„შევხვდებით პროკურატურაში“

„შევხვდებით პროკურატურაში“

"პოლიტიკური სუბიექტების მოჩვენებითი, თვალთმაქცური გარიგების გზით დაფინანსების ფაქტზე ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს, რასთან დაკავშირებითაც დაბარებული ხართ ახსნა-განმარტების მისაცემად“, - ასეთია კონტროლის პალატის უწყება, რომელშიც მითითებულია, რომ ადმინისტრაციული სამართალდაღვევის კოდექსის 252-ე მუხლის საფუძველზე დაბარებულებს უფლება აქვთ გაეცნონ საქმის მასალებს, წარადგინონ მტკიცებულებები, ისარგებლონ ადვოკატის მომსახურებით. თუმცა, ამავე კანონში გაწერილი უფლება-მოვალეობის შესრულება დასაკითხად დაბარებულ პირებს არავინ მისცა.

 „ადმინისტრაციული პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა განმარტება, წარადგინოს მტკიცებულებები, განაცხადოს შუამდგომლობები, საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული  დახმარებით და ა.შ.“ - წერია  კანონში.

არავინ იცის რა წერია საქმის მასალებში. არც ის, როდის დაიწყო საქმის წარმოება და რამდენი ადამიანია პასუხისგებაში მიცემული. ცნობილია მხოლოდ ის, რომ კონტროლის პალატა ყოველ დღე ათობით ადამიანს უგზავნის ერთი და იგივე შინაარსის წერილს და დაკითხვაზე იბარებს.

„უწყებაში, ბევრი დარღვევაა. პირი მიცემულია ადმინისტრაციულ წარმოებაში და არ არის კონკრეტულად მითითებული, რომელი კანონის და რომელი ნორმის შესაბამისად. მითითება არის ადმინისტრაციული სამართლდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლზე. ამ კოდექსის, ეს მუხლი ნიშნავს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას. ფაქტიურად ეს ადამიანი, სისხლის სამართლის ტერმინი რომ ვიხმაროთ, ბრალდებულია ადმინისტრაციული სამართლდარღვევის ჩადენაში, მაგრამ რომელი სამართალდარვევის ჩადენაში, ეს არ წერია. იქ არის მითითებული ასევე მოჩვენებითი და თვალთმაქცური გარიგებების შესახებ, მაგრამ ადმინისტრაციული კანონმდებლობა ასეთ ტერმინს არ იცნობს. მოჩვენებითი და თვალთმაქცური გარიგება არის სამოქალაქო სამართლებრივი ტერმინი. იგი შეიძლება ნახოთ სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლში, მაგრამ სამოქალაქო კოდექსთან კონტროლის პალატას ან, რომელიმე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოს შეხება საერთოდ არა აქვს. ფაქტიურად, კონტროლის პალატამ პასუხისგებაში მისცა თითოეული უწყების ადრესატი ისე, რომ კონკრეტული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ქმედების შემადგენლობა არ არსებობს“, - აღნიშნა presage.tv-სთან საუბრისას იურისტმა სანდრო ბარამიძემ.

გურიაში კონტროლის პალატის უწყება გასულ კვირას 150-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო. არცერთ უწყებაში არ იყო მითითებული რომელ ქალაქში იყვნენ ეს ადამიანები დაბარებულები ახსნა-განმარტების მისაცემად. მინიშნებული მხოლოდ ქუჩის დასახელება და ნომერი იყო. ყველა უწყება ერთმანეთის ქსეროასლი იყო. როგორც მოგვიანებით გაირკვა, კონტროლის პალატამ მხარის სამივე მუნიციპალიტეტში გამგეობის ოთახები ითხოვა. დაუდგენელი მიზეზების გამო, სამივე მუნიციპალიტეტში კონტროლის პალატამ დასაკითხად გამგეობის კულტურის სამსახურის ოთახი გამოიყენა.

