განათლების მინისტრმა ქვეყნის კონსტიტუცია და საერთაშორისო ხელშეკრულებები დაარღვია“, - აცხადებს „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენელი, ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“ წევრი, გიორგი ცაგარეიშვილი და შაშკინის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას ითხოვს.
როგორც საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გიორგი ცაგარეიშვილმა განაცხადა, 2011 წლის ივლისში განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, დიმიტრი შაშკინმა გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვით „პირი, რომელიც სკოლის გამოსაშვებ გამოცდებზე არ დარეგისტრირდება ან ვერ მიიღებს დადგენილი სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ატესტატის მოპოვებისთვის საჭირო საგნებში დადებით შეფასებას და სურს, სწავლა გააგრძელოს უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, მიეცემა სპეციალური სერიის მქონე სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი“. ამ დოკუმენტის მფლობელი საქართველოში მოქმედ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის უფლებით ვერ ისარგებლებს.
„აღნიშნული ბრძანება სამინისტროს ვებ-გვერდზე მხოლოდ 5 დღე იყო გამოკიდული, შემდეგ კი მოიხსნა, რადგან იუსტიციის სამინისტრომ მას არც შესაბამისი კოდი მიანიჭა და არც რეესტრში გაატარა და ეს არც არის გასაკვირი, რადგან ეს ბრძანება ანტიკონსტიტუციურია და არღვევს, როგორც საქართველოს კონსტიტუციას, ასევე არაერთ საერთაშორისო ხელშეკრულებას და კანონს“, - ამბობს ცაგარეიშვილი.
ეს ხელშეკრულებებია „ევროპის რეგიონში უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებული კვალიფიკაციების ცნობის კონვეცია“ (ლისაბონის კონვეცია) და „უცხოეთის ოფიციალური დოკუმენტების ლეგალიზაციის მოთხოვნის გაუქმების შესახებ“ ჰააგის 1961 წლის კონვეცია.
ცაგარეიშვილის განცხადებით, მინისტრის ბრძანებით დადგენილ ე.წ. სპეციალური სერიის მქონე ატესტატს არც ქართული კანონმდებლობა ცნობს და არც საერთაშორისო, ამიტომ გამოდის, რომ სამინისტრო საქათველოს მოქალაქე ახალგაზრდებსაც ატყუებს და იმ ქვეყნებსაც, სადაც მათ სწავლის გაგრძელების სურვილი ექნებათ.
„შეუძლებელია ამ წესით გაცემული დოკუმენტის აპოსტილით დამოწმება, ვინაიდან დოკუმენტი შინაარსით არსებითად ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, რადგან გაიცემა იმ პირზე, რომელმაც ვერ ჩააბარა სკოლის გამოსაშვები გამოცდები („ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6-ე მუხლის პირველი პუნქტი).
„ამასთან, შეუძლებელია ამ ბრძანების საფუძველზე გაცემული დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურება შესაბამისი ორგანოს მიერ, რადგან ამ შემთხვევაში უნდა დადასტურდეს საგანმანათლებლო პროგრამის სრულად გავლის ფაქტი, პირისთვის კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტი, აგრეთვე საგანმანათლებლო პროგრამის სრულად გავლისა და კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე სათანადო დოკუმენტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნასთან“, - აცხადებს ცაგარეიშვილი.
როგორც ის განმარტავს, იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო აპოსტილით დაამოწმებს „სპეციალური სერიის მქონე ატესტატს“, ანუ დაადასტურებს მის ნამდვილობას, მაშინ საქართველო დაარღვევს საერთაშორისო კანონმდებლობას, რაც აუცილებლად გამომჟღავნდება ამ ატესტატის ნამდვილობის გადამოწმების დროს, რადგან განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ვერ დაადასტურებს, რომ საატესტატო გამოცდების გარეშე დასრულებული პროგრამა და მისი დამადასტურებელი დოკუმენტი აღიარებულია საქართველოში უმაღლეს სასწავლებლებში დაშვებისთვის.
დეპუტატი ასევე ხაზს უსვამს, რომ მინისტრის ბრძანება „სპეცილუარი სერიის მქონე დოკუმენტის“ შესახებ, განათლებისა და მეცნიერების მინისტრისვე ბრძანებასაც ეწინაარმდეგება, რომლის მიხდევით განათლების სფეროში მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტებია განსაზღრული და რეომელთა შორის, სპეციალური სერიის დოკუმენტებზე არაფერია ნათქვამი.
