ძნელი სათქმელია, რამდენად უკავშირდება ლოთი ქობალიას სახელის რეაბილიტაციის მცდელობა ბოლო დღეებში ოპოზიციის ლიდერების მიერ გახმაურებულ განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ სამეგრელოში საეჭვო წარსულის შეიარაღებული ჯგუფების გააქტიურება შეიმჩნევა და მოსალოდნელია სამოქალაქო კონფრონტაციაც, მაგრამ ფაქტია, რომ ქობალია სწორედ ის ფიგურაა, რომელსაც ხელეწიფება აღნიშნული ჯგუფების ორგანიზება-მობილიზება. გაზეთ “ქრონიკის 12-18 მარტის ნომერში გამოქვეყნებულ მასალაში ჟურნალიტი დიტო ჩუბინიძე აცხადებს, რომ მისი ინფორმაციით ჟურნალისტ დავით ბოლქვაძის დახვრეტის საქმეში ახალი გარემოებები გაჩნდა. ჩუბინიძის ინფორმაციით, დავით ბოლქვაძე ლოთი ქობალიას კი არა, ბადრი ზარანდიას დაუხვრეტია. ჟურნალისტის მიერ მომზადებული მასალიდან ახალი გარემოებების შესახებ მხოლოდ იმას ვიგებთ, რომ დავით ბოლქვაძე ხობში ჟურნალისტური საქმიანობის ნაცვლად მოროდიორობითა და არასრულწლოვანების გაუპატიურებით იყო დაკავებული, რის გამოც ის და მასთან ერთად მყოფი სამი პიროვნება ვინმე თენგიზ მხეიძეს შეუპყრია და ზუგდიდის კომენდატურისათვის გადაუცია. ამას რესპონდენტები, სამოქალაქო ომის დროს მოკლული მხატვრის, ვახტანგ ნოდიას ძმა ვალერი ნოდია და ყოფილი გვარდიელი თენგიზ (ჩიქო) მხეიძე ყვებიან. საზოგადოებისათვის ცნობილია, რომ ლოთი ქობალიას საქმესთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი ორჯერ გაიმართა. საქმის მასალები და მოწმეთა ჩვენებები რადიკალურად ეწინააღმდეგება იმას, რასაც დიტო ჩუბინიძის რესპონდენტები ყვებიან, მაგრამ ნუ ჩავთვლით, რომ ამის გამო სამართალდამცველები ვალდებული არ არიან ახალი გარემოებებიდან გამომდინარე, ფაქტის დადგენა მოახდინონ და, ამდენად, მკვლელობაში ბრალდებული დამნაშავე დასაჯონ. მეორეც - მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტ დავით ბოლქვაძის მკვლელი ლოთი ქობალია შეწყალებულია, მისი რეაბილიტაცია არ მომხდარა. შესაბამისად, თუკი ახალი ფაქტები დადგინდება და აღმოჩნდება, რომ თავის დროზე სასამართლოში მიცემული ჩვენებებისას მოწმეები ტყუოდნენ, ექსპერტიზა კი ცრუობდა, ქობალიას რეაბილიტაციას წინ ვერაფერი დაუდგება. თუმცა, ჩუბინიძის მიერ მოყვანილი მოწმეების ჩვენებები იმდენად აცდენილია რეალურ თარიღებსა და გეოგრაფიას, რომ ძნელად წარმოსადგენია, რამდენად შეიძლება მათზე დაყრდნობით ლოთი ქობალიას საქმის გადახედვა. ვინც კარგად იცნობს ამ საქმის დეტალებს, მათთვის გასაგებია, რა უზუსტობებიცაა დაშვებული ინტერვიუში. დაინტერესებულებისთვის არსებობს უამრავი დოკუმენტური და სამართლებრივი მასალა, რომლებზეც ხელი ყველას მიუწვდება. ამას გარდა, არსებობს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი, რომლის გამოც საქმეში ახალი გარემოებების “გაჩენა” და, შესაბამისად, თემის აქტუალიზაცია მხოლოდ ლოთი ქობალიას “გათეთრებისა” და ჟურნალისტ დავით ბოლქვაძის “გაშავების” პიარხერხი უნდა იყოს: ჩუბინიძის მიერ ბოლქვაძის მკვლელად დასახელებული ბადრი ზარანდია რამდენიმე წლის წინ მოკლეს. ასე რომ, ამ ეტაპზე საქმის ორი მთავარი მონაწილე – დაზარალებული დავით ბოლქვაძე და სავარაუდო ბრალდებული ბადრი ზარანდია მოწმეებად ვერ გამოდგებიან. რაც შეეხება რესპონდენტებს, ისინი, პრინციპში, პირდაპირ აცხადებენ, რომ მკვლელობის ფაქტს არ შესწრებიან და ამდენად, მხოლოდ მავანთა მონათხრობს იმეორებენ. არადა, არც ერთი მსგავსი ჩვენება არც ერთ სასამართლო პროცესზე არ დაფიქსირებულა. ლოთი ქობალიას საქმესთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი ორჯერ გაიმართა: პირველად - 1993 წელს. პროცესი 11 თვეს გრძელდებოდა, მაშინ ქობალიას სასამართლომ სიკვდილით დასჯა მიუსაჯა, თუმცა შემდეგ სასჯელის ეს ზომა საერთოდ გაუქმდა და, ამდენად, ქობალიას 20 წლის პატიმრობა შეეფარდა. ამის შემდგომ მას ციხიდან გაპარვის მცდელობისათვის კიდევ 6 წელი დაემატა. ხოლო მოგვიანებით, შერიგებისა და თანხმობის კომისიის ინიციატივით, საქმე ხელახლა გადაიხედა: ქობალიას სამშობლოს ღალატის ბრალდება მოეხსნა, თუმცა, ჟურნალისტისა და სამხედრო ტყვეების დახვრეტის ბრალდება ძალაში დარჩა. უნდა აღინიშნოს, რომ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ჟურნალისტის დახვრეტა სერიოზული ბრალდებაა, რომელსაც ვერცერთი ხელისუფლება ვერ წაუყრუებს, მით უმეტეს, რომ დავით ბოლქვაძე იმ დროს ტელეკომპანია WTN-ის თანამშრომელი იყო და, ამდენად, ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია და ყველაზე გავლენიანი ტელეარხები დაინტერესდნენ ბოლქვაძის მკვლელობით. თუმცა, ქობალია შეიწყალეს და, როგორც ირკვევა, მისი შეწყალება არა ჰუმანური, არამედ, პოლიტიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე მოხდა. ვარდების რევოლუციის შემდეგ, 2004 წლის 13 თებერვალს ახლადგაპრეზიდენტებული მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით, პრეზიდენტი დახვრეტილი ჟურნალისტის დედას ლია ისიან-ბოლქვაძეს შეხვდა. შეხვედრა სააკაშვილის მაშინდელ კაბინეტში შედგა და მას გოგა ხაინდრავაც ესწრებოდა. ლია ისიანი-ბოლქვაძე: “სააკაშვილმა ჯერ მითხრა, რომ ლოთი ქობალიას შეწყალება უნდოდა, რადგან ეს პოლიტიკური მიზნებისათვის სჭირდებოდა. პრეზიდენტის თქმით, სამეგრელოს ტყეებში გაფანტული შეიარაღებული ადამანები სამოქალაქო ომის საფრთხეს ქმნიდნენ და, როგორც ჩანს, ქობალია მათ დასაშოშმინებლად იყო საჭირო. მე ვთხოვე სააკაშვილს, რომ პრეზიდენტი, რომელიც ჩემი შვილის თანატოლი იყო, ნუ დაიწყებდა საკუთარ მოღვაწეობას ჟურნალისტის დახვრეტაში ბრალდებული კაცის შეწყალებით. სააკაშვილმა ამის შემდეგ თქვა. რომ ქობალიას არ შეიწყალებდა და მხოლოდ 6 წელს ჩამოაკლებდა. თან დააყოლა, რომ თუკი ქობალია ოდესმე პოლიტიკაში დაბრუნებას დააპირებდა, მას კვლავ ციხეში შეაბრუნებდა”. ლია ისიანმა ირწმუნა, რომ სააკაშვილი სიტყვას არ გატეხდა, თუმცა ამ შეხვედრიდან ძალიან მალე, 2004 წლის მაისში, სააკაშვილმა ლოთი ქობალია შეიწყალა და ციხიდან გაათავისუფლა. ცნობისათვის - ლოთი ქობალია დღემდე ზუგდიდში ცხოვრობს და ადგილობრივები იმასაც ამბობენ, რომ ის ზუგდიდის გამგებლის, ალიკა ქობალიას ნათესავია. დავით ბოლქვაძის ოჯახის წევრები ყვებიან, რომ გათავისუფლებიდან მალევე თვითმართველობის არჩევნებისას, ლოთი ქობალია ნაციონალების სიაშიც იყო ჩართული, თუმცა ოჯახის მიერ მოწყობილი რამდენიმე პრესკონფერენციის შემდეგ იგი სიიდან ამოიღეს. ნაციონალებმა მაშინ ქობალიაზე უარი თქვეს, თუმცა ქობალია პოლიტიკაში მაინც დაბრუნდა, ამჯერად უკვე ნოღაიდელის პარტიაში და როდესაც ნოღაიდელის პარტიამ ოზურგეთის თეატრში მისი საჯაროდ წარდგენა დააპირა, ამ მცდელობასაც ისევ ბოლქვაძის ოჯახის აქტიურობამ შეუშალა ხელი. როგორც ჩანს, ქობალია ის ფიგურაა, რომელიც ჩადენილი დანაშაულის მიუხედავად, არანაირ დისკომფორტს არ უქმნის ხელისუფლებას და სხვა ოპოზიციური ძალებისაგან განსხვავებით, პოლიტიკური აქტიურობისას მას პრობლემები არ ექმნება. ახლა კი ლია ისიანი ბოლქვაძის კიდევ ერთი მონათხრობი, რომელიც ერთნაირად უკავშირდება როგორც ზვიად გამსახურდიას, ისე ბადრი ზარანდიას, რომელიც “ქრონიკის” ინფორმაციით, დავით ბოლქვაძის ნამდვილი მკვლელია. (ცნობისათვის, ქობალიას თავის პირველ ჩვენებაში, რომელიც გამომძიებელ თოფჩიევს მისცა, თავად აქვს აღიარებული, რომ მრისხანების მომენტში ხობის მოედანზე საკუთარი ხელით დახვრიტა დავით ბოლქვაძე და დანარჩენი სამხედრო ტყვეები). ლია ისიანი-ბოლქვაძე: “ჩემი შვილის სიკვდილის შემდეგ მე დამიძახა მისმა მეგობარმა, სააგენტო “როიტერის” კორესპონდენტმა დათო ჩხიკვიშვილმა. შემიყვანა ოფისში და მაჩვენა მის მიერ 1993 წლის ივლისში გადაღებული ვიდეომასალა. ეს ის პერიოდია, როდესაც ზვიად გამსახურდია ჩეჩნეთიდან სამეგრელოში დაბრუნდა. ამ მასალაზე ზვიადია გადაღებული შეხვედრაზე, რომელსაც ლოთი ქობალიაც ესწრება. ზვიადი ქობალიას მოღალატეს უწოდებს და მის ნაცვლად სარდლად ბადრი ზარანდიას ასახელებს. მასალის ყურებისას დათო ჩხიკვიშვილმა ქობალიას თვალებსა და გამოხედვაზე გამამახვილებინა ყურადრება. ჩხიკვიშვილმა მითხრა, იცოდე, ეს ზვიადსაც მოკლავს და ზარანდიასაცო. მაშინ ზვიადი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, თუმცა ამ ამბებიდან მალევე დაიღუპა. რაც შეეხება ბადრი ზარანდიას, ის ზვიადისტი იყო და ციხეშიც საკმაოდ დიდხანს იჯდა, თუმცა ამ რამდენიმე წლის წინ, უკვე გათავისუფლებული, ზუგდიდის კაფეში ჩაცხრილეს. გაუგებარ ვითარებაში მოხდა ეს მკვლელობა.” – აცხადებს ლია ისიანი-ბოლქვაძე, რომელიც დარწმუნებულია, რომ ბადრი ზარანდიას 1993 წლის 27 ნოემბერს ხობში მისი შვილი არ მოუკლავს. კიდევ რამდენიმე საყურადღებო დეტალი ბოლქვაძის საქმიდან: არსებობს 1993 წლის ნოემბერში ჟურნალისტ ირმა ინაშვილის მიერ მომზადებული და ეთერში გასული მასალა, რომლის ასლიც ბოლქვაძის ოჯახს აქვს შენახული. აღნიშნულ მასალაში ქობალიას ორი გვარდიელი, ერთ-ერთი - გვარად ბულესკირია, იძლევა აღიარებით ჩვენებას, რომ ლოთი ქობალიას ტყვეების დასახვრეტად სპეციალური რაზმები ჰყავდა. ბულესკირიას აღმოაჩნდა დათო ბოლქვაძიას ჟურნალისტის მოწმობა და მასთან ერთად უამრავი დახვრეტილი სამხედრო ტყვის საბუთები. ამასთან - შსს-სა და უშიშროების სამსახურების შეუვსებელი ბლანკები, რომლებიც აფხაზეთში ვინმე ვადიმისათვის უნდა გადაეცა. ბულისკირია და მეორე პიროვნება ამ საბუთების გადატანისას დააკავეს გალში. სხვათა შორის, ისინი წითელი ჯვრისათვის მოპარული მანქანით გადაადგილდებოდნენ. WTN–ის თანამშრომლებმა კი საკუთარი ტელეკომპანიის BTK-ის კამერა აფხაზების ხელში ნახეს, რომლებიც აცხადებდნენ, რომ ეს იყო ალაფი დახვრეტილი ქართველი ჟურნალისტისაგან, რომელიც მათ ქობალიამ აჩუქა. (დავით ბოლქვაძე დახვრეტისას WTN-ისათვის იღებდა მასალას). როგორც ჩანს, ქობალია ის ფიგურაა, რომელიც აფხაზურ მხარეს უფრო წყალობდა, ვიდრე ქართველებს. არადა, ხობსა და ზუგდიდში ბევრს ახსოვს, როგორ უწვავდა ქობალია სახლ-კარს იმ ადამიანებს, რომლებიც აფხაზების წინააღმდეგ იბრძოდნენ. ქობალიას კისერზეა საქართველოს ისტორიის უმძიმესი ეპიზოდიც: სოხუმიდან დევნილი მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ზუგდიდის გზის ჩაკეტვა, რასაც ჭუბერის უღელტეხილზე ასობით ადამიანის გაყინვა და სიკვდილი მოყვა. რას უკავშირდება ქობალიას გავლენები აფხაზეთსა და სამეგრელოში? ამ კითხვაზე პასუხი ერთმნიშვნელოვანი ვერ იქნება, მაგრამ ერთი დეტალი ბევრზე მეტყველებს: ლოთი ქობალია სუზდალში ე.წ. კაგებეს ბაზაზე დააკავა საქართველოს უშიშროების სამსახურმა, რომელსაც იმ პერიოდში ასევე უშიშროების კაგებეს გენერალი იგორ გიორგაძე ხელმძღვანელობდა. როგორ აღმოჩნდა ქობალია სუზდალის გასაიდუმლოებულ ბაზაზე გასაგებია, თუმცა რატომ გაწირა მაშინ ის რუსულმა კაგებემ, გაუგებარია. თუმცა, ფაქტია, რომ ქობალია ამის შემდეგ სიკვდილით დასჯასაც გადაურჩა, სასჯელსაც და ამის შემდეგ ქართულ პოლიტიკაში რეაბილიტაციასაც შეეცადა.
|