ირაკლი ალასანიას მიერ დიპლომატებთან ნათქვამ ფრაზას, რომ ხელისუფლება რეგიონებში აიარაღებს ხალხს და სამოქალაქო დაპირისპირებისთვის ემზადება, ნუგზარ წიკლაურმა ოპოზიციის მიმართ ბრალდებით უპასუხა. მან განაცხადა, რომ თუკი ოპოზიცია შეიარაღებულ დაპირისპირებაზე საუბრობს, გამოდის, რომ თავად მათ უკვე აქვთ იარაღი და საჭიროა ამის საწინააღმდეგო პროვენციული ღონისძიებების გატარება.
თავად ალასანია თავის ნათქვამთან დაკავშირებით დეტალურ განმარტებებს არ აკეთებს და აცხადებს, რომ მომავალ კვირას ამ თემაზე სპეციალურ ბრიფინგს ჩაატარებს.
Presage.tv დაინტერესდა, რა შეიძლება მოჰყვეს წიკლაურის განცხადებებს - ხომ არ გამოიყენებს ხელისუფლება ალასანიას განცხადებას, როგორც „ქართულ ოცნებასთან“ საბრძოლველად კიდევ ერთ ბერკეტს? რას ფირქობენ ამასთან დაკავშირებით ალასანიას პარტიაში, და რა შემთხვევაში შეიძლება ხელისუფლება მოიქცეს ისე, რომ ხალხს თავისი უფლებების დასაცავად ხმის ასამაღლებლად დაძახება აღარც კი დასჭირდეს? ამასთან დაკავშირებით გვესაუბრება „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარის მოადგილე თეა წულუკიანი.
თეა წულუკიანი: დღეს თუ ვინმეს აქვს იარაღი, ეს არის ხელისუფლება. დღეს თუ ვინმე ცდილობს სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზე მიიყვანოს ჩვენი ქვეყანა, ეს შეიძლება იყოს, მხოლოდ და მხოლოდ, ხელისუფლება, რომლის ნაწილია ბატონი წიკლაურიც. რაც შეეხება სცენარებს, თუ ვინმეს ძველი სცენარები ახსენებდა, ეს ვართ ჩვენ. გახსოვთ ალბათ, როდესაც ხელისუფლებამ დადგა სცენარი, რომელიც შემდეგ ეკრანზე განახორციელა - თითქოს, ოპოზიცია იყო ხალხის მტერი, შეკრული ჩვენი ქვეყნის საგარეო მტრებთან და ა.შ. მაგრამ, ვერც-ერთ, ასე ვთქვათ, „ხალხის მტერს,“ რომლებიც ამ ფილმში მთავარ როლს ასრულებდნენ, ეს ბრალი ვერ დაუმტკიცდა. უფრო მეტიც, არა მხოლოდ ვერ დაუმტკიცა, ხელისუფლებამ არც კი ინება, რომ განეხორციელებინა სისხლის სამართლებრივი დევნა ამ ადამიანების მიმართ.
მაგალითად, ცოტნე გამსახურდია თვეების განმავლობაში იხვეწება, ჩემი, როგორც ხალხის მტრის და ქვეყნის მოღალატის სისხლის სამართლის საქმე განიხილეთო და სასამართლო არ იხილავს, რადგან არ აქვთ სამხილი.
რაც შეეხება კიდევ ერთ ე.წ. „სახელმწიფოს მტერს“, ცოტნე გამსახურდიას უფროს ძმას, კონსტანტინე გამსახურდიას, გაურიგდა ამ ხელისუფლებას, რის შემდეგაც დააწინაურეს და დღეს საზღვარგარეთ წარმოადგენს ჩვენს ქვეყანას.
ამიტომ, სახელმწიფოს მტრები ნაციონალურმა მოძრაობამ თავის წიაღში ეძებოს და ბოლოს და ბოლოს, დაიჯეროს, რომ ამ ქვეყნის მთავარი მტერი არის პრეზიდენტი სააკაშვილი.
რაც შეეხება თვითონ დაპირისპირების საფრთხე რა ხარისხით არსებობს, რომელ სოფლებში და სად ყალიბდება უკანონო შეიარაღებული დაჯგუფებები, ამის შესახებ ირაკლი ალასანია მომავალ კვირას სპეციალურ ბრიფინგს გამართავს.
არსებობს ინფორმაცია, რომ საერთაშორისო საზოგადოებაც სიტუაციის გამწვავებას ელოდება საქართველოში. თქვენთვის რადენად ცნობილია ამასთან დაკავშირებით მათი მზაობა?
- საერთაშორისო თანამეგობრობა პროცესებს, რა თქმა უნდა, ძალიან ყურადღებით ადევნებს თვალს. მათ შესანიშნავად იციან და ზოგჯერ, შეიძლება - ჩვენზე უკეთესადაც, თუ რა გადაჯგუფებები მიმდინარეობს მმართველ გუნდში. ვერ წარმომიდგენია ისინი არ იყვნენ შეშფოთებულები იმით, რასაც ისინი თვითონ გებულობენ ჩვენგან დამოუკიდებლად.
რამაზ საყვარელიძემ presage.tv-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ სამოქალაქო დაპირისპირება და სამოქალაქო ომი განსხვავებული ცნებებია. სამოქალაქო დაპირისპირება სახეზეა, როცა იმართება მიტიგნები, საპროტესტო აქციები და ა.შ. სამოქალაქო ომი კი არის, როდესაც დაპირისპირებულ მხარეებს შორის გამოყენებულია იარაღი. თქვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მოვლენების რომელი სცენარით განვითარებას ვარაუდობთ?
