მასალა გამოქვეყნებულია Foreignpress-ის ვებგვერდზე
როდესაც საქართველოს სამი წამყვანი ტელეკომპანიის საინფორმაციო გამოშვებებში, ამ თვეში დაპატიმრების დროს გარდაცვლილი ადამიანის საეჭვო საქმის შესახებ ფაქტობრივად იდენტური რეპორტაჟები გავიდა, კრიტიკოსებმა განაცხადეს, რომ სიუჟეტების ტექსტი მთავრობის ნაკარნახევი იყო.
ინციდენტმა განაახლა სპეკულაციები თემაზე, რომ ხელისუფლება გავლენას ახდენს მგრძნობიარე თემების გაშუქებაზე სახელმწიფო ტელევიზიის და ორი წამყვანი კერძო ტელეკომპანიის საშუალებით, რომლებიც პატარა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში მთავარ საინფორმაციო წყაროს წარმოადგენენ.
„ახალი ამბების კოორდინირებული გაშუქება სერიოზული ინდიკატორია იმის, რომ ქვეყნის მთავარ მაუწყებლებში სარედაქციო დამოუკიდებლობის დეფიციტია“, – წერს უფლებადამცველი ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ საკუთარ ვებ-გვერდზე.
მწვავე რეაქციები მოჰყვა იმას, რომ როდესაც სოლომონ ქიმერიძის გარდაცვალებაზე (პოლიციის თქმით, ქიმერიძე კიბიდან გადმოვარდნის შემდეგ დაიღუპა იმ დროს, როდესაც პროვინციულ ქალაქ ხაშურში დაკავებული იყო) YouTube -ზე ატვირთული სამივე ტელეკომპანიის ვიდეორეპორტაჟი თითქმის ერთნაირი იყო.
„ასეთი მედიით დემოკრატიული სახელმწიფო ვერ აშენდება“, – ნათქვამია YouTube-ზე გამოქვეყნებულ ერთ-ერთ კომენტარში; სხვებმა ამ ისტორიაში ჩართული ჟურნალისტები დაგმეს და მათ „მეძავეები“ და „ზომბები“ უწოდეს.
თუმცა, შინაგან საქმეთა სამინისტრო ამტკიცებს, რომ „აბსოლუტურად შეუძლებელია“ ის, რომ გაშუქება მათი კარნახით მოხდა. ხელისუფლება ამბობს, რომ მედიის თავისუფლება კანონით არის გარანტირებული.
დასავლელი მხარდამჭერები აქებდნენ საქართველოს დემოკრატიული პროგრესის გამო, რომელსაც მან 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ მიაღწია, რევოლუციის, რომელმაც რეფორმატორი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებაში მოიყვანა, მაგრამ ანალიტიკოსები ამბობენ, რომ მედია პრობლემურ საკითხად რჩება.
„ამ მხრივ სიტუაცია ცალსახად უარესია, ვიდრე ვარდების რევოლუციამდე იყო, ეს ტელევიზიებს ეხება, სადაც მთავრობის კონტროლი გაცილებით დიდია“, -ამბობს ქართული ჟურნალ „ლიბერალის“ რედაქტორი შორენა შავერდაშვილი.
სატელევიზიო სკანდალები საქართველოსთვის უცხო არ არის. ამ მხრივ ყველაზე ცნობილი ორი წლის წინანდელი მოდელირებული „ახალი ამბები“ იყო, რომელმაც მაყურებელს შესაძლო რუსული ინტერვენციის შესახებ აუწყა. გადაცემა იმ ტელევიზიის ეთერში გავიდა, რომლის მმართველიც სააკაშვილის მოკავშირეა და მაყურებელში, რომელსაც მკაფიოდ ახსოვდა ქვეყნის ნამდვილი ომი რუსეთთან 2008 წელს, პანიკა გამოიწვია.
ორივე წამყვანი კერძო ტელეკომპანიის „რუსთავი 2“-ის და „იმედის“ მესაკუთრეებს ადმინისტრაციასთან აქვთ კავშირი და ამ არხების საინფორმაციო გამოშვებებში მთლიანად დომინირებს სააკაშვილის გამოსვლების და პიარ კამპანიების გულუხვი გაშუქება.
