ევროკავშირის წევრი ქვეყნების იუსტიციის და შინაგან საქმეთა მინისტრების საგანგებო სამიტზე, რომელიც საფრანგეთის მოთხოვნით 20 ნოემბერს ჩაინიშნა, უსაფრთხოების ზომების გაძლიერებაზე იქნება საუბარი.
ლუქსემბურგის ვიცე-პრემიერ ეტიენ შნაიდერის განცხადებით, პარიზში მომხდარი ტერაქტების სერიის შემდეგ, ევროპა საფრანგეთის გვერდითაა და მათი მიზანია ევროპის რეაქციის გაძლიერება ტერორიზმთან მიმართებაში.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადება-თხოვნაში აღნიშნულია, რომ შენგენის შეთანხმებაში, რომელიც წევრ ქვეყნებს შორის ღია საზღვრებს გულისხმობს, შესაძლოა ცვლილებები განხორციელდეს.
13 ნოემბერს საფრანგეთის დედაქალაქში, სხვადასხვა ადგილზე ტერაქტების სერია განხორციელდა. ერთი აფეთქება მოხდა რესტორანში, 3 აფეთქება სტადიონ „სტად დე ფრანსის“ მახლობლად, სადაც საფრანგეთისა და გერმანიის ნაკრებების ამხანაგური მატჩი მიმდინარეობდა და რომელსაც საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი ესწრებოდა. გარდა ამისა, თეატრ „ბატაკლანში“, სადაც როკ-კონცერტი იმართებოდა, უცნობმა პირებმა მძევლები აიყვანეს. ტერაქტების შედეგად ოფიციალური მონაცემებით 132 ადამიანი დაიღუპა და 200-ზე მეტი დაშავდა.
საფრანგეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, უსაფრთხოების მიზნით ქვეყნის საზღვრებზე კონტროლი შემოიღეს, პარიზის ქუჩებში სამართალდამცველებთან ერთად, 1500 სამხედროა მობილიზებული. ტერაქტზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.