- ტერმინების განმარტება შორს წაგვიყვანს. მე უბრალოდ შემიძლია გითხრათ, რომ 7 ნოემბერი და 26 მაისი იყო ხელისუფლებასა და ხალხს შორის დაპირისპირების კლასიკური ნიმუში, როდესაც ხელისუფლება თავს დაესხა საკუთარ დაუცველ ხალხს. ეს არის დაპირისპირების ნათელი მაგალითი. რაც შეეხება ომს, ომი არ გულისხმობს მაინცდამაინც იმას, რომ ორივე მხარეს ჰქონდეს იარაღი. ვინაიდან დღეს მხოლოდ ხელისუფლებას აქვს ცეცხლსასროლი იარაღი, თუკი ჩემი ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობის გამო, ხელისუფლება თავს დამესხმება, შეიძლება მე ამას დავუპირისპირო ჯოხი ან აგური. ესეც შეიძლება იყოს ომი, მაგრამ რა იქნება, რა ფორმას მიიღებს ეს დაპირისპირება, ამაზე დღეს საუბარი არის სპაკულაციები.
მთავარია, იქმნება საფუძველი იმისთვის, რომ ეს უსამართლობების სერია, რაც მიმდინარეობს 2004 წლის ინავრიდან, ხელისუფლებას სურს, რომ დასრულდეს კიდევ უფრო დიდი უკანონობით. ეს შეიძლება იყოს აპრილში ივანიშვილისთვის მოქალაქეობაზე უარის თქმა, ვინაიდან ისინი ცდილობენ, რომ ეს ადამიანი წარმოაჩინონ გამოუსწორებელ სამართალდამრღვევად, ამ ქვეყნისთვის საშიშ ადამიანად და შემდეგ არჩევნებზე ისე დაძაბონ სიტუაცია, რომ ხალხს უკვე დაძახებაც არ დასჭირდეს იმისთვის, რომ საკუთარი უფლებების დასაცავად ხმა აღიმაღლოს. მთავარი პასუხისმგებლობა ამ ყველაფერზე ეკისრება ნაციონალურ მოძარობას იმიტომ, რომ ის არის ხელისუფლებაში.
ერთადერთი, ჩვენ ისღა დაგვრჩენია, რომ ავუხსნათ ხალხს, თუ როგორ უნდა დავამარცხოთ „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნებში. იმედი გვაქვს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გადაწყვეტს, მაგალითად, შეცვალოს „პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონი“, მიიღოს სხვა ზომები სიების დაზუსტების მიზნით და ნორმალურ პირობებში ჩაატაროს ეს არჩევნები. თუ ის ამას არ იზამს, მაშინ მთელი პასუხისმგებლობა მას ეკისრება.
ჩვენ ყველას გვახსოვს 2007 წლის 7 ნოემბრის შემდეგ ხელისუფლების მიერ სატელევიზიო ფილმების მთელი სერია, სადაც ოპოზიციის ლიდერები რუსეთის აგენტებად იყვნენ წარმოჩენილები. მაშინ მოსახლეობის გარკვეულმა ნაწილმა მართლაც დაიჯერა, რომ ეს ასე იყო და ოპოზიციონერების გაკრვეული ნაწილის მიმართ უნდობლობაც გაუჩნდა. როგორ ფიქრობთ, დღეს რამდენად მზად არის საზოგადოება იმისთვის, რომ ადექვატურად აღიქვას ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც საქართველოს რაიონების მოსახლეობა პრაქტიკულად ინფორმაციულ ვაკუუმში იმყოფება და მხოლოდ სახელისუფლებო სატელევიზიო არხების ანაბარად არის დარჩენილი?
- რეგიონებშიხ ინფორმაციის სიმწირის მიუხედავად, დღეს საზოგადოებამ ეს ხელსუფლება უკვე ყველა კუთხით დაინახა და ხელისუფლების ყველა ფანდი უკვე ცნობილია. ის სატყუარები, რაც აქამდე მუშაობდა, აღარ მუშაობს. მე ხშირად ვაკვირდები აპოლიტიკური, მაგრამ მოქალაქეობრივი შეგნების მქონე ადამიანები როგორ აღიქვამენ სახელისუფლო არხებზე გასულ რეპორტაჟებს და მინდა გითხრათ, რომ ეს არხები და მათი ოპოზიციის შესახებ რეპორტაჟები არ იწვევს იმაზე ნაკლებ რეაქციებს, რასაც იწვევს ვასიკო ოდიშვილის შოუები. ხალხს უკვე ეცინება იმაზე, თუ როგორ მანიპულირებს ხელისუფლება ფაქტებით ნაციონალური არხების მეშვეობით.
მინდა გკითხოთ, ბიძინა ივანიშვილი და მისი „ქართული ოცნება“ იყო მზად მასთან ბრძოლის ისეთი მეთოდების გამოყენებისთვის, რაც მის წინააღმდეგ ხელისუფლებამ გამოიყენა?
- ვერც „ქართული ოცნება“ და ვერც ერთი ნორმალურად მოაზროვნე ადამიანი, რომელიც მზად არის გულანთებული და პატიოსანი ბრძოლისთვის, ვერასოდეს გათვლის უმსგავსობის იმ ხარისხს, რომელიც შეიძლება მოიხარშოს ნაციონალების გონებაში. ზოგიერთი ნაბიჯი წინასწარ იქნა გათვლილი და თავიდან აცილებული, ზოგი ნაბიჯი კი ვერ იქნა გათვლილი, მაგრამ როდესაც ეს ნაბიჯები გადაიდგა, შემუშავდა თავდაცვის მექანიზმები. ყველაფრის წინასწარ გათვლა ძნელია, რადგან აბსოლუტურად ბოროტ ძალასთან გვაქვს საქმე.