19 წლის წინ ქართულმა არმიამ სერიოზული წინააღმდეგობის შემდეგ რუსული არმიის, აფხაზი მეამბოხეების, კაზაკების და ჩრდილოეთკავკასიელი დაქირავებულების მიერ სოხუმზე განხორციელებული ფართომასშტაბიანი შეტევა მოიგერია. ეს შეტევა სოხუმის ხელში ჩაგდებას და მისი ქართული არმიის ნაწილებისგან "გაწმენდას" ისახავდა მიზნად. აფხაზური მხარის მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით, აღნიშული შეტევის შედეგად აფხაზური მხრიდან 400 მებრძოლი დაიღუპა, 1000-მდე დაიჭრა, ხოლო 70 უგზო-უკვლოდ დაიკარგა. ეს იყო ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში მყოფი ქართული ჯარის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული წარმატება. ჯარის, რომელიც წელიწადი და სამი თვე იბრძოდა აფხაზეთის შესანარჩუნებლად. Presage.tv-მ 15-მარტის მოვლენების, შემდგომ აფხაზეთში და სამეგრელოს რეგიონში დატრიალებული ტრაგედიის მოვლენების გახსენება თავდაცვის ყოფილი მინისტრ დავით თევზაძეს სთხოვა.
1993 წლის 15-16 მარტი დღესაც ითვლება ქართული ჯარის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვებიად. როგორ გახსენდებათ ესპერიოდი?
- მარტის დღეები, რა დროც არ უნდა გავიდეს, გარკვეული სიამაყის განცდას გიტოვებს. უბრალოდ, ის შეტევა, რაც მაშინ სოხუმზე განხორციელდა, რეალურად დაასრულებდა ყველაფერს აფხაზეთში.
ჩვენი შტაბი მაშინ აგუძერაში იდგა. ცენტრალური მიმართულება გვებარა. გარკვეულწილად იმ სიცარიელეს ვავსებდით, რომელიც არსებობდა ოჩამჩირის ბრიგადასა და სოხუმის ბრიგადას შორის. მახსოვს, ღამის სამი საათი იყო, თუ ცოტა მეტი და დღესავით განათდა ცა. გამოვედით გარეთ და პირველად ვნახე ე.წ. „ლუსტრა“ – თვითმფრინავი კიდებს მანათობლებს. ლამაზი სანახავი იყო და ამავე დროს – დამთრგუნველი. სწორედ ამ დროს დაიწყო ერთბაშად აფეთქებები. მათ წინა ხაზის დამუშავება დაიწყეს. მართლაც რომ არაჩვეულებრივად იბრძოლეს მაშინ ადგილობრივებმა. ეს მათ მსხვერპლსაც ეტყობა და იმასაც, რომ შეტევა რეალურად ვერ განვითარდა ისე, როგორც მოწინააღმდეგეს ჩაფიქრებული ჰქონდა.
შუადღისკენ, როდესაც მოწინააღმდეგემ მოახერხა ცენტრის გარღვევა, ჩვენგან მოხდა რეზერვების გადასროლა. ითვლებოდა, რომ მაინც ზურგში ვიყავით. თუმცა ჩვენთანაც არ იყო სიმშვიდე: რამოდენიმე მცდელობა იყო ზღვიდან დესანტის გადმოსხმისა. ბრიგადის არტილერიამ მოიგერია.
მაგრამ სხვა რეზერვი სარდლობას მაინც არ ყავდა. სამი ბატალიონი გაიყვანეს ჩვენგან რომელმაც შეძლო ლოკალიზება შემოტევებისა და მტრის განადგურება.
მეორე დღეს არა, მაგრამ მესამე დღეს უკვე ვიცდით რომ გამარჯვებულები ვიყავით.
ქართული სამხედრო შენაერთები ამ პერიოდში კოორდინირებულად თუ მოქმედებდნენ?
- მოქმედება სწორედაც რომ კოორდინირებული იყო და შედეგიც დადგა. უნიკალური რამ შეძლო არტილერიამ - მტრის შეტევის მეორე ტალღა გაანადგურა და ისინი, ვინც მოახერხა შემოჭრა, მხარდაჭერის გარეშე დარჩნენ.
რაც დრო გადის, ვრწმუნდები, რომ რეალურად, ყველა რგოლი მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა, იმის მიუხედავად, რომ ქართული არმია მხოლოდ მაშინ იქმნებოდა. იქმნებოდა სახელდახელოდ. სოხუმის ბრიგადა არ იყო ბოლომდე დაკომპლექტებული. არც სხვები. ეს ყველაფერი თითქოს ხელისშემშლელი უნდა ყოფილიყო, მაგრამ მარტის ბრძოლებს ეს არ დატყობია. შემდეგ გაირკვა, რომ საკმაოდ დიდი დრო დასჭირდა მოწინააღმდეგეს, ვიდრე მცდელობის ხელახლა განხორციელებას შეძლებდა. ბუნებრივია, მეორე შემოტევას ის სულ სხვა მიმართულებიდან განახორციელებდა, ვინაიდან, მარტში ცხადი შეიქმნა, რომ ისინი გუმისთაზე ვერ გადმოვიდოდნენ.
