შვილმოკლული დედა სამართალს ამაოდ ეძებს

შვილმოკლული დედა სამართალს ამაოდ ეძებს

2006 წელს საბერძნეთში 11 წლის ალექსი მესხიშვილი თანატოლებმა ჩხუბის დროს მოკლეს. მომხდარის დეტალები ბუნდოვანია. საქმეს ისიც ართულებს, რომ მოკლული მოზარდის ცხედარი დაკარგულია. ერთ-ერთი ვერსიით, გვამი ალბანეთშია გატანილი, მეორე ვერსიით კი - დანაშულის ადგილზე სახლია აშენებული და რამის გარკვევა უკვე შეუძლებელია.

ექვსი წლის მანძილზე მოკლული ქართველი მოზარდის დედა ნათელა ოჩუაიძე სასამართლოდან სასამართლომდე ლოდინის რეჟიმში იყო და ამაოდ ელოდა, რომ დანაშულს ფარდა აეხდებოდა. თუმცა, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ახლახანს გაცხადდა, რომ საბერძნეთის პოლიციამ საქმე დახურა. ეს იმის მიუხედავად, რომ ცხედარი ნაპოვნი არ არის და საქმეში ბევრი გაურკვევლობაა. დაღუპული მოზარდის მშობლისთვის ყველაზე გულსატკენი ისაა, რომ მოზარდების მიერ დანაშულის აღიარების მიუხედავად, არცერთი მათგანი არ დაუკავებიათ. არასრულწლოვნების გამო, ბერძნულმა სასამართლომ ისინი დაინდო.  

„ვიდრე ცოცხალი ვარ, ამ საქმეს არავის დავახურინებ. დანაშაულის ყველა თანამონაწილის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი უკვე შეტანილი მაქვს. სასამართლომ ვერ დაადგინა, სად გადააგდეს გვამი. დღესაც არ იციან, სად არის ცხედარი. მინდა, ზუსტად მითხრან და გამარკვიონ, რა მოხდა. ბავშვების ერთი ნაწილი ამბობს, ჩვენ გავაკეთეთო, მეორე ამბობს - არ გაგვიკეთებიაო. მერე ერთად სხედან და საუბრობენ. ეს ძალიან დამთრგუნველია. თქვან სიმართლე, კანონი დღეს ამის საშუალებას მაძლევს და მეც ამ გზით ვივლი. სხვა გზა არ მაქვს“, - აცხადებს გარდაცვლილის დედა ნათელა ოჩუაიძე. 

არ ვიცით, რა კრიტერიუმით ხელმძღვანელობს ბერძნული სამართალი, როცა საქმე ქართველი ემიგრანტის მცირეწლოვანი შვილის ტრაგედიას ეხება, მაგრამ ორმაგი სტანდარტი მსგავს შემთხვევებში გასაკვირი არცაა. ყველას გვახსოვს, ამერიკაში საქართველოს საელჩოს თანამშრომელს, სამხრეთ-კაროლინაში მომხდარი ავტოავარიის შედეგად, შემთხვევით ამერიკელი გოგონა რომ გაიტანა, იქაური კანონმდებლობით უმკაცრესად გაასამართლეს, შევარდნაძემ კი დიპლომატის იმუნიტეტი მოუხსნა და ქართველი დიპლომატი დაცვის გარეშე დატოვა. ეს მაშინ, როცა საქართველოში მყოფმა წითელი ჯვრის უცხოელმა თანამშრომელმა ორი ახალგაზრდა კაცი მანქანით გაიტანა და აქედან ლამის პატივით გააცილეს. 

იმის გასარკვევად, საბერძნეთის შემთხვევაშიც ორმაგი სტანდარტი ხომ არ ამოქმედდა, Presage.tv სხვადასხვა ოფიციალურ სტრუქტურას დაუკავშირდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა ინფორმაციის არქონის გამო საბერძნეთის ქართულ საკონსულოში გადაგვამისამართა. ხოლო, როცა ვითხოვეთ, ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტროს იურიდიულ სამსახურს შეეფასებინა, ასეთ შემთხვევებში, რა ბერკეტი აქვს საბერძნეთში საქართველოს საკონსულოს, პრესსამსახურის წარმომადგენელმა ცოტა ხანში დაკავშირება გვთხოვა, მაგრამ, მთელი დღის განმავლობაში ტელეფონის ზარს აღარ უპასუხა. 

