„დღეს შემიძლია გითხრათ, რომ არჩევნებში ბიძინა ივანიშვილის გუნდის სახელით მივიღებ მონაწილეობას. სად ვიქნები, რომელიმე რაიონში მაჟორიტარად ვიყრი კენჭს თუ სიაში ვიქნები, ეს საარჩევნო სიის ფორმირებისას გაირკვევა, მაგრამ დანამდვილებით გეტყვით, ამ გადამწყვეტ ბრძოლაში უსათუოდ მივიღებ მონაწილეობას“, - გვითხრა ეკა ბესელიამ.
ქალბატონო ეკა, ბიძინა ივანიშვილის პირადი ადვოკატი აღარ ხართ?
- სტატუსი ძალიან პირობითი ცნებაა. ბატონი ბიძინას იდეა იყო მისი პირადი ადვოკატი ვყოფილიყავი. ვვარაუდობდი, რომ ეს სტატუსი ერთი თვე მექნებოდა, მაგრამ ოთხ თვეზე მეტ ხანს გაგრძელდა. თავიდანვე განსაზღვრული იყო, რომ ეს მოკლევადიანი პროცესი იქნებოდა და მერე პოლიტიკაში უნდა ჩავრთულიყავი.
ერთ-ერთ ინტერვიუში ბრძანეთ, რომ რიგ საკითხებში ბიძინა ივანიშვილსაგან განსხვავებული შეხედულება გაქვთ. რა საკითხებია ეს?
- რა საკითხები იყო ეს, ამაზე საჯაროდ ლაპარაკი სწორად არ მიამჩნია. მკითხეს, როდესაც ვინმეს განსხვავებული შეხედულება აქვს, „ქართულ ოცნებაში“ არის თუ არა იმის შესაძლებლობა, რომ ეს გამოხატოსო. ამის პასუხად ვთქვი, როდესაც რაღაც საკითხზე ჩემი მოსაზრება გამჩენია, ამის გამოხატვის შესაძლებლობა მქონია-მეთქი. ჩვენ გვაქვს საშუალება ვიმსჯელოთ, ვიდებატოთ და საერთო აზრამდე მივიდეთ. შესაძლოა ვიღაცას ისე წარმოუდგენია, რომ ბიძინა ივანიშვილი ატარებს შეხვედრებს და ვისაც განსხვავებული მოსაზრება აქვს, მისი გამოთქმის შესაძლებლობა არ აქვთ. უნდათ ბატონი ბიძინა ავტორიტარ და მკაცრ ადამიანად წარმოაჩინონ.
ბატონ ბიძინას საოცრად უყვარს წესრიგი და დისციპლინა. ამ მხრივ ძალიან მოწესრიგებულია, სხვანაირად ვერ იქნებოდა ძლიერი მენეჯერი და ასეთი წარმატებული ბიზნესში, მაგრამ ის შინაგანად არის დემოკრატი და თუ განსხვავებულად ფიქრობ, გაძლევს შესაძლებლობას, ეს თქვა. მე ყოველთვის ვახერხებდი, თუ განსხავებულად ვფიქრობდი, ეს მეთქვა.
საზოგადოების ნაწილისთვის ბიძინა ივანიშვილის გუნდის არადინამიური მოქმედების ტაქტიკა მიუღებელია.
- არ ვიზიარებ შეფასებას, რომ ჩვენი გუნდი პასიურია. ნუ დაგვავიწყდება, რომ ბიძინა ივანიშვილს მზა პოლიტიკური გუნდი არ დახვედრია. მან ყველაფერი ნულიდან დაიწყო. საარჩევნო ინფრასტრუქტურის მშენებლობისას აქტიური საარჩევნო კამპანიის წარმოება შეუძლებელია. თუ გულისხმობენ იმას, რომ მეტი აქციები, მანიფესტაციები და მწვავე განცხადებები უნდა გაკეთებულიყო, ამას ჩვენი საზოგადოების სულსწრაფობით ვხსნი. როგორც ბავშვის დაბადებას, პოლიტიკური ძალის დაბადებასაც თავისი ფაზების გავლა სჭირდება და ძნელია ყოველთვის მაღალი ტემპერატურა შეინარჩუნო. ამის აუცილებლობა არც არის და სახიფათოცაა. გადავავლოთ თვალი ბოლო 4 წლის პოლიტიკურ პროცესებს, მაგალითად, 9 აპრილს ქუჩაში 100 ათასი ადამიანი რომ გამოვიდა, 10 აპრილს მხოლოდ 5 ათასი კაცი გამოვიდა. მოგეხსენებათ ეს აქციები 114 დღე გრძლდებოდა და ბოლოს 500 ადამიანიღა იკრიბებოდა. ბერძნებისაგან განსხვავებით, ქართველებს გვიჭირს გრძელვადიან ბრძოლაში დინამიკის შენარჩუნება და ნებისყოფის გამოჩენა. ისეთი შემართებით ვერ ვაგრძელებთ ბრძოლას, როგორც ვიწყებთ.
