რა მოხდა ჩხოროწყუში დავით ბაქრაძის ვიზიტის შემდეგ

რა მოხდა ჩხოროწყუში დავით ბაქრაძის ვიზიტის შემდეგ

მოკლული შვილის სურათით ხელში თამუშა ახალაია დავით ბაქრაძეს მაშინ შეხვდა, როცა 6 მარტს იგი ჩხოროწყუს ცენტრში მოსახლეობას ხვდებოდა. შვილმოკლულმა მამამ პარლამენტის თავმჯდომარისთვის თავის შეხსენება სცადა, რადგან დარწმუნებული იყო, რომ წერილები, რომელსაც წლების განმავლობაში მისი მისამართით აგზავნიდა, წაკითხული ჰქონდა. მოხუცის დანახვაზე ბაქრაძე ტრიბუნიდან ჩამოსულა და მისთვის სამძიმარი გამოუცხადებია. 

თამუშა ახალაიამ პარლამენტის თავმჯდომარეს შვილის მკვლელების დასჯის მოთხოვნით კიდევ ერთხელ მიმართა და საქმის გაჭიანურების მიზეზად მკვლელობაში ეჭვმიტანილი პოლიციელის არსებობა დაუსახელა. მთავრობის მეორე პირი შვილმკვდარ მამას საქმის ობიექტურ გამოძიებას დაპირდა, თუმცა იმავე საღამოს თამუშა ახალაია პოლიციელების თავდასხმის ობიექტი თავად გახდა. ჩხოროწუს მუნიციპალიტეტის სოფელ კირცხში მდებარე საცხოვრებელ სახლში ახალაიებთან უბნის რწმუნებული მივიდა და პოლიციის უფროსის მოთხოვნით სამმართველოში წასვლა სთხოვა.

ცოტა ხანში თამუშა ახალაია პოლიციის უფროსის, ნუკრი მიქაიას კაბინეტში აღმოჩნდა. 

„მიქაია მემუქრებოდა, შენ დღეს რა გაბედე და ბაქრაძეს რა უთხარი, პოლიციელებს რატომ აგინებდიო. მე ვუპასუხე, შენც ყაჩაღი და კრიმინალი ყოფილხარ-თქო და წამოვედი. მგონია, რომ დავით ბაქრაძემ პოლიციელებს წასვლისას დაუბარა, გააჩუმეთ ეს კაცი, ბოლო მოუღეთო, სხვას ვერაფერს ვფიქრობ,“ - აცხადებს ახალაია.

2009 წლის 8 მარტს სოფელ კირცხში მომხდარი მკვლელობა დღემდე გაუხსნელია. ოჯახის წევრების განმარტებით, 29 წლის მამაკაცის ცხედარზე გარეგანი დათვალიერებით ძალადობის კვალი არ შეინიშნებოდა, მაგრამ ყურიდან სისხლდენა აშკარა იყო. 

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა გარდაცვლილის ცხედარზე არ ჩატარებულა, თუმცა ახალაიების ოჯახი სიკვდილის მიზეზების გარკვევას პირველი წუთებიდან ცდილობდა. მკვლელობაზე ეჭვები კი მას შემდეგ გაღრმავდა, რაც ერთ-ერთმა თვითმხილველმა, ზურაბ კვირკვაიამ მომხდარის შესახებ გარდაცვლილის მეუღლესთან, ნატო კემულარიასთან ექვსთვიანი დუმილის შემდეგ ისაუბრა.

ნატო კემულარია დარწმუნებულია, რომ ჩხოროწყუს პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზე მისვლის შემდეგ, კვირკვაიაზე ზეწოლა განხორციელდა, რადგან მან მისი მეუღლის მკვლელად ადრე დასახელებული პოლიციის თანამშრომლის, დავით სიჭინავას შესახებ ჩვენებაში არ მიუთითა და მკვლელობის განხორციელებაში ლევან კვეკვესკირი დაადანაშაულა.

მოწმის აღიარების მიუხედავად, სამართალდამცავებს ლევან კვეკვესკირი არ დაუკავებიათ. უფრო მეტიც - დანაშაულზე სისხლის სამართლის საქმე დღემდე არ აღძრულა. მომხდარის გამო ძალოვანებს არც ის პირები დაუკითხავთ, რომლებიც მდინარე ხობისწყლის ნაპირებთან ახალაიასთან ერთად იმყოფებოდნენ. 

