„ჩვენ თუ ვართ ის ქართველები, როგორადაც თავი მოგვაქვს, ჩვენ თუ ვართ იმ ქართველების შთამომავლები, ვინც თუნდაც ივერონის მონასტერი ააშენა, თუ გვაქვს თავმოყვრეობა და ღირსება, ამ ყოფას არ შევურიგდებით და დღეს უკვე წელში გამართული და გაძლიერებული იმ ადამიანის პოლიტიკაში მოსვლით, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ჰქვია, ოქტომბრის არჩევნებში ამ ხელისუფლებას მართლაც გავისტუმრებთ პოლიტიკურ სანაგვეზე“. - განაცხადა „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ თბილისის პარტიული ორგანიზაციის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.
აღსანიშნავია, რომ კონფერენციას „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა, რომელმაც კონფერენციის ბოლოს სიტყვით მიმართა დამსწრეებს. მანამდე კი „თავისუფალი დემოკრატების“ ცნობადი სახეები ტრიბუნასთან ერთმანეთს ცვლიდნენ, მათ ფონს კი „ქართული ოცნების“ მაისურებიანი ახალგაზრდები ქმნიდნენ. კონფერენციაზე „თავისუფალმა დემოკრატებმა“ ოქტომბრის არჩევნებში ნაციონალური მოძრაობის დამარცხების მზაობა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს.
750 დელეგატის წინაშე სიტყვით გამოსვლისას ირაკლი ალასანიამ აღნიშნა, რომ მას თავისუფალი ადამიანებით სავსე საქართველოს ხილვა სურს, ვინაიდან შეშინებული ადამიანი ვერანაირ სიკეთეს ვერ შექმნის.
„როგორი ქვეყანა გვინდა შევქმნათ, ავაშენოთ, ამაზე თითოეულს ბევრი გვაქვს ნაფიქრი. ყველას გვინდა, პირველ რიგში, თავისუფალი ადამიანების საქართველო გვქონდეს. შეშინებული ადამიანი არ არის შემქმნელი არანაირი სიკეთის. ჩვენ ვლაპარაკობთ სამუშაო ადგილების შექმნაზე, გვინდა უკეთესი განათლების, ჯანდაცვის სისტემა, მაგრამ თავი და თავი ყველაფრის არის, რომ დღეს ჩვენს ქვეყანაში თავისუფლება არ არსებობს, კრიტიკული მოსაზრება, განსხვავებული აზრი არ არსებობს,“ - აღნიშნა „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა.
აქვე ირაკლი ალასანიამ ხელისუფლებაში არსებული ერთპარტიული, ერთპიროვნული მმართველობა გააკრიტიკა. მისი თქმით, კონკურენციის არარსებობის პირობებში ყველა პოლიტიკა (რომელიც თავიდან, შეიძლება ითქვას, კარგი განწყობით დაიწყო), ჩიხში შევიდა.
„თუ არ არის კონკურენცია, შესაძლებლობა, რომ იდეებმა ერთმანეთთან ჭიდილში უკეთესი იდეა წარმოშვას, ბუნებრივია, წინ ვერც ბიზნესი წავა, ვერც პოლიტიკა, ვერც მედია. ქვეყანა ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყავს სააკაშვილს ავტორიტარიზმიდან ტოტალიტარული ქვეყნისკენ“.
ამასთან, ირაკლი ალასანიამ მადლიერებით მოიხსენია ქალთა და ახალგაზრდული ორგანიზაციები, თუმცა ყველაზე მეტი პატივისცემა რაიონებში მოღვაწე აქტივისტების მიმართ გამოხატა, რომლებმაც უსამართლო ბრძოლაში ადგილობრივ არჩევნებში საკუთარი თავი წარმოაჩინეს. მისი თქმით, „ალიანსის“ მაშინდელმა შედეგმა დაადასტურა, რომ არ არსებობს იმაზე მეტი ღირებულება, ვიდრე ჩვენი სამშობლოა. თუმცა, დღესდღეობით, უკვე შეცვლილ გარემოში, ალასანია აღნიშნავს, რომ მათი ამოცანაა, არჩევნებში მიმსვლელი ამომრჩევლის 75 %-დან მათი უმრავლესობა მიიმხროს.
