კომისიაც შეიქმნა.
გმირთა მოძიებული ნეშტები ბათუმის სახელმწიფო თეატრში დაასვენეს, გააპატიოსნეს. გმირთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა მამა დავითმა (შიოლაშვილი), რომელიც ახლა ბათუმისა და ლაზეთის, ჩრდილოეთ ამერიკისა და კანადის მიტროპოლიტია. 1990 წელს, გმირთა ნეშტების გაპატიოსნებისა და დაკრძალვის შემდეგ იქვე მიტინგიც ჩატარდა.
იქიდან მოყოლებული დღემდე რამდენიმეჯერ იყო იმის მცდელობა, რომ სპეციალური კონკურსის შედეგად გამოევლინათ პროექტი, რომლის დამტკიცების შემდეგ გმირთა საფლავზე მემორიალი აღიმართებოდა, მაგრამ ყველა მცდელობა უშედეგოდ დასრულდა.
ბათუმის გათავისუფლების, საქართველოს ერთიანობისთვის 1921 წლის 18-20 მარტს დაღუპულ გმირთა ვინაობა და 1990 წლის 3 მაისიდან 3 ივნისის ჩათვლით გადაღებული ფოტოები presage.tv-ს მოაწოდა საზოგადოებრივი ორგანიზაცია “ემსახურე საქართველოს“ თანათავმჯდომარემ, ავთანდილ ბერიძემ, რისთვისაც მას მადლობას ვუხდით.
ბათუმში, თეატრის უკან დაკრძალული 50 მებრძოლიდან დღეისთვის მხოლოდ 28 მათგანის ვინაობაა ცნობილი:
მაყვალა ყანჩაველი
ტატაშ ემხვარი
გრიგოლ ანჩაბაძე
პეტრე ზუხბაია
იასონ გვარამია
ერასტი ქირია
ილარიონ ბალიშვილი
პეტრე აკობია
სიმონ წურწუმია
სანდრო მინჯია
მიტო ჩიკვაიძე – სტუდენტი
კუკური ზარანდია – სტუდენტი
ლადო მეტრეველი – სტუდენტი
შოთა ვადაჭკორია – პრივატ–დოცენტი
მიქელაძე
მუსხელიშვილი
სეფისკვერაძე – არტილერისტი
სერგო ივანეს ძე ჟორჟოლიანი – დაბადებული1901 წელს; წყალტუბოს რაიონი სოფელი მაღლაკი
თომა ონისიმეს ძე კვიცარიძე - დაბადებული 1902 წელს; წყალტუბოს რაიონი სოფელი ოფურჩხეთი
სოკრატე ივანეს ძე კუკულაძე – დაბადებული 1896 წელს; ლანჩხუთის რაიონი სოფელი ჩიბათი
გივი ცომაია – სამეგრელო
ვანო შიოს ძე ბიჭიკაშვილი – კასპი
ამბარცუმ მაჩხელიანი – შავშეთიდან ლტოლვილი
გიორგი დავითის ძე ჩაჩიბაია – მარტვილის რაიონი სოფელი კიწია; მანთაშევის ქარხნის მუშა
იაკინთე სილიბისტროს ძე ურუშაძე - დაბადებული 1899 წელს; ოზურგეთის რაიონი სოფელი თხინვალი
დიომიდე არსენის ძე კოროშინაძე – დაბადებული 1896 წელს; ჩოხატაურის რაიონი სოფელი ნაბეღლავი
სიმონ ეგნატეს ძე ჯინჭარაძე – დაბადებული 1896 წელს
ალექსანდრე (სანდრო) დავითის ძე კაზიაშვილი
1921 წლის 18-20 მარტს გამართული ბრძოლის დროს დაღუპულთა ნაწილი საკუთარ ქალაქებსა და სოფლებში გადაასვენესდა დაკრძალეს. ცნობილია მათი გვარები:
სულავა–ოფიცერი
კონსტანტინე ესაძე
იამანიძე
იობიძე
გერმანე კვაჭაძე – ლანჩხუთის რაიონი სოფელი ჭინათი
მანასე ლადიკოს ძე დოლიძე – ოზურგეთის რაიონი სოფელი ასკანა
ალი ხასანის ძე ასათიანი – ბათუმის რაიონი, ორთაბათუმი
ანთიმოზ ირაკლის ძე ლორია – სამტრედიის რაიონი სოფელი ტოლები
ნიკოლოზ წულაძე – ლანჩხუთის რაიონი სოფელი ქვიანი
ლორია – გურია
ბოცვაძე – გურია
შანიძე – გურია
გეგუჩაძე – გურია
ბოლქვაძე – გურია
ძნელაძე – გურია
შალიკო ტურაბელიძე – ქუთაისი
ქარქაშაძე – ზემო იმერეთი
ავთანდილ ბერიძის მიერ მოწოდებული ფოტომასალით, სპეციალურად presage.tv-ს მკითხველისთვის ე.წ. სლაიდშოუ ჩვენი თხოვნით გააკეთა შალვა ფირცხალავამ, რომელსაც ასევე ვუხდით მადლობას.