„კონტროლის პალატამ ისე დაკითხა მოქალაქეები, რომ მათთვის გაგზავნილ უწყებას ნომერი არ ჰქონია, რითაც მათ გასაჩივრების უფლება წაართვა“, - აცხადებს კოალიცია „არჩევნების თავისუფლებისათვის“ წევრი ირაკლი მელაშვილი Presage.tv-სთან საუბარში.
კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წევრები, მოხალისეები თუ ჩვეულებრივი მოქალაქეები დაკითხა. ამ ადამიანების რიცხვმა რეგიონებში 150-ს გადააჭარბა. ჩვენი მოქალაქეების მასობრივი დაკითხვა რას ემსახურება?
- ჩვენი ხელისუფლების აზრით, სიტუაციის გადატეხვა და დაშინების მანქანის ამოქმედება ყველაზე მნიშვნელოვანი გაზაფხულზეა. ხელისუფლებამ გადაწყვიტა, გაზაფხულზე მოამთავროს ეს საქმე. გათვლა ძალიან მარტივია, მერე ზაფხული მოდის, ევროპის ჩემპიონატის თამაშები იწყება, მერე, ალბათ, აგვისტოში არჩევნებს დაგვინიშნავენ და არვის ეცლება. თუმცა მათი მხრიდან ეს მასობრივი დაკითხვები შეცდომა იყო. მართალია, კონტროლის პალატის მხრიდან ჩვეულებრივი მოქალაქეების დაკითხვას პირველ დღეს პატარა შოკის ეფექტი ჰქონდა, მაგრამ, რაც ბოლო ორი დღის განმავლობაში ხდება, აშკარად მიუთითებს, რომ ამან მოსახლეობის სერიოზული უკურეაქცია გამოიწვია. იმას, რომ დაკითხვები დაშინებას ემსახურებოდა და არა იმას, რასაც ქალბატონი მოგელაძე აცხადებს, რამდენიმე ფაქტი ადასტურებს.
თუკი საუბარია ოფისებსა და მათ რემონტზე, ამისთვის, პირველ რიგში, ინფორმაცია თავად პარტიებისგან უნდა გამოეთხოვათ, რადგან, როგორც ცნობილია, პარტიებმა 1-31 დეკემბრის მდგომარეობით (რაც მათ ევალებოდათ) წარადგინეს ინფორმაცია და, ბუნებრივია, მათ ანგარიშში ოფისების თემა ვერ მოხვდებოდა.
რაც შეეხება მოქალაქეებისგან ინფორმაციის გამოთხოვას, ამისთვის რამდენიმე ფორმა არსებობს. თუკი მოქალაქისგან ინფორმაციის მიღება გინდა, ექვსაათიანი დაკითხვების წარმოება, პოლიციით ალყაშემორტყმულ შენობებში, თანაც, მუქარის ქვეშ - გინდა თუ არა თქვი ის, რაც მე მინდა - საჭირო არ არის.
გარდა ამისა, პარტიების ფინანსური მდგომარეობის გარკვევასთან საერთო არაფერი აქვს ასეთ შეკითხვებს: რომელ პარტიას ეხმარები, რატომ ეხმარები, რა არის შენი პოლიტიკური მოსაზრებები? ეს განსხვავებული პოლიტიკური ნიშნის ადამიანებზე პირდაპირი ზეწოლა, უშუალო დაშინებაა, რადგან ეს კეთდება საჯაროდ, გამოხატულად და პირდაპირი ფორმით, რათა მთელი რაიონი დაიზაფროს. როგორც წესი, რაიონებში გამგეობის შენობები ყველაზე დიდი ნაგებობებია. ამ დიდ შენობებში პოლიციით ალყაშემორტყმული ადამიანები როცა შეჰყავდათ, თანაც, ჩხრეკის პირობებში, ასეთი რამ სხვა ადამიანებზე ზეწოლისთვისაც კეთდება. ხშირ შემთხვევაში, ადვოკატს არც უშვებდნენ, ადამიანებს დამამცირებლად ექცეოდნენ. გაჩხრეკის მიზნით ერთ-ერთ გოგონას ტანსაცმლის გახდა მოსთხოვეს.
