„რას ნიშნავს, როდესაც ჩვენ აქ საბრძოლო მანქანას ან ქალაქს ვარქმევთ „ლაზიკას?“

„რას ნიშნავს, როდესაც ჩვენ აქ საბრძოლო მანქანას ან ქალაქს ვარქმევთ „ლაზიკას?“

უკანასკნელ პერიოდში მსოფლიო პოლიტიკურ არენაზე ახალი მოთამაშე – თურქეთი გამოიკვეთა. რეგიონში თურქეთის სულ უფრო მზარდი როლი საერთაშორისო პოლიტიკურ წრეებში აქტიურად განიხილება, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც არაბულ სამყაროში დიდი ძვრები მიმდინარეობს, ხოლო თურქეთი ახლო აღმოსავლეთის ლიდერის როლის მორგებას ცდილობს. 

საქართველოს ხელისუფლება მუდმივად ხაზს უსვამს, რომ თურქეთი ჩვენი მეზობელია, რომელთანაც კეთილმეზობლური ურთიერთობა გვაქვს და თურქული კაპიტალისთვის საქართველოს კარი ფართოდ არის გაღებული. შედეგად საქართველოში, განსაკუთრებით კი აჭარაში თურქული ბიზნესი ბაზრის ძალიან დიდ ნაწილს მოიცავს. ყველაფერ ამის პარალელურად, თურქეთისა და საქართველოს ხელისუფლებებს შორის მიმდინარეობს მოლაპარაკება ბათუმში აზიზიეს მეჩეთის აშენებასთან დაკავშირებით, რაც ქართულ საზოგადოებაში (არა მხოლოდ მართლმადიდებლებში, არამედ აჭარელ მუსლიმებშიც) აღშფოთებას იწვევს.  

საინტერესო მოსაზრება აქვს ამ საკითხთან დაკავშირებით ვასილ მაღლაფერიძეს, რომელიც თვლის, რომ აზიზიეს მეჩეთი მხოლოდ მინიატურული თვალსაჩინოებაა იმ გრანდიოზული პროექტისა, რომელსაც ოტომანთა ახალი იმპერია ეწოდება.

მაღაფერიძის თქმით, თურქეთის ახალმა საგარეო პოლიტიკამ უკვე 2003 წლის 1 მარტს იჩინა თავი, როდესაც თურქეთის პარლამენტმა სახტად დატოვა ამერიკელები და არ მისცა მათ თურქეთის ტერიტორიიდან ერაყის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნის უფლება.

მთელმა მსოფლიომ დაინახა, რომ თურქეთი აღარ აპირებდა ამერიკის და ნატოს მითითებების უსიტყვოდ შესრულებას და რეგიონში გაჩნდა ქვეყანა, რომელმაც საკუთარი პოლიტიკის და ინტერესების გატარება დაიწყო. თურქეთის საგარეო პოლიტიკის ახალი დოქტრინის მიხედვით კი, თურქეთმა უნდა გამოიყენოს საკუთარი უპირატესობები და ნატოს პერიფერიული მონაწილიდან გადაიქცეს მსოფლიო პოლიტიკის ერთ–ერთ წარმმართველად.

ვასილ მაღლაფერიძე: „თურქეთი ხდება ძალიან მნიშვნელოვანი სახელმწიფო და იძენს ახლო აღმოსავლეთის ლიდერის ფუნქციებს. ეს არის ძალიან საინტერესო და ყურადსაღები პროცესი რეგიონის ქვეყნებისთვის და მათ შორის საქართველოსთვისაც.

დღევანდელი ვითარების ფონზე რამდენად შესაძლებელია, რომ თურქეთმა ეს გეგმა განახორციელოს?
- იგი უკვე ახორციელებს თავის მიზანს - ახლო აღმოსავლეთში შეასრულოს განსაკუთრებული ფუნქცია. ის გარკვეულწილად უკვე არის ლიდერი ახლო აღმოსავლეთში. მას შესცქერიან როგორც ლიდერს, მათ შორის არაბული ქვეყნებიც. თურქეთი არის ძალიან მზარდი ეკონომიკის ქვეყანა. იგი მე-15-ეა ეკონომიკის სიდიდით და ექსპერტები ამბობენ, რომ სულ მალე ის მეათე იქნება მსფოლიოში. ეს არის ძალიან თანამედროვე, დიდი კულტურის მქონე ქვეყანა და მისი ეს ლიდერობის პროცესი ხორციელებდა. 

თურქეთის თემამ პრაქტიკულად აზიზიეს მეჩეთის შესაძლო აშენებასთან დაკავშირებით წამოიწია და როგორ შეაფასებდით საქართველოს ხელისუფლების ქმედებას ამ მხრივ?
- რთულია შეფასების გაკეთება. საქართველოში არა მხოლოდ ხელისუფლება, არამედ ექსპერტებიც და ის ადამიანებიც, ვისაც საერთოდ ეს თემები ეხება, თურქეთის თემით ნაკლებად ინტერესდებიან. თითქოს არის მცდელობა, რომ არ შევამჩნიოთ ის, რაც ხდება, ან შეიძლება მართლაც ვერ ვამჩნევთ, რა ხდება. ამიტომ თურქეთის მიმართ შემოვიფარგლებით ხოლმე ასეთი შეფასებით, რომ თურქეთი არის ნატოს წევრი და ჩვენ ასე ვთქვათ, მიგვიძღვის ევროკავშირში. არადა ეს ძალიან სერიოზული პროცესია, რომელიც სერიოზულ დაკვირვებას და შესწავლას მოითხოვს.