„ჩვენი მოსახლეობის 75%-ზე მეტი არჩევნებზე მისვლას აპირებს. ჩვენი ამოცანაა, ამ 75% ამომრჩევლების უდიდესი უმრავლესობა მივიმხროთ. არჩევნებამდე საკმაო დროა, ერთად ჩვენ მართლაც გველოდება ქართული ოცნების ახდენა.“
ალასანიამ კმაყოფილებით მოიხსენია მომავალი თაობა და განაცხადა, რომ ეს ის თაობა იქნება, ვისაც ბატონი ბიძინა, ბატონი დავითი (უსუფაშვილი) მოგვიანებით ხელისუფლებას გადასცემენ.
რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, მან ჟურნალისტებს თავსატეხი დაუტოვა, თუ ვინ იქნება მისი პოლიტიკური მემკვიდრე.
„როდესაც ვუყურებ ჩვენი კოალიციის ლიდერებს, როდესაც ვუყურებ ირაკლი ალასანიას, დავით უსუფაშვილს, ზვიად ძიძიგურს და სხვებს, ჩემი ოცნების არსი იქნება ის, რომ ჩემი ქვეყნის შემდგომი პოლიტიკიდან გამომდინარე, შემდგომ არჩევნებში მოხდება მათ შორის კონკურენცია და მოხდება რეალურად დემოკრატიულ საფუძველზე. დღეს მკვეთრი ბრძოლაა თეთრსა და შავს შორის, ჩვენ უნდა მოვახერხოთ დემოკრატიული, რეალური არჩევნები ჩავატაროთ და ვაიძულოთ ხელისუფლება, დაგვემორჩილოს და სამართლებრივ სივრცეში ჩატარდეს არჩევნები,“ - აღნიშნა „თავისუფალი დემოკრატების“ თბილისის პარტიულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსულმა ბიძინა ივანიშვილმა.
ივანიშვილმა ხელისუფლების მისამართით რამდენიმე კრიტიკული შენიშვნა გამოხატა. მათ შორის, კონტროლის პალატის ახლადშეძენილი ფუნქცია, რომელიც მოქალაქეებზე ზეწოლის მიზნით ჩამოყალიბდა. ივანიშვილის თქმით, ნაცვლად იმისა, რომ კონტროლის პალატამ შეასრულოს თავისი ფუნქცია და გააკონტროლოს, როგორ ხარჯავს ხელისუფლება ჩვენს მიერ გადახდილ თანხებს, იგი ხალხის დათრგუნვის ახალ აპარატად გადაიქცა.
ასეთივე მდგომარეობაა პოლიციაშიც, რომელსაც, ივანიშვილის თქმით, ჩვენ ვუხდით ხელფასებს, რათა ჩვენი სიცოცხლე დაიცვას. თუმცა, „ერთი პიროვნება“ მათ აიძულებს, ზეწოლა მოახდინონ ჩვენს მოსახლეობაზე. ბიზნესმენის ყურადღების მიღმა უნივერსიტეტში სტუდენტებს შორის მომხდარი დაპირისპირებაც არ დარჩენილა.
„როდესაც ახალგაზრდებმა თანატოლებს მართლზომიერებაზე მიუთითეს, მოგეხსენებათ, როგორ მკაცრად იყვნენ დასჯილნი. სტუდენტური თვითმმართველობა ჰგავს კომკავშირს და მასზე უარესს. ეს ერთი კაცის იდეოლოგიაზე აგებული და დაფუძნებული ორგანიზაციებია“.
აქვე ბიძინა ივანიშვილი მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთ საყვარელ თემას - „წარსულის გადმონაშთებზე“ საუბარს შეეხო.