მიუხედავად იმ მძიმე წუთებისა და განცდებისა, ძალიან სასიამოვნოა იმის გახსენება, რომ შენ ამ ბრძოლებში მონაწილეობდი. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ მივაგო პატივი იქ დაღუპულ გმირებს. იქ ტყვია ზურგში არავის მოხვედრია. მინდა კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი, რომ პირველი შეტევისას თვითონ სოხუმელებმა დაიცვეს საკუთარი ქალაქი, არაჩვეულებრივი თავგანწირვით იბრძოდნენ. ამის შესახებ რომ არ ითქვას, არ შეიძლება. ეს არ უნდა დაიკარგოს.
აფხაზეთის ომი წელიწადსა და სამ თვეს გაგრძელდა. როგორ მოხერხდა, რომ ამ ომის განმავლობაში ქართული საჯარისო დანაყოფებს,რომელიც თქვენც აღნიშნეთ, ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყვნენ, ბრძოლის ველი არ მიუტოვებიათ და ბოლო წუთამდეომობდნენ.
- ამ საკითხზე ბევრი მიფიქრია. ვერ ვიტყვით, რომ იმ პერიოდში ჯარი საერთოდ არ არსებობდა. მაგრამ ის ფორმირების პროცესში იყო და ეს არ არის ის, რაც იდეალურია ბრძოლისთვის. ენთუზიაზმი იყო, ალბათ. იქ მყოფთაგან, უმრავლესობა საბრძოლველად იყო ჩასული და იბრძოდნენ, თორემ დანარჩენ საქართველოში, განსაკუთრებით არ იგრძნობოდა, რომ ქვეყანა ომში იყო ჩართული.
მახსოვს, პირველად რომ ჩამოვედი შობას თბილისში... ამ დროს მოგვცა სარდლობამ საშუალება, რომ ოჯახები გვენახა. გამოვედი აეროპორტიდან და რომ მიმოვიხედე, შემრცხვა. ამოვარდნილი ვიყავი კონტექსტიდან მთლიანად. წვერგაუპარსავი, გაცვეთილი უნიფორმით, იარაღასხმული ალბათ ცუდ შთაბეჭდილებას ვტოვებდი.
მთელი ომის განმავლობაში იქ, ფრონტის ხაზზე, სულ ერთი და იგივე სახეები მახსოვს.
რატომ ვერ იქცა ეს ომი სამამულო ომად?
- არ ვიცი, ალბათ ბევრი მიზეზი იყო, რომ ეს ომი სამამულო ომად ვერ იქცა. შეიძლება იმის ბრალიც იყო, რომ იქ რეალურად აფხაზს არ უომია. თუმცა, გამოკვეთეს, რომ მტერი იყო აფხაზი, ეს კი ქართველთა ძირითადი მასისთვის მიუღებელი იყო. ამ ბრძოლებში მე აფხაზი თითქმის არ შემხვედრია. ერთი შემხვდა, კუტოლში ვატარებდით ოპერაციას. აღმოჩნდა, რომ 4 შვილის მამა იყო. „ფერებ-ფერებით“ ჩამოვიყვანეთ სოხუმში, ნათესავები ვუპოვეთ და „გადავაბარეთ“.
ვინ ომობდა მაშინ?
- რუსები და ძირითადად – ჩრდილოეთკავკასიელები. რუსები გვებრძოდნენ მარტშიც. სხვათა შორის, რუსებს მეტად საინტერესო პირადობის მოწმობები ჰქონდათ. ეწერა „აფხაზეთის შეიარაღებული ძალები. ასეული „რუსეთი“. ეს ასეული კომპლექტდებოდა იმ სამხედრო მოსამსახურეებით, რომლებიც იმ წუთში რუსულ მოქმედ ჯარში შვებულებაში გასულად ითვლებოდნენ. ასე რომ, ამ ომში ვებრძოდით რუსეთს, თუმცა ცდილობდნენ დოკუმენტურად ამის კვალი არ დაეტოვებინათ. ანუ მიდგომა იყო ასეთი - შვებულებას სადაც მინდა იქ გავატარებ.
ბევრს ყვებიან ბაგრამიანის ბატალიონის შესახებაც...