დაკითხვების ერთკვირიანი სერია ლანჩხუთიდან დაიწყო, სადაც კონტროლის პალატა ორი დღის განმავლობაში, 11-12 მარტს კითხავდა ლანჩხუთელებს. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობის მესამე სართულზე მობილიზებული იყო პოლიცია და არც რიგით მოქალაქეებს, არც ჟურნალისტებს შენობის მესამე სართულზე შესვლის უფლება არ მისცეს.

ლანჩხუთის გამგეობის მესამე სართულზე არ შეუშვეს „გურია ნიუსის“ ჟურნალისტი ლალი იმედაიშვილი და ოპერატორი. ისინი რამდენიმე წუთით კანცელარიაში გააჩერეს და შემდეგ შენობა დაატოვებინეს.

დაახლოებით 50-მდე ჩოხატაურელს, კონტროლის პალატის უწყება 12 მარტს მოუვიდა. უწყების თანახმად, ეს ადამიანები წერეთლის ქუჩა N2-ში, 13 მარტს, პირველ სართულზე იყვნენ დაბარებულები, თუმცა, მითითებული არ იყო, რომელ ქალაქში. როგორც აღმოჩნდა, მოქალაქეები მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში იყვნენ დაბარებული, თუმცა, არც გამგეობაში და არც საკრებულოში, არავინ იცოდა, თუ რა ხდებოდა.

13 მარტს, ჩოხატაურში ადრიანი დილიდანვე ჩაკეტეს გამგეობის შესასვლელი და იქ შესვლის საშუალებას არავის აძლევდნენ. აღსანიშნავია, რომ შენობაში არ შეუშვეს საკრებულოს დეპუტატი, ვანო ჯაყელი, საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი, თემურ კუტუბიძე, რიგითი მოქალაქეები და ჟურნალისტები. შემსვლელთა მკაცრ აღრიცხვას დაცვის პოლიციის თანამშრომლები აკონტროლებდნენ, რომლებიც ჟურნალისტებთან არ საუბრობდნენ.

ამ დღეს ჩოხატაურში საკრებულოს სხდომაც უნდა გამართულიყო, თუმცა გადაიდო. საკრებულოს პრესამსახურის ხელმძღვანელის, მზია სიხარულიძის განმარტებით, გადადების მიზეზი ერთი საკითხის გაურკვევლობა გახდა. რა საკითხზე იყო საუბარი, სიხარულიძეს არ დაუკონკრეტებია. ადმინისტრაციულ შენობაში შესვლა ვერ შეძლო გაზეთ „გურია ნიუსის“ ჟურნალისტებმა, რომლებსაც კანცელარიაში განცხადების დატოვება სურდათ, იმის გასარკვევად, რა ოფიციალური დოკუმენტის საფუძველზე დაუთმეს კონტროლის პალატას ორი ოთახი.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატები, რომლებიც დაკითხვაზე დაბარებული ადამიანების ინტერესებს იცავდნენ, რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდნენ შენობაში შესვლას. შენობაში შესვლა იურისტებმა მას შემდეგ შეძლეს, რაც საია-ს ადვოკატმა, გია ქარცივაძემ კონტროლის პალატის თავმჯდომარის მოადგილეს, დევი ვეფხვაძეს დაურეკა და შეახსენა, რომ მისი წარმომადგენლები კანონს არღვევდნენ.

პასუხი კითხვაზე, რის საფუძველზე არ უშვებდნენ შენობაში მოქალაქეებსა და ჟურნალისტებს არავის აღმოაჩნდა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატის, ჯაბა ზერეკიძის თქმით, არ არსებობს კანონი, რომელიც ზღუდავს მოქალაქეების ადმინისტრაციულ შენობაში შესვლის უფლებას.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში დაკითხვაზე დაბარებულ პირებს უპრეცედენტო შემოწმების გავლა მოუხდათ. ჩხრეკის პროცედურა საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის, კორნელი კუკულავას კაბინეტში ხდებოდა, თუმცა, როგორც მასთან სატელეფონო საუბრით გავარკვიეთ, ის საქმის კურსში არ იყო.

