ცეცხლი ოპოზიციას ირჩევს! - ახმეტაში რესპუბლიკელების წარმომადგენლის მეურნეობა დაიწვა

ცეცხლი ოპოზიციას ირჩევს! - ახმეტაში რესპუბლიკელების წარმომადგენლის მეურნეობა დაიწვა

ახმეტაში „რესპუბლიკური პარტიის“ რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელის ზაქარია ქინქლაძის მეურნეობა დაიწვა. ხანძრის შედეგად ორი ჰექტარი ვაშლის ბაღი, ნახევარი ჰექტარი თხილის ნარგავი, საკურდღლე მინიფერმა და შენობა მთლიანად განადგურდა.

„მამას მწყემსებმა დაურეკეს და უთხრეს, ერთი კილომეტრიდან ვხედავთ, ცეცხლი გაჩნდაო. როცა მამა ალაზნის პირას ჩავიდა, უკვე არც მნახველი იყო, არც ბაღი, არც ნარგავები”, - განუცხადა ზაქარია ქინქლაძემ კახეთის საინფორმაციო ცენტრს. საიდან გაჩნდა ხანძარი, ჯერ უცნობია. ზაქარია ქინქლაძე არ გამორიცხავს, რომ მომხდარი მის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირდებოდეს.

9 მარტს, პარასკევს, ზაქარია ქინქლაძემ თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმე მოიგო. შეგახსენებთ, რომ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რესპუბლიკელმა წევრმა ზაქარია ქინქლაძემ, გასული წლის ოქტომბერში ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერი განცხადება გაავრცელა, რის შემდეგაც ზაქარია ქინქლაძეს სამეწარმეო საქმიანობისთვის ნაქირავები ფართის დაცლა მოსთხოვეს. განცხადების გავრცელებიდან მეორე დღეს სამსახურიდან გაათავისუფლეს მისი შვილი ლევან ქინქლაძე, რომელიც სოციალური მომსახურების სააგენტოში სპეციალისტად მუშაობდა. მეუღლემ კი პროტეტის ნიშნად, დატოვა სკოლა, სადაც პედაგოგად მუშაობდა.

გასული წლის 11 ნოემბერს, საეჭვო ვითარებაში გაუჩნდა ცეცხლი დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ლენინოვკაში კახეთის პოლიციის ყოფილი უფროსის თამაზ თამაზაშვილის სახლსაც. შენობის მეორე სართული მთლიანად განადგურდა, პირველ სართული კი სერიოზულად დაზიანდა. დაზარალებულის მეზობლების თქმით, დედოფლისწყაროს სახანძრო სამსახურის მანქანები შემთხვევის ადგილზე გამოძახებიდან ერთ საათში მივიდნენ. სახლის მფლობელი თამაზ თამაზაშვილი პატიმრობაშია. ის თბილისში, 11 ოქტომბერს დააკავეს. თამაზაშვილის სიძე - ქალიშვილის ქმარი ირაკლი ღარიბაშვილია, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ფონდის ხელმძღვანელია. თამაზაშვილის დაკავებასთან ერთად, სამსახურიდან გაათავისუფლეს ირაკლი ღარიბაშვილის მამა ტარიელ ღარიბაშვილი, რომელიც დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის წითელწყაროს ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულად მუშაობდა.

 

მასალის სრული ვერსიის ნახვა შესაძლებელია ICK-ს ვებგვერდზე