- კი, თუმცა ისე მოხდა მისი განადგურება, რომ ვერც მოაღწია წინა ხაზამდე. ყველაზე დიდი მსხვერპლი სწორედ მათ ნახეს, რადგან საარტილერიო ცეცხლის ქვეშ მოყვნენ. მაგრამ მერე, უკვე სოხუმის აღების დროს, ისინი მეტად აქტიურობდნენ.
ამ ომის პერიოდში ქართულ არმიას არ ქონდა შეიარაღებაც. როგორ შეძლეს ქართულმა შენაერთებმა წელიწადზე მეტხანს გაეწიათწინააღმდეგობა. ანუ, ეს იყო ის, რომ ომს იგებს არა იარაღი, არამედ ხასიათი?
- თავგანწირვამ და თავმოყვარეობამ გააძლებინა. ჩემს გარშემო სულ ახალგაზრდები იყვნენ. 20-25 წლის ბიჭები. გულანთებულები და თავმოყვარეები. სერიოზული ბრძოლები მახსოვს, გნებავთ ივლისის ამბები.
სახელმწიფოს მხრიდან ომისადმი სხვა მიდგომის შემთხვევაში განსხავვებული შედეგი დადგებოდა?
- შესაძლოა, ყოფილიყო სხვა შედეგი, შესაძლოა – არა. სახელმწიფოს ომის დამოუკიდებლად წარმოების გამოცდილება როდესაც არა აქვს, ყველაფერი მოსალოდნელია. ასე რომ, ვინმეს დადანაშაულება რთულია. საბრძოლო გამოცდილება არ იყო. არ იყო არც პოლიტიკური გამოცდილება. ომს თავისი პოლიტიკა აქვს. ამას გარდა, ის რესურსი, რომელიც ქვეყანას ჰქოდნა, ომისთვის არ იყო საკმარისი. ყველაზე რთული კი რაც იყო, ჩვენს ზურგში მოქმედი მასა სამხედროებისა, რომელიც უპირისპირდებოდა ხელისუფლებას. აფხაზეთში, რომ მოვხვედრილიყავით ან ფოთიდან უნდა გაგვეკეთებინა ეს ზღვით, ან - ჰაერით. ორივე საკმაოდ სახიფათო იყო. კომუნიკაცია ქვეყნის იმ ნაწილს შორის, რომელიც ძირითად რესურსს იძლევა და იმ ნაწილს შორის, რომელიც ომში იყო გახვეული, არ არსებობდა.
ამ კომუნიკაციის აღდგენას, თუნდაც ომის ფაქტორმა, რატომ ვერ შეუწყო ხელი?
- ორი მომენტი იყო, როდესაც ჩვენ ძალიან ახლოს ვიყავით იმასთან, რომ კომუნიკაცია აღმდგარიყო. ერთი ეს იყო 1993 წლის ივლისში, როდესაც დაიწყო რუსული დესანტის განადგურების ოპერაცია. მაშინ ჩვენ ერთად ვმოქმედებდით. იმ პერიოდში უკვე ჰოსპიტალში ვიწექი, მაგრამ ვიცი, რომ ერთობლივად გაკეთდა ეს.
მეორე მომენტი იყო, როდესაც უშუალოდ სოხუმზე დაიწყო მტერმა შეტევა. ეს იყო ომის ბოლო. სერიოზული ძალისხმევა დასჭირდა იმას, რომ ჩვენი ნაწილი გაეტარებინათ იმ მიმართულებით. მოლაპარაკებების პროცესში ბევრი უცნაურობა მოხდა, მაგრამ ბოლოს მივედით შეთანხმებამდე. მე მახსოვს, როგორ გავიარეთ სამეგრელოს ტერიტორიაზე, როგორ გვხვდებოდა ხალხი, გვლოცავდა. 2-3 დღე თითქმის გევრდიგვერდ ვიყავით. მერე მოხდა რაღაც. ამის შესახებ მოგვიანებით გავიგე, რადგან იმ პერიოდში წინა ხაზზე ვიყავი.
მაინც რა მოხდა?
- ზვიად გამსახურდია დაბრუნდა გროზნოდან და ის წუთი იყო, სწორედ მაშინ შეიცვალა ვითარება.
მისმა ჩამოსვლამ სიტუაცია დაძაბა?
- კი არ დაძაბა, ამან გათიშა სამხედრო ძალები. არ დამავიწყდება, კინდღი რომ დავიკავეთ, გავხსენით ის რკალი, რომელიც კინდღამდე არ უშვებდა ოჩამჩირის დაჯგუფებას, მეორე დღეს ვაპირებდით შეტევის გაგრძელებას და არ გამოგვივიდა. მესამე დღეს უკვე ყარყარაშვილი დამიკავშირდა და მითხრა, დამელოდეთ, შეტევაზე ნუ გადახვალთ, გამოინახა გზა, რომელიც მდინარის გადალახვის საშუალებას ბრძოლის გარეშე მოგვცემდა.