თქვენი აზრით ეს გაუთვითცნობიერებლობის მიზეზით ხდება, თუ შეგნებული პოლიტიკაა?
- ვერ გეტყვით, შეიძლება ერთიც იყოს და მეორეც, მაგრამ ერთი მეორეს ხელს არ უშლიდეს. თურქეთი ბოლო პერიოდში სერიოზულად იცვლის სახეს. ამ ქვეყანაში ძალიან საინტერესო პროცესები მიდის, რასაც აქტიურად აკვირდებიან ახლო აღოსავლეთში, ბალკანეთში და საერთოდ მთელს მსოფლიოშიც. ჩვენთან კი, თითქოს, ამის შესახებ საერთოდ არ ინტერესდებიან. 

საყურადღებოა იგივე დოქტრინა, რომელიც თურქეთის იდეოლოგიად არის აღებული. თუნდაც თურქეთს ჰყავს ბრწყინვალე პრემიერი და ბრწყინვალე საგარეო საქმეთა მინისტრი, ისეთი, რომ მართლაც შეშურდება ადამიანს. საქართველოში კი ძალიან ცოტამ იცის იმის შესახებ, რომ ბატონ დაუთოღლუს აქვს დაწერილი წიგნი „სტრატეგიული სივრცე და თურქეთის საერთაშორისო მდგომარეობა“, რომელიც მე ვფიქრობ, რომ საქართველოში უნდა წაიკითხონ. აქ არის ის დოქტრინა, რომლითაც თურქეთი გეგმავს საგარეო პოლიტიკაში ურთიერთობებს. ყველაფერი აქ არის ჩამოყალიბებული. ჩვენ უნდა ვიცნობდეთ ამ წიგნს, რათა ჩვენ მითქმა-მოთქმით კი არ ვიმსჯელოთ და ვიკამათოთ, არამედ წავიკითხოთ და ვიცოდეთ.

ამ დოქტრინის თანახმად რა საფრთხეების წინაშე დგას საქართველო?
- არა, მე საფრთხეებზე არ ვისაუბრებ. ყველა ქვეყანა მოქმედებს თავისი ინტერესებით. ბუნებრივია, თურქეთსაც აქვს თავისი ინტერესები. როდესაც ნებისმიერი ქვეყნიდან ინტერესების დაბალანსება არ ხდება, ის მხოლოდ ამის შემდეგ გადაიქცევა საფრთხედ. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ასე დილეტანტურად კი არ უნდა ვისაუბროთ, არამედ უნდა წავიკითხოთ ეს წიგნი, კარგად შევისწავლოთ ეს დოქტრინა და მხოლოდ ამის შემდეგ ვისაუბროთ თურქეთის ინტერესებზე და იმაზე, თუ რა შეიძლება ჩვენ ამას დავუპირისპიროთ. ჩვერ ჯერ არ ვართ იმ სტადიაში, რომ ამაზე ვიმსჯელოთ.

თურქეთ–საქართველოს ურთიერთობებზე მსჯელობისას თქვენ ახსენეთ „ლაზიკიზაცია“, ანუ ტენდენცია, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ატარებს ბოლო პერიოდში. „ლაზიკის“ აშენების შესახებ განცხადება, ასევე საბრძოლო ტექნიკა, რომელსაც „ლაზიკა“ დაერქვა და ა.შ. ამ ტენდენციას როგორ შეაფასებდით?
- მე ვფიქრობ, რომ საზოგადოება, პირველ რიგში, უნდა დაინტერესდეს, რას ნიშნავს ეს „ლაზიკიზაციის“ პროცესი იმიტომ, რომ ლაზები ცხოვრობენ თურქეთში, ისინი ეროვნებად აღიარეს და რას ნიშნავს, როდესაც ჩვენ აქ საბრძოლო მანქანას ან ქალაქს ვარქმევთ „ლაზიკას“? ამით რისი თქმა გვსურს?
მიმაჩნია, რომ ამით უნდა დაინტერესდეს საზოგადოება და რაღაცეებს მკაფიოდ უნდა გაეცეს პასუხები. 

მაგალითად, თურქეთში რომ დაეარსებინათ ქალაქი „კოლხეთი“, ან საბრძოლო მანქანისთვის დაერქმიათ „კოლხეთი“, ეს რა თქმა უნდა, გარკვეულ კითხვებს გააჩენდა საქართველოში. რა გვინდა ამ „ლაზიკით“ ვთქვათ, ამაზე ძალიან მკაფიოდ უნდა იყოს პასუხები გაცემული. დამეთანხმებით, რომ ამაზე საუბარი არ მიდის. ხელისუფლება აღტაცებით საუბრობს „ლაზიკაზე“, ოპოზიცია კი ძირითადად ქილიკობს და იუმორის საგნად აქვს ეს თემა ქცეული. მე ვფიქრობ, რომ არც ისე სახალისოდ გვაქვს საქმე და არც ასეთი აღტაცებისთვის. ეს გზავნილი „ლაზიკა“ რაღაცას ნიშნავს და ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რას.