ჩვენს მოქალაქეებში იმედგაცრუების გაღვივებას ხელს უწყობს სახელისუფლებო პროპაგანდა, ჭორებისა და სიცრუის კამპანია.
თქვენ განაცხადეთ, ბიძინა ივანიშვილი თვალს არ დახუჭავს თუ არჩევნებს გაუყალბებენო. ეს რაში გამოიხატება, სარჩელს შეიტანს სასამართლოში?
- ხმების დაცვისთვის სამართლებრივი და კანონიერი პოლიტიკური ბრძოლის ყველა ხერხს გამოვიყენებთ. თუ „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნებს გააყალბებს და მისთვის სასურველ ციფრებს დაგვიწერს, რომელიც რეალობისაგან განსხვავებული იქნება, ბუნებრივია, ეს მიუღებელია. ბატონი ბიძინაც ასე ფიქრობს და ძალიან იმედიანად არის განწყობილი. პოლიტიკაში მოსვლის პირველივე დღიდან ის დარწმუნებით ამბობს, ჩვენ გავიმარჯვებთო. ის რომ საკუთარ შესაძლებლობებში ასე დარწმუნებულია, ძალიან ბევრს ნიშნავს გუნდისთვის, იმ ადამიანებისათვის, ვინც უყურებს გამარჯვებაში ამდენად დარწმუნებულ ლიდერს.
ბატონი ბიძინასთვის ყოყმანი არასოდეს შემიმჩნევია. 18 ოქტომბერს, როდესაც ერთდროულად მოხდა „ქართუ“ ბანკის მანქანაზე თავდასხმა, ფულის გატაცება, ბერას მეგობარი დიჯეი „რემბოს“ დაკავება, იმავე საღამოს მოსთხოვეს ბატონი ბიძინას პირად დაცვას იარაღის ჩაბარება. ამის გამო მძიმე ემოციური ფონი იყო, მაგრამ დავინახე ბიძინა ივანიშვილი საოცარი სიმშვდით როგორ მართავდა ამ პროცესს. ერთი წამითაც არ შეტყობია აღელვება. კრიტიკულ სიტუაციაში მაშინ პირველად ვნახე ბატონი ბიძინა და დავინახე რაოდენ ძლიერი პიროვნებაა. ამიტომ, როდესაც ის ამბობს, ხელისუფლება იოლად არ დათმობს მიტაცებულ სკამებს, მაგრამ აუცილებლად გავიმარჯვებთ, იმ სირთულეების მიუხედავად, რომელსაც ხელისუფლება შექმნისო, მჯერა, რომ გამარჯვების რეალური შანსი არსებობს. ჩვენ გავიმარჯვებთ თუ შეცდომებს არ დავუშვებთ და ბოლომდე ვიბრძოლებთ. თუ ხალხმა ხმა არ მისცა „ნაციონალურ მოძრაობას,“ მოპოვებულ ხმები უნდა დავიცვათ. ბატონმა ბიძინამ თქვა - თუ საჭირო გახდება ამისთვის ქუჩაში გასვლა, - გავალთო. ეს აბსოლუტურად ცივილიზებული ბრძოლის ფორმაა, რომელსაც მსოფლიო თანამეგობრობა მიმართავს. აბა ხალხი პროტესტის გამოსახატავად ჭერქვეშ ვერსად დაეტევა.
საქართველოს ხელისუფლებას რუსეთში მიმდინარე პროტესტი თუ აღაფრთოვანებს და ეს დემოკრატიისთვის ბრძოლის განსახიერებად მიაჩნია, მარტო რუსეთში კი არა, საქართველოშიც დემოკრატიული პროცესია, როდესაც ხალხი საკუთარი უფლებების დასაცავად იბრძვის.
ვიცი, რომ წინ რთული და დრამატული ბრძოლა გველოდება, მაგრამ მახსენდება 2008 წლის იანვრის საპარეზიდენტო არჩევნები, როდესაც თბილისში ოქმებით წააგო „ნაციონალურმა მოძრაობამ“. ვერაფრით შესძლეს ხალხის აქტიურობა დაეძლიათ. სააკაშვილმა მისთვის სასურველი ხმები რეგიონებში ჩაყარა, სადაც ვერ დავიცავით ხმები, რადგან არ გვქონდა ამის რესურსი და მექანიზმები. ჩვენ ეს გაკვეთილი გავითვალისწინეთ და ახლა მთელი აქცენტი რეგიონებზეა გადატანილი. ხელისუფლებას არ მივცემთ იმ უმსგავსობების ჩადენის უფლებას, რასაც აქამდე სჩადიოდა. გამარჯვება იოლი არ არის, მაგრამ შესაძლებელია.