თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი უსაფრთხოების სამსახურების დაფინანსების გაზრდას არ გამორიცხავს.
როგორც ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, შესაბამისი ინიციატივით პარლამენტს მთავრობამ უნდა მიმართოს, რასაც პარლამენტი მხარს დაუჭერს.
"იმის გამო, რაც პარიზში მოხდა, რა რისკებს და საფრთხეებს მთელი მსოფლიო ტერორიზმთან მიმართებაში ხედავს, თავისთავად ცხადია, ქვეყნებს საკუთარი სტრატეგიის, მათ შორის რესურსების მხრივ შესაძლებლობების გადახედვა, გაძლიერება და გაუმჯობესება მოუწევთ. ამაზე ცხადია ჩვენი მთავრობაც იმუშავებს. არ გამოვრიცხავ, მომავალი წელი ტერორიზმთან ბრძოლის თვალსაზრისით ძალიან აქტიური იყოს. ჩვენ გლობალური ანტიტერორისტული ღონისძიებების ნაწილი ვართ, ამიტომ შესაძლებელია ჩვენც მოგვიწიოს ამ მიმართულებით ჩვენი შესაძლებლობების გადახედვა. ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ ჩვენს პარტნიორებთან, საკმაოდ ეფექტური და მნიშვნელოვანი შედეგები გვაქვს, მაგრამ შესაძლებელია ჩვენ მოგვიწიოს რესურსების თვალსაზრისით ჩვენი შესაძლებლობების გადახედვა. თუ ამ საჭიროებას მთავრობა დაინახავს, ის თავად იქნება ინიციატორი და დარწმუნებული ვარ, პარლამენტი მას მხარს დაუჭერს", - აცხადებს ირაკლი სესიაშვილი.