როგორც ადვოკატებმა და დაკითხულმა ადამიანებმა გვითხრეს, მათ ფეხსაცმლის და ტანსაცმლის გახდა მოუწიათ. რაც შეეხება დასმულ კითხვებს, ასე ჟღერდა: რამდენი აიღე ხელწერების შეგროვებისთვის? გაზეთს „ქართულ ოცნებას“ რომ არიგებ, ამისთვის რამდენ ლარს გიხდიან? რამდენი გადმოერიცხა პარტიას? რამდენია თქვენს მუნიციპალიტეტში ოპოზიციური პარტიის წევრი? რამდენი ხელწერა შეაგროვეთ? ვინ და რამდენ ეგზემპლარს გაზეთს „ქართული ოცნებას“ ავრცელებ?

დაკითხულები ფსიქოლოგიურ ზეწოლაზეც საუბრობდნენ. მათი თქმით, პალატის წარმომადგენლები რამდენიმე საათის განმავლობაში ერთი და იგივე კითხვებს უსმევდნენ. ბოლოს კი ასე ასრულებდნენ: „თუ რაიმე არასწორად იქნება, შევხვდებით პროკურატურაში“.

იყო შემთხვევები, როცა რამდენიმე ადამიანი, ოთახში ადვოკატის გარეშე შეიყვანეს, ადვოკატებს კი უთხრეს, რომ მათ მომსახურებაზე უარს დასაკითხი პირი აცხადებდა. თუმცა, გარეთ გამოსული დაკითხული ადამიანები ამბობდნენ, რომ მათთვის ადვოკატის შესახებ არავის არაფერი უთქვამს.

ჩოხატაურში, ყველაზე ბოლოს, საღამოს შვიდის ნახევარზე, ახსნა-განმარტების მისაცემად რეგიონალური მედია ასოციაციის ხელმძღვანელის და გაზეთ „გურია ნიუსის“ დამფუძნებლის, ია მამალაძის ძმა, ზაალ მამალაძე გამოიძახეს. მას სამი ადვოკატი შეჰყვა, თუმცა, ერთ-ერთი - გია ქარცივაძე რამდენიმე წუთის შემდეგ უკან გამოვიდა:

 „გადმოვიდნენ პირად შეურაცხყოფაზე. ვაკეთებდი ოქმს, ვის კითხავდნენ, ვინ იყო დამკითხავი, ისე, როგორც იქცევა ადვოკატი, რომელიც ესწრება დაკითხვას. ვინიშნავდი ჩემთვის საინტერესო მომენტებს. მწვდა ხელში და სავარაუდოდ დასარტყმელად წამოწია. ამის შემდეგ დავტოვე ოთახი და გამოვედი. ვფიქრობ, პროვოკაციის მოწყობა სურდათ“, - გვითხრა ქარცივაძემ.

მამალაძემ, რომელსაც პოლიტიკასთან არანაირი შეხება არ აქვს დაკითხვაზე თითქმის სამი საათი გაატარა.

„ფსიქოლოგიური სტრესი ნამდვილად მივიღე. ასეთი შემთხვევა ჩემს ცხოვრებაში პირველი იყო და ძალიან განვიცადე, მეკითხებოდნენ, რა კავშირი მქონდა „ქართულ ოცნებასთან“, ვიღებდი თუ არა ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნის ხელმოწერების შეგროვებაში მონაწილეობას“, - გვითხრა მამალაძემ.

ზაალ მამალაძეს, რომელიც ცნობილი სტომატოლოგია, ისიც ჰკითხეს ამოუღია თუ არა კბილი უფასოდ რომელიმე ოპოზიციონერისთვის!

ანალოგიურად დაინტერესდნენ, გაერთიანებული დემკორატების წევრის, პედიატრ ვახო გაჩეჩილაძის საქმიანობით, და მასაც მიანიშნეს, რომ უფასოდ გასინჯვა ან მკურნალობა პოლიტიკური სუბიექტისთვის ან მასთან გათანაბრებული პირისთვის დანაშაულია.