„ეს ბრძანება, გარდა იმისა, რომ უკანონოა, ხელს უშლის საქართველოს მოქალაქეების საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში ჩართვას. კერძოდ, იმ შემთხვევაში, თუ პირი მიიღებს ამ დოკუმენტს, ის ვერ გააგრძელებს სწავლას საქართველოში არსებულ სასწავლებლებში. ამასთან, ის ვეღარ ჩააბარებს სკოლის გამოსაშვებ გამოცდებს, რადგან მას უკვე მიღებული აქვს ის დოკუმენტი, რომლის მისაღებად მან გამოცდა უნდა ჩააბაროს.
ამიტომაც, რადგან ამ დოკუმენტის მიმღებს საქართველოში სწავლის შანსი აღარ რჩება, იძულებულნი ხდებიან, წავიდნენ სხვა ქვეყანაში. მაგრამ მათი დოკუმენტის გადამოწმების შემთხვევაში ისინი სწავლას იქაც ვერ შეძლებენ“, - ამბობს ცაგარეიშვილი და დასძენს, რომ ამ ბრძანებით ეჭვქვეშ დგება სკოლის გამოსაშვები გამოცდებისთვის გაწეული ხარჯების მართებულობა და, რაც მთავარია, მოსწავლეებს ეკარგებათ სწავლის მოტივაცია.
ამასთან, მისივე მტკიცებით, მიუხედავად იმისა, რომ მთელ რიგ ქვეყნებში, კერძოდ ლისაბონის კონვეციის ხელმომწერ ქვეყნებში ახალგაზრდებს სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა არ უნდა ჰქონდეთ, ამ მეთოდით საქართველო უკვე დატოვა 600-მა ახალგაზრდამ, რომელთა შორის საქართველოში მცხოვრები ყველა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებიც შედიან.
„ასე ასრულებს სახელმწიფო უმცირესობების წინაშე არსებულ ვალდებულებებს. რეალურად მათ საქართველოს დატოვებისკენ უბიძგებენ“, – დასძინა ცაგარეიშვილმა.
დეპუტატი დღესვე გააგზავნის ორ წერილს აღმასრულებელ ხელისუფლებაში. მთავარ პროკურატურას ის განათლებისა და მეცნიერების მინისტრის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას მოსთხოვს, მეორე წერილით კი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსგან იმ პირების სიას გამოითხოვს, რომლებმაც, მისი შეფასებით, საქართველო მინისტრისგან მოტყუებულებმა დატოვეს.
საპარლამენტო უმრავლესობა და მათ შორის პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე ამ საკითხზე ჯერჯერობით არანაირ კომენტარს არ აკეთებენ, რაც არსებულ ეჭვებს კიდევ უფრო ამძაფრებს.
Presage.tv-ს ინფორმაციით კი მინისტრის ეს ბრძანება შაშკინსა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს შორის არსებულ დაპირისპირებას უკავშირდება. ამ დაპირისპირების შესახებ Presage.tv რამდენიმე დღის წინაც წერდა. რაც შეეხება ამ კონკრეტულ შემთხვევას, მას შემდეგ, რაც გადაწყდა, რომ დაინიშნებოდა გამოსაშვები გამოცდები და ამას გამოცდების ეროვნული ცენტრი ჩაატარებდა, შაშკინს მიმინოშვილისთვის მოუთხოვია, რომ კონკრეტული ადამიანებისთვის, რომლებზეც არსებობდა მოლოდინი, რომ ისინი გამოცდებს ვერ ჩააბარებდნენ, მაღალი შედეგები უნდა დაეფიქსირებინა. ამაზე კი მიმინოშვილს უარი უთქვამს. შაშკინმა კი გამოსვალი სწორედ ამ მოწმობების გაცემით იპოვა, სადაც ეთნიკურად არაქართველ მოსწავლეებთან ერთად, ეს მოწმობები ეთნიკურად ქართველ ბავშვებსაც მისცეს და ამით მათ საშუალება მიეცათ, რომ საზღვარგარეთ წასულიყვნენ. დაახლოებით, საუბარია 100-150 ასეთ ბავშვზე.
ცხადია, მათი ვინაობის დადგენა შეუძლებელია, რადგან განათლების სამინისტრო არანაირი ოფიციალურ ინფორმაციას არ იძლევა. ამ შემთხვევაში კი მთავარი ის არის, თუ ხელისუფლებას ამაზე რა რეაგირება ექნება. მით უმეტეს, რომ იუსტიციის მინისტრს თავის დროზე ამ ბრძანების რეგისტრაციაში გატარებაზე კატეგორიული უარი უთქვამს.