ირაკლი ალასანია: „სააკაშვილის სიტყვები მიანიშნებს, რომ ის ემზადება სამოქალაქო ომის და კონფრონტაციისთვის“

ირაკლი ალასანია: „სააკაშვილის სიტყვები მიანიშნებს, რომ ის ემზადება სამოქალაქო ომის და კონფრონტაციისთვის“

დღეს „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ „ქართულ ოცნებასთან“ დიპლომატიური კორპუსის შეხვედრაზე ელჩებს მიმართა. presage.tv გთავაზობთ ირაკლი ალასანიას მიმართვის ქართულ თარგმანს.

„თქვენ საქართველოს კარგი მეგობრები ხართ, იმ ქვეყნების წარმომადგენლები, რომლებიც მტკიცედ უჭერენ მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, ტერიტორიულ მთლიანობას და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია - ლიბერალურ დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობას. მადლობას გიხდით იმისთვის, რომ დრო დაგვითმეთ.

პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ყოველ ჩვენთაგანს, ჩვენ, „ქართულ ოცნებას“ და თქვენც გვწამს, რომ საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს და ეს არჩევნები, რომელსაც ვუახლოვდებით, იქნება შანსი იმისა, რომ საქართველო, ინსტუტუტების მშენებლობის გზით, მართლაც რეალურად ფუნდამენტურად დემოკრატიული სახელმწიფო გახდეს. იმისთვის, რომ 20 წლის განმავლობაში პირველად, საქართველოში ხელისუფლების ცვლილება რეალურად მოხდეს არჩევნების და არა ძალადობრივი გზით.

მაგრამ სამწუხაროდ, რასაც ვხედავთ უკანასკნელი 2 თვის განმავლობაში და რისი მოწმეებიც ვართ სააკაშვილის ავტორიტარული მმართველობა ტრანსფორმირდა ტოტალიტარულ სახელმწიფოდ. დიახ, მე არაფერს ვამბობ არასწორად... მოქალაქეთა ფუნდამენტური უფლებები გათელილია და ეს ხდება თითქმის ყოველდღე ქვეყნის ნებისმიერ კუთხეში.

მე მინდა ყურადღება მიაპყროთ იმას თუ რა ხდება დასავლეთ საქართველოში. რატომ ყალიბდება გასამხედროებული ჯგუფები და ვინ აიარაღებს მათ. რატომ აქვთ იარაღი მუდამ თან და რატომ ელოდებიან რაღაც მოვლენას, როდესაც ეს მათ დასჭირდებათ. ეს ზუსტად მიანიშნებს იმაზე, რომ სააკაშვილი არ აპირებს ჩაატაროს სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები და ნიადაგს ამზადებს იმისთვის, რომ პოლიტიკური ოპოზიცია გაანადგუროს, რადგან, „ჩვენ ვართ სახელმწიფოს მტრები“, „ჩვენ ვიმართებით კრემლიდან“.

მისი ეს სიტყვები პარლამენტში და 3 დღის წინ კახეთში მიანიშნებს, რომ ის ემზადება სამოქალაქო ომის და კონფრონტაციისთვის და არ ვაჭარბებ, რომ თქვენი ჩარევის და თქვენი დახმარების გარეშე, საქართველოს სამოქალაქო საზოგადებასთან ერთად, თქვენი ხმის მიწვდენის გარეშე, რთული იქნება თავიდან ავიცილოთ ის კონფრონტაცია, რომლის მოწმეებიც ვიქნებით, რაც უფრო მივუახლოვდებით არჩევნებს.

მე მჯერა თქვენი რჩევის ძალისა, რადგან თქვენ აქ იყავით უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში და ეხმარებოდით სახელმწიფო აღმშენებლობას და დემოკრატიული ინსტიტუციების მშენებლობას.

სანამ გვიან არ არის მე, როგორც თქვენი ყოფილი კოლეგა გთხოვთ, იყოთ უფრო აქტიურები რეგიონებში და მონიტორინგი აწარმოოთ არა მხოლოდ მედიაზე, არამედ ძალადობაზეც, რომელიც როგორც აღმოჩნდა, გახდა „ნაციონალური მოძრაობის“ დაშინების მთავარი კამპანია.

ეს არ არის უბრალო სიტყვები, თქვენ და ევროკავშირის მონიტორინგის მისიას შეგიძლიათ გადაამოწმოთ ეს ყველაფერი დასავლეთ საქართველოში, განსაკუთრებით - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საზღვართან და ასევე სხვა რეგიონებშიც.

თქვენი რეაქცია უნდა იყოს მტკიცე და რასაც გთხოვთ არის ის, რომ საარჩევნო ბრძოლის ველი იყოს სამართლიანი და კონკურენტუნარიანი და ეს არ არის დიდი თხოვნა მითუმეტეს 21 საუკუნეში, როცა საქართველო უკვე ინტეგრირებულია უმეტეს ევროპულ სტრუქტურებში. ჩვენ ვუახლოვდებით კრიტიკულ მომენტს, როცა თქვენი ჩართვა განასკუთრებით მნიშვნელოვანია.

კონტროლის პალატის ქმედება, რომელიც უკანასკნელ ხანს გადაიქცა პოლიტიკურ პოლიციად, კუდი, თავდაცვის სამინისტროში შექმნილი სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტი, რომელსაც პირდაპირ დავალებული აქვს ზეწოლა ოპოზიციაზე და კერძოდ, ჩვენს კოალიციაზე, არის მხოლოდ დასაწყისი. სანამ არ არის გვიან და არ მიგვიღია ახალი ჰომსი (სირია) ზუგდიდში, ან საქართველოს სხვა რომელიმე კუთხეში, მოგმართავთ, დაიწყეთ მოქმედება, ჩვენ ჯერ კიდევ შეგვწევს ძალა შევცვალოთ სიტუაცია ოქტომბრამდე. ამიტომ უნდა ვიმოქმედოთ ერთობლივად.

ჩვენ, კოალიცია „ქართული ოცნება“ ვაცნობიერებთ, რომ ამ საქმეში უნდა ჩაერთოს ყველა – საერთაშორისო თანამეგობრობა და ხელისუფლებაც“.