ეს ყველაფერი ფსიქოლოგიური ზემოქმედების ფორმებია, რასაც უკიდურესად დიქტატორული რეჟიმები იყენებენ. ასე დამამცირებლად, საჯაროდ და ასე მასობრივად საკუთარი მოქალაქეების დაშინება აღმაშფოთებელია. ამით გვაჩვენებენ, რომ არავის წინაშე უკან არ დავიხევთ და არც კანონი გვაინტერესებს. თქვენ შეგიძლიათ, ნახოთ დოკუმენტი, რომელიც მოქალაქეებს დაეგზავნათ. ეს დოკუმენტი ამ უკანონობის პირველი ნიშანია, რადგან სახელმწიფო სტრუქტურიდან გამოგზავნილ დოკუმენტს, პირველ რიგში, ნომერი უნდა ჰქონდეს. ანუ, მოქალაქეს დოკუმენტის გასაჩივრება რომ დასჭირდეს, შესაბამისი ნომერი უნდა მიუთითოს. სიტყვაზე, ადამიანი ხვალ რომ მიადგეს კონტროლის პალატას, ეტყვიან, ამ დოკუმენტის შესახებ არაფერი ვიცით, იგი არსად გატარებული არაა. ფაქტობრივად, ამ დოკუმენტს იურიდიული ძალა არ გააჩნია, რადგან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, არაა შედგენილი.
„სუფთა პოლიტიკის“ ერთ-ერთი ხელმძღვანელმა ზურაბ ჯაფარიძემ არ გამორიცხა, რომ მომხდარის ირგვლივ, შესაძლოა, კონტროლის პალატა საქმის კურსში არც იყო და მოსახლეობის დაკითხვები რეგიონალურმა წარმომადგენლობებმა დამოუკიდებლად აწარმოეს და ძალაუფლებას გადაამეტეს.
- ზურაბ ჯაფარიძეს ასეთი რამ შსს-ს შესახებ რომ ეთქვა, სადაც რამდენიმე ათეული ათასი ადამიანი მუშაობს, სხვა ამბავია. აქ საუბარია ორგანოზე, სადაც, თავად მოგელაძიანად, სულ 14 თანამშრომელია. ვგულისხმობ კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურს, რომელსაც უფლება აქვს, ამ საკითხზე ინფორმაციის მოკვლევა აწარმოოს. სხვას არავის აქვს ეს უფლება. ყველანაირი საუბარი, რომ რეგიონალურმა ჩინოვნიკებმა ძალაუფლებას გადააჭარბეს, წყლის ნაყვაა. ქალბატონ მოგელაძეს 14 თანამშრომლისთვის თუ ვერ მოუვლია, მაშინ იგი გასათავისუფლებელია. მოქალაქეების უბედურება არ უნდა იყოს ის, რომ ამ სამსახურს უვიცი თანამშრომლები ჰყავს. თუმცა, რეალურად ვთქვათ, რაც მოხდა. როდესაც საქართველოს ათ ქალაქში დაკითხვები ერთდროულად ტარდება და ამ დაკითხვებში, მინიმუმ, ორ-ორი, სამ-სამი კაცი მონაწილეობს, მოგელაძის 14 თანამშრომელი ამ საქმეს ვერანაირად ვერ გასწვდებოდა. ამდენად, ამ საქმეში თანამონაწილე გაცილებით მეტია. ამ პროცესში მონაწილეობას იღებდნენ სხვა სტრუქტურების წარმომადგენლები. დიდი ეჭვი მაქვს, რომ ესენი იქნებოდნენ ძალოვანი უწყების წარმომადგენლები. კერძოდ, შს სამინისტროა თუ პროკურატურა, არ მაინტერესებს. ეს საკითხი კონკრეტულად მაშინ დამაინტერესებდა, როდესაც თითოეული კაცი ამოცნობილ იქნებოდა და მათი პასუხისმგებლობის საკითხი დადგებოდა. საქართველოს კანონმდებლობით, პარტიების ფინანსურ საქმიანობაზე ინფორმაციის შეგროვების უფლება მხოლოდ და მხოლოდ 14 კაცს ჰქონდა მინიჭებული. თანაც, კონტროლის პალატას რეგიონალური სამსახური არ გააჩნია. აქედან გამომდინარე, რა შუაში არიან სხვა სტრუქტურის წარმომადგენლები, რომლებიც ხალხის დაშინებას ეწეოდნენ?! საქართველოს ყველა ქალაქში უამრავი ადამიანის ჩხრეკას თითო-ოროლა თანამშრომელი ერთდროულად ხომ ვერ ჩაატარებდა?! ამაში სხვებიც მონაწილეობდნენ, რაც კანონდარღვევაა.