ორშაბათის ტრადიციულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო კალანდაძემ აღნიშნა, რომ ქართველი მოზარდის დაღუპვის თემასთან დაკავშირებით საბერძნეთში არსებული საქართველოს საკონსულოს წარმომადგენლობა აქტიურად არის ჩართული. კალანდაძის თქმით, მართალია, საქმე სასამართლოს განხილვის საგანია, მაგრამ, ქართული მხარე, შეძლებისდაგვარად, დაეხმარება დაღუპულის ოჯახის წევრებს და უფრო მეტ ინფორმაციას მოიპოვებს.  

Presage.tv დაინტერესდა, ამ ფაქტის გამოძიების მიზნით მართლაც აქტიურად მუშაობს თუ არა საბერძნეთში საქართველოს საკონსულო და რა ინფორმაციას ფლობს მომხდარის შესახებ. ასევე, გვაინტერესებდა, ბედისა და საბერძნეთის სასამართლოს ანაბრად იყო თუ არა მიტოვებული ქართველი მოზარდის მშობელი?! ამ მიზნით საბერძნეთში საქართველოს საელჩოს დავუკავშირდით და საქართველოს საელჩოს წარმომადგენელ, ზურაბ ვაჩეიშვილთან გასაუბრება ვითხოვეთ, რომლის კომენტარიც ამ თემის ირგვლივ უკვე გავრცელებული იყო. თუმცა, იმ მოტივით, რომ თურმე ზურაბ ვაჩეიშვილი რეფერენტია და მას საკითხი არ ეხება, გადაგვამისამართეს კონსულთან, გიორგი არჩემაშვილთან. რამდენადაც გასაოცარი უნდა იყოს, მომხდარის შესახებ კონსული ჩვენზე ნაკლებ ინფორმაციას ფლობდა და დაღუპულის დედის კოორდინატებიც არ აღმოაჩნდა.  

კონკრეტულად რის გამო მოხდა შელაპარაკება ბერძენ და ქართველ მოზარდს შორის?  
- ეს ტრაგედია 2006 წელს მოხდა. ამ პერიოდში აქ არ ვმუშაობდი. ამ ეტაპზე დახმარებისთვის ჩვენთვის არც მშობელს მოუმართავს, არც არანაირი შეტყობინება არ შემოსულა. ის ინფორმაცია, რაც თქვენც იცით, არის მხოლოდ ის, რაც ბერძნული არხებით გადაიცა. კერძოდ, რომ მშობელი სასამართლოსთვის მიმართვას კიდევ ერთხელ აპირებს, რათა, საბოლოო ჯამში, სიკვდილის გამომწვევი მიზეზი და ინციდენტში მონაწილეთა ვინაობა დადგინდეს. სწორედ ამ ინფორმაციას ავრცელებენ ბერძნული საინფორმაციო საშუალებები. ჯერ რაიმე დამატებითი ინფორმაცია საკონსულოში არ შემოსულა.

თქვენ, როგორც კონსული, ალბათ, უკვე დაინტერესდებოდით, რატომ მოკლეს თანატროლებმა ქართველი მოზარდი? სად მოკლეს ალექსი მესხიშვილი? 
- ამ ინფორმაციას არ ვფლობთ. კიდევ ერთხელ გეუბნებით, 2006 წელს მოხდა ინციდენტი. რამდენადაც ბერძნული მხარე ავრცელებს ინფორმაციას, ეს უფრო უბედურ შემთხვევას უკავშირდება, ვიდრე სხვა რაიმე კონკრეტულ ქმედებას. კონკრეტულ პასუხს ამაზე ვერ მოგცემთ, რადგან ძალიან ძველი საქმეა და ჯერ კიდევ ვერ მოვასწარი საქმის მასალებში ბოლომდე გარკვევა.

ვერც იმას დაგვიდასტურებთ, რომ იგი ცემის დროს შემოაკვდათ?
- ვერ დაგიდასტურებთ. არ მომეცა საშუალება, მასალებს ბოლომდე გავცნობოდი. ვცდილობთ, ეს ყველაფერი დავადგინოთ და ჩვენც მივიღოთ ეს ინფორმაცია. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ამ საკითხთან დაკავშირებით ჩატარდა შესაბამისი გამოძიება და სასამართლომაც გადაწყვეტილება მიიღო. რასაკვირველია, მშობელი თავისი უფლებით სარგებლობს და კიდევ ერთხელ მიმართავს სასამართლოს. ეს მისი კანონიერი უფლებაა.

