ასოცირების საბჭო საქართველოს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ერთ-ერთ წამყვან სახელმწიფოდ აღიარებს

ასოცირების საბჭო საქართველოს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ერთ-ერთ წამყვან სახელმწიფოდ აღიარებს

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს რიგით მეორე სხდომის შემდეგ, რომელიც გუშინ ბრიუსელში გაიმართა, ევროპული საბჭოს ვებგვერდზე ოფიციალური პრესრელიზი გამოქვეყნდა.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ სხდომის დასაწყისში, საბჭოს წევრებმა პარიზში მომხდარი ტერაქტები მკაცრად დაგმეს.

"ორივე მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ კვლავ ერთგული რჩება საქართველოს პოლიტიკური ასოცირებისა და ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის და კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ევროპული მისწრაფებები, ევროპული არჩევანი და საერთო მიზანი, ხელი შეუწყოს დემოკრატიული, სტაბილური და წარმატებული ქვეყნის მშენებლობას", - ნათქვამია განცხადებაში.

ასოცირების საბჭო მიესალმა საქართველოს მზადყოფნას, გაამტკიცოს რეფორმების პოზიტიური შედეგები იმ საერთო ფასეულობების შესაბამისად, რომელიც ასოცირების ხელშეკრულებაშია ჩამოთვილი: ესენია დემოკრატია, სათანადო მმართველობა, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებების პატივისცემა. ამ კონტექსტში, ასოცირების საბჭო აღიარებს საქართველოს ერთ-ერთ წამყვან სახელმწიფოდ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის.

განცხადების თანახმად, ორივე მხარე შეთანხმდა, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების ფონზე, საჭიროა "დემოკრატიული იმპულსის" შენარჩუნება. ევროკავშირმა ასევე, მოუწოდა "საქართველოში ყველა პოლიტიკურ ძალას, უზრუნველყოს თავისუფალი და პლურალისტული მედია და პოლიტიკური გარემო", რაც დემოკრატიული არჩევნების ჩატარების წინაპირობაა და თავი შეიკავონ ისეთი ნაბიჯებისგან თუ განცხადებებისგან, რომელიც დაძაბულობას გაზრდის და პოლარიზებას შეუწყობს ხელს.

"ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას მის ძალისხმევაში, გაატაროს სასამართლო სისტემის რეფორმა და გააძლიეროს კანონის უზენაესობა. ევროკავშირი განსაკუთრებით აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია იმის უზრუნველყოფა, რომ სისხლის სამართლის გამოძიება და სისხლის სამართლის დევნა იყოს დამოუკიდებელი, ფაქტებზე დაფუძნებული, გამჭვირვალე, მიუკერძოებელი, კანონით გათვალისწინებული პროცედურების მკაცრი დაცვითა და ასოცირების ხელშეკრულებით მიღებული ვალდებულებების შესაბამისად", - ნათქვამია განცხადებაში.

ასოცირების საბჭო მიესალმება საქართველოს პროგრესს ვიზა ლიბერალიზაციის გზაზე, ასევე ადამიანის უფლებების სტრატეგიისა და მოქმედებათა გეგმის, ასევე სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის რეალიზების საკითხში.

"ევროკავშირმა კიდევ ერთხელ მტკიცე მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ასოცირების საბჭომ შეშფოთება გამოთქვა საქართველოს რეგიონებში, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში განვითარებული მოვლენების გამო, მათ შორის აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ინტეგრაციის გაღრმავების შესახებ რუსეთის მიერ ე.წ. "შეთანხმებების" რეალიზების გამო, და იმის გამო, თუ რა გავლენას ახდენს ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ ბანერების უკანონო დადგმა უსაფრთხოებაზე, არსებობის წყაროებსა და ადგილობრივი მოსახლეობის თავისუფლად გადაადგილებაზე", - ნათქვამია განცხადებაში.

ევროკავშირი კიდევ ერთხელ მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს მშვიდობას, სტაბილურობას, კონფლიქტების მოგვარებას და არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკას საქართველოში.