დაკითხვები ცენტრალიზებულად წარიმართა. უამრავი ადამიანი იძლევა ჩვენებას, რომ რაიონულ გამგეობებში თავად მოგელაძე აწარმოებდა დაკითხვას, ხელებს უბრახუნებდა მაგიდაზე და იმ ჩვენების დაწერას მოითხოვდა, რასაც თავად ეტყოდა. ჯერჯერობით, თბილისში ასეთი დაკითხვები არ დაწყებულა. ისე, ძალიან საინტერესოა, როგორ მოეპყრობიან თბილისს.
ამ ადამიანებს თუ შეეძლოთ, არ მისულიყვნენ დაკითხვაზე და, საერთოდ, არ მიეცათ ჩვენება? მით უმეტეს, ადვოკატის გარეშე?
- რა თქმა უნდა, ამ ადამიანებს შეეძლოთ, ეს გაეკეთებინათ, მაგრამ სოფლად მცხოვრებ ჩვეულებრივ მოქალაქეს ნუ მოვთხოვთ, იცოდეს, რისი უფლება აქვს. თანაც, როცა ასეთ შემაშფოთებელი ხასიათის დოკუმენტს ღებულობს - თუ არ გამოცხადდები, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაგეკისრება. რა თქმა უნდა, ეს კარგად ორგანიზებული რომ ყოფილიყო და დაკითხვაზე ყველას ერთბაშად ეთქვა უარი, სხვა ამბავია.
სხვათაშორის, ასეთი რამ გურჯაანში მოხდა, როდესაც ამ ხალხის სახელით ერთი წარმომადგენელი მივიდა, დაუტოვა წერილი და მთელი საბუთები მოითხოვა - მომაწოდეთ მასალები, რის საფუძველზე აპირებთ ჩემს დაკითხვას. როცა მეუბნებიან, რომ ადმინისტრაციული სამართალწარმოებით, შესაძლოა, რაღაცაში ეჭვმიტანილი ვიყო, მე ხომ უნდა ვიცოდე, რაში ვარ ეჭვმიტანილი, რა ფაქტზე მიბარებ?! ეს ჩემი უფლებაა. აქ მეორე მნიშვნელოვანი საკითხიცაა, როდესაც კვირა დღეს მოქალაქეს იბარებ და ეუბნები, რომ დაკითხვაზე ორშაბათს უნდა გამოცხადდეს, რეგიონებში ადვოკატის პოვნა ასე იოლი არაა. თანაც, ადვოკატი თანხასთანაა დაკავშირებული. მოგეხსენებათ, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და სხვა ორგანიზაციებმა უფასო იურიდიული კონსულტაცია გაუწიეს დასაკითხ მოქალაქეებს, მაგრამ მთელ რეგიონს ეს ვერ დაფარავდა. ამ გაძვალტყავებულ ადამიანებს რომ უთხრა, გაიქეცი, ადვოკატი დაიქირავე, ამას ვერ შეძლებენ. ამასთან, ოფიციალურად, ორდერის გამოწერა ფული ღირს.
ანუ, როდესაც ამ წერილს აგზავნიდა, ხელისუფლებამ წინასწარვე იცოდა, რომ ეს ადამიანები საკუთარ ინტერესთა დაცვას ვერ უზრუნველყოფდნენ. იმ მასალას, რაც კონტროლის პალატის მხრიდან უბრალო მოქალაქეებზე განხორციელდა, ვთარგმნით და ამერიკაში, ევროპაში გავგზავნით. რაც ამ სამი დღის განმავლობაში მოხდა, ეს არის მასობრივი დაშინების კამპანიაა, რაც არავის უნდა გაუვიდეს. დღეს ბევრად მეტ მასალას ითხოვენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, საელჩოები, ვიდრე აქამდე. ამიტომაც ამ ფაქტების ამსახველ პრესკონფერენციას თითქმის ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის და აშშ საელჩოს წარმომადგენელი ესწრებოდა. ისინი იწერდნენ ამ ფაქტის თაობაზე. მაინც ვფიქრობ, რომ შესაძლოა, რეგიონებში დაკითხვების შემდეგ ვიღაც დააშინეს, მაგრამ ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, რეგიონებში ამან სერიოზული უკურეაქცია გამოიწვია.