კანონიერად მიგაჩნიათ საქმის დახურვა, როცა ბავშვის მკვლელობაზეა საუბარი, რომლის გვამის ადგილსამყოფელიც უცნობია?!
- ეს გადაწყვეტილება სასამართლოს მიერ იქნა მიღებული და ბერძნულ კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაში განხორციელდა.

შესაძლოა, ტრაგედიის გამო მშობელმა არც მოგმართოთ, მაგრამ თქვენ, როგორც ქართული მხარის წარმომადგენელს, რა ძალა გაგაჩნიათ იმისთვის, რომ ბერძნული სასამართლოსგან ნორმალური გამოძიების ჩატარება მოთხოვოთ?
- შესაბამისი შეტყობინება უნდა შემოვიდეს. მშობელმა უნდა მოგვმართოს და ჩვენი მხრიდან რეაგირება, რაც ჩვენს შესაძლებლობას განეკუთვნება ამ საკითხთან დაკავშირებით, თავისთავად იქნება.

გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვის გვამი ალბანეთში გაუტანიათ.
- ვერ დაგიდასტურებთ, ასეთი ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურებული არ არის. უბრალოდ, ასეთი ვერსიები ვრცელდება და იმ პერიოდში, როცა ეს ინციდენტი მოხდა, ასეთი ქმედებაც შესაძლოა, განხორციელებულიყო. თუმცა, გამოძიებამ ეს ფაქტი ვერ დაადასტურა.

საბერძნეთში ქართველებთან მიმართებით მსგავსი მძიმე დანაშაული თუ მომხდარა?
- არანაირად. ეს გამონაკლისი შემთხვევაა და მიზანმიმართულად, ქართველების წინააღმდეგ ასეთი რამ არ ხდება, ეს აბსურდია. ეროვნულ ნიშანს გამოვრიცხავ. 
Presage.tv იურისტებს დაუკავშირდა. არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის“ ხელმძღვანელის, უფლებადამცველ ლია მუხაშავიას თქმით, დანაშულის ჩამდენი არასრულწლოვანი სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვანაირად იხდის სასჯელს და ეს მაინცდამაინც ციხეში მათ გაშვებას არ გულისხმობს. თუმცა, დანაშულზე პასუხისგება, ყველა შემთხვევაში, აუცილებელია. ამდენად, იურისტისთვის გაუგებარია, რით ხელმძღვანელობს ბერძნული მართლმსაჯულება, როცა საქმეს არასრულწლოვნების მოტივით, დახურულად აცხადებს. ლია მუხაშავრია აცხადებს, რომ დანაშულზე პასუხი, შესაძლოა, 5-6 წლის მოზარდმაც აგოს და იგი იზოლირებული ჰყავდეთ ცალკეულ გამოსასწორებელ დაწესებულებაში, სადაც მას განათლების მიღების შესაძლებლობაც ეძლევა. 

ლია მუხაშავრიას ბრიტანეთის მაგალითი მოჰყავს, სადაც, მსგავს შემთხვევებში, ბავშვები იზოლირებულად ჰყავთ. შესაძლოა, ასეთ დროს მათ ოფიციალური მსჯავრი არ დაედოთ, მაგრამ ისინი სპეციალურ დაწესებულებაში გადაჰყავთ. 
ამასთან, უფლებადამცველი არ გამორიცხავს, რომ დაღუპული ალექსი მესხიშვილის დედამ საქართველოს საკონსულოს ერთი მიზეზის გამო არ მიმართა, იქნებ, იგი აღარაა საქართველოს მოქალაქე. 

„თავისუფალი დემოკრატების“ წევრი, იურისტი თეა წულუკიანი ეჭვობს, რომ საბერძნეთის სასამართლოში არასრულწლოვანობის მოტივით დახურულიყო საქმე.

„არასრულწლოვნებთან მიმართებით, ყველა ქვეყანას თავისი სასჯელის ფორმები აქვს. თუმცა გამორიცხულია, საბერძნეთის სასამართლოს იმის გამო, რომ დანაშული არასრულწლოვნების მიერაა ჩადენილი, საქმე დაეხურა. ამ შემთხვევაში, სხვა მოტივი იქნება და არა ის, რაც ოფიციალურად ვრცელდება,“ - აღნიშნა თეა წულუკიანმა.