"ნაციონალური მოძრაობა" პენსიების ზრდის მოთხოვნით კამპანიას იწყებს და პეტიციაზე ხელმოწერების შეგროვებას იწყებს.
საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებით, სახელმწიფო ბიუჯეტი 2012 წლის შემდეგ 456 მილიონი ლარითაა გაზრდილი, რაც სრულიად ეყოფა პენსიების ზრდას.
"ნაციონალური მოძრაობის" ინიციატივა ითვალისწინებს 2016 წლისთვის პენსიის 50 ლარით გაზრდას. ბოლო 3 წლის განმავლობაში ქართული საზოგადოება დადგა ძალიან მწვავე ეკონომიკური პრობლემების წინაშე. ქვეყანაში შემცირდა ეკონომიკური ზრდა, გაიზარდა უმუშევრობა, შემცირდა დასაქმება და ვაჭრობა, გაიზარდა სიღარიბის მაჩვენებელი. განსაკუთრებით ამ ყველაფერმა იმოქმედა ჩვენი საზოგადოების ყველაზე დაუცველ ფენაზე, პენსიონერებზე, ჩვენს ასაკოვან მოქალაქეებზე. მათი პენსია დღეს დოლართან მიმართებაში ლარის გაუფასურების გამო უფრო ნაკლებია, ვიდრე ის იყო სამი წლის წინ. ეს იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში გაძვირდა ყველაფერი. გაძვირდა წამალი, პროდუქტი. ცხოვრება. ამიტომ, აუცილებლად მიგვაჩნია გადაიდგას საგანგებო ნაბიჯი პენსიონერთა მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და მოიმატოს მათმა პენსიამ 50 ლარით. ჩვენი პროგრამა ემყარება ზუსტ გათვლას და გაანგარიშებას თუ რა ჯდება პენსიის ზრდა და საიდან უნდა იქნას მოტანილი ეს თანხა. 50 ლარით პენსიის მატება სახელმწიფო ბიუჯეტს დაუჯდება 420 მილიონი ლარი. თუ შევხედავთ 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტს, დავინახავთ, რომ 2012 წელთან შედარებით 456 მილიონი ლარით არის გაზრდილი მთავრობის შენახვის ხარჯები. სწორედ ეს არის ის თანხა, რომელიც უნდა მოხმარდეს პენსიონერებს", - განაცხადა ბაქრაძემ.
მისი თქმით, სახელმწიფოს აქვს სრული რესურსი, რომ 2016 წელს პენსია გაიზარდოს 50 ლარით.
"კითხვა არის შემდეგი - რა სჭირდება საქართველოს, პენსია, თუ პრემია? ჩვენ მიგვაჩნია, რომ ყველაზე დაუცველ ფენას სჭირდება პენსია. ამიტომ ვიწყებთ დღეიდან კამპანიას და მოვუწოდებთ თითოეულ პენსიონერს, შემოუერთდეს ამ კამპანიას, პეტიციას და თავისი ხელმოწერით დაადასტუროს მოთხოვნა პენსიის 50 ლარით გაზრდის შესახებ", - აღნიშნა ბაქრაძემ.