მართლაც, გადმოვიდა გია რამდენიმე კაცთან ერთად, დავიწყეთ ხალხის აკრეფა, რომ შევსულიყავით სოხუმში და სამას კაცზე მეტი ვერ შევაგროვეთ. დაახლოებით ხუთიათასკაციანი დაჯგუფება გვიყურებდა, როგორ ვტვირთავდით მანქანას და როგორ მივადექით კოდორს. მთელი დღე დაგვჭირდა ამისთვის. გამთენიისას შევედით სოხუმში და ამ დროს, არავის არ უზრუნია იმაზე, რომ უკან დარჩენილებს თუნდაც ის მაინც გაეკეთებინათ, რომ ახალი ზღუდე გაემაგრებინათ. თუნდაც – კოდორი, ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანი იყო.
ბევრი მომენტია. ხშირად ამბობენ, კონტრშეტევაზე რომ გადავსულიყავით მარტში, ომი დამთავრდებოდაო. მე არ ვარ დარწმუნებული, რომ შევძლებდით ასეთი კონტრშეტევის განხორციელებას.
რატომ? საკმარისი რესურსი არ იყო?
- ჯარი, რომელიც თავდაცვის ასეთ ბრძოლებს გადაიტანს, ის კონტრშეტევას ვერ ახორციელებს. ამისთვის, სარდლობის განკარგულებაში, სხვა ძალა უნდა ყოფილიყო გამზადებული, კორპუსი თუ არა, სულ ცოტა დასვენებული ბრიგადა მაინც.
მაგრამ ამ კონტრშეტევის განხორციელებასაც ბევრი ნიუანსი აქვს. ერთია – ტერიტორიის დაკავება, მეორე - მისი შენარჩუნება. ასეთ დროს საკომუნიკაცი ხაზები ძალიან გრძელდება და მართვა რთული ხდება. მითუმეტეს, თუ ზურგში გყავს მტრის დაჯგუფება, ტყვარჩელის დაჯგუფების სახით.
ამიტომ, დღეის გადასახედიდან, არ ვარ დარწმუნებული, რომ კონტრშეტევაზე ბრძანების გაცემა სწორი იქნებოდა.
ამ ომის წამოწყება იყო თუ არა სახელმწიფოს მხრიდან დაშვებული პოლიტიკური შეცდომა?
- ომის დაწყების პერიოდში მე დანიაში გახლდით, აალბორგის უნივერსიტეტში. თუმცა ვიცი, რომ ომი, პოლიტიკური გადაწყვეტილების საფუძველზე არ დაწყებულა. რომ ჩამოვედი, ომის პირველი ფაზა უკვე დასრულებული იყო. შევარდნაძე, მოსკოვთან მართავდა მოლაპარაკებებს და თითქოს ყველაფერი დამთავრებული იყო. თუმცა, სწორედ ამ ფონზე ხდება გაგრის მოვლენები და იწყება ის, რაც დაიწყო.
ბევრი კითხვაა ამ ომის მეორე ნაწილთან დაკავშირებით, როდესაც სოხუმის დაცემის შემდეგ საბრძოლო მოქმედებების წარმოებისარენად სამეგრელო იქცა...
- სამწუხაროდ კი, ასე იყო. მაგრამ სიტუაცია შეიქმნა ისეთი, რომ სადღაც ოქტომბერში დავბრუნდი მე სოხუმიდან, რადგან ჩვენ არ გამოვყევით ძირითად მასას და მოგვიანებით კოდორით გადმოვედით. ვიცოდი, რომ ორკვირიანი დასვენების უფლება მოგვცეს. გამიკვირდა, როდესაც ჩამოსვლიდან მალევე სამინისტროში დამიბარეს და მითხრეს, რომ სასწრაფო წესით შემეკრიბა ბრიგადა და ქუთაისში წავსულიყავი.
ქუთაისში ჩავედით ღამით. ფაქტობრივად – უიარაღოდ, რადგან ვერ მოვასწარით იარაღის აკრეფა. იარაღი ქუთაისში მივიღეთ. მოწინააღმდეგე უკვე მომდგარი იყო ქალაქთან და წუთი–წუთზე ელოდნენ მათ შემოსვლას. წყალტუბო დაცარიელებული იყო.
იარაღის მიღებისთანავე წყალტუბოს მიმართულებით გავედით. მაშინ გავაჩერეთ ის მასა, რომელიც მოდიოდა. ანუ, ამის მერე იწყება ის ამბები.
