აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის ფარგლებში დემოკრატიისა და მმართველობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრის შემდეგ თბილისისა და ვაშინგტონის მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში, საქართველოში განხორციელებულ რეფორმებთან ერთად, ყურადღება გამახვილებულია სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელობაზე.
"ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შეაქო საქართველოს ძალისხმევა, რომელიც მიმართულია გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოებში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობისკენ, და ამასთან, მხარეებმა დაადასტურეს, რომ მნიშვნელოვანია გაგრძელდეს პროგრესი სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისთვის ხელსაყრელი გარემოს უზრუნველყოფის თვალსაზრისით. ამერიკის შეერთებული შტატები მიესალმა საქართველოს მიერ ბოლო პერიოდში მიღებულ კანონს, რომელმაც საჯარო სამსახურის დამოუკიდებლობის გაძლიერებას შეუწყო ხელი“,- აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში.
საქართველოს დელეგაციას, რომლის შემადგენლობაშიც სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები შედიოდნენ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ ჯანელიძე და იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე თანა-თავმჯდომარეობდნენ. აშშ-ის დელეგაციას კი _ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ბრიჯიტ ბრინკი, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ადმინისტრატორის თანაშემწის მოადგილე ჯონათან კაცი და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტისრეგიონული ხელმძღვანელი კეთრინ ნიუკომბი ხელმძღვანელობდნენ.
აშშ-ს დელეგაციაში წარმოდგენილნი იყვნენ სხვადასხვა სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები.