სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის ლევან იზორიას ინფორმაციით, "ჰეზბოლას" ერთ-ერთი საველე მეთაურის საიად ალ ბაჰადის საქართველოში ყოფნის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება.
"ასეთი პიროვნების მიერ საქართველოს საზღვრის კვეთის ფაქტს ადგილი არ ჰქონია. ჩვენ გვაქვს პოტენციურ და აქტიურ ტერორისტებზე ინფორმაციის ინტენსიური გაცვლა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან. ასეთი პიროვნების სახელი და გვარი არც მათ მიერ მოწოდებულ სიაში ფიგურირებს. არც გაყალბებული დოკუმენტაციით შემოსულა, შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაცია ნამდვილად არ შეესაბამება სიმართლეს", - განაცხადა ლევან იზორიამ "მაესტროს ფაქტორში" სტუმრობისას.
შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტოსურათი, რომელზეც თითქოს ტერორისტული ორგანიზაცია "ჰეზბოლას" ერთ-ერთი საველე მეთაური საიად ალ ბაჰადი თბილისში, მარჯანიშვილის ქუჩაზე მდებარე "მაკდონალდსთან" არის გადაღებული.