უახლოეს პერიოდში საქართველოს გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი ეწვევა.
როგორც ჰანმა დღეს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ის საქართველოს აღმოსავლეთ პარტნიორობის არაფორმალური დიალოგის ფარგლებში ეწვევა. ჰანის თქმით, მას შესაძლებლობა ექნება, კიდევ ერთხელ იხილოს ის შედეგები, რომელსაც საქართველომ ევროინტეგრაციის გზაზე მიაღწია და საინტერესო შეხვედრები არის დაგეგმილი საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან.
"კიდევ ერთხელ ვაღიარებთ ყველა იმ მონდომებას და მიღწევას საქართველოს მხრიდან, ყველა იმ სამუშაოს, რომელიც ჩატარდა იმისათვის, რომ საქართველოს კანონმდებლობა ევროპულ სტანდარტებთან იყოს მიახლოებული", - განაცხადა იოჰანეს ჰანმა.