„მუდმივად გამოდის და მინიშნებებს აკეთებს, რომ ჩვენ ვართ წარსულის გადმონაშთი და წარსულისკენ უნდა შევაბრუნოთ ქვეყანა. სააკაშვილი დიდი ხანია, უკვე წარსულშია. მისი ხასიათი დღეს დაუფარავად იბრძვის ბატონყმობასა და უფრო იქით, მონურს, შორის. ეს არის მისებური დემოკრატია და, ნაწილობრივ, ზოგიერთი სუსტი საჯარო მოხელის ხელშეწყობით, მოახერხა ამის მსგავსი და გვაჩვენა კიდეც შედეგი მისი ხასიათის. ასეთი შედეგი მივიღეთ უნივერსიტეტში“.
გარდა ამისა, ბიძინა ივანიშვილმა არ გამორიცხა, რომ შესაძლოა, მათ კოალიციას კიდევ რამდენიმე წევრი დაემატოს. ამასთან, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მისი პოლიტიკური ძალა შექმნის ისეთ ძლიერ ხელისუფლებას, რომელიც რელურად ჩადგება ხალხის სამსახურში და არა ფორმალურად.
რაც შეეხება სხვა გამომსვლელებს, „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი ლევან იზორია აცხადებს, რომ სააკაშვილის მიერ შექმნილი სახელმწიფო სწორედ დემოკრატიის შინაარსის, პასუხისმგებლობის გარეშე, ტირანიითა და ყალბი ფორმით აგრძელებს არსებობას. მისი მატერიალური დასაყრდენი კი ფული და ძალაა.
ლევან იზორიამ ამის საილუსტრაციოდ ხელისუფლების მხრიდან სხვადასხვა სფეროს მონოპოლიზაცია დაასახელა, რასაც ფასების ხელოვნური ზრდა და ყველაზე გაჭირვებული მოსახლეობის ძარცვის ხარჯზე ხელისუფლების გამდიდრება მოჰყვა.
„შსს-ის რეფორმის სახით, კერძოდ, საპატრულო პოლიციის სახით, სწორედ გარეგნული ფორმა შექმნა სააკაშვილის ხელისუფლებამ. ამ ფორმის მიღმა კი ჩამოაყალიბა საბჭოთა გადმონაშთის შსს სისტემა. მართალია, გაუქმდა უშიშროების სამინისტრო, მაგრამ რეალურად, უშიშროების ფუნქციებს ცალკეული სამსახურები შსს-ს ფარგლებში ასრულებენ. ანუ, მოხდა მონსტრის ჩამოყალიბება, დაუბალანსებელი ძალაუფლების ჩამოყალიბება, რაც სხვათაშორის, საბჭოთა კავშირსაც არ ახსოვდა - ერთი უწყების ფარგლებში საპოლიციო და უშიშროების სამსახურის მონოპოლიზება მომხდარიყო,“ - აღნიშნა ლევან იზორიამ.
„თავისუფალი დემოკრატების“ წევრი თეა წულუკიანი კი აცხადებს, რომ ალასანიას პარტიამ ხელისუფლებასთან სამართლებრივი კომპეტენტური ოპონირება მოახერხა, ასევე, მათი ძალისხმევით პარლამენტში სხვადასხვა პოლიტიკური ძალებისგან ფრაქცია დაკომპლექტდა, რაშიც მთავარი დამსახურება მათი პარტიის წევრს, გიორგი ცაგარეიშვილს მიუძღვის. წულუკიანის თქმით, მიღწევაა ისიც, რომ მათ პარტიაში შექმნეს ქალთა ორგანიზაცია და მიზნად დაისახეს, ჰყავდეთ მეტი მაჟორიტარი ქალი დეპუტატი.
„ბიძინა ივანიშვილის გამოჩენით პოლიტიკურ ასპრეზზე შეიქმნა მიხეილ სააკაშვილის ალტერნატივა. ეს არის ჩვენი ბოლო შანსი, რომ ბრძოლა ბოლომდე მივიყვანოთ, რომ არ ჩავიდინოთ არცთუ ისე სამართლიანი საქციელი, რასაც ჰქვია ახალგაზრდებისთვის ბრძოლის გადაბარება. არ იქნება ლამაზი საქციელი, ახალგაზრდებს გადავაბაროთ ჩვენს მიერ ბოლომდე მისაყვანი ბრძოლა,“ - აცხადებს თეა წულუკიანი.
საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი, „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი ვიქტორ დოლიძე საკრებულოში ბრძოლის პერიპეტიებს შეეხო. მისი თქმით, ადგილობრივ თვითმმართველობაში ყველაზე ადვილად შესამჩნევია ის პრობლმები, რაც დღეს მოსახლეობას აწუხებს.
„საკრებულოს თავზე წითელი ნაციონალური დროშა ფრიალებს. დარწმუნებული ვარ, ეს დროშა ძალიან მალე ყველამ ერთად უნდა ჩამოვხსნათ. მსოფლიოში „ნომერ პირველი რეფორმატორი ქვეყანა“ ბავშვთა სიკვდილიანობით პირველ ადგილზე ვართ, იზრდება კომუნალური გადასახადები, პენსიის რაოდენობა მცირდება. ამას ემატება კოლოსალური გადასახადები, ჩვენ შევთავაზეთ ხელისუფლებას სახელმწიფო პენსიისა და საარსებო მინიმუმის გათანაბრება და სხვა ინიციატივები, მაგრამ არ არსებობს პოლიტიკური ნება“.
აქვე ვიქტორ დოლიძემ გაიხსენა, „თავისუფალი დემოკრატების“ აწ გარდაცვლილი წევრი ლევან მიქელაძე, რომელმაც სამი წლის წინ მათი პოლიტიკური გუნდის პრეზენტაციაზე განაცხადა, „ჩვენ არ ვართ ლაჩრები, ჩვენ ბრძოლის ველიდან არასდროს გავიქცევით“.
„თავისუფალი დემოკრატების“ შეჩვეულ სახეებს ამავე პარტიის თბილისის ახალგაზრდული მოძრაობის ლიდერი შოთა ძაგნიძეც მიემატა. როგორც აღმოჩნდა, მისი პოლიტიკაში ჩართვა ხელისუფლების უკანონო ქმედებებმა განაპირობა და მას სურს, ცხოვრობდეს ისეთ ქვეყანაში, სადაც ახალგაზრდებს კარგი განათლების მიღების საშუალება ექნებათ, სადაც მეგობრებთან ერთად მოლხენა, მართლაც, ლხინი იქნება და იქიდან გამოსულს განსხვავებული აზრის გამო რეპრესიებით არ უპასუხებენ.
„სამწუხაროა, რომ ახალგაზრდობა თავის თავს ვერ ხედავს თავის ქვეყნაში და სხვა ქვეყნისკენ გაურბის თვალი. ახალგაზრდები ბევრნი ვართ, სწორედ ეს არის ის ძალა, რომელიც თავის გადამწყვეტ სიტყვას იტყვის ოქტომბრის არჩევნებზე,“ - აცხადებს ძაგნიძე.
კონფერენციის ბოლოს ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთნ საუბრისას აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დაკარგა კონტროლი საკუთარ თავზე და დაავიწყდა, რომ საქართველოში კანონი არსებობს. მისი თქმით, 4 მილიონის მოხმარებას ისედაც საქართველოსთვის აპირებდა, თუმცა ხელისუფლების ძალადობრივი ფორმა ამ მხრივაც მიუღებელია.
„პირადად ჩემი დაძახება ვერ გაბედეს, მაგრამ ჩემი წარმომადგენელი დაიბარეს და ჯარიმა 4 მილიონი გამოწერეს ჩემზეც. მინდა, მივმართო საქართველოს მოსახლეობას, რომ ის ფული, რომელსაც ხელისუფლება უკანონოდ კრეფს ჩემი ორგანიზაციებიდან თუ ჩემი პირადი ანგარიშიდან, მე მაინც ვაპირებდი ქვეყნისთვის მომეხმარებინა. ამიტომ, ამ მხრივ განცდა არ მაქვს, ეს ძალიანაც კარგია. კარგია, რომ ეს ფული მოხმარდება ჩემს ქვეყანას, მაგრამ პარალელურად, იმ ფორმით, რა ფორმითაც ესენი ახერხებენ ფულის მოკრებას, ამით მაქსიმალურად კარგად აჩვენებენ საკუთარ სახეს“.
