"ინაუგურაციის მოსაწვევის გადახევა და გადაყრა უფრო ღირსეული საქციელი იქნებოდა"

იქნებ მიხვდეთ, ვინც მოსაწვევი მიიღეთ, რომ გადახევა და გადაყრა უფრო ღირსეული საქციელი იქნებოდა, ვიდრე მაგ მოსაწვევის ფრიალით თქვენი "მნიშვნელობისათვის" ხაზგასმა, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს.

მისივე თქმით, ზოგიერთები აჟიტირებული ბავშვებივით აფრიალებენ ინაუგურაციის მოსაწვევს.

„რა ცოტა უხარია ადამიანს. აჟიტირებული ბავშვებივით არიან ზოგიერთები, ინაუგურაციის მოსაწვევს ისე აფრიალებენ და ჟივილ-ხივილი აქვთ თითქოს საახალწლო ნაძვის ხის ზეიმის ბილეთები მიიღეს. ისინიც მეცოდებიან, პატარა ბავშვებივით, რომ მოსთქვამენ მე რატომ არ დამპატიჟესო, თითქოს თოვლის ბაბუის საჩუქარი არ შეხვდათ. რითი განსხვავდება ეს ხალხი 5 კილო კარტოფილიანებისგან?

პ.ს. ამ ქვეყანას ყავდა და ყავს ისეთი ხალხი, რომლებმაც ღირსების ორდენი უკან დააბრუნა, რადგან ხელისუფალი უღირსოდ იქცეოდა. იქნებ მიხვდეთ, ვინც მოსაწვევი მიიღეთ, რომ გადახევა და გადაყრა უფრო ღირსეული საქციელი იქნებოდა, ვიდრე მაგ მოსაწვევის ფრიალით თქვენი "მნიშვნელობისათვის" ხაზგასმა", - წერს ოქრუაშვილი.