„ნაციონალურ არხებზე სოციალური პრობლემები შუქდება, მაგრამ ეს რეპორტაჟები ყოველთვის კარგად მთავრდება იმაზე მინიშნებით, რომ სამთავრობო პროგრამები ამ პრობლემებს აგვარებს“,- ამბობს მაია წიკლაური, ვებ-გვერდ media.ge-ის რედაქტორი და წარსულში „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტი.
„იმედი“, რომელმაც იმიტირებულ ინტერვენციაზე რეპორტაჟი მოამზადა, ერთ დროს სააკაშვილისადმი კრიტიკულად განწყობილი ტელეკომპანია იყო, რომელიც ოპოზიციონერ მაგნატს ეკუთვნოდა, მაგრამ არხი დახურეს, როდესაც პოლიციამ 2007 წელს საპროტესტოაქციები დაარბია და ბოლოს მთავრობის მხარდამჭერების ხელში აღმოჩნდა.
ანალიტიკოსი და სააკაშვილის კაბინეტის ყოფილი მინისტრი, გია ნოდია ამბობს, რომ მართალია მთავრობას გააჩნია „გავლენის ბერკეტები“ ტელეკომპანიის კეთილგანწყობილი მესაკუთრეების სახით, თუმცა საეჭვოა ის, რომ ჩინოვნიკები მართლაც გასცემენ ინსტრუქციებს იმის თაობაზე, თუ რომელი ამბავი უნდა გაშუქდეს და როგორ, როგორც ამას ზოგიერთი ოპონენტი ამტკიცებს.
ქართული მედია უფრო თავისუფალი და ცოცხალია, ვიდრე მეზობელ სახელმწიფოებში, ყოფილ საბჭოთა სომხეთსა და აზერბაიჯანში, და 2010 წელს შეიქმნა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პოლიტიკური არხი, რომელიც საეთერო დროს უთმობს ყველა პარტიას.
„საქართველოში ცენზურა არ ასებობს“, - ამბობს ნოდია.
ორი წლის წინ, სააკაშვილმა მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებულ პრეტენზიებს „აბსოლუტური სისულელე“ უწოდა, რადგან არხებს, რომლებსაც „მთავრობა სძულთ“ მაუწყებლობის უფლება აქვთ.
ორი პრო-ოპოზიციური ტელეკომპანია – „მაესტრო“ და „კავკასია“ – რომლებიც მხოლოდ დედაქალაქში მაუწყებლობენ, თავიანთი ეთერის დიდ დროს უთმობენ მაღალჩინოსნების ოპონენტთა გამოსვლებს.
„საქართველოში არსებობს, როგორც პრო-სამთავრობო, ასევე პრო-ოპოზიციური მედია საშუალებები და არცერთი მათგანი არ უზრუნველყოფს მოვლენების დაბალანსებულ გაშუქებას“, – ამბობს ნოდია.
საქართველოს უკიდურესად პოლარიზებულ პოლიტიკურ გარემოში, მოვლენების ობიექტურ გაშუქებას და საგამოძიებო რეპორტაჟების მომზადებას დიდწლად ის ბეჭდური გამოცემები ახერხებენ, რომლებსაც დაბალი ცირკულაცია აქვთ და ვებ-გვერდები, რომლებიც ხშირად დასავლური გრანტების წყალობით არსებობენ.
„ჩვენ აღარ გვჭირდება პროპაგანდა ან ანტი-პროპაგანდა, არამედ რეალურად ობიექტური ახალი ამბები“, - ამბობს შავერდაშვილი.
მაგრამ საქართველოში, სადაც წელს მოგვიანებით გადამწყვეტი საპარლამენტო არჩევნებია და შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნები 2013 წელს, მედია პოლიტიკური ბრძოლის ველად დარჩება და საეჭვოა, რომ ტელევიზიების პროპაგანდასთან დაკავშირებული ბრალდებები გაქრეს.