თქვენთვის რას ნიშნავს ეს გზავნილი?
- იმ ინფორმაციით, რაც მე მაქვს, გამოვთქვი ეჭვი, რომ ეს შეიძლება იყოს გარკვეულწილად გამოძახილი ე.წ. „ანატოლიზაციის“ პროცესისა, ანუ იმ ოსმანური დოქტრინისა, რაც თურქეთშია ჩამოყალიბებული. თუ ვინმე მეტყვის, რომ ეს არის რაღაც წინარექართული, ანუ პანქართველური იდეის გაცოცხლება, ვთქვათ, ხაზგასმა იმაზე, რომ ლაზები და ქართველები არიან ერთი ენობრივი ჯგუფიდან, მაშინ უნდა ვივარაუდოთ, რომ რაღაც პროცესია აქ. თუ ეს არის პროცესი, მაშინ რა ურთიერთობებზე ვსაუბრობთ თურქეთის სახელმწიფოს მოქალაქეებთან? ჩვენ ვიცით პანთურქიზაცია, პანსლავიზმი, ეს არის იდეა, რომ ყველა თურქული, ყველა სლავური ტომი უნდა გაერთიანებულიყო. ეხლა ჩვენ რაზე ვსაუბრობთ? წინარექართული ტომების გაერთიანებაზე? არ ვიცი კითხვები არსებობს და პასუხები უნდა გაეცეს ამ კითხვებს. საზოგადოებამ კი ძალიან მშვიდად უნდა იმსჯელოს იმაზე, თუ რას ნიშნავს საბრძოლო მანქანა „ლაზიკა“. სახელმწიფო პოლიტიკაში ყველაფერი რაღაცას ნიშნავს.
მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა გააკეთა განცხადება ქალაქ „ლაზიკის“ აშენებასთან დაკავშირებით აქტიურად მიდის საუბარი იმაზე, რომ სწორედ ლაზიკაში უნდა მოხდეს თურქი მესხების ჩამოსახლება. 

ამის შესახებ რა ინფორმაციას ფლობთ, შესაძლებელია ეს მართლაც ასე მოხდეს?
- ასე დაბეჯითებით ამის თქმა ძნელია, თუმცა ვიცი, რომ თურქეთის მხარე არ ივიწყებს ამ თემას და მუდმივად ახსენებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ მას ევროსაბჭოს წინაშე აქვს აღებული თურქი-მესხების რეპატრიაციის ვალდებულება და ეს მართლაც ასეა. თუმცა, ჩვენ ამ ვალდებულების აღების შემდეგ ძალიან ბევრი ლტოლვილი დაგვიგროვდა და საქართველოს ხელისუფლებას შეეძლო დაეფიქსირებინა გეგმის გარკვეული ცვლილების შესახებ თავისი პოზიცია. უშუალოდ უკავშირდება თუ არა ამას „ლაზიკა“, ეს უნდა გაირკვეს ღია საუბარში. საზოგადოებაში უნდა იყოს არა მხოლოდ ის ზღვარგადასული დებატები, რასაც ჩვენ ვუყურებთ ხოლმე, როდესაც ორ ხმაში საუბრობენ და ფაქტიურად აზრის გამოტანა შეუძლებელია, არამედ ძალიან საქმიან საუბარში უნდა გაირკვეს, რას ნიშნავს ქალაქი „ლაზიკა“, ჩვენ პერსპექტივაში იქითკენ მივდივართ, რომ ლაზებს რაიმე განსაკუთრებული უფლებები ექნებათ საქართველოში? რამე პოლიტიკური უფლებების მინიჭებას ვაპირებთ მათთვის? ეს კითხვები არსებობს და პასუხებს ითხოვს. მე მგონი საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს უნდა აინტერესებდეს ამ კითხვებზე პასუხები. მე რაღაც ვარაუდები მაქვს ამასთან დაკავშირებით და მიმაჩნია, რომ ამაზე საზოგადოებამ უნდა იმსჯელოს.

თქვენ რამდენად მიზანშეწონილად მიგაჩნიათ ამ ეტაპზე თურქი მესხების ჩამოსახლება?
- მე ვფიქრობ, რომ საქართველოს ისეთი პრობლემები გაუჩნდა სულ ცოტა ხნის წინ, რომ ასეთი საკითხების გადასაჭრელად ჩვენი ქვეყანა მზად არ არის. ძალიან სერიოზული პრობლემები გვაქვს ამის გარეშეც და ეს უნდა გაითვალისწინოს ევროსაბჭომაც და ყველა ცივილიზებულმა ქვეყანამაც და ჩვენ ამაზე აქტიურად უნდა ვსაუბრობდეთ.