27 თებერვალს პატარა ქართული ქალაქის პოლიციის შენობაში ტრავმისგან 46 წლის სოლომონ ქიმერიძე გარდაიცვალა. პროკურორის სამსახური ამტკიცებს, რომ ის შემთხვევით გადავარდა მესამე სართულის კიბიდან. საქმე დახურულია.
განვითარებულ ქვეყნებში მეინსთრიმული საინფორმაციო მედია ამბავს ისე გააშუქებდა, რომ დასვამდა კითხვებს კანონის შესაძლო დარღვევაზე, რადგან ისეთ ქალაქებშიც კი, როგორიცაა ლოს-ანჯელესი და ჩიკაგო, ადამიანები ხანდახან კვდებიან იმის გამო, რომ ძალიან ძლიერად ჰკრეს ხელი პოლიციის უბანში.
დასავლეთში ხალხი იმას ელის, რომ ამბის მონაწილე ყველა მხარის პოზიციას მოისმენს. ქართულ მედიაში არსებობს მხოლოდ ამბის ”ჩვენი ვერსია”.
მთავარი ქართული ტელევეზიები არასდროს ივარაუდებენ, რომ ვიღაც ბოროტმა პოლიციელებმა შესაძლოა მოკლეს პატიმარი. მათი სამუშაო შემდეგში მდგომარეობს – მათ უნდა შეგვახსენონ, რომ ყველა პოლიციელი კარგი ბიჭია და პოლიციის შუშის, გამჭვირვალე ნაგებობი ტრანსპარენტულობისა და პატიოსნების გარანტიას უნდა წარმოადგენენ.
იმაზე, თუ მართლაც რა ცუდები არიან პოლიციელები თქვენ შეიძლება მხოლოდ თბილისის ორი პატარა ოპოზიციური ტელევიზიის ეთერში შეიტყოთ – ”კავკასიის” და ”მაესტროს” ეთერში.
საქართველოში ”თავისუფალ პრესას” ამას უწოდებენ.
როდესაც სამი ქართული მთავარი არხი ”რუსთავი 2”, ”იმედი” და საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი გადასცემდნენ ქიმერიძის სიკვდილის ამბავს, ყველა მათგანი ერთსა და იმავე ტექსტს კითხულობდა და ერთსა და იმავე კადრებს აჩვენებდა. ეს იყო სიუჟეტი იმაზე, თუ როგორ გამოიყენა ოპოზიციის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ქიმერიძის სიკვდილი პოლიტიკური მიზნებისათვის.
მას შემდეგ, რაც მულტიმილიარდერმა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის მმართველობასთან შეჯიბრს აპირებს, ის მაშინვე იქცა ნომერ პირველ ცუდ ბიჭად. მთავარმა ტელეარხებმა არად ჩააგდეს მისი მოთხოვნა ქიმერიძის სიკვდილის ღია გამოძიების შესახებ და არად ჩააგდეს ცნობები იმის შესახებაც, თუ როგორ აშინებს მუდმივად ხელისუფლება მის მხარდამჭერებს. ალბათ, ესეც პრესის თავისუფლებაა.
ივანიშვილმა იყიდა ტელეარხის, ”იგრიკას” ლიცენზია და თავის ცოლს გადასცა. როდესაც ბოლოს საქართველოში მილიარდერს ანტი-სამთავრობო პოზიციის მქონე ტელევიზია ჰქონდა, იქ სპეცრაზმი შეიჭრა პირდაპირ ეთერში, ჟურნალისტები იარაღის მუქარით იატაკზე დაყარა, მწყობრიდან გამოიყვანა ტელევიზიის აღჭურვილობის დიდი ნაწილი და ის ეთერიდან გამორთო. ახლა ეს არხი პრო-სახელისუფლებოა. საქართველოს კიდევ ერთი ოპოზიციური ტელეარხი აღარ სჭირდება.
status quo-ს ზოგიერთი დამცველი აცხადებს, რომ მედიის თავისუფლების ხარისხი საქართველოში უკეთესია, ვიდრე სომხეთსა და აზერბაიჯანში, მაგრამ მათ ავიწყდებათ, რომ საქართველო თავს დასავლურობის ნიმუშად წარმოადგენს. ადამიანები დაღალა პროპაგანდამ და აინტერესებთ, როდის შეეძლებათ ამბის ორი რაკურსის გაგება ისე, რომ ამისთვის ერთი მიკერძოებული არხიდან მეორეზე სირბილი არ მოუხდეთ.
foreignpess.ge