საქართველო და რუსეთი ომს ანახლებენ – კინოეკრანებზე

საქართველო და რუსეთი ომს ანახლებენ – კინოეკრანებზე

მეტოქეები 2008 წლის მოვლენების ძალზე განსხვავებულ კინოვერსიებს გვთავაზობენ

საქართველოსა და რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება 2008 წლის აგვისტოში შეწყდა, მაგრამ ეს ორი ქვეყანა ომს კინოეკრანებზე განაგრძობს და ორივე მხარე საკუთარი პოზიციის გამომხატველ ფილმებს იღებს, ფილმებს, რომელიც აღსავსეა პატრიოტიზმით, მაგრამ ნიუანსების ნაკლებობას განიცდის. ბოლო გასროლა რუსებს ეკუთვნით – კრემლმა დააფინანსა ფილმი, რომელსაც 2008 წლის ომის დაწყების თარიღის მიხედვით ”8 აგვისტო” უწოდეს.

დიდბიუჯეტიანი ფილმი გადატვირთულია სპეცეფექტებით და იმ მამაც რუს ჯარისკაცებს გვაჩვენებს, ვინც მოხერხებულად უსხლტება შავნიღბიანი ქართველი აგრესორების ტყვიებს. მოკლედ, ფილმი ომის ამბავს ისე ყვება, როგორც ეს რუსეთის ოფიციალურ პოზიციას შეესაბამება. პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი, რომელსაც ფილმში მსახიობი თამაშობს, აქებს ფაბულას და აცხადებს, რომ ”სიმართლის თქმა ძალიან მნიშვნელოვანი მისიაა”.

ალბათ, შეუძლებელია უფრო მეტად განსხვავდებოდეს ეს ფილმი, შარშან გამოსული სხვა ფილმისგან, რომელიც ჰოლივუდში გადაიღო რენი ჰარლინმა, ”კერკეტი კაკალი”-ს რეჟისორმა და რომლის სათაურიც ასე ჟღერდა – ”აგვისტოს ხუთი დღე”. ამ ფილმში ქართველი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის როლს ენდი გარსია ასრულებდა და ისიც, ომის შესახებ ასეთსავე ცალმხრივ მონათხრობს წარმოადგენდა – სისხლს მოწყურებული რუსი ჯარისკაცები გაუფრთხილებლად ხსნიდნენ ცეცხლს და ერთ ეპიზოდში თავს ესხმოდნენ კიდეც საქორწინო წვეულებას. გაზეთმა ”იზვესტიამ” ფილმ “8 აგვისტოს” ჰოლივუდისთვის გაცემული სიმეტრიული პასუხი უწოდა”. იმ ხუთდღიანი ომის შემდეგ ურთიერთობანი რუსეთსა და საქართველოს შორის არ გამოსწორებულა. ომი მაშინ დაიწყო, როდესაც საქართველო თავს დაესხა თავის უმართავ სეპარატისტულ რესპუბლიკას, სამხრეთ ოსეთს, ხოლო რუსეთმა ქართველთა შეტევა მოიგერია და საქართველოს ტერიტორიაზე შეიჭრა.

ომის შემდეგ მოსკოვმა სამხრეთ ოსეთი და კიდევ ერთი სეპარატისტული ქართული რეგიონი, აფხაზეთი, დამოუკიდებელ სახელმწიფოებად სცნო. თითქმის არც ერთმა სხვა ქვეყანამ არ აღიარა მათი დამოუკიდებლობა, ხოლო საქართველო ამ ორ რეგიონს რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ოკუპირებულად მოიხსენიებს.

ევროკავშირის ანგარიშში ომის მიზეზების შესახებ, ორივე მხარეა დადანაშაულებული. ამ ანგარიშის თანახმად, პირველ თავდასხმაზე საქართველოა პასუხისმგებელი, მაგრამ ეს იყო რეაქცია რუსეთის მიერ დიდი ხნის განმავლობაში წარმოებულ პროვოკაციასა და დევნაზე. რუსეთმა და საქართველომ, ორივემ უგულებელყო ანგარიშის ის ნაწილები, სადაც მათ აკრიტიკებენ და ორივე აცხადებს, რომ ანგარიშმა დაადასტურა ომის დაწყების მათეული ვერსიები.

როგორც ჩანს, ორივემ გადაწყვიტა, რომ კინოეკრანი საუკეთესო ადგილია მათი ვერსიების დემონსტრირებისთვის. ეს ბოლო, რუსული ვერსია უფრო გაკრიალებულია, ვიდრე კრემლის პირველი მცდელობა, სატელევიზიო დრამა, რომელიც 2009 წელს რუსულმა სახელმწიფო ტელევიზიამ გადაიღო. ამ ფილმში, რომელსაც ”ოლიმპუს ინფერნო” ერქვა, ქართველი ჯარისკაცები უდანაშაულო მშვიდობიან მოსახლეობას ზურგში ესროდნენ, ხოლო მათ საბრძოლო ველზე ამერიკელი გენერლები ხელმძღვანელობდნენ. ფილმში კრემლმა მიკერძოებული მედიაგაშუქების გამოც გამოთქვა თავისი აღშფოთება – როდესაც მთავარმა პერსონაჟმა შემთხვევით აღბეჭდა ვიდეოზე იმის დადასტურებელი ფაქტები, რომ ომი ქართველებმა დაიწყეს, დასავლური მედია საქართველოს მთავრობას ამ ჩანაწერის განადგურებაში ეხმარებოდა.

ახალი ფილმი ასე უხეშად არ არის გაკეთებული, მაგრამ მაინც ცალმხრივად აღწერს ომს. მას რუსეთის 1,500 კინოთეატრში აჩვენებენ და მისი გამოსვლა იმ მომენტს დაემთხვა, როდესაც ორივე ქვეყანა ახალ დიპლომატიურ აურზაურში ჩაერთო. გასულ კვირას სააკაშვილმა განაცხადა, რომ დაუყოვნებლივ აუქმებს სავიზო რეჟიმს იმ რუსებისთვის, ვისაც საქართველოში ჩამოსვლა უნდა და რუსებს ასეთივე ნაბიჯის გადადგმისკენ მოუწოდა.

გუშინ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ”თვითერში ” ამ განცხადებას მშვიდობიანი განწყობების სიმულაცია უწოდა.

სამინისტრომ აგრეთვე სააკაშვილის ”პარანოიდალური მტრობა და მეგალომანია” ახსენა.
foreignpress.ge