დემურ ახალაია შვილის მკვლელობის მიზეზად თხილის ბიზნესთან დაკავშირებულ შესაძლო შელაპარაკებას ასახელებს.

დემურ ახალაია: „ერთ-ერთი ვერსიით, ხობისწყალთან საქმის გასარჩევად იყვნენ ჩასულები. მითხრეს, რომ იმ 8 კაცში, ვინც იქ შეიკრიბა, ჩემი შვილიც იყო. როგორც გავარკვიე, ლევან კვეკვესკირს კვირკვაიებისგან თხილის სანაცვლოდ ფული აუღია. ეს თხილი კი დათქმულ დროზე მას ვერ დაუბრუნებია. გოჩა და ზურიკო კვირკვაიებს კი გადავადების ნაცვლად თანხის გაზრდა მოუთხოვიათ. ჩემს შვილს უთქვამს, ახალგაზრდა ბიჭია ლევანი და ამდენ ფულს საიდან მოიტანს, ნუ მოსთხოვთო. თქვენც ახალგაზრდა ბიჭები ხართ და სირცხვილიაო. როგორც ჩანს, ჩემი შვილის დარიგება იქ შეკრებილებმა არ მიიღეს და მისი მოშორება გადაწყვიტეს. არ ვიცი, რა ჩაარტყეს თავში, იარაღის კონდახი, ქვა თუ უბრალოდ ხელი, მაგრამ გათიშეს, მოკლეს და შემდეგ წყალში ჩააგდეს. ამ საქმის გამრჩევებში პოლიციელები - გოჩა კვირკვაია, თემურ ხორავა და დავით სიჭინავა მონაწილეობდნენ, ამიტომაც უნდათ ამ საქმის ჩაფარცხვა. დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი შვილის მკვლელი დავით სიჭინავაა...“

შვილის მკვლელის დასჯის მოთხოვნით ახალაიების ოჯახის წევრებმა და ნათესავებმა პირველი საპროტესტო აქცია 14 ივნისს ზუგდიდში, სამხარეო პოლიციის შენობასთან გამართეს. იმავე დღეს პოლიციის მთავარ სამმართველოში ლევან კვეკვესკირის მამამ საკუთარი შვილი დაკითხვის მოთხოვნით მიიყვანა, მაგრამ არავინ მიიღო. 

მკვლელობის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მოთხოვნით ახალაიებმა საზოგადოებრივი მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ მხარდაჭერით საპროტესტო აქციები ჩხოროწყუს პოლიციისა და ზუგდიდში მდებარე საოლქო პროკურატურის შენობებთან გამართეს. მოძრაობის ლიდერი კახა მიქაია მკვლელობის საქმის გახსნას სკეპტიკურად უყურებს და აცხადებს, რომ საოლქო პროკურორი დამნაშავის მფარველობას ბოლომდე შეეცდება, რადგან ჩხოროწყუს პოლიციის მაშინდელი უფროსი როლანდ ახალაიას ახლო ნათესავი იყო.

„პოლიციის უფროსი, გია ლემონჯავა ელგუჯა ახალაიას მკვლელობის შემდეგ დააწინაურეს და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ დანიშნეს. ის როლანდ ახალაიას ცოლის დისშვილია. ამდენად, იგი მკვლელის დასჯას არ შეუდგება და საქმის მიჩქმალვას შეეცდება. გარდა ამისა, ახალაია დღემდე ცდილობს მოკლულის ოჯახის მოქმედებას პოლიტიკური ელფერი მისცეს, რადგან მან ერთხელ უკვე უთხრა თამუშა ახალაიას, შენ ოპოზიციასთან სირბილი დაიწყე და მათ დაკვეთას ასრულებო. იგივე გაუმეორა პოლიციის უფროსმა ნუკრი მიქაიამაც. ვერც ბაქრაძე გახდება ვერაფერს როლანდ ახალაიასთან. 6 მარტს მომხდარი ინციდენტიც ამაზე მიუთითებს. როგორც ჩანს, ბაქრაძე და ახალაია შეთანხმდნენ იმაში, რომ ეს საქმე როგორმე დაიხუროს,“-განმარტავს კახა მიქაია.