ივანიშვილის თქმით, პოლიტიკაში მისმა გამოჩენამ ხელისუფლებას ნიღაბი ჩამოხსნა და გამოაშკარავა ის ფასადური დემოკრატია, რომლითაც ისინი ევროპისა თუ საქართველოს შეცდომაში შეყვანას ცდილობდნენ.
Presage.tv ირაკლი ალასანიას ესაუბრა. ჩვენს შეკითვაზე, თუ რას დაუპირისპირებს ივანიშვილის კოალიცია დასავლეთ საქართველოში შექმნილ სამხედრო ფორმირებებს, რის შესახებაც გუშინ ირაკლი ალასანიამ თავად განაცხადა. „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა აღნიშნა, რომ ამ საკითხს მომავალ კვირას სპეციალურ ბრიფინგს მიუძღვნის.
„არ მინდა, ამ თემას დღეს შევეხო, მომავალ კვირას სპეციალურ ბრიფინგს მივუძღვნი და ყველა შეკითხვაზე გაგცემთ პასუხს. ხელისუფლებისა და მისი იდეოლოგიური მანქანის უკვე აღარავის სჯერა. ასე რომ, ფაქტებმა უნდა ილაპარაკოს თავის თავზე. ჩვენი პარტიის სამი ადამიანი უკვე დაკავებულია და პატიმრობაშია. მარტო ჩვენი პარტიიდან 90 ადამიანი ბოლო დღების განმავლობაში დაკითხეს, ასევე დაკითხეს კოალიციის 300-მდე წევრი. ეს აჩვენებს სააკაშვილის ძალადობრივ ბუნებას, რომელსაც ქართული საზოგადოება განაჩენს ოქტომბრის არჩევნებში გამოუტანს,“ - გვითხრა ირაკლი ალასანიამ.
მანვე კოალიციური ძალებისთვის თანამდებობის გადაცემის შესახებ ბიძინა ივანიშვილის ფრაზა განმარტა. შეკითვაზე, არის თუ არა ეს გარკვეული შეთანხმება მათსა და ივანიშვილს შორის, ალასანიამ აღნიშნა: „არა, ეს არის ჩვენი, ყველას სურვილი, რომ, რეალურად, ჭეშმარიტი კონკურენტული გარემო შეიქმნას პოლიტიკაში და არცერთ კოალიციას, მათ შორის, ჩვენს კოალიციას, არ უნდა ჰქონდეს აბსოლუტური ძალაუფლება. ამაზე იყო მინიშნება ბატონი ბიძინასგან, ეს არის ლიბერალური დემოკრატიის ის ფუნდამენტალური პრინციპი, რომელსაც ვიზიარებთ და რაც სჭირდება ჯანსაღ პოლიტიკას საქართველოში. დღემდე, ბოლო 8 წლის განმავლობაში, სააკაშვილი ხელისუფლებას მართვს ძალადობით, ერთპიროვნული გადაწყვეტილებითა და ერთპარტიული სისტემით“.
ამასთან, ირაკლი ალასანიას განმარტებით, სააკაშვილი იზოლაციაში იქცევს თავს, რასაც არა მხოლოდ ჩვენი საზოგადოება, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობაც ხედავს. ამიტომაც საერთაშორისო თანამეგობრობის პასუხმა არ დააყოვნა. სწორედ ამ კონტექტსში მოიხსენია ირაკლი ალასანიამ ჯონ ბასის განცხადება და სხვა დიპლომატთა განცხადებებიც, რომლებიც უახლოეს დღეებში იქნება