მე, თავიდანვე ჩემი მიმართულება მქონდა. გამოცდილებამაც ითამაშა გარკვეული როლი. სწრაფად ვიმოქმედეთ და მივაღწიეთ იმას, რომ მოწინააღმდეგეს ორ კვირაში უკვე აღარ შეეძლო წინააღმდეგობის გაწევა. რელიეფი გამოვიყენეთ სხვანაირად და მანევრიც სხვაგვარად განვახორციელეთ. სენაკი, მაგალითად, რამდენჯერმე გადავიდა ხელიდან ხელში და ბილოს მაინც სახელისუფლებო ძალებს დარჩა ისე, რომ ტყვია თითქმის არ გავარდნილა.
ეს სხვანაირი ომი იყო, სისხლისღვრას ორივე მხარე ერიდებოდა. გამიკვირდა, როდესაც სენაკთან ადიღელები ჩაგვივარდა ტყვედ. აღმოჩნდა, რომ ზუგდიდში იყვნენ ჩამოსულები და ძალიან გაგვიკვირდა. ისტორიამ ასე განსაზღვრა...
- ამბობენ, აფხაზეთში ვერაფერი გააკეთეს, სამეგრელო დალაშქრეს და იქ „გამოიჩინეს“ თავიო...
- ეს ლაშქრობა არავის უნდოდა. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მანამდე მოხდა რაღაცეები – უშუალოდ აფხაზეთის ომის წინ. ეს არავის არ მოწონდა. სხვათა შორის, ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ არმიამ, რეალურად, უარი თქვა ზუგდიდში შესვლაზე. სამხედრო საბჭოზე, როცა ეგ საკითხი იხილებოდა, ყარყარაშვილსა და სახელმწიფოს მეთაურს კამათი ჰქონიათ, მე ამ კამათის შესახებ არაფერი არ ვიცოდი და როდესაც მივედი საღამოს საბჭოში, შევარდნაძემ ჩემი აზრი იკითხა. მე სასტიკ უარზე წავედი. კონტრწინადადება წამოვაყენე – თუ გვეტყვით, რომ გალში გადავიდეთ, მაშინ ბუნებრივია, ზუგდიდი გზაზეა და გავივლით, ხოლო თუ გვეტყვით, რომ ზუგდიდში უნდა გავჩერდეთ, მაშინ არაა საჭირო–მეთქი. ჩემი და გიას მოსაზრებები ერთმანეთს დაემთხვა. ეს მაშინ სახელმწიფო მეთაურს ძალიან გაუკვირდა. ჩვენ ავუხსენით, რომ მოსახლეობა არ წევს წინააღმდეგობას, მათი სამხედრო შესაძლებლობები დაშლილია და ვის უნდა დაუპირისპირდეთ? აბა რა უნდა მოხდესო? მაშინ ჩვენ შევთავაზეთ, რომ წესრიგის აღდგენა სამართალდამცავებმა დაიწყონ–თქო. სამართალდამცველად იკვეთებოდა შინაგანი ჯარი. ისე მოხდა, რომ ამას რაღაცნაირად მხედრიონიც მიება. ჩვენ დავუბრუნდით დისლოკაციის ადგილს. ამისკენ იმ ვითარებამაც მიბიძგა რომ ერთი უცნაურობა აღმოვაჩინე: ჩემს უკან რუსები იდგნენ, რომელთა შესახებ არაფერი ვიცოდი.
ანუ, რომ ამბობენ ზუგდიდში შევარდანძემ ბალტინის ჯარი შემოიყვანაო...
– ზუგდიდში იყვნენ თუ არა არ ვიცი. როდესაც ჩხოროწყუს და ლუგელას მიმართულებით წავედით, ისინი მაშინ აღმოვაჩინე.
არ ვიცი, ვინ იყო, ახლა ამბობენ, ბალტინი იყოო. მე შტაბთან ვცადე დაკავშირება, იქ ვერაფერი მითხრეს ლოგიკური და მაშინ ერთპიროვნულად მივიღე გადაწყვეტილება, დავბრუნებულიყავი. იქ ბევრი ხეობა იყო, შემოვუარე რუსებს და მათ ზურგში მოვექეცი, მითუმეტეს, რომ მათი მიზანი არ ვიცოდი. ამასობაში, ეს რომ მოხდა, პრაქტიკულად, ჩვენ თვითონ დავდეთ საზღვარი ენგურზე, როცა უარი ვთქვით წინ წასვლაზე. სამხედრო ნაწილები მზად იყვნენ. რომ ეთქვათ, გალში შევიდოდით. მაგრამ გამოვტრიალდი თბილისში, ნოემბრის ბოლოს უკვე თბილისში ვიყავი, მაგრამ ძალიან მძიმეა ამის მოყოლაც კი.
მე თვითონ სოხუმში ვარ დაბადებული, მეც და ჩემს უფროსებსაც გვყავდა აფხაზი მეგობრები და ნათესავები. რა თქმა უნდა, არ იყო ეს ადვილი ამბავი. სამეგრელოს ამბები განსაკუთრებით მძიმე იყო. მახსოვს ჭიდილი – გადავდგათ ეს ნაბიჯი, არ გადავდგათ... როგორ გაკეთდეს ისე, რომ ხალხი არ დაიხოცოს და მაშინ ჩვენ ეს მოვახერხეთ. მოვახერხეთ მანევრის ხარჯზე. პრაქტიკულად, სადაც შევედით (ბრიგადა მაქვს მხედველობაში) არსად მოწინააღდმდეგე არ დაღუპულა. შემთხვევით ჩვენი ჯარისკაცი დაიღუპა, ხელყუმბარა აუფეთქდა. როცა გრძნობ, რომ მოსახლეობა შიშით გიყურებს... იგივე მოსახლეობა, ორი თვით ადრე რომ გლოცავდა, არაა ასე ადვილი. ჯარი არაა იმისთვის, რომ თავის ხალხს ებრძოლოს.
განსაკუთრებული მსხვერპლი იყო წალენჯიხასა და ზუგდიდში....
– წალენჯიხაში ჩვენი ბატალიონი შევიდა და იქ ბრძოლა არ გამართულა: ისეთი მიმართულებიდან შევიყვანეთ. ჯერ დავყარეთ ხმა, რომ ლუგელაზე გვქონდა შეტევა ჩაფიქრებული და წალენჯიხიდან ლუგელაში ძალების გადმოსროლა მოხდა. ეს მომენტი დავიჭირეთ. წალენჯიხაში გზით არ შევსულვართ, ბრძოლა არ გამართულა. წალენჯიხას თქვენ ალბათ, 1991 თუ 92 წელს გულისხმობთ. ის სხვა სიტუაცია იყო. იქ არმია არ მონაწილეობდა და ზუგდიდში შესვლაზეც არმიამ უარი თქვა.
და თვითონ მხედრიონის მოქმედება დღეის გადასახედიდად როგორ შეფასდება?
– ჩემთვის ნებისმიერი ასეთი შეფასება ძალიან მტკივნეულია, რადგან ვისაც ვიცნობდი მხედრიონელ ბიჭებს, მათ შორის – სოხუმიდანაც, იქ არაჩვეულებრივად ვაჟკაცურად იქცეოდნენ. ამიტომ, იყო ეს ის მხედრიონი, თუ იყო კიდევ სხვა მხედრიონი, ჩემთვის ამის თქმა ძალიან რთულია. ამაზე საუბარს თავს ვარიდებ ხოლმე.
იყო ასეთი აზრი გავრცელებული, რომ იმ ომში ბევრი გასამდიდრებლად წავიდა...
– იქიდან გამდიდრებული მე არავინ მინახავს და არც შემხვედრია. პატარ-პატარა რაღაცები ჯარისკაცს შეეძლო აეღო. მსხვილს არ ვანებებდით. მახსოვს სენაკში თუკი ვინმეს რაიმე ვუპოვეთ, ყველას ჩამოვართვით. ორი ავტობუსი გაივსო, გამგეობაში მივიტანეთ და მოსახლეობას შევთავაზეთ საკუთრი ნივთები უკან წაეღოთ. ეს ყველაფერი კომისიით გაკეთდა.
იქნებ „ლუსტრის“ ამბავიც გაიხსენოთ, რას ნიშნავს „ლუსტრა“ და რატომ დაუკავშირდა თქვენს სახელს?
– მაშინ თავდაცვისა და უშიშროების სამინისტროებს შორის დაძაბული ურთიერთობა იყო. თავდაცვის მინისტრთან დაახლოებულ ოფიცრებზე გარკველი ტიპის მუშაობა დაიწყო და მეც მოვყევი. ამ მეტსახელს, მგონი, ადგილობრივი უშიშროების ბიჭებს უნდა ვუმადლოდე და, როგორც ამიხსნეს, ძირითადად, ჩემს ვარცხნილობასთან იყო დაკავშირებული. საკუთრივ ჩხოროწყუდან „წამოღებული“ ჭაღის თემა აქტუალური თანამდებობაზე ჩემი დანიშვნის შემდეგ გახდა. თავიდან, ბუნებრივია, იუმორით მივიღე, მაგრამ შემდეგ ისეთი ფორმები მიიღო, რომ მეწყინა. ის კი არ მეწყნა, რომ ეს ვიღაცამ ან თქვა, ან დაიჯერა... როდესაც საჯარო პირი ხდები და ასეთ ასპარეზზე ხარ, ენას ვერ დაუბამ ვერავის და არც ისაა სწორი, გზაჯვარედინზე ქადაგად დადგე და იყვირო, არ მიქნია, არ მიქნიაო. იცით რაზე დამწყდა გული? ნუთუ ასეთი უგემოვნებო კაცის შთაბეჭდილებას ვტოვებდი? ჩხოროწყუში განა რა „ლუსტრა“ უნდა ყოფილიყო ისეთი, რომ თვალი გამქცეოდა, ან მითუმეტეს – ხელი. ამაზე დამწყდა გული. იარაღი წამოიღოო, რომ ეთქვათ, უფრო ადვილად გადავიტანდი.
მთელი კამპანიის დროს არცერთ სახლში არ ვყოფილვარ, არსად. ერთადერთი – მარტვილში ვიყავი ერთ სახლში ერთი საათით: თვითონ მანპინძელმა შემოგვთვაზა, იბანავეთო და ღომზეც დაგვპატიჟა. მახსოვს, ამდაგვარი სიამოვნება არც შხაპისგან და არც ღომისგან, არც მანამდე და აღარც მერე არ მიმიღია. ზუგდიდში არშესვლის ერთ-ერთი მოტივი, სხვათაშორის, ისიც იყო, რომ იქ თუ გავჩერდებოდით, ძალიან ძნელი გახდებოდა ჯარისკაცების კონტროლი – გარკვეული გაღიზიანება არსებობდა, ჩემთან ყველა აფხაზეთში ნაბრძოლი იყო და ბოლო წუთამდეც იქ იყვნენ. ეს ბიჭები, რაღაცნაირად, სოხუმის დაცემას ამ ადამიანებთან აკავშირებდნენ და გაღიზიანებაც ჰქონდათ. ზოგი იმ შეურაცხყოფაზე ფიქრობდა შურისძიებას, რომლის ობიექტი სოხუმიდან გამოსვლისას გახდა.
რატომ გახდა სვანეთზე გამოსვლა აუცილებელი – მართლა ჩაკეტეს გზა? ამან უფრო მეტი მსხვერპლი გამოიწვია...
– ხალხის ნაწილი აქეთ მხრიდან წამოვიდა, ნაწილი დააკავეს, იარაღს ართმევდნენ, შეურაცხყოფას აყენებდნენ. ჩვენ, სხვათა შორის, სოხუში გავჩერდით. ცოტა გზიდან შორს ვიყავით და გვერდით გაგვიარეს აფხაზებმა. ჩვენთან ერთად იყო მინისტრი. ჩვენ ვიანგარიშეთ საიდან სჯობდა. ჯერ მინისტრს საერთოდ არ სურდა გამოსვლა, ძლივს დავარწმუნეთ, რომ არ ჰქონდა უფლება დარჩენილიყო, ქვეყანა ელოდებოდა მის გადაწყვეტილებას, რომელზეც ბევრი რამ იყო დამოკიდებული.
დაახლოებით კვირანახევარი დაგვჭირდა, ვიდრე თვითონ სვანეთის გზაზე გავიდოდით. სამწუხაროდ, რუკა არ გვქონდა და ტრიალი ძალიან დიდ ხანს მოგვიწია. მერხეულზე გავედით და იქ უკვე აფხაზები დაგვხვდნენ. მერე ისევ შევბრუნდით ტყეში და მერე იყო, რომ კოდორის გზაზე აღმოვჩნდით. თბილისში ჩამოსულებს ამბავი დაგვხვდა, რომ ნაწილი ჩვენი ხალხისა ტყვედ იყო მენჯში. მოსალაპარაკებლად როცა შევედი, მართლა დამანახეს ჯარისკაცები, რომლებიც ვიცანი. რა თქმა უნდა, ყველაზე ცუდი ამ სიტუაციაში ის იყო, რომ თითქმის თანაბრად შეიარაღებული ადამიანები ერთმანეთს უმტკიცებედნენ, ვის უფრო უყვარს სამშობლო და ამას იარაღით აკეთებდნენ, თუმცა სამხედრო მოქმედებების პროვოცირება სოხუმის დაცემის შემდეგ თბილისიდან არ ყოფილა: ვიღაცას გაუჩნდა ილუზია, რომ ცოტაც და, თბილისში აღდგება „კანონიერება“. ეს იყო ილუზია. ყოველ შემთხვევაში, განწყობა იმ ადამიანებისა, რომლებიც ასე არ თვლიდნენ, გაცილებით ურო მძლავრი იყო და ამას არავინ არ დაუშვებდა.
აფხაზეთის ომის დროს წელიწადნახევარი იომა ჯარმა. დღეს კი, ჩვენ გვყავს კარგად აღჭურვილი და გაწვრთნილი ჯარი, მაგრამ ისე მოხდა, რომ აგვისტოს ომის დროს, ჯარი უფრო ადრე გამოვიდა ვიდრე მშვიდობიანი მოსახლეობა...
– მივიჩნევ, რომ სამხედრო ხელმძღვანელობა 2008 წელს გაცილებით ნაკლებ კომპეტენტური იყო ვიდრე ის სამხედრო ხელმძღვანელობა, რომლიც იყო სოხუმში. მხედველობაში მაქვს გენერალური შტაბი. მიჭირს საუბარი... თვითონ მე არ ვყოფილვარ 2008-ში. უბრალოდ, უამრავი ადამიანის მონათხრობი მაქვს მოსმენილი: არც მყარი კომუნიკაციები, არც სათადარიგო პოზიციები.
რატომ – პირიქით არ უნდა ყოფილიყო? იმ დროს შეიარაღება არ ჰქონდა ჯარს და თქვენი ფრაზა – „რით ჩამოვაგდო – რაგატკითო?“ – დღესაც ანეკდოტად დადის.
– საბოლოო ანგარიშში შეიარაღება არ წყვეტს არაფერს. ახლა ჯარი მართლაც სხვა დონეზეა. ბევრად უკეთესად აცვიათ, ბევრად უკეთესად გამოიყურებიან ვიზუალურად. შეიძლება, ბევრად უფრო პროფესიონალებიც არიან ინდივიდუალურად. ყოველ შემთხვევში, რაც ვიცი, რა წვრთნებსაც გადიან ხოლმე – ამის თქმის საფუძველს იძლევა. მაგრამ ყველაფერ ამას მართვა ჭირდება და როდესაც ეს რგოლი, რომელმაც ეს ყველაფერი უნდა შეკრას და მიმართულება უნდა მისცეს, არაა დაკომპლექტებული პროფესიონალი სამხედროებით, მაშინ ამის შედეგი მართლაც ის ქაოსია, რაც მოხდა. ხოლო როდესაც იწყება ქაოსი, მაშინ იწყება პანიკა და ჯარის რღვევა, როდესაც არავინ არავის არ უსმენს და ყველა, ძირითათად, თავის გადარჩენას ცდილობს.
ვერ გავავლებ პარალელს. უბრალოდ ვიტყვი, რომ აფხაზეთში უმაღლესი სამხედრო ხელმძღვანელობა იყო კომპეტენტური, ხოლო 2008-ში სამხედრო ხელმძღვანელობა კომპეტენტური არ იყო. მეტიც – 2004 წელს რომ დაიწყო ცხინვალში არეულობები, მაშინ გამოჩნდა ნიშნები იმისა, რომ სამხედრო ხელმძღვანელობა არაკომპეტენტურ ადამიანებს ებარათ. მეტიც – 2008-ში, ისეთი ადამიანები განსაზღვრავდნენ სამხედრო მოქმედებებს რომლებიც სამხედროები საერთოდ არ ყოფილან.
ბრძოლაში წარმატებას რა განაპირობებს, რა არის ბრძოლისთვის მთავარი, შეიარაღება თუ ბრძლის ხასიათი?
– სხვათა შორის, თანაბარი მნიშვნელობა აქვს ხარისხსაც, იარაღსაც და ბრძოლის ნებას. ახლა, მშვილდისარი, რომ გვქონდეს და ბრძოლის ნებაც, თოფიანი კაცი მაინც დაგვამარცხებს. თუმცა, ვინაიდან ადამიანი თვითონ არის უნივერსალური იარაღი, ხოლო მისი ნება, რომ იბრძოლოს – გამარჯვების ერთადერთი რეალური პირობა, ყველა სხვა თანაბარ სიტუაციაში იმარჯვებს ის, ვინც უფრო მტკიცეა.
ნაპოლეონის ცნობილი ფრაზაა: სამხედრო ხელოვნების სამი მთავარი პრინციპია ძალების კონცენტრაცია, აგრესიულობა და მტკიცე გადაწყვეტილება, რომ დაიღუპო დიდებით. კლაუზევიციც, თავის ძირითად ნაშრომეში მორალურ ფაქტორს უსვამს ხაზს: იმარჯვებს ხასიათი, იმიტომ რომ გამარჯვება ეს არაა ის, რასაც იარაღი იძლევა. გამარჯვებაა ის, რასაც ადამიანი მოიპოვებს.
თუ უშვებ, რომ შეიძლება დამარცხდე - აუცილებლად დამარცხდები.