14 მარტს, დაკითხვები ოზურგეთში გაგრძელდა და სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

კონვერტზე, რომელიც ოზურგეთელებს მიუვიდათ არ ეწერა კონტროლის პალატის მისამართი, უწყებები არ იყო დაბეჭდილი კონტროლის პალატის ბლანკზე, არ იყო მითითებული რეგისტრაციის ნომერი და რეგისტრაციაში გატარების თარიღი.

ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მსგავსად, კონტროლის პალატამ ოზურგეთის ადმინისტრაციული შენობაც დაიკავა, სადაც საკრებულო, გამგეობა, საჯარო რეესტრი, საგანმანათლებლო რესურსცენტრი, საოლქო საარჩევნო კომისია და გუბერნიაა განთავსებული. სამი დღის განმავლობაში ჟურნალისტებს შენობაში შესვლის საშუალება არ მისცეს.

„წელს ზემოთ გამხადეს და ისე შემამოწმეს. ვინც ახსნა-განმარტება ჩამომართვა, კახა საჯაიათი გამეცნო. მკითხა, რას ვსაქმიანობდი, არა მარტო მე, არამედ ჩემი ოჯახის თითოეული წევრი. შიგადაშიგ მაფრთხილებდა, თუ რაიმეს დავმალავდი და არ ვიტყოდი, ეს ჩემს საწინააღმდეგოდ იქნებოდა გამოყენებული მას შემდეგ, რაც პროკურატურაში დამიბარებენ. სულ ათამდე ხელწერა შევაგროვე, არ დამიმალავს და ვუთხარი. იმდენად საშიში ხდება უკვე ეს გარემო, ხანდახან ოჯახის წევრზე მიმაქვს ეჭვი, ხომ არ გამცემს-თქო. ერთი და იგივე შინაარსის კითხვებს სხვადასხვა ინტერპრეტაციით მისვამდნენ. მე ამ ყველაფერს ფსიქოლოგიურ ზეწოლად შევაფასებდი“, - აღნიშნა ერთ-ერთმა დაკითხულმა.

იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ამბობდნენ, რომ დაკითხვის დროს არანაირ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია.

ოზურგეთში პრობლემა ადვოკატებსაც შეექმნათ. ჯაბა ზერეკიძეს, კონტროლის პალატის წარმომადგენელმა, გაგა ჩაქსელიანმა ოქმში ჩანაწერის გაკეთების საშუალება არ მისცა.

კონტროლის პალატის ვოიაჟი გურიაში ამით არ დასრულებულა. პოლიცია დღემდე აქტიურად კითხავს იმ ადამიანებს, რომლებიც კონტროლის პალატის დაკითხვაზე არ გამოცხადდნენ. უკვე დაიკითხნენ ჩოხატაურელი რესპუბლიკელები მამუკა ცინცაძე და გოჩა ჯიქია. როგორც ჯიქიამ -სთან საუბარში აღნიშნა, პოლიციელებმა მას სახლში მიაკითხეს და დაუყონებლივ პოლიციაში გაყოლა სთხოვეს. ანალოგიურად მოექცნენ მამუკა ცინცაძესაც. მათთვის დასმული კითხვები იდენტური იყო - „რატომ არ გამოცხადდით კონტროლის პალატაში“. პოლიციელებმა ორივე მათგანს ჩვენებაში დააწერინეს, რომ განმეორებით გამოძახების შემთხვევაში, არც პოლიციაში და არც კონტროლის პალატაში მისვლას თავს არ აარიდებენ.

presage.tv -ის ინფორმაციით,  ამ ადამიანების დაკითხვები რამდენიმე დღეში ისევ განახლდება, ოღონდ პროკურატურაში. ჩვენი წყაროს თქმით, საქმე უკვე შეკერილია და რამდენიმე პირი, შესაძლოა ცრუ ჩვენების მიცემისთვის და ფაქტების დამალვისთვის დააკავონ.