სტუდენტების პროტესტი , მოდელირებული რეალობა და საჯარო „ცხოველების ფერმა“

სტუდენტების პროტესტი , მოდელირებული რეალობა და საჯარო „ცხოველების ფერმა“

,,როდესაც ქვეყანაში არ არსებობს პოლიტიკური დებატები, ხელისუფლების წარმომადგენლები უარს აცხადებენ პოლიტიკურ დებატებში მონაწილეობის მიღებაზე ძნელია არჩევანის გაკეთება.  ხშირად ახალგაზრდები აცხადებენ, რომ აპოლიტიკურები არიან. ეს  მცდარი მიდგომაა. ჩვენი ვალია გვაინტერესებდეს პოლიტიკა“, - ასეთი განცხადებები ისმოდა დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ.

„პოლიტიკური გადაწყვეტილებები პირდაპირ გავლენას ახდენს ჩვენ ცხოვრებაზე. ესეთ დროს განსაკუთრებით სტუდენტებმა უნდა ავიმაღლოთ ხმა ქვეყანაში არსებულ უსამართლობაზე, რადგანაც მომავალში ჩვენი დასალაგებელი და დასასუფთავებელი იქნება  დღევანდელი ხელისუფლების მიერ ჩადენილი ბინძური საქმეები“, - აცხადებდნენ  აქ პროტესტის ნიშნად შეკრებილი სტუდენტები.

სტუდენტური თვითმმართველობების წინააღმდეგ გამართულ აქციაზე ახალგაზრდები თსუ-დან შეიკრიბნენ. აქციის - „წაიკითხე 20 გვერდი თავისუფლებისთვის!“ - ორგანიზება სოციალურ ქსელ Facebook-ის საშუალებით მოხდა.

მიზეზი ის უკმაყოფილებაა, რომელსაც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  სტუდენტები სტუდენტური თვითმართველობის წარმომადგენელთა უხეში ქმედებების და უფლებამოსილების გადამეტების  გამო გამოხატავენ.

აქცია განსხვავებული ხასიათის იყო. მისმა მონაწილეებმა პროტესტი ჯორჯ ორუელის ნაწარმოების -„ცხოველების ფერმის“ საჯარო  წაიკითხვით გამოხატეს.

„საპარლამენტო არჩევნების  შედეგები პირდაპირ გავლენას მოახდენს ჩვენ მომავალზე. მომავალზე ჩვენვე ვაგებთ პასუხს! ეს არის მოთხოვნა თავისუფლებისათვის“-აცხადებდნენ შეკრებილი ახალგაზრდები.

მათი პროტესტის ერთ-ერთი მიზეზი ტელევიზიების მიერ არსებული რეალობის მოდელირება და ის შემგუებლობა იყო, რომელსაც საზოგადოება ამ ფაქტთან დაკავშირებით იჩენს. 

სტუდენტები ფიქრობენ, რომ პროტესტის ამგვარი ფორმა მათ დაეხმარება საზოგადოებისა და მედიის